Get All Access for $5/mo

''ერთი მუჭა პოზიტივი'' ლიდერობის ფორმულა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბოლო დროს პანდემიასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია თითოეულ ჩვენგანს. სხვადასხვა ფორმით თუ ხარისხით, ეს პროცესი ყველას შეგვეხო. თითქოს ყველაფერი შეიცვალა: ცხოვრების რიტმი, ურთიერთობების სტილი, განწყობა... როგორც არაერთი სხვა ინდივიდუალური თუ მასშტაბური კრიზისის დროს, ახლაც გონივრულია დავსვათ შეკითხვები: რა ვისწავლეთ ამ გამოცდილებით და როგორც გავაგრძელოთ ცხოვრება?!

ამ შეკითხვებს იმდენი პასუხი აქვს, რამდენიც ადამიანია ჩვენ ირგვლივ. საერთო შინაარსის მიუხედავად, თითოეული ჩვენგანის გამოცდილება ინდივიდუალურია და მისი შეფასება განზოგადებას არ უნდა დაექვემდებაროს. თუმცა, ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, მაინც შესაძლებელია საერთო და მსგავსი დასკვნების გაკეთება. პანდემიასთან დაკავშირებულმა კრიზისმა ყველას თვალნათლივ დაგვანახვა საკუთარ თავთან განმარტოებისა და საუბრის მნიშვნელობა, ადამიანური ურთიერთობების დანიშნულება და აწმყოში დამაგრების აუცილებლობა. ბევრმა ადამიანმა ეს პერიოდი პირადი და პროფესიული ღირებულებების გადაფასებისა და საკუთარი გადაწყვეტილებების ავთენტურობაში გამყარებისთვის გამოიყენა.

ლიდერობის ფორმულა

დღეს სიტყვა "ლიდერი" ჩვენი სალაპარაკო ენის განუყოფელ ნაწილად იქცა. ყველა ლიდერებსა და ლიდერობაზე საუბრობს. ბევრი ფუნქციური განმარტების მიუხედავად, ლიდერობის დეფინიცია მაინც ინდივიდუალური ინტერპრეტაციის საგნად რჩება. საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, იერარქიული და მჩაგვრელი მმართველობა ხალხის ინტერესებზე მორგებულ ფორმად გარდაიქმნა და ლიდერობის შინაარსიც თავისთავად გაკეთილშობილდა. თუმცა, მორჩილ და ერთგულ მიმდევრებთან ლიდერის დამოკიდებულების შინაარსის შეცვლის მიუხედავად, ლიდერობის ფორმა უცვლელი რჩებოდა. დიდი ხნის განმავლობაში როგორც მოძალადე, ისე გულმოწყალე მმართველის ლიდერობა მის კვალზე სიარულს მოიაზრებდა. ორივე შემთხვევაში, ავტორიტეტის არსებობა განმსაზღვრელი იყო.

თანამედროვე ეპოქაში წარმატებული ლიდერობის ფორმულა ყველა ავტორიტეტის უარყოფასა და საკუთარი თავის ლიდერად აღზრდას მოიაზრებს. ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ემოციური ინტელექტის ინტენსიური ინტეგრირების ხარჯზე სულ უფრო და უფრო ძლიერდება თვითშემეცნებისა და თვითრეალიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმა. თავისუფლების აბსოლუტურმა გაგებამ და თვითგამოხატვის შესაძლებლობების შეუზღუდავმა სპექტრმა, განათლებაზე წვდომის გაფართოებამ თუ ინდივიდუალიზმის საყოველთაო პოპულარიზაციამ გაქანების ფართო ასპარეზი მისცა როგორც ლიდერობის კონცეპტს, ისე თითოეულ ადამიანს, ლიდერად გახდომის გზაზე.

მიუხედავად ამისა, ლიდერის როლთან დაკავშირებით შეიძლება მაინც ვერ შევთანხმდეთ. ერთია ცნება და მასში დატეული შინაარსი, მეორე კი მისი პრაქტიკული გამოყენება და არაფორმალური ლიდერების მიმღებლობისას გამოჩენილი სიჯიუტის მაგალითები. საბოლოოდ, ლიდერი ისაა, ვისაც ლიდერად ვხედავთ. ამიტომ სრულიად ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რა აქცევს ადამიანს ლიდერად − ეს მისი განწესებაა თუ არჩევანი?!

უპირველესი, რაც ლიდერს გამოარჩევს, საკუთარი საქმის უპირობო სიყვარულია. ეს სწორედ ის უხილავი ელემენტია, რომელიც სერ კენ რობინსონის აზრით, ადამიანების ყოველდღიურობას მათ ცხოვრებისეულ მოწოდებასთან საბედისწეროდ აკავშირებს. ეს იმ ხარისხის გულისხმიერებაა, როდესაც ყოველგვარი კონტროლის სისტემის გარეშეც, უღალატოდ და თავდაუზოგავად ასრულებ შენს მისიას და როდესაც სწორედ საქმესთან შენი დამოკიდებულება განგსაზღვრავს. ამ თვალსაზრისით, ლიდერი ის "მეეზოვეა", რომელიც ყოველ დილით ჩვენზე ადრე დგება და საგულდაგულოდ ასუფთავებს ქუჩებს; "მეპურე", რომელიც ნახევარი ტანით ჩადის მხურვალე თონეში შოთის ყოველი ჩაკვრისას და კიდევ მრავალი სხვა...

საკუთარი საქმის სიყვარულთან ერთად, ლიდერს თავმდაბლობა და მადლიერება გამოარჩევს. სიყეყეჩე და თავმომწონეობა აღარ ეწერება ლიდერობის თანამედროვე კონცეფციაში. შორეული მაგალითების მოშველიებასთან ერთად, ბევრი საინტერესო პატერნის ნახვა შეგვიძლია ჩვენს კულტურაშიც. თავმდაბლობისა და მადლიერების კონტექსტში, ლიდერობის თვალსაჩინო მაგალითია ივანე ჯავახიშვილის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის შეკრებაზე წარმოთქმული სიტყვა. მისი გუნდისადმი კეთილგანწყობის საჯაროდ გამოხატვით, ივანე ჯავახიშვილმა აჩვენა ლიდერის, როგორც ღირსეული წინამძღოლის, უმთავრესი თვისებები − თავმდაბლობა და მადლიერება.

ლიდერის მესამე და განმსაზღვრელ თვისებად ცნობისმოყვარეობა მიმაჩნია. სწორედ ცნობისმოყვარეობა განაპირობებს ლიდერის გამბედაობას, გაუკვალავი გზის დასალაშქრად აიღოს გეზი და მისი გუნდი ჯერ არარსებული გამოცდილების შესაქმნელად დაპატიჟოს. სწორედ ცნობისმოყვარეობა კვებავს ლიდერის შემოქმედებით ხედვას, ეძებოს პრობლემის გადაჭრისა თუ პროდუქტის შექმნის ინოვაციური და ალტერნატიული გზები. ის შინაგანი "ჭია", გაიგოს მეტი, ე.წ. sapere aude, იყოს ახალი სიტყვისა და საქმის შემოქმედი, გამოარჩევს ლიდერს თვითკმაყოფილი, ზარმაცი თუ მხდალი თანამოძმეებისგან.

ასეთი თვისებებით შეიარაღებული ლიდერი თვითშთაგონებისა და მისი გუნდის მუდმივი ინსპირაციის წყაროა. საყვარელი საქმისადმი მიძღვნილი არსებით, ის კონკლუდენტურად, მისი ქმედებით ახდენს კორპორაციული კულტურისა და ღირებულებების კულტივირებას. თუმცა, ჭეშმარიტი ლიდერი არის არა ის, ვინც მისი გუნდის წევრებს საქმის სიყვარულს აძალებს, არამედ ის, ვინც ხელს უწყობს მის გარშემომყოფებს, იპოვონ საყვარელი საქმე. გონიერმა ლიდერმა იცის, რომ მისი ამოცანა ადამიანის საუკეთესო თვისებების ზედაპირზე ამოტანა და მასში მივიწყებული ოცნების გაღვიძებაა, და არა მოძღვრება "სწორი" თუ "საჭირო" მოწოდებების შესახებ. ასეთი ლიდერის გვერდით ადამიანი უკეთ შეიგრძნობს საკუთარ თავს და ღირსებას, რადგან ის დამსახურებული მადლიერების მიღების უწყვეტ ნაკადში ხვდება.

ლიდერის თავმდაბლობის წარმოჩენის ხარჯზე, ადამიანი არასდროს კარგავს საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნებას და ბუნებრივად იხრება შეჯიბრებითი მენტალობიდან კონსტრუქციული აზროვნებისკენ. ცნობისმოყვარეობისკენ გამუდმებული ბიძგით კი, ლიდერი ყველაზე სასარგებლო ფუნქციას ასრულებს მისი გუნდის თითოეული წევრის ცხოვრებაში, რადგან მათ უწყვეტ პიროვნულ და პროფესიულ ზრდა-განვითარებას აძლევს გასაქანს. ასეთ პირობებში, ყველაზე ჯანსაღი გარემო იქმნება ახალი იდეების, აღმოჩენების, დაკვირვებებისა თუ გააზრებებისთვის. ასეთ გარემოში სიცოცხლის ნიშნად ილიას თერგი ხმაურობს.

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

სიახლეები

Archi to Build a Five-Star Hotel at Lake Sioni

This prestigious project is a collaboration with Le Meridien, an international hotel brand under the Marriott International group