EPATech – გადახდის ტექნოლოგიების ახალი სტანდარტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გადახდის პროცესი თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილიც კია. თუმცა, მიუხედავად არსებული ტექნოლოგიური პროგრესისა, გადახდის მეთოდები ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისგან – ნელი, რთული და ხშირად ნაკლებად უსაფრთხოა.
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ მიმართა საკუთარი ძალისხმევა EPATech-მა, რომლის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით ქართველიშვილია.
"ჩვენი მიზანია გადახდის პროცესი გავხადოთ უფრო მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო. ტრადიციული საგადახდო მეთოდები ხშირად სირთულეებს ქმნის და თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებს ვერ პასუხობს. ამიტომ შევქმენით ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გადაიხადოს ხელის ერთი მოძრაობით, ბარათის, ნაღდი ფულის ან სმარტფონის გარეშე. ეს არის მომავლის გადახდა, რომელიც ამცირებს თაღლითურ ტრანზაქციებს და ყოველდღიურობას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის", - ამბობს დავითი.
EPATech-ის ინოვაციური იდეა ბაზრისთვის სრულიად ახალი გამოცდილების შემოტანას ემსახურება. როგორც დავითი ამბობს, იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც გუნდი მიხვდა, რომ გადახდის ტექნოლოგიები მოძველებული იყო და მომხმარებლებს არ სთავაზობდა იმას, რაც მათ სინამდვილეში სჭირდებათ – სისწრაფეს, სიმარტივესა და უსაფრთხოებას.
"ჩვენი მიზანი იყო ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც გადახდას უბრალო პროცესიდან კომფორტულ და ინოვაციურ გამოცდილებად აქცევს. EPA one-ით ვქმნით ახალ სტანდარტს – ბიომეტრიული გადახდების სახით, რომელიც მომხმარებელს თავისუფლებასა და კონფიდენციალურობას სთავაზობს, ხოლო ფინანსურ ინსტიტუტებს - უსაფრთხოებას".
ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება დიდი სითამამით იწყება, და EPATech-ის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ხედავ პრობლემას, რომელსაც ყველა ეგუება და ხვდები, რომ შეგიძლია მისი შეცვლა, - ამბობს დავითი, - ჩვენ ვიმოქმედეთ იმ დროს, როდესაც ტექნოლოგიები სტაგნაციაში იყო. ეს იყო შესაძლებლობა, დაგვენახა მომავალი და გვეთქვა, რომ უკეთესად შეგვეძლო რაღაცის გაკეთება. სწორედ ეს არის განსხვავებაა ტექნოლოგიურ ლიდერებსა და მიმდევრებს შორის".
გზა, რა თქმა უნდა, გამოწვევებით იყო სავსე. დავითის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო ადამიანების დარწმუნება იმაში, რაც მათთვის ჯერ არ არსებობდა.
"როდესაც ისეთ ინოვაციურ იდეას სთავაზობ, რომელიც ბაზარზე ჯერ არ არსებობს, ადამიანები ბუნებრივად ეჭვით გხვდებიან. ჩვენი მიზანი იყო შეხედულებების შეცვლა - რომ ტრადიციული მეთოდები "საკმარისად კარგი" აღარ არის. ჩვენ არ ვკმაყოფილდებოდით უბრალოდ "კარგით", ჩვენ გვინდოდა ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელსაც ერთხელ გამოყენების შემდეგ ვერ შეელევი".
EPATech-ის საქმიანობის ინსპირაცია მომდინარეობს ერთი მარტივი სურვილიდან - ტექნოლოგიამ შეცვალოს ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.
"ჩვენი შრომა საჭიროა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანებზე, რაც ჩვენი მუდმივი მოტივაციის წყაროა", - დასძენს დავითი.
კომპანიის მიზანია, ბიომეტრიული გადახდების სისტემა კიდევ უფრო გააფართოოს და გააძლიეროს, რათა ბაზარზე საკუთარი პოზიციები უფრო მყარად დაიკავოს.
"ჩვენი მიდგომა ეფუძნება მუდმივ ინოვაციებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და უსაფრთხოებას ახალ დონეზე აიყვანს", - აღნიშნავს დავითი.
მომდევნო წლის განმავლობაში EPATech გეგმავს ბაზრის წამყვან ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც გრძელვადიანი ზრდის საფუძველი იქნება.
"ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიური განვითარება არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ თითოეული მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებად ვაქციოთ", - ამბობს დავითი.