"ძალიან ადვილია, ელაპარაკო ხალხს ფულზე, ელაპარაკო დაფინანსებაზე, ელაპარაკო იმაზე, რომ გინდა განვითარება" Cargon-ის თანადამფუძნებელი, ნიკო ტურაბელიძე "სილიკონ ველის" შესახებ გვიამბობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოგეხსენებათ, 500 Georgia-ს გამარჯვებული 4 ქართული სტარტაპი, უკვე 10 დღეა, რაც "სილიკონ ველის" სტუმრობს, ეცნობა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემას, ხვდება საინტერესო სპიკერებს და ფინალური Demo Day Showcase-სთვის ემზადება, სადაც სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან და თავიანთი კომპანიებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვას ეცდებიან.
Entrepreneur თვალყურს ადევნებს "სილიკონ ველიზე" ქართველთა ვიზიტს და ამჯერად, გვსურს სტარტაპ Cargon-ის თანადამფუძნებლის, ნიკო ტურაბელიძის შეფასება შემოგთავაზოთ, მიღებული გამოცდილებისა და 500 Startups-ის მნიშვნელობის შესახებ საქართველოსთვის.
"როგორც ასეთი, ამერიკული კულტურა განსხვავებულია, რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი, რომ ყველა დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებულია, იმიტომ რომ ძალიან "Entrepreneurial culture" არის. ძალიან ადვილია, ელაპარაკო ხალხს ფულზე, ელაპარაკო დაფინანსებაზე, ელაპარაკო იმაზე, რომ გინდა განვითარება.
სან-ფრანცისკოში და სილიკონ ველიში არის ძალიან განვითარებული "pay-it-forward culture", რაც ნიშნავს, რომ უკვე წარმატებული სტარტაპერები გადასცემენ თავიანთ გამოცდილებას, უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას შემდეგ, ასე ვთქვათ, დამწყებ სტარტაპერებს.
მერე უკვე ისინი ეხმარებიან სხვა სტარტაპერებს და ეს კულტურა, ზოგადად, ქმნის სან-ფრანცისკოს ამ ეკოსისტემას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. იმიტომ, რომ ყველა ცდილობს დაეხმაროს შემდეგს, სან-ფრანცისკო დღემდე ლიდერია ტექნოლოგიებში." - ამბობს Cargon-ის თანადამფუძნებელი, ნიკო ტურაბელიძე.
პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" სტუმრობს. მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups, საქართველოში "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, შემოვიდა.
Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-იდან.