Get All Access for $5/mo

Doctor's - სტუდენტური სტარტაპი, რომელიც ქართულ ენაზე ინოვაციურ სამედიცინო სასწავლო რესურსს ქმნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Doctor's - ასე ჰქვია პლატფორმას, რომელიც მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში სტუდენტებისთვის, ექიმებისა და სხვა სპეციალისტებისთვის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომ ფასად, ინოვაციური სასწავლო რესურსებისა და ტრენინგ-კურსების შექმნას უზრუნველყოფს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს, დავით ქვრივიძესა და ნიკოლოზ აბულაძეს, აღნიშნული პლატფორმის შექმნისკენ სამედიცინო სფეროში ქართულ ენაზე არსებული თანამედროვე სასწავლო რესურსების სიმწირემ უბიძგა.

ამჟამად Doctor's ეკომეგობრულ სასწავლო ბარათებს აწარმოებს, რომელშიც მოცემული ინფორმაცია თანამედროვე სამედიცინო წყაროებსა და ლიტერატურას ეყრდნობა. ბარათები მუდმივად ახლდება და ფეხს უწყობს მედიცინის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ბარათების სტრუქტურა მარტივია, რაც აადვილებს სწავლის პროცესს და მას მეტად კომფორტულს ხდის.

რაც შეეხება უშუალოდ ტრენინგ-კურსებს, დავით ქვრივიძეს თქმით, თითოეული ტრენერი წარმატებული ქართველი ექიმია, რომლებიც თავიანთ სფეროში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კურსის მონაწილეებს უზიარებენ და მათ კარიერულ წინსვლაში ეხმარებიან.

"ჩვენი კომპანია სამედიცინო პერსონალს აძლევს შესაძლებლობას, მშობლიურ ენაზე, მისაღებ ფასად აიმაღლონ კომპეტენცია და მიიღონ თანამედროვე განათლება. გადამზადებული პერსონალის და სპეციალისტების დახმარებით კი, რომელიც ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, საბოლოოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხიც იზრდება", - აღნიშნავს ნიკოლოზ აბულაძე.

საკუთარი ბიზნესის წამოწყება სტუდენტებისთვის არცთუ მარტივი აღმოჩნდა, როგორც თავად აღნიშნავენ, არცერთ მათგანს არ ჰქონია მსგავსი გამოცდილება, თუმცა პროცესში ყველაფერი ნელ-ნელა ისწავლეს. საქმიანობის მასშტაბირებას თან ახლდა იურიდიული და ფინანსური გამოწვევებიც, რომელთა გადაჭრა სწორი ინფორმაციის მოძიებითა და შესაბამისი ადამიანების გვერდში დგომით შეძლეს.

"ზოგადად, სიახლის დანერგვა ნებისმიერ სფეროში ძალიან რთულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სფერო მედიცინაა, რომელიც ძალიან სწრაფად და, ამავდროულად, რთულად ვითარდება. ახალგაზრდების მხრიდან ინოვაციის შემოტანა და სამედიცინო საზოგადოებისთვის მისი გაცნობა საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მიგვეწოდებინა პროდუქტის არსი და მიზანი ისე, რომ საზოგადოებაში არასწორი შეხედულება არ ჩამოყალიბებულიყო. საბოლოოდ სოციალურ მედიაში განთავსებული კონტენტით ეს შევძელით და პირველივე დღეებიდან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ", - აღნიშნავს დავით ქვრივიძე.

ახალგაზრდების თქმით, თავდაპირველად მათი ინსპირაციის წყარო სამედიცინო საგანმანათლებლო სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და გარკვეული შემოსავლის მიღება იყო. თუმცა საქმიანობის დაწყებისთანავე მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი უკუკავშირი უფრო დიდ ინსპირაციად იქცა.

"კმაყოფილი მომხმარებელი თავიდანვე ჩართული იყო ჩვენი კომპანიის განვითარებაში. ვისმენდით მათ რჩევებს, სურვილებს და ვცდილობდით გაგვეთვალისწინებინა. ეს წამოწყება თითქოს არამარტო ჩვენი, არამედ ყველა იმ ადამიანის წამოწყება გახდა, რომელსაც სურდა საკუთარი წვლილი შეეტანა ამ სფეროს განვითარებაში", - ამბობს ნიკოლოზ აბულაძე.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, Doctor's-ის გუნდი, პირველ რიგში, არსებული პროდუქტების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მედიცინაზე ორიენტირებული სხვა მასალების დამატებას გეგმავს. უახლოეს პერიოდში მათ სამიზნე აუდიტორიის გაფართოება და სიახლეების დანერგვაც სურთ სტომატოლოგიის, ფარმაციისა და ჯანდაცვის სფეროებში.

გარდა ამისა, კომპანიის გუნდის მიზანია მედიცინის სფეროს მიღმა მყოფი ადამიანებისთვისაც შექმნან კურსები და რესურსები, რაც მათი აზრით, თავიდან აგვარიდებს ცოდნის სიმწირით გამოწვეულ არასასურველ შედეგებს.

Doctor's-ის საბოლოო მიზანი საქართველოში შექმნილი სასწავლო რესურსების უცხოურ ბაზარზე გატანა, ადაპტირება და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაა, რაც უნიკალური პრეცედენტი იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე ქართული მედიცინისთვის.

Doctor's-ის დამფუძნებლები, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დამწყებ ანტრეპრენერებს ურჩევენ, რომ პირველი ნაბიჯები თავიანთ სფეროში გადადგან, სწორედ იქ, სადაც ყველაზე კარგად იციან, რა არის გასაუმჯობესებელი ან გამოსასწორებელი.

"დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევთ, არ გაჩერდნენ ერთ ადგილზე და არასდროს შეწყვიტონ განვითარება. შენს საქმეში სწორად ჩადებული ყოველი წუთი და ენერგია პირდაპირპროპორციულად ზრდის შენსავე შედეგებსა და შემოსავალს, რაც სხვა სამსახურში წარმოუდგენელია. დაბოლოს, დააფასე სხვისი, განსაკუთრებით კი თანამშრომლების შრომა და გაეცი იმდენი, რა სარგებელიც შენთვის მოაქვს მას, რადგან სამართლიანი დამოკიდებულება წარმატებული საქმიანობის საფუძველია", - აღნიშნავენ კომპანიის დამფუძნებლები

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ქალი ანტრეპრენერი

ელენე კერძაია - La Clinique

"მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ვხედავ ჩვენი სერვისის მაღალ შედეგიანობას"