"დიზაინ მენა" – ხარისხიანი, გამძლე და ინდივიდუალურად მორგებული ავეჯი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "დიზაინ მენა" ემსახურება ხარისხიანი, გამძლე და ინდივიდუალურად მორგებული ავეჯის შექმნას. დამფუძნებელი და დირექტორი, სალომე კიკვაძე ამბობს, რომ საქართველოში ხშირად გვხვდება ან ძალიან ძვირი, ან დაბალი ხარისხის ავეჯი, სადაც მომხმარებლის სურვილები ბოლომდე არ არის გათვალისწინებული.
"იდეა გაჩნდა რეალური საჭიროებიდან – მინდოდა შემექმნა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა პრაქტიკული, ესთეტიკური და ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, სანდო. ბაზარზე ახალი გამოცდილება სწორედ მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა იყო", – ამბობს ის.
სალომე კიკვაძე აღნიშნავს, რომ მოუწია სტერეოტიპებთან ბრძოლამ პროფესიულ საქმიანობაში. მისი თქმით, ავეჯის წარმოება საქართველოში ტრადიციულად "მამაკაცურ სფეროდ" ითვლება და ქალისთვის ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყება დამატებით სირთულეებს უკავშირდება:
"მიუხედავად ამისა, მქონდა შინაგანი რწმენა, რომ თუ საქმეს სწორად და გულით გააკეთებ, შედეგიც აუცილებლად მოვა. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც სიმამაცეს და საკუთარ შესაძლებლობებზე ნდობას მოითხოვდა. იყო შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ან ირიბად მიგრძნობინებდნენ, რომ ეს საქმე "ქალის საქმე არ არის". თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საუკეთესო პასუხი სტერეოტიპებზე არის პროფესიონალიზმი და შედეგი. დღეს ჩემი საქმიანობა თავად საუბრობს ჩემზე".
კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა ნდობის მოპოვება იყო.
"თავიდან ბევრს უჭირდა დაჯერება, რომ ქალი შეძლებდა საწარმოს მართვას. თუმცა შრომით, თანმიმდევრულობით, საყვარელი ადამიანების გვერდში დგომით და შედეგზე ორიენტირებული მუშაობით ეს ბარიერი ნელ-ნელა გადაილახა.
დამოუკიდებელმა ბიზნესმა მასწავლა პასუხისმგებლობა, მოთმინება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი, არ შეეშინდეთ შეცდომების – ისინი გამოცდილების ნაწილია. ქალებსა და გოგონებს კი ვეტყოდი: თუ იდეა გწამთ და მზად ხართ შრომისთვის, არ გადადოთ დაწყება. შიში ბუნებრივია, მაგრამ არ უნდა გახდეს შემაფერხებელი", – აღნიშნავს სალომე.
სალომე კიკვაძის განმარტებით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც პრობლემაში ხედავს შესაძლებლობას, იღებს პასუხისმგებლობას და მზად არის რისკისთვის, რათა შექმნას ღირებულება – არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც.
მისთვის ინსპირაციის წყარო დასრულებული პროექტები, კმაყოფილი მომხმარებლები
და ის შეგრძნებაა, რომ ნულიდან შექმნილი რაღაც რეალურ სივრცეში ცხოვრობს.
მისი თქმით, მას აძლიერებს გუნდი და ის პროგრესი, რომელსაც ყოველდღიურად ხედავს.
"უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვგეგმავ წარმოების გაფართოებას, ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებასა და ახალი დიზაინის ხაზების დამატებას. ჩემი მთავარი მიზანია, რომ კომპანია კიდევ უფრო ძლიერი და სტაბილური გახდეს, ხოლო მომავალში ქართული ავეჯის ბრენდი გახდეს ცნობადი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე", – ამბობს სალომე კიკვაძე, "დიზაინ მენას" დამფუძნებელი და დირექტორი.