Get All Access for $5/mo

ექსპორტის 332 გადამზადებული მენეჯერი - სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' საგანმანათლებლო პროგრამა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და ადგილობრივი კომპანიების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეფექტური ოპერირება, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, 2015 წლიდან, ყოველწლიურად, სააგენტო ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს მასპინძლობს, რომელიც ქართული ბიზნესების უცხო ბაზრებზე ღირსეულად პოზიციონირებას უწყობს ხელს.

Entrepreneur აღნიშნული კურსის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის უფროსს, ნიკა მამუკელაშვილს ესაუბრა. როგორც მან საუბრისას განაცხადა, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ჩატარება მიზნად ისახავს:

  • ექსპორტის მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლებას/გადამზადებას
  • ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადებას
  • კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და წარმოების განვითარებას.

"ვინაიდან კურსი 2015 წლიდან იღებს სათავეს და ყოველწლიურად ტარდება, ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ მონაწილეთა უკუკავშირი და გამოხმაურებებზე დაყრდნობით პერიოდულად ვცვალოთ მიდგომები და მეთოდები. პროგრამა აერთიანებს 15 ძირითად მოდულს საქონლის წარმოშობის, "ინკოტერმსის" და ხარისხის ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ტენდერის საფუძველზე შერჩეულ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ტარდება, ხოლო მონაწილე პირების ნომინირებას და განაცხადის შევსებას თავად ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები ახდენენ (განაცხადს ფიზიკური პირი ვერ შემოიტანს). კურსის ხანგრძლივობაა 1,5 თვე, 78 საათი, ხოლო ჯგუფის ზომა არ აღემატება 25 პირს. კონკურსი ცხადდება ექსპორტიორთა პლატფორმაზე: www.tradewithgeorgia.com", − აცხადებს ნიკა მამუკელაშვილი.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ექსპორტის მენეჯმენტის კურსის მენტორები და ტრენერები ექსპორტის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალები არიან, რომელთაც, გარდა თეორიული ცოდნისა, აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პროცესში (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), შეხება აქვთ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან (საბაჟო დეპარტამენტი), რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ექსპორტის მასტიმულირებელ ღონისძიებებს, პრაქტიკულად მუშაობენ "ინკოტერმსის" საკითხებზე უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიებში და ა.შ.

"რაც შეეხება აღნიშნული კურსის შედეგებს, დღეის მდგომარეობით, ჯამში გადამზადებულია ექსპორტის 332 მენეჯერი. პირდაპირი ეფექტის გაზომვა ცოტა რთულია, რამდენადაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა კონტრიბუცია ჰქონდა რომელიღაც ერთ კონკრეტულ პირს კომპანიის საექსპორტო ოპერაციებში, ექსპორტის ზრდაში ან/და ბაზრების დივერსიფიცირებაში. მაგრამ ჩვენ საპილოტე რეჟიმში ჩავუშვით "გავლენის შეფასების ჩარჩო-დოკუმენტი" (Impact Assessment Framework), რომელიც გარკვეულწილად შეაფასებს რამდენად გაუმჯობესდა ექსპორტიორ კომპანიებში საექსპორტო ოპერაციები; რამდენად იყენებს პირი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ყოველდღიურ საქმიანობაში და რა პირდაპირი ან ირიბი გავლენა იქონია ჩვენი კურსის გავლამ საერთაშორისო გაყიდვებზე", − ამბობს ნიკა მამუკელაშვილი.

2015 წლიდან მოყოლებული, ექსპორტის მენეჯმენტის კურსი არაერთი წარმატებული ქართული ბრენდის წარმომადგენელმა გაიარა. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ რამდენიმე მათგანი და დავადგინოთ, თუ რამდენად პროდუქტიული და ეფექტიანი აღმოჩნდა მათთვის აღნიშნული საკვალიფიკაციო კურსი.

კურსის ერთ-ერთი მონაწილე თემატური აქსესუარებისა და სამკაულების მწარმოებელ ქართულ ბრენდ "კოსმოს" დირექტორი და თანადამფუძნებელი, სოფიკო მუხულიშვილი გახლდათ.

"კოსმოში" შევქმენით აქამდე უნახავი და უნიკალური ჩანთების ხაზი ძველი ქართული ანბანის, თამარ მეფის გვირგვინისა და ქართული ეროვნული სამოსის შთაგონებით, კაკლის ხის დეტალებთან კომბინაციით. ჩვენი თითოეული ნივთით გვინდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ იყვნენ გამორჩეულები, ფერადები, მეოცნებენი და მაძიებლები. იამაყონ უნიკალური ისტორიით", − გვიამბობს სოფიკო, − "პანდემიის დროს შეიცვალა ჩვენი კომპანიის საჭიროებები და მოგვიწია ადაპტირება ახალ გარემოსთან. დავისახეთ ახალი მიზნები, არ შევუშინდით გამოწვევებს და საქართველოში "კოსმო" დღეს უკვე 7 ფილიალით არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ორი წელია ჩანთებს ვყიდით საერთაშორისო პლატფორმა etsy.com-ზე. ვთანამშრომლობთ მაღაზიებთან გერმანიასა და ჰოლანდიაში".

2021 წელს, "კოსმოს" საწარმოო რესურსის ზრდამ კომპანიის დამფუძნებლებს საშუალება მისცა ექსპორტის მიმართულებით კომპანიის გასაძლიერებლად აქტიური მუშაობა დაეწყოთ. ცოდნის გასაღრმავებლად, გასული წლის სექტემბრიდან სოფიკო მუხულიშვილმა გადაწყვიტა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინიციატივით შექმნილი ექსპორტის მენეჯმენტის კურსის გავლა. როგორც თავად აცხადებს, აღნიშნული კურსის დახმარებით, საქართველოში ექსპორტის წამყვან პრაქტიკოს სპეციალისტებთან ერთად შეფასდა "კოსმოს" საექსპორტო პოტენციალი, მოიკვლიეს პოტენციური სარეალიზაციო ბაზრები.

"ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესი, რადგან სრულად ხელშესახები გახდა კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნა და ექსპორტის სრული ციკლი ჩვენი პროდუქციისთვის. უფრო ნათლად დავინახეთ "კოსმოს" ადგილი საერთაშორისო ბაზარზე და დავისახეთ ჩვენი კომპანიის ექსპორტის განვითარების გეგმა", − სოფიკო მუხულიშვილი.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მენეჯმენტის კურსში მონაწილეობა თაფლიანი წლის მწარმოებელი ქართული კომპანია "ზზიპ"-ის დამფუძნებელმა, ლუკა სულაბერიძემაც მიიღო. "ზზიპ" ამჟამად ოთხი სხვადასხვა სახის თაფლიან წყალს სთავაზობს მომხმარებელს. პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ ორი ბრენდირებული მაღაზიის გახსნაც მოახერხა, სადაც თაფლიანი წყლის გარდა თაფლისგან დამზადებული სხვადასხვა სახის პროდუქციაა წარმოდგენილი.

"კომპანიის მთავარი მიზანი იყო მომხმარებლისთვის პროდუქტი მიგვეწოდებინა ყველა სასარგებლო თვისებით და ყველანაირი დანამატის გარეშე. ამ მიზნის განსახორციელებლად გადავწყვიტეთ დამზადების პროცესში თვითონ მომხმარებელს მიეღო მონაწილეობა. კერძოდ, ინჟინრულად დამზადებული თავსახურის საშუალებით, რომლის დატრიალებითაც ხდება თაფლის წყლით სავსე ბოთლში გახსნა და შედეგად ვიღებთ 100%-ით ნატურალურ თაფლიან წყალს", − აცხადებს ლუკა სულაბერიძე.

ვინაიდან "ზზიპ"-ის პროდუქტის ანალოგი ბაზარზე არ არსებობს, კომპანიას საკმაოდ დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. როგორც დამფუძნებელი Entrepreneur-თან საუბრისას აცხადებს, საქართველოს ბაზრის სრულად ათვისების შემდეგ, "ზზიპ"-ის უნიკალური პროდუქცია აუცილებლად გავა ექსპორტზეც.

"ექსპორტის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის თითოეული ლექცია იყო ძალიან შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი, ერთმანეთისგან განსხვავებული და განსაკუთრებული ინფორმაციისა და ცოდნის მომტანი ჩვენთვის. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ გვინდოდა ჩვენი პროდუქტი საზღვრებს გარეთაც გაეცნოთ, მივხვდით, რომ საჭირო იყო ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება. სწორედ ეს მრავლისმომცველი და ინფორმაციული კურსი დაგვეხმარა ჩვენი დასახული მიზნების მიღწევაში", − ამბობს ლუკა სულაბერიძე.

საკუთარი პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის მიზნით, ექსპორტის მენეჯმენტის კურსის გავლის სურვილი ბრენდ "ჩარლზ რულოს" თანადამფუძნებელსა და კრეატიულ დირექტორ ლევან ჩიკვაიძესაც გაუჩნდა.

Charles Rullo, იგივე "ჩაკ რულო" ტრადიციული ჭაჭის არყის ინსპირაციით შექმნილი უნიკალური რეცეპტის ყურძნის ალკოჰოლური სასმელია. იგი გახლავთ რქაწითელის ყურძნის 40%-იანი დისტილატის და ნატურალური შავი სტაფილოს დაბალანსებული სინთეზი, რაც მას ვიზუალურად მიმზიდველს, რბილად დასალევს და განსაკუთრებით არომატულს ხდის. სასმლის უნიკალურობა, გემოვნური თვისებები და მიქსოლოგიისთვის საინტერესო სტრუქტურა მისთვის ფართო არეალს ხსნის საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც მუდამ ახლის ძიებაშია.

ლევან ტურძელაძე და ლევან ჩიკვაიძე

"კურსი 2021 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდა. საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული იყო, განსაკუთრებით ბაზრის მოძიების და მასზე შესაღწევად ტექნიკური დეტალების ნაწილში. ექსპორტის მიმართულებით მოღვაწე წამყვანმა სპეციალისტებმა გაგვიზიარეს სიღრმისეული თეორიული ცოდნა და თავიანთი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ახალ ბაზრებზე შეღწევის სწორად დაგეგმვასა და მათ ათვისებაში", − აღნიშნავს ლევან ჩიკვაიძე.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, უამრავი კვლევის მიხედვით, ექსპორტიორ კომპანიებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრი და საჭირო ცოდნა ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებით. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" საექსპორტო მენეჯმენტის კურსი, რომელიც კერძო სექტორს კვალიფიციურ კადრებს უმზადებს. ამას კი, თავის მხრივ, პირდაპირი ან/და ირიბი გავლენა აქვს საერთაშორისო გაყიდვებზე, ვალუტის შემოდინებაზე, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, დასაქმებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე.

"წლევანდელი კურსის ჩატარების დრო და ფორმატი, სრულად ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. განვიხილავთ ჰიბრიდულ ფორმატსაც, თუმცა თუ სიტუაცია საგრძნობლად არ გაუმჯობესდა, ონლაინფორმატს შევთავაზებთ ექსპორტიორ კომპანიებს. ვიმედოვნებთ, ქვეყანაში მალე ბევრად უკეთესი ვითარება იქნება და მოგვეცემა სასერტიფიკატო კურსის ფიზიკურ ფორმატში განხორციელების შესაძლებლობა", − განაცხადა ნიკა მამუკელაშვილმა, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის უფროსმა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

გამოანათე 6-ჯერ უფრო შრომისუნარიანი საქართველო

"საქართველოში დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური"