DataFest Tbilisi 2023 - სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
DataFest Tbilisi 2023-ს მესამე დღე, 11 ნოემბერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, საქრათველოში მომუშავე სტარტაპებსა და ინვესტორებს დაეთმობათ.
DataFest Tbilisi 2023 - ზე მოწვეულია არაერთი ინვესტორი. ფესტივალი იქნება უნიკალური შესაძლებლობა ერთი მხრივ, სტარტაპის დამფუძნებლებისთვის, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის, გაიგონ უფრო მეტი ერთმანეთის საქმიანობის, ინტერესების შესახებ და შექმნან ახალი, საქმიანი კავშირები.
შეგახსენებთ, რომ DataFest Tbilisi-ს ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.datafest.ge/events. ამასთანავე, შესაძლებელია მხოლოდ მესამე დღის ბილეთის შეძენაც.
ამ საკითხზე Entrepreneur ForSet-ის თანადაფუძნებელსა და DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორს, ნინო მაჭარაშვილს ესაუბრა:
ნინო, მოდით დავიწყოთ ფესტივალის იმ ნაწილიდან, რომელიც უშუალოდ სტარტაპებს და ინვესტორებს უმასპინძელბს. უფრო კონკრეტულად, რას შესთავაზებთ აუდიტორიას?
ფესტივალის მესამე დღე დაეთმობა სტარტაპებისა და ინვესტორების ურთიერთობის წახალისებას; დღის დასაწყისში ფესტივალის სცენიდან მოვისმენთ 10 ზე მეტი სტარტაპის დამფუძნებლის გამოსვლას. ისინი ისაუბრებენ მონაცემებთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ, მათ მიერ შექმნილ პროდუქტებზე.
გარდა ამისა, მოეწყობა სტარტაპ ექსპო. გამოფენაზე სტარტაპები ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, აუდიტორიას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ.
ამასთანავე, მესამე დღეს ვუმასპინძლებთ 2 პანელურ დისკუსიას. ერთი მათგანი შეეხება მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სტარტაპებში ინვესტირების თემას და მასზე მოვისმენთ როგორც სტარტაპების, ასევე, ინვესტორების პერსპექტივას და გავიზიარებთ ძალიან ღირებულ გამოცდილებას ისეთი გამოცდილი და წარმატებული სტარტაპებიდან, როგორებიცაა პულსარი, იდენტომატი, დატამაინდი და ა.შ.
რა თემები განიხილება წლევანდელი ფესტივალის ამ ნაწილში?
ინვესტიციების თემის გარდა, მესამე დღის პანელურ დისკუსიებზე განვიხილავთ ბიზნესებისა და სტარტაპების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენებას, რას ნიშნავს ეს ინოვაციურ პროდუქტებზე მომუშავე გუნდებისთვის პრაქტიკაში, რა ვითარებაა ამ მხრივ ახლა და რაზე უნდა ეჭიროს თვალი ამ სექტორში ჩართულ თუ ამ თემებით დაინტერესებულ ადამიანებს და ა.შ.
ამავე დღეს ჩვენი ერთერთი ამერიკელი სპიკერი ჩაატარებს ვორქშოპებს სტარტაპებს მიერ გუნდების დაკომპლექტების ცვალებად კულტურაზე და სილიკონ ველის გამოცდილებას გაუზიარებს ქართულ სტარტაპებს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დატაფესტის ტიპის ღონისძიებების ჩატარება როგორც ინდივიდების კარიერული განვითარებისთვის, ისე - ზოგადად, დატა სტარტაპ ქომიუნითის განვითარებისთვის?
სფეროში ჩართულ ადამიანებს სჭირდებათ პლატფორმა, ადგილი, სადაც ერთმანეთს დაუკავშირდებიან, გაეცნობიან სიახლეებს, გამოეთიშებიან ყოველდღიურ საზრუნავს და დაიმუხტებიან შთაგონებით, მეტის გაკეთების ენერგიით - დათაფესტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი ფესტივალის ზოგიერთი დამსწრე სწორედ ახლა ეცნობა მონაცემების და ტექნოლოგიების სფეროს და ჩვენი ფესტივალი იმ მიზანსაც ემსახურება, რომ მათთვის ხავერდოვანი გახდეს ეს პროცესი და მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარე ტექნოლოგიების სფეროში გადმოსვლაში.
თქვენი ხედვითა და მოლოდინით, რა ბენეფიტების მომტანი იქნება ამ პროექტში მონაწილეობა პირობითად სტარტაპერებისთვის? რა უნარების შეძენა/დახვეწაში დაეხმარება? რა ღირებულ ინფორმაციას/გამოცდილებას მიიღებენ?
ზოგიერთი სტარტაპისთვის ეს იქნება პირველი შანსი, რომ დიდი სცენიდან გააცნონ თავიანთი პროდუქტი აუდიტორიას; ზოგიერთი კი უფრო გამოცდილია და ამ დღიდან ინვესტორებთან დაკავშირებისა და ფონდების მოძიების მოლოდინი აქვთ. ზოგ სტარტაპს უბრალოდ უკუკავშირის მიღება ან გუნდის წევრების მოძიება აინტერესებს. მოკლედ, სტარტაპების ინდივიდუალურ საჭიროებებს მაქსიმალურად ერგება ფესტივალის განრიგი და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ იმ რთული და საინტერესო გზის გავლაში, რასაც სტარტაპის შენება ჰქვია.
რა ნიშნით შეარჩიეთ სტარტაპები პროექტში მონაწილეობის მისაღებად?
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შევთავაზეთ სტარტაპებს, რომლებიც მონაცემებს ან ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ თავიანთი პროდუქტების განვითარებისთვის. სათითაოდ გავიარეთ თითოეული სტარტაპის ბექგრაუნდი და მათთვის ღირებული ფორმატით მოვიწვიეთ ღონისძიებაზე - ზოგიერი პრეზენტაციას აკეთებს, რაღაც ნაწილი ექსპოზე იქნება წარმოდგენილი, ასევე, პანელებშიც მონაწილეობენ.
რამდენად მნიშვნელოვანია ნეთვორქინგი ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის?
საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია, დაეწიო პროგრესს ან მოიზიდო ინვესტიციები, თუკი არ იცი, ვის დაუკავშირდე დახმარების სათხოვნელად თუ კონტაქტების მოსაძიებლად. ფესტივალის მიზანი ისიცაა, რომ ჩვენს დამსწრეებს პროფესიული ქსელის გაზრდაშიც ვეხმარებით და, ჩვენი სურვილია, რომ მათ ჰყავდეთ ტექნოლოგიებში ნაცნობი ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ქომიუნითის განვითარების მიმართულებით? გეგმავთ თუ არა რაიმე ტიპის აქტივობების განხორციელებას, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს?
DataFest Tbilisi მხოლოდ ერთერთი ღონისძიებაა, რომელსაც წლის განმავლობაში ვაორგანიზებთ მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამის გარდა, ვაწყობთ ხოლმე მითაფებს, ჰაკათონებს, ასევე, რეგიონულ ღონისძიებებს, რომ თბილისგარეთ მყოფი ახალგაზრდებიც ჩავრთოთ ჩვენს პროექტებში, მაგალითად, ამ წელს, 10 დეკემბერს ქუთაისში გვაქვს მსგავსი ღონისძიება დაგეგმილი, სადაც ვისაუბრებთ იმ პროფესიებზე, რაც მონაცემებს უკავშირდება.
როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება მონაცემების სფეროში მომუშავე სტარტაპებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს საქართველოში?
შთაგონება, იდეები, ტექნიკური უნარ-ჩვევების მქონე გუნდის წევრები, დაფინანსება და ექსპერიმენტობების საშუალება. ამ ყველაფერს ვერა, მაგრამ რაღაც ნაწილს DataFest Tbilisi 2023-ზე შევთავაზებთ ქართულ სტარტაპებს.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, ZINC NETWORK.
პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy, Open Government Partnershi, Impel, Epam, Datamind, Terminal.
მხარდამჭერები არიან: Making Science Sweeft, ოპტიო, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge, Consortium, Operational Research Institute, Webiz, Socialla.
მედიაპარტნიორები: next.on.ge, marketer.ge, Business Media, dev.ge, entrepreneur.ge