"ენთების" წარმატების ისტორია Kotler Impact-ის "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ ქართულ გამოცემაში შევა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საბუღალტრო კომპანია "ენთების" წარმატების ისტორია Kotler Impact-ის "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ ქართულ გამოცემაში შევა.
Kotler Impact თანამედროვე მარკეტინგის მამად აღიარებული დოქტორ ფილიპ კოტლერის კომპანიაა. ის ეკონომიკური წინსვლისა და გლობალური გარემოს გაუმჯობესებისკენ განათლებით, ტრენინგებითა და ჰოლისტური მიდგომებით მიისწრაფვის.
"თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები" მონუმენტური წიგნია, რომელიც ფილიპ კოტლერის მიერ გამოიცემა. წიგნის პირველი ქართული გამოცემა ადგილობრივი კომპანიების წარმატების ისტორიებზე იქნება დაფუძნებული. პროექტი AWE კონსალტინგის, რეგიონში Kotler Impact-ის ოფიციალური წარმომადგენლის ხელშეწყობითა და ბიზნესლიტერატურის მიმართულებით უკონკურენტო გამომცემლის, "ლურჯ ოეკანესთან" პარტნიორობით ხორციელდება. დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.
გლობალური პროექტის ფარგლებში სახელმძღვანელოს ადგილობრივი გამოცემები 50-მდე ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. სხვადასხვა ქვეყნის ლოკალურ გამოცემებში ისეთი კომპანიების ქეისებია წარმოდგენილი, როგორიცაა Danone, Meta Oracle, Lamborghini, Google, Porsche, Heineken, Ferrari, Accenture და ა.შ.
"ენთები" წარმატებული ქართული საბუღალტრო კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დააფუძნეს: ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა. იგი კომპანიებს საბუღალტრო აღრიცხვისა და კომუნიკაციის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებსა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტს სთავაზობს.
რას ნიშნავს, Kotler Impact-ის პროექტში მონაწილეობა "ენთებისთვის", როგორ იმოქმედებს ეს კომპანიის წინსვლაზე და რა მოლოდინები აქვთ ორგანიზაციაში? - ამის შესახებ Entrepreneur ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნიკა წიკლაურს ესაუბრა:
როგორ მოხვდა "ენთები" პროექტში - რა არის თქვენი წარმატების ფორმულა, რამაც, თქვენი აზრით, ყურადღება მიიქცია?
პროექტის შესახებ რამდენიმე თვის წინ სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებული ერთ-ერთი პოსტიდან შევიტყვეთ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ გამოიცემოდა მარკეტინგის სფეროში ყველასათვის ცნობილი Kotler-ის სახელმძღვანელო, რომელშიც, ისტორიაში პირველად, შეტანილი იქნება ქართული მაგალითები ადგილობრივი კომპანიების წარმატების ისტორიების შესახებ. ჩვენ თავიდანვე დავინტერესდით აღნიშნული პოსტით და გავგზავნეთ განაცხადი გამომცემელთან, რომელსაც ჩვენი ბიზნესქეისის აღწერა დავურთეთ.
"ენთები" ბუღალტრული და ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. დაარსდა 2015 წელს და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი.
"ენთების" სერვისის განსხვავებულობა, რატომაც ჩვენი ქეისით Kotler Impact დაინტერესდა, მდგომარეობდა შემდეგში: როდესაც "ენთები" ბაზარზე გამოჩნდა, არსებული საბუღალტრო კომპანიები აქცენტს აკეთებდნენ მსხვილი ბიზნესის მომსახურებაზე. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. საბუღალტრო კომპანიები ან პირდაპირ ადეკლარირებდნენ, რომ მათი სერვისი განკუთვნილი იყო მსხვილი ბიზნესებისთვის, ან მათ მიერ შეთავაზებული ფასი პრაქტიკულად უზღუდავდა წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს იმ დროს, როცა დიდი ბიზნესების რაოდენობა საქართველოში რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა და მცირე/საშუალო ბიზნესების რაოდენობა 50 ათასს აჭარბებდა.
"ენთები" პირველი იყო, ვინც მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული სერვისი შექმნა. "ენთების" გამოჩენამ ბაზარზე მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა. ჩვენს გამოჩენამდე კომპანიები ხშირად იძულებულები იყვნენ, რომ მეგობრები და ახლობლები დაექირავებინათ ბუღალტრებად, ან აეყვანათ ერთი ან ორი შიდა ბუღალტერი, რომელთა კვალიფიკაციაც არ იყო საკმარისი სამუშაოს შესასრულებლად. ამ გზით მცირე და საშუალო ბიზნესები იღებდნენ შეზღუდულ ინფორმაციას, ექმნებოდათ ფინანსური და საგადასახადო პრობლემები და მათი აღრიცხვის ხარისხი ძალიან შორს იყო იმ ხარისხისგან, რაზეც წვდომა მსხვილ ბიზნესებს ჰქონდათ.
"ენთების" გამოჩენის შემდეგ ეს სიტუაცია შეიცვალა. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს საშუალება მიეცათ, მათთვის მისაღებ ფასად მიეღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. მიდგომა იყო მარტივი: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანამდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანა, რაც, ერთი მხრივ, ამცირებდა ხარჯებს და საშუალებას გვაძლევდა, რომ მცირე და საშუალო სეგმენტისთვის მისაღებ ფასად შეგვეთავაზებინა მომსახურება და, მეორე მხრივ, ახდენდა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის დიჯიტალიზაციასა და გავირტუალურებას. ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლდა ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით. მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ბუღალტერიის ავტომატიზაცია და დისტანციური ინფორმაციის მიმოცვლა ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში ეს სრულიად რეალური იყო და სწორედ ეს განახორციელა "ენთებმა".
რა მნიშვნელობა აქვს პროექტში მონაწილეობას თქვენთვის?
ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ Kotler-ის სახელმძღვანელო წარმოადგენს ნებისმიერი მარკეტინგის სპეციალისტის სამაგიდო წიგნს. სტუდენტობისას მარკეტინგს "ენთების" დამფუძნებლებიც სწორედ Kotler-ის წიგნით და მასში აღწერილი ქეისებით სწავლობდნენ. ის ფაქტი, რომ "ენთებიც" ერთ-ერთი ასეთი ქეისი გახდება, რომელიც ამ წიგნში ჩაიწერება და რომელსაც განიხილავენ მკითხველები, როგორც წარმატების ისტორიას, მნიშვნელოვან მოტივაციას გვაძლევს.
როგორ იმოქმედებს ეს თქვენს სამომავლო გეგმებზე?
ის ფაქტი, რომ პროექტის ავტორები დაინტერესდნენ "ენთების" ქეისით და საჭიროდ ჩათვალეს, საკუთარ წიგნში შეეტანათ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტიმულია. ჩვენ კიდევ უფრო მოტივირებულად და მკაფიო კურსით გავაგრძელებთ მომავალში ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების ბაზარზე განვითარებას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ადრეც ვგეგმავდით ჩვენი სერვისების ექსპორტს, თუმცა პროექტში მონაწილეობამ შესაძლოა გვიბიძგოს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი გეგმები დავაჩქაროთ და საერთაშორისო ბაზარს უფრო მალე შევთავაზოთ სერვისები.
როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი მოაქვს ამ პროექტს მონაწილე ადგილობრივი კომპანიებისთვის? არამონაწილეთათვის?
მონაწილე კომპანიებს აქვთ საშუალება, განვლილი გზა და საკუთარი გამოცდილება საზოგადებას გაუზიარონ. "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" გამოცემა საშუალებას გვაძლევს, ხმა მივაწვდინოთ ფართო აუდიტორიას, როგორც ბიზნესს, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. დოქტორი ფილიპ კოტლერი მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგის სპეციალისტია, რომლის უბრალოდ სახელის გაგონებაც კი საკმარისია, რომ საზოგადოება დაინტერესდეს და წიგნში წარმოდგენილ მასალას გაეცნოს, რასაც პოზიტიური გავლენა ბევრი მიმართულებით ექნება.
რაც შეეხება არამონაწილეებს, მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების ქეისებსა და მათ სპეციფიკას, რაც, ერთი მხრივ, მისცემს ინფორმაციას, თუ როგორ იქმნებოდა წარმატებული ქართული კომპანიები, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა ინსპირაციის წყაროდაც იქცეს", - ნიკა წიკლაური.
გარდა იმისა, რომ წიგნი-სახელმძღვანელო ქართულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, საკუთარი წარმატების ქეისი და რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგინონ, პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული განათლების სისტემაში. მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანები აქამდე უცხოურ მაგალითებზე დაფუძნებული სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ. მომავალში კი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს წიგნის გამოცემის შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, მარკეტინგის საფუძვლები ქართულ ქეისებზე დაყრდნობით შეისწავლონ.