Get All Access for $5/mo

Elven Technologies-ის გუნდმა $160 000 ინვესტიცია მოიპოვა თანხა შექმნილი უნიფორმის ტესტირებასა და გაუმჯობესებას მოხმარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Elven Technologies-ის გუნდმა პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000 დოლარის ოდენობით დახურა. რაუნდში მონაწილეობდა ცხრა ინვესტორი, მათ შორის ამერიკული ვენჩურული სტუდიო - Technovate, რომელიც შექმნილია აზერბაიჯანელი დამფუძნებლების მიერ.

აწეული ინვესტიციით ქართულმა სტარტაპმა მოიზიდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტი.

კომპანია ELVEN TECHNOLOGIES ქართული სტარტაპია, რომელიც მეხანძრის მაღალტექნოლოგიურ უნიფორმას ქმნის. თანხა შექმნილი უნიფორმის ტესტირებასა და გაუმჯობესებას მოხმარდება. სტარტაპის გუნდის წევრები არიან ვამეხ ხერხეულიძე, ალექსანდრე ჩუბინიძე, გიორგი გაბარაშვილი და ბელა ბუცხრიკიძე. მათი პროდუქტი ინოვაციურია იმით, რომ სრულიად ცეცხლგაუმტარია და აქვს ამ ეტაპზე ბაზარზე არსებული ერთადერთი შიდა გაგრილების სისტემა მთელ სხეულზე. ეს ორი ახალი, მნიშვნელოვანი მახასიათებელი მოხსნის მეხანძრეთა უსაფრთხოების პრობლემას.

"რეალურად, მეხანძრეები მუშაობის დროს ორი დიდი საფრთხის წინაშე არიან: ერთია ფიზიკური ტრავმები და დამწვრობა, მეორე კი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი. ამას უამრავი კვლევა მოწმობს. აშშ-ში დღეს მეხანძრეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უზარმაზარი ყურადღება ექცევა − არანაკლები, ვიდრე ფიზიკურს. ეს ფსიქოლოგიური სტრესი კი მეტწილად მოდის იქიდან, რომ მათ საერთოდ არ აქვთ დაცულობის შეგრძნება. ყოველ დილით ადამიანი იღვიძებს და მაღალია ალბათობა, რომ სამსახურიდან შინ ცოცხალი ვერ დაბრუნდება. ეს კოსტიუმი კი ამ სტრესის მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნის. მეხანძრეები დარწმუნდებიან, რომ ეს მათი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია", − აცხადებს ვამეხი.

იმისათვის, რომ პროდუქტმა რეალური პრობლემა გადაჭრას და ბაზრის საჭიროებას უპასუხოს, პერიოდულ შეხვედრებს აწყობენ მეხანძრეებთან და სახანძროს მენეჯმენტთან. რეალური გაყიდვების დაწყებამდე, პროდუქტის ვალიდაციას საქართველოში გეგმავენ. გარდა უსაფრთხოებისა, უნიფორმა ამოწმებს მეხანძრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც გადასცემს საკონტროლო ჰაბს.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი და ინოვაცია, რომელიც განხორციელდა მეხანძრეთა უნიფორმებში, იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში. ამის შემდეგ გარკვეული მიკროინოვაციები პერიოდულად ხდებოდა, მაგრამ მთავარი დიდი ნახტომი ამ პერიოდის შემდეგ აღარ ყოფილა. ჩვენი პროდუქტი არის დაახლოებით მობილურიდან სმარტფონამდე დონის ნახტომი. "აიფონმა" ხომ ინდუსტრია სრულიად შეცვალა? დაახლოებით იგივეს ვგეგმავთ ჩვენც", − ამბობს ვამეხი.

ვამეხი პროფესიით ექიმია და პროფესიულ სამედიცინო ცოდნას ამ საქმიანობაშიც აქტიურად იყენებს. ის ისრაელიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც 2 წლის განმავლობაში აქტიური სამედიცინო საქმიანობით იყო დაკავებული. საქართველოში დღეს სამედიცინო ფაკულტეტზე ასწავლის. როგორც ამბობს, ამ საქმეში მედიცინის ცოდნა უზომოდ ეხმარება, რადგან კოსტიუმი იქმნება ადამიანის სხეულისთვის და მისი ფუნქციონირების ზედმიწევნით ცოდნა ეხმარება უფრო კომფორტული უნიფორმის შექმნაში.

"რეალურად, აქ ჩემი საქმეა კოსტიუმის ფუნქციური დიზაინი, − სად, როგორ და რა სისტემები უნდა არსებობდეს. მაგალითად, როგორ და სად ჩავსვათ სატურომეტრი, რომელიც ზომავს ჟანგბადის კონცენტრაციას სისხლში", − აცხადებს ვამეხი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი