Get All Access for $5/mo

DODO Designs x Ska Juice Bar – საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის დამფუძნებლები: თამარ ჩხეიძე, დოდო ჩხეიძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით გაიმართა და წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის" და "გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში". გარდა ამისა, სიახლე ჯილდოებსაც შეეხო და ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, თითოეულ გამარჯვებულს მისთვის სასურველი და კომპანიისათვის საჭირო ჯილდოს არჩევა შეეძლება: ახალი ვებგვერდის, ბრენდინგის, ან საკომუნიკაციო მხარდაჭერის სახით. წელს, ასევე, ქვეყნის ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა "აჭარა ჯგუფი", ხოლო ჟიურის გადაწყვეტილებით, საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა სპა-რეზორტი "ლოპოტა". კონკურსმა გააერთიანა ის ქართული კომპანიები, რომლებმაც, პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, თავიანთი ბიზნესის განვითარების ინოვაციური გზები მონახეს.

გაგაცნობთ 2021 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებს "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის" DODO Designs x Ska Juice Bar

დამფუძნებლები: თამარ ჩხეიძე, დოდო ჩხეიძე

DODO Designs-ისა და Ska Juice Bar-ის თანამშრომლობა თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე წარმატებული კოლაბორაციის მაგალითად იქცა, რაც ნომინაციაში გამარჯვების საწინდარი გახდა. 1 წლის განმავლობაში, სტუდია DODO Designs-მა Ska Juice Bar-ის 6 სხვადასხვა ფილიალისთვის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი შექმნა.

თაკო 2000 წლიდან რამდენიმე კომპანიაში იკავებდა მენეჯერის პოზიციას. დოდო − პროფესიით თეატრისა და კინოს მხატვარი, 2015 წლიდან დიზაინის სხვადასხვა მიმართულებით დამოუკიდებლად მუშაობდა − იქნებოდა ეს გადასაღები მოედანი, ვიტრინებისა და სხვადასხვა ღონისძიების ვიზუალური გაფორმება თუ ინსტალაციები. პროექტების სიმრავლეს, დების პროფესიულ ძალთა გაერთიანება და საკუთარი კომპანიის დაარსება მოჰყვა. 2019 წლიდან სტუდია სახელად DODO Designs აქტიურად ჩაერთო ინტერიერის დიზაინის მიმართულებითაც.

კომპანიის მთავარი ღირებულება მუდმივი წინსვლა, მრავალფეროვნება და ადამიანებში სასიამოვნო ემოციების გაღვიძებაა. მათი მიზანია ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომელიც კვალს დატოვებს დიზაინის სფეროში და ადამიანების მეხსიერებაში. DODO Designs-ის ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტებია: ყვავილების გასაყიდი პავილიონები ორბელიანის მოედანზე, მანათობელი გული "გალერია თბილისში", საახალწლო დეკორაციები შევჩენკოს სკვერში, გეგეშიძისა და მრგვალ ბაღებში.

კომპანია აქტიურად მუშაობს საავტორო დიზაინის პროდუქტის დამზადებაზე. პირველი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, ტრადიციული ქართული ტექნიკით, ხელით ნაქსოვი ფარდაგებია, რომელიც საკუთარი დიზაინით შექმნეს. მივიწყებული ქართული ტრადიციის გამოცოცხლების იდეა ორივე დისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ფარდაგების პირველ კოლექციაში გამოყენებულია უძველესი პატერნები პროექტიდან "ქართული ქსოვილი", ასევე, ფრაგმენტები თანამედროვე ქართველი მხატვრების − მარიამ საშას, ანასტასია ახვლედიანისა და სალომე ჯოხაძის ნამუშევრებიდან. თითოეული ნამუშევარი იქმნება თითო ეგზემპლარად, რაც მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და უნიკალურს ხდის. როგორც DODO Design-ში განმარტავენ, მათი მიზანია ამ ტრადიციის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და მეტი ადამიანის დაინტერესება მოცემული ხელსაქმით. გარდა ამისა, დამფუძნებლების მიზანია ქართული კულტურის გატანა საერთაშორისო ბაზარზე.

პანდემია DODO Designs-ისთვისაც რთული აღმოჩნდა, როგორც კომპანიისთვის, რადგან პროექტებმა იკლო. როგორც Entrepreneur-თან საუბრისას DODO Design-ის თანადამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ განაცხადა, Ska Juice Bar ერთ-ერთი იყო, რომელმაც პანდემიის პერიოდში არ შეწყვიტა თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ მათთვისაც არ ყოფილა იოლი წელი. მეტიც − Ska Juice Bar-მა დაგეგმილზე მეტი ობიექტის − დამატებით ორი ფილიალის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

"სკა" არის პირველი ქსელი საქართველოში, რომელმაც სწრაფი და ჯანსაღი კვება გააერთიანა. მათი მიზანია საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში დანერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი. პირველი ორი ობიექტი 2019 წელს გაიხსნა, ხოლო მას შემდეგ ყველა ობიექტის დიზაინზე DODO Designs მუშაობს. აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან, Ska Juice Bar-ის ყველა ობიექტი ახალგაზრდებისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად მიიჩნევა. ორივე კომპანიის მიზანი თანამშრომლობის დაწყებიდან ამ დრომდე მომხმარებლისთვის თანამედროვე, სასიამოვნო, არასტანდარტული და ხარისხიანი დიზაინისა და მომსახურების შეთავაზებაა. რადგან თანამშრომლობა ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, შედეგიც ახლოს არის მთავარ მიზნებთან. საქმის გულწრფელი სიყვარული და თავდაუზოგავი შრომა ორივე გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. როგორც სტუდიის კრეატიული ხელმძღვანელი ამბობს, DODO Designs-ის გამარჯვება თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე კიდევ უფრო დიდი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა და ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი იყო მისთვის, კიდევ უფრო საინტერესო და ღირებული დიზაინი შექმნას სხვადასხვა პროექტისთვის.

"ნამდვილად ბევრს ნიშნავს ეს გამარჯვება. ჩვენი თანამშრომლობა თავიდანვე ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, რადგან ორივე ბრენდი ვემსახურებით ისეთ ღირებულებას, როგორიც არის გულწრფელობა საქმეში და მაღალი ხარისხის მომსახურება. გვაქვს სრული ნდობა ერთმანეთის მიმართ და ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა შედეგს, რომელიც ასეთი წარმატებული აღმოჩნდა. წინ კიდევ ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს დაგეგმილი და დარწმუნებულები ვართ, კვლავ გავამართლებთ მოლოდინს", − თაკო ჩხეიძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი