EPIC company პრეფაბრიკატული, პანელური და მოდულური სახლების მშენებლობას გთავაზობთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანიის დაარსებას წინ უძღოდა ახალი მეთოდის შექმნა, რომლის პატენტიც ლატვიაშია დარეგისტრირებული.
"მე მას "5 ელემენტი" დავარქვი, გამომდინარე იმ ელემენტებიდან და პროფილებიდან, რაც სხვა მეთოდებისგან განასახვავებს. ეს მეთოდი აერთიანებს ორი ტიპის სახლების წარმოებას, მათ ადგილზე ტრანსპორტირებას და მონტაჟს ბევრად მარტივს ხდის", - ემა ომანაძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრი.
როგორც ემა გვიყვება, დღეს ამ სფეროში ძირითადად ორი მიმართულება არსებობს, პანელური და მოდულური. ორივეს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად, პანელური სახლების მშენებლობისას სამშენებლო ტერიტორიაზე მიეწოდება ქარხნულად, წინასწარ წარმოებული ცალკეული პანელები. ხშირ შემთხვევაში, შიშველი კონსტრუქციის სახით, ან უკვე ჩამონტაჟებული თბოიზოლაციებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მშენებლობის დასასრულებლად ეს პროცესი ადგილზე მაინც დიდ სამუშაოებს მოითხოვს. დაახლოებით 2-3 თვე სჭირდება, სახლის ფართობის მიხედვით, ვინაიდან ელექტრო და წყალგაყვანილობის მილები ადგილზე მონტაჟდება და გარედან მხოლოდ ამის შემდეგ იფუთება.
რაც შეეხება მოდულურ სახლებს, ისინი დასრულებულ მდგომარეობაში მიეწოდება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს შეზღუდულ ზომებთან. ერთი მთლიანი მოდულის მიწოდება დამოკიდებულია ტრანსპორტის ზომასა და იმ ქვეყნის შიდა საგზაო კანონზე, სადაც ისინი იგზავნება.
"ჩემი მეთოდი ამ ორ მოცემულობას აერთიანებს და ორივე პრობლემას ჭრის. მზა ელემენტების საშუალებით ჩემი სახლების მიწოდება შესაძლებელია ცალკეულ პანელებად, მაგრამ არა ნახევრად დასრულებული, არამედ სრული სახით, როგორიც მოდულური სახლებია და სადაც ყველა კომუნიკაცია უკვე ჩამონტაჟებულია, ხოლო ადგილზე მათ მონტაჟს სჭირდება არა 2-3 თვე, არამედ 2-3 დღე".
როგორც ემა ამბობს, ამ მეთოდით რამდენიმე პრობლემის გადაჭრა ხდება:
• ტრანსპორტირების ხარჯები გაცილებით მცირდება, თუ ზომები და რაოდენობა მეტია, ვიდრე 1 მოდული.
• სახლის ზომები არ იზღუდება.
• ადგილზე არ სჭირდება დამატებითი სამუშაოები.
• მათი მონტაჟი ხდება ლეგოს პრინციპით, დალურსმვის გარეშე და, შესაბამისად, დემონტაჟიც ისეთივე ადვილია, როგორიც მონტაჟი, ამიტომ ძალიან ადვილია რელოკაცია, განსაკუთრებით საშიში ზონებიდან.
• მიწოდება შესაძლებელია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო, მიუწვდომელ ან რთულად მისაწვდომ ადგილებშიც, მაღალმთიან რეგიონებში ან კუნძულებზე.
• სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, დემონტაჟისა და რელოკაციის დროს, სადაც ზარალი 30-40% შეადგენს, აქ შემცირებულია 0-5% მდე.
"იდეა გაჩნდა მუშაობის პროცესში, როცა სხვადასხვა ქვეყანაში მომხმარებლებთან ურთიერთობისას არსებული ხარვეზები გამოჩნდა და შეზღუდული ზომებისა და დიდი სატრანსპორტო ხარჯების გამო ბევრ კარგ პროექტზე, მიუხედავად დაბალი ფასებისა, უარის თქმამ მოგვიწია.
სატრანსპორტო ხარჯები იმდენად მაღალ ნიშნულს აღწევდა, რომ აზრი ეკარგებოდა ლატვიიდან შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თუნდაც აშშ-ში გაგზავნას, სადაც ასეთი სახლების მშენებლობა გაცილებით ძვირია".
ემა იხსენებს, რომ უამრავ წინააღმდეგობასთან გამკლავებამ მოუწია, რამაც დიდი გამოცდილება შესძინა. ფიქრობს, რომ ყველაზე რთული კარგი გუნდის შექმნაა, რომელსაც ისევე უნდა სჯეროდეს ამ იდეის, როგორც თავად შენ".
"ენთუზიაზმი, ძირითადად, იდეის ავტორებს ახასიათებთ და მზად არიან ყველაფერი გაიღონ, მაგრამ მხოლოდ იდეა არაა საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობა სხვა, ნიჭიერ და საქმის მოყვარულ ადამიანებთან, ვინაიდან ასეთ ბიზნესებს სხვადასხვა სფეროს დახმარება ესაჭიროება. ამ მხრივ მე, ალბათ, გამიმართლა, ჩემი თანადამფუძნებლის, ენდის რონბერგსის სახით, ან უბრალოდ, იდეა დამაჯერებელი გამოდგა".
ემა ამბობს, რომ კომპანიის სამომავლო ბიზნესგეგმა და ფინანსური მოდელი ხუთ წელზეა გათვლილი, რაც, ძირითადად, ევროპის ბაზრის კვლევის საფუძველზეა აგებული და გაყიდვებიც ამ რეგიონზეა გათვლილი.
"პარალელურად, ვეძებთ პოტენციურ პარტნიორებსა და ქარხნებს აშშ-იც და სხვა ქვეყნებშიც. შეიძლება ითქვას, რომ pre-seed ეტაპზე ვართ და ინვესტორებსა და სხვადასხვა ქვეყნის ქარხნებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.
დღეს ჩვენი ძირითადი პარტნიორი ლატვიის უდიდესი, სრულიად ავტომატიზებული ქარხანა Pavasars-ია. ამ ეტაპზე მსგავსი მოლაპარაკებებისთვის სრულად გახსნილი ვართ და ნებისმიერი სიახლისა და საინტერესო წინადადებისთვის მზად ვართ, იმისთვის, რომ მოვიზიდოთ საინტერესო პარტნიორები, ინვესტორები და ასევე, ამ სფეროთი დაინტერესებული მოტივირებული და ნიჭიერი ინდივიდები, რომელთაც შეეძლებათ ამ განვითარებად ბიზნესში თავიანთი წვლილი შეიტანონ".