Get All Access for $5/mo

დედაქალაქის მერიამ ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით ახალი ვებგვერდი შექმნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის მერია

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის − ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ახალი ვებპლატფორმა − findouttbilisi.com შექმნა. პროექტი ბიზნესაქსელერატორ "სპარკთან" თანამშრომლობით განხორციელდა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, 2019 წლიდან ოპერირებს და რომლის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.

Entrepreneur-ს ახალი ვებპლატფორმის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ესაუბრა. როგორც იგი ამბობს, პროექტის იდეა ინდუსტრიის საჭიროებებიდან გამომდინარე გაჩნდა. რადგან პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიები დაზარალდნენ თბილისის მასშტაბით, საჭირო იყო ციფრული საშუალებების ათვისება, შიდა ტურიზმზე გადაწყობა და გაყიდვების არხების შექმნა. სწორედ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე გადაწყდა შექმნილიყო ვებპლატფორმა www.findouttbilisi.com, რომელიც ყოველივე ზემოთ აღნიშნულს გააერთიანებდა და თბილისში არსებულ მცირე და საშუალო ტიპის კომპანიებს მისცემდა ახალ რეალობასთან ადაპტირებისა და გაყიდვების შეუფერხებლად გაგრძელების საშუალებას.

არსებული პროექტი შეიქმნა თბილისის მერიის შიდა რესურსებით, მერიის ეკონომიკური სამსახურისა და ბიზნესაქსელერატორ "სპარკის" თანამშრომლობით. პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და ახლა ბიზნესის წარმომადგენლებს უკვე შეუძლიათ საკუთარი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განთავსება აღნიშნულ ვებგვერდზე. რაც შეეხება ხანგრძლივობას, იგი დამოკიდებულია პროდუქტის/სერვისის შინაარსზე.

კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტური გზაა ეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და რა შესაძლებლობები მოაქვს ამ პლატფორმას ბიზნესისთვის, ბატონი ანდრია გვპასუხობს, რომ რადგან www.findouttbilisi.com-ზე თბილისში რეგისტრირებულ ტურიზმის სექტორის კომპანიებს საშუალება ექნებათ უფასოდ განათავსონ ინფორმაცია საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე, ეს ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ აქტიურობას, შემოსავლებისა და ცნობადობის ზრდას და შიდა ტურიზმის გააქტიურებას. ტურიზმის სექტორში მოქმედ პირებს (ტურისტული გიდები, საკვები ობიექტები, ღვინის ბარები, კონცეპტუალური მაღაზიები და ა.შ.) საშუალება ექნებათ ვებგვერდზე უფასოდ განათავსონ საკუთარი ტურისტული პროდუქტები, მაგ: სათავგადასავლო თუ საქალაქო ტურები, სპეციალური შეთავაზებები, ხელნაკეთი ნივთები და ა.შ. აღნიშნული პროდუქტების/სერვისების რეალიზებით მიღებული თანხები კი სრულად აისახება განმთავსებლის ანგარიშზე.

პოსტპანდემიურ პერიოდში, რადგან უპირატესობა ადგილობრივ ტურიზმს ენიჭება და საზღვრები ჩაკეტილია, ვებგვერდის სამიზნე აუდიტორია თავისთავად ქართველი მომხმარებლები არიან: "როდესაც საზღვრები გაიხსნება და დავიწყებთ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას, ვებგვერდით სარგებლობას უცხოელებიც თავისუფლდ შეძლებენ, რადგან როგორც უკვე ვახსენეთ, პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ვებგვერდის ცნობადობის გაზრდა ყველა ჩვენს ხელთ არსებული არხებით განხორციელდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფეისბუქპლატფორმა find out Tbilisi, სადაც პერიოდულად განთავსდება ვებგვერდზე არსებული ყველა აქტიური შეთავაზება და სერვისი. ამასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ ვებგვერდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოხდება საერთაშორისო ასოციაციებთანაც, რომელთან ერთად სამომავლოდ პლატფორმის გამოყენებით B2B შეხვედრების ონლაინ გადმოტანასაც ვგეგმავთ. Find out Tbilisi პლატფორმით რეალურად საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიც ისარგებლებენ, რადგან თბილისიდან გამყვანი ტურის შემთხვევაში, ტურის მონაწილეები ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დახარჯავენ თანხებს. ვფიქრობთ, ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს ციფრული პროდუქტების შექმნას და მომხმარებლის ადაპტირებას მსგავსი ტიპის მომსახურებებთან", − ამბობს ანდრია ბასილაია.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, ვებგვერდი find out Tbilisi სრულიად უფასოდ მოემსახურება მომხმარებლებს, მუდმივად შესთავაზებს განახლებებს და ახალ შესაძლებლობებს ტურიზმის სექტორში წარმატებით ოპერირებისა და ცნობადობის გაზრდისათვის. ასევე, მერიაში მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ხელშემწყობ მეორე ვებგვერდზე, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს კრიზისის მართვასა და ახალი პროექტების განხორციელებაში, არსებული ბიზნესმოდელის პოსტპანდემიური პერიოდის შესაბამისად ადაპტირებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში არსებული კვლევების, ასევე, უახლესი ინფორმაციის გაცნობაში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია