Get All Access for $5/mo

დავით დანელია Microsoft-ის ტექნოლოგიურ გუნდს შეუერთდა "მინდა ვიყო იმ ტექნოლოგიური მომავლის ჯაჭვის უწყვეტი ნაწილი, რომელზეც Microsoft ამდენი წელია მუშაობს"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტი, დავით დანელია, Microsoft-ის გუნდს Test Automation Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდა. დავითი საქართველოს GeoSTQB (International Software Testing Qualification Board)-ის ინოვაციების ბორდის აქტიური წევრი და აღიარებული სპიკერია საერთაშორისო ღონისძიებებზე. მას მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი ისრაელის საერთაშორისო რობოტექნიკის შეჯიბრში. ამჟამად დავით დანელია Microsoft-ის აშშ-ის ფილიალში, საერთაშორისო პროექტებზე იმუშავებს. რა სამომავლო მიზნები აქვს ტექნოლოგიების სფეროში და რას ურჩევდა იმ ადამიანებს, რომელთაც მასშტაბურ Tech-კომპანიებში სურთ მუშაობა? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur დავით დანელიას ესაუბრა.

როდის დაინტერესდით ტექნოლოგიების სფეროთი? რა იყო თქვენი ინსპირაცია?
წლების განმავლობაში ისრაელში ვცხოვრობდი და მე-9 კლასიდან დავიწყეთ პროფესიული განვითარება. ავირჩიეთ პროფილური საგნები, მე კი რობოტექნიკა ავირჩიე. ჩემი პედაგოგი, რომელიც იმ მომენტისთვის IBM-ში მუშაობდა, ისეთი მოტივაციითა და ენთუზიაზმით ატარებდა გაკვეთილებს, რომ შემიყვარდა მისი საგანი, რომელიც ეხებოდა პროცესების ავტომატიზაციას. არ გაგიკვირდებათ, და პროფესიად სწორედ ამიტომ ავირჩიე ავტომატიზაციის ტესტირებაც. აქედან გამომდინარე, მე სწორედ ამ მასწავლებლის მადლობელი ვარ, ვინაიდან სწორედ ის იყო ჩემი ინსპირაცია, განმევითარებინა საკუთარი თავი ტექნოლოგიების სფეროში.

რომელი ეტაპები გაიარეთ Microsoft-ში მოსახვედრად? რამდენად რთული იყო ამხელა მასშტაბის Tech-კომპანიაში მუშაობის დაწყება?
Microsoft-ში მუშაობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გადავწყვიტე, როდესაც მთელი ენერგიით ვცდილობდი მოხვედრას. ძალიან ბევრჯერ გავგზავნე ჩემი CV, თუმცა იმ პერიოდისთვის კომპანია არ გამომეხმაურა. მომდევნო ცდაზე მომეცა საშუალება, მქონოდა პირველი გასაუბრება, თუმცა პირველსავე ნაბიჯსა და ეტაპზე უარი მივიღე. ამან დიდი მოტივაცია მომცა და მთელი წელი ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რათა განმევითარებინა ყველა ის კომპონენტი, რის გამოც უარი მითხრეს. მოგვიანებით, ახალი ძალებით ვეცადე საკუთარი თავი წარმომეჩინა გასაუბრებაზე და მითხრეს: "ისე მოგვეწონე, დღეს საღამოს შემოთავაზება მოგივა HR-დან". საკმაოდ ინტენსიური გასაუბრებები აქვთ, სადაც ძალიან ბევრ ფაქტორს აქცევენ ყურადღებას. მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები და ალგორითმები, არამედ რამდენად ხარ Microsoft-ის გარემოს შესაბამისი ადამიანი პიროვნული თვისებებით.

რას ნიშნავს თქვენთვის საერთაშორისო გუნდის წევრობა?
საერთაშორისო გუნდი ნიშნავს ინტერნაციონალურ მეგობრობას, უცხო ხალხის გაცნობას, სხვადასხვა ინტერესისა და ხედვის ერთიანობასა თუ განსხვავებულობას, საერთო სტანდარტის ჩამოყალიბებას და ა.შ. რაც შეეხება ტექნოლოგიური განვითარების ნაწილს, საერთაშორისო გუნდში ერთმანეთს გავუზიარებთ ცოდნას და გავიღრმავებთ არსებულ გამოცდილებას. მსგავს მასშტაბურ გუნდში, ვფიქრობ, საერთო ძალებით შეგვიძლია მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა.

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა? რა მიმართულებით ფიქრობთ განვითარებას?
მთელი გულით მინდა, ჩემი გამოცდილება, მოტივაცია, კრეატივი და მისწრაფება გამოვიყენო იმისათვის, რომ ყოველი ჩვენგანი, ვინც გამოიყენებს Microsoft-ის პროდუქტს, თქვას: "ვაუ, ასეთს არ მოველოდი". ჩემი ერთ-ერთი მიზანი ავისრულე, ახლა მეორე მიზნის დროა! სამომავლოდ საკუთარ თავს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კონტრიბუტორი, ვხედავ Microsoft-ის სხვადასხვა საერთაშორისო და საინტერესო პროექტში. მინდა ვიყო იმ ტექნოლოგიური მომავლის ჯაჭვის განუწყვეტელი ნაწილი, რაზეც Microsoft ამდენი წელია მუშაობს.

რა რეკომენდაციას მისცემთ იმ ადამიანებს, რომელთაც ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების მიღება სურთ?
ყველას ვურჩევდი, რომ მთავარია არ დანებდეთ. სულ რომ პირველ ცდაზე არ გამოგივიდეთ და ვერ მიაღწიოთ დასახულ მიზანს, არ დაგავიწყდეთ: თუკი ადამიანი ცდილობს და მუშაობს საკუთარ თავზე, ერთი დაკეტილი კარი ნიშნავს მეორე ღიას. დაისახეთ მიზანი და ყოველთვის გახსოვდეთ, რა უნდა გააკეთოთ ხვალ იმისათვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოთ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა