"ეს ყველაფერი, კაცობრიობის დასახმარებლად გავაკეთე", - ილონ მასკი მასკი Twitter-თან წარმატებული გარიგების შემდეგ, საჯარო წერილს აქვეყნებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მასკის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს, სადაც იგი კერამიკული ნიჟარით ხელში Twitter-ის სათავო ოფისში შეაბიჯებს, მალევე მოჰყვა ღია წერილი, რომლითაც მან საზოგადოებას ამ პლატფორმის შეძენის შესახებ თავისი სერიოზული დამოკიდებულება გააცნო.
პლატფორმაზე რეკლამის განმთავსებლების მიმართ საჯარო წერილში მასკმა ახსნა კომპანიის შეძენის მთავარი მოტივები და განაცხადა, რომ ჭორები, რომლებიც ამ პროცესს ახლდა, არ შეესაბამებოდა რეალობას.
"ცივილიზაციის მომავლისათვის აუცილებელია ისეთი საერთო ციფრული სივრცის არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება იდეების ფართო სპექტრის ჯანსაღად განხილვა, ძალადობისაგან დაცლილი ფორმით", − აცხადებს მასკი, − "ამჟამად, არსებობს დიდი საშიშროება იმისა, რომ სოციალური ქსელები რადიკალურ მემარცხენე და მემარჯვენე ფლანგებად დაიყოფიან, რომლებიც ამძაფრებენ სიძულვილს და ანაწევრებენ ჩვენს საზოგადოებას".
Twitter-ში რეკლამების განმთავსებლებისთვის მასკმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პლატფორმის თავისუფალი პოლიტიკისა, მათ მაინც მოუწევთ გარკვეული წესების დაცვა და ამ შეთანხმების დარღვევას აუცილებლად მოჰყვება სანქციებიც.
"ეს (პლატფორმის შეძენა) იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მარტივ გზებს ვეძებ, ან მეტი ფულის გამომუშავება მსურს. ეს იმისთვის გავაკეთე, რომ ვცადო დავეხმარო კაცობრიობას, რომელიც ასე მიყვარს", − დაწერა ილონმა, − "ეს ნაბიჯი იმის სრული გაცნობიერებით გადავდგი, რომ ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, შესაძლოა მიზნის წარმატებით მიღწევა მაინც ვერ შევძლოთ".
სარეკლამო მიმართულებით, ილონ მასკის გაცხადებული მიზანია, რომ გააუმჯობესოს პლატფორმის ურთიერთქმედების სამომხმარებლო გამოცდილება და აჩვენოს Twitter-ის საზოგადოებას მხოლოდ ის რეკლამები, რომლებიც მათთვის აქტუალური და საინტერესოა.
შეგახსენებთ, რომ მასკსა და Twitter-ს შორის საბოლოო შეთანხმება 27 ოქტომბერს შედგა და მილიარდერმა სოციალური ქსელის პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. კომპანიის მფლობელის შეცვლას მალევე მოჰყვა სამი მაღალი რგოლის მენეჯერის გათავისუფლება, რაც Twitter-ს, ექსპერტთა ნაწილის აზრით, საკმაოდ ძვირი დაუჯდება.