Get All Access for $5/mo

ეკატერინე გველესიანი - საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ანტრეპრენერი მესტიიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის" − ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც მესტიაში წარმატებულმა ანტრეპრენერმა ეკატერინე გველესიანმა დააარსა და აქტიურად ცდილობს ადგილობრივებთან ერთად რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, განხილვის პროცესიდან პრაქტიკულ ნაბიჯებში გადაიყვანოს.

მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 100-იდან 92 სტარტაპი წარმატებას ვერ აღწევს, ეკატერინემ კი თავის სამივე წამოწყებას შეასხა ფრთები, რაც ცალსახად შთამბეჭდავია. ეკატერინეს მიაჩნია, რომ მის შემთხვევაში მეოცნებე და რისკიანი ხასიათი, ალტრუისტული ბუნება, შინაგანი თავისუფლება, პრინციპულობა და შეუპოვრობა იყო წარმატების მიზეზი შრომისმოყვარეობასთან და განათლების მყარ საფუძველთან ერთად.

ეკატერინე პირველი ქართველია, რომელმაც შვეიცარიაში, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტის − Ecole Hotelier de Lausanne-ის მაგისტრატურის საფეხური დაამთავრა ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და სასტუმროს მართვის მიმართულებით. 2016 წელს მან მესტიაში ეკომეგობრული სასტუმრო "ფალიანის" მშენებლობა დაიწყო, რომელიც უამრავი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ 2022 წელს გაიხსნა და დღეს წარმოადგენს არა მხოლოდ განსაკუთრებული დიზაინის სასტუმროს, არამედ შეკრებების, ახალი იდეების, სურვილების ინსპირაციისა და განხილვის ადგილს.

"სწორედ "ფალიანიდან" გადაშლილი მესტიის პანორამული ხედის ხილვისას გეხსნება ჰორიზონტი და გეფიქრება უფრო მეტზე, ვიდრე სასტუმროს შემოსავლიანობაა. იმაზე, რომ მესტია იყოს ისეთი, როგორც ამას მისი კულტურული მემკვიდრეობა იმსახურებს. იყოს მუდამ ყურადღების ცენტრში, მასპინძლობდეს უამრავ ღონისძიებას თუ ჩემპიონატს, ინარჩუნებდეს მომხიბვლელ ტრადიციებს, რიტუალებს, ისტორიებს, ადამიანებს... იზრდებოდეს და ვითარდებოდეს, ოღონდ აუცილებლად ავთენტურად, სხვა შემთხვევაში დავკარგავთ და ეს დანაკარგი ისეთი მწარე იქნება, ვერასოდეს დავამარცხებთ ამ ტკივილს".

სწორედ ამ ფიქრებში მოვიდა "ფალიანი ტურის" შექმნის იდეა, რომელიც ეკატერინემ მალევე განახორციელა საკუთარ გუნდთან ერთად. "ფალიანი ტური" დღეს ადგილობრივებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით უმარტივებს მოგზაურობას.

"მოგზაურობა მხოლოდ გართობა არაა, ის შესაძლებლობას გვაძლევს თვალსაწიერი გავიფართოოთ, ცოდნა გავიღრმაოთ, ახალი შევიმეცნოთ, სხვა ქვეყნების კარგი თუ ცუდი გამოცდილება გავიაზროთ და ჩვენს რეალობაში სწორად გადმოვიტანოთ. დასავლურ ღირებულებებზე მხოლოდ თეორიული საუბრები არაა საკმარისი. რატომ არ უნდა ჰქონდეს სვანეთის ნებისმიერ მცხოვრებელს შესაძლებლობა, რომ თავისი თვალით ნახოს და შეაფასოს მაგალითად შვეიცარიის ზამთრის კურორტების გამართული ინფრასტრუქტურა, გერმანიის ნარჩენების მართვის მოწესრიგებული სისტემა, დანიის წარმატება გარემოს დაცვის მიმართულებით?! სწორედ ასე გავიზრდებით და შევძლებთ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას მსოფლიოს ტურიზმის რუკაზე".

საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, ეკატერინე ბოლო რამდენიმე წელია ძირითადად მესტიაში საქმიანობს. "ფალიანის" მართვის პროცესში აღმოჩენილმა დაბრკოლებებმა, როგორიცაა რეგიონში პროფესიონალი კადრების სიმცირე, მომარაგების მოუწესრიგებელი სისტემები, ინფრასტრუქტურული გამოწვევები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, ადგილობრივ მმართველობასა და სამოქალაქო სექტორს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა, დაანახა ის სირთულეები, რომლებიც ბიზნესის წამოწყებისას კარგად არ ჰქონდა გააზრებული.

სისტემური მიდგომა პრობლემების გადასაჭრელად ანტრეპრენერის ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისებაა და სწორედ რეგიონში არსებულმა პრობლემებმა და გამოწვევებმა აჩვენა ეკატერინეს საჭიროება, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად შეექმნა ორგანიზაცია "თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის". დონორი ორგანიზაციების დახმარებით, იგი არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებიც ერთი მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ემსახურება თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარება ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაში.

"მიმაჩნია, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ხელში უნდა იყოს მართვის სადავეები, როდესაც საქმე ეხება მათ გარემოში მიმდინარე პროცესებს. ქვეყნის გზა წარმატებისკენ გადის სოციალურ აქტივიზმზე და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე − სწორედ ეს კრიტერიუმები განგვასხვავებს წარმატებული ქვეყნებისგან. ჩვენ რატომღაც არ გვჯერა, რომ სინამდვილეში, ერთ ადამიანსაც შეუძლია მოახდინოს ცვლილებები და ამისთვის მართალია დაუღალავი შრომაა საჭირო, მაგრამ შედეგი მიღწევადია და თან უდიდეს კმაყოფილების განცდას იწვევს", − აღნიშნავს ეკატერინე გველესიანი.

რას საქმიანობს "თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის"?

"რა განსხვავებაა ანტრეპრენერს და სოციალურ ანტრეპრენერს შორის? − მიზანი. ტრადიციული ანტრეპრენერის შემთხვევაში მიზანი მოგებაა, ჩემს შემთხვევაში კი წარმატებას ვზომავ იმით, თუ რამდენად შევძელი საკუთარი საქმიანობით ადგილობრივი თემისთვის აქტუალური სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა", − აღნიშნავს ეკატერინე.

მიმდინარე პროექტების ფარგლებში, "თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის" მთელი სვანეთის მასშტაბით ადგილობრივი თემის წევრებთან არაერთ შეხვედრას მართავს. მათთან ერთად მიმდინარეობს კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და მსჯელობა გადაჭრის გზებზე. ეკატერინე საკუთარ გუნდთან ერთად ცდილობს ადგილობრივები იმ პროფესიონალებთან დააკავშიროს, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლიათ.

ამ ეტაპზე, "თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის" რეგიონში არსებულ ისეთ გამოწვევებზე მუშაობს, როგორებიცაა რესურსების არათანაბარი გადანაწილება, სოფლების არათანაბარი განვითარება, ოვერტურიზმი, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური საფრთხეები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, სოციალური საკითხები, ეკონომიკური პრობლემები, მოსახლეობის პასიურობა და სხვა.

"მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, რიგ სირთულეებს ვაწყდები, სხვანაირად ვერც კი წარმომედგინა. რჩევები ან "თხოვნები" რომ ამა თუ იმ საკითხს შევეშვა, არ ჩავერიო, აუტკივარი თავი არ ავიტკივო... ჩემს ანტრეპრენერულ ბექგრაუნდს თუ გავითვალისწინებთ და ზოგადად ანტრეპრენერების ჯიუტ ხასიათს თუ ვიცნობთ, რთული მისახვედრი არაა, მსგავს რჩევებს რამდენად ვითვალისწინებ...", − ამბობს ეკატერინე გველესიანი.

ორგანიზაციაში სჯერათ, რომ პატარა ნაბიჯებით, თუმცა დიდი შემართებითა და დაუშრეტელი ენერგიით მიუყვებიან იმ გზას, რომელიც რეგიონს აუცილებლად მოუტანს მდგრადობას. "ის, რომ ჩემი სტარტაპები და სათემო ორგანიზაცია დღეს ქმედითუნარიანია, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც ზურგს მიმაგრებს და რომელსაც ყოველთვის ფარად გადავეფარები", − აღნიშნავს იგი.

ანტრეპრენერი გლობალური ხედვის ადამიანია. საქმიანობის გაფართოება, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, ლიდერობის თანდაყოლილი უნარები და სამყაროს გაუმჯობესებისკენ სწრაფვა მასშტაბების ზრდას საჭიროებს, რაც ეკატერინეს შემთხვევაში უკვე მკაფიოდაა გამოკვეთილი და მისი სამომავლო გეგმებიც ამ მიმართულებით ყალიბდება.

მეტი ინფორმაციისთვის: www.paliani.ge