ესთეტიკა, რაციონალიზმი და "ზღარბის კონცეფცია": ლილე მაღლაფერიძის ანტრეპრენერული გზა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც ქუთაისში ბუტიკური ტიპის რესტორნების შექმნის იდეა გაჩნდა, ლილე მაღლაფერიძის მიზანი მხოლოდ კვების ობიექტის გახსნა არ ყოფილა. მას სურდა შეექმნა სივრცე, სადაც კულტურა, სოციალური გამოცდილება და სალონური გარემო ერთმანეთს შეხვდებოდა. ასე გაჩნდა "ლილესთან" და "გალა" – ადგილები, რომლებსაც საკუთარი, ინდივიდუალური ხელწერა აქვთ, თუმცა დეტალებისადმი განსაკუთრებული სიყვარული აერთიანებთ.
იდეა 2019 წელს დაიბადა, თუმცა რეალური ნაბიჯების გადადგმამ ყველაზე კრიტიკულ დროს, 2021 წლის მარტში მოუწიათ. ეს იყო პერიოდი, როდესაც პანდემიური შეზღუდვები ახალი მოხსნილი იყო და სარესტორნო ბიზნესი სრული გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად რისკისა, ბიზნესმა პირველივე თვეებში შეძლო არა მხოლოდ ხარჯების დაფარვა, არამედ სტაბილური მოგების გამომუშავებაც.
"ჩემი მიზანი იყო ქუთაისში შექმნილიყო ბუტიკური ტიპის რესტორნები, რომლებიც სტუმრებს უნიკალურ კულტურულ და სოციალურ გამოცდილებას შესთავაზებდა. იდეა 2019 წელს დაიბადა, ავთენტურობისა და სტუმართმოყვარეობის სინთეზის შექმნის სურვილით".
სერვისის სფეროში ყველაზე დიდ ბარიერად ხშირად ადამიანური რესურსი იქცევა ხოლმე. ლილესთვისაც ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ისეთი გუნდის ჩამოყალიბება აღმოჩნდა, რომელიც საქმეს იმავე სიყვარულით მიუდგებოდა, როგორც თავად დამფუძნებელი. რთული იყო იმ ბალანსის პოვნა, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურება და სწორი ორგანიზაციული კულტურა ერთმანეთს დაემთხვეოდა.
თუმცა, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა გარემომ თავისი შედეგი გამოიღო. ლილე მიიჩნევს, რომ ბიზნესში ემოციებზე მეტად რაციონალიზმი და რიცხვებია გადამწყვეტი. შეცდომების ანალიზი და სწრაფი რეაგირება ის უნარებია, რამაც "ლილესთან" და "გალა" მდგრად ბრენდებად აქცია.
"გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრინციპულობა და ემპათია ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის – პირიქით, მათი თანხვედრა ძლიერი და მდგრადი მართვის საფუძველს ქმნის".
ქალი მენეჯერის ამპლუაში ლილეს არაერთხელ მოუწია გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებამ. სფეროში, სადაც ხშირად ქალებისგან ნაკლებად რაციონალურ მიდგომებს ელიან, მან საკუთარი პასუხისმგებლობითა და შედეგზე ორიენტირებულობით დაამტკიცა საპირისპირო. მისი ბიზნესფილოსოფიის საყრდენი ჯიმ კოლინზის ცნობილი "ზღარბის კონცეფციაა".
ეს მოდელი სამ პრინციპს ეფუძნება: აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგდის; გიყვარდეს შენი საქმე და გქონდეს გამართული ეკონომიკური მოდელი. ლილე დამწყებ ანტრეპრენერებსაც სწორედ ამას ურჩევს – ფოკუსის შენარჩუნებასა და გადაწყვეტილებების მიღებას არა ინტუიციით, არამედ ზუსტი ფინანსური ანალიზით.
"ანტრეპრენერი არის ის, ვინც ცვლის დადგენილ წესებს და ხედავს შესაძლებლობებს სწორედ იქ, სადაც უმეტესობა დაბრკოლებას აღიქვამს. ვისაც შემოაქვს პროცესში ინოვაციები და შეუძლია იდეის გარდაქმნა სისტემად".
ლილე მაღლაფერიძისთვის გაჩერება არჩევითი არ არის. უახლოეს ერთ წელიწადში ის ბიზნესის მასშტაბირებას გეგმავს, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ. ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის მოკვლევა, რათა მომდევნო ნაბიჯი ისეთივე გათვლილი იყოს, როგორიც წინა წამოწყებები.
გარდა გაფართოებისა, ლილეს პრიორიტეტი ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვაა. ეს არ არის მხოლოდ ტენდენცია, არამედ სურვილი, რომ "ლილესთან" და "გალა" მომხმარებლის თვალში კიდევ უფრო სანდო და პასუხისმგებლიან ბრენდებად ჩამოყალიბდნენ.
"ადამიანების სასიამოვნო გამოცდილება ჩემს რესტორნებში სტუმრობისას ძლიერი მოტივატორია, ასევე იდეები, რომელთა გარდაქმნის პროცესი ძალიან მხიბლავს".