„ევექსი ლაბი" – „ევექსი" ლაბორატორიული მომსახურების მიმართულებით ახალ ქსელს ავითარებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში ლაბორატორიული სერვისების ბაზარი სწრაფად ვითარდება და მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ კვლევის სიზუსტე, არამედ მომსახურების ხელმისაწვდომობა, კომფორტი და დროის ეფექტურად მართვა. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად "ევექსი" ახალ ეტაპზე გადადის და ბაზარზე ახალ ბრენდს – "ევექსი ლაბს" წარადგენს, რომელიც თანამედროვე ლაბორატორიული სერვისების ქსელს აერთიანებს.
"ევექსი ლაბის" მთავარი კონცეფცია – "უფრო ახლოს" – გულისხმობს ხარისხიან ლაბორატორიულ მომსახურებას, რომელიც ადამიანებს მიეწოდება მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად, იქნება ეს დამოუკიდებელი ლაბორატორიული სივრცე, პარტნიორი აფთიაქი თუ ბინაზე გამოძახების სერვისი. რა მიზნებით შეიქმნა ახალი ბრენდი, როგორ ხედავს კომპანია ლაბორატორიული მიმართულების განვითარებას და რა სერვისებს შესთავაზებს მომხმარებლებს "ევექსი ლაბი", ამის შესახებ "ევექსის" დირექტორი, გოგა გორდაძე Entrepreneur-თან საუბრობს.
რას ნიშნავს "ევექსისთვის" ახალი ბრენდის, "ევექსი ლაბის" შექმნა და რატომ გადაწყვიტეთ ლაბორატორიული მიმართულების ცალკე ბრენდად განვითარება?
იმისთვის, რომ ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რას წარმოადგენს დღეს "ევექსი" მომხმარებლისთვის. ჩვენი კომპანია სისტემატურად ატარებს სამომხმარებლო კვლევებს და მუდმივად სწავლობს პაციენტების განწყობებსა და საჭიროებებს.
დღეს, ჩემი შეფასებით, საზოგადოების აღქმა ასე შეიძლება შეჯამდეს – "ევექსი" არის პირველადი ჯანდაცვის ყველაზე დიდი ქსელი, რომელიც მასშტაბური ხელმისაწვდომობით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი სტანდარტით, ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საუკეთესო მომსახურების გამოცდილება და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ "ევექსი" იყოს პაციენტის საიმედო პირველი კონტაქტი ჯანდაცვის სისტემასთან, როგორც პრევენციული ზრუნვის მიმართულებით, ისე ჯანმრთელობის პირველივე ჩივილების შემთხვევაში.
ამ ნდობასა და მასშტაბს კონკრეტული შედეგებიც ადასტურებს. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 400 000 უნიკალურ პაციენტს მოვემსახურეთ, ხოლო ლაბორატორიული სერვისების მიმართულებით 1 400 000-ზე მეტი მომსახურება გავწიეთ.
ამ გამოცდილებამ მკაფიოდ დაგვანახვა, რომ ადამიანებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი ლაბორატორიული მომსახურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს მიმართულება დამოუკიდებელ ბრენდად განგვევითარებინა და "ევექსის" სტანდარტით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სრულად მომხმარებელზე მორგებული გარემოთი, შეგვეთავაზებინა მოქალაქეებისთვის მათთვის საჭირო სერვისი უფრო ახლოს.
რას გულისხმობს ბრენდის მთავარი კონცეფცია "უფრო ახლოს"?
"უფრო ახლოს" ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას არ ნიშნავს. ეს არის ზრუნვის და კომფორტის იდეა – როცა ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება ადამიანისთვის მარტივად მისაწვდომია იქ, სადაც ცხოვრობს ან/და მუშაობს. გვინდა, რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს სანდო და ზუსტი სერვისი სწრაფად, კომფორტულ გარემოში.
რა საჭიროებები დაინახეთ ბაზარზე, რომლებმაც ლაბორატორიული ქსელის შექმნის იდეამდე მიგიყვანათ და უფრო კონკრეტულად რა ტიპის სერვისებს შესთავაზებს "ევექსი ლაბი" მომხმარებლებს?
როგორც ზევით აღვნიშნე, ბაზარზე არის მოთხოვნა უფრო მოქნილ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ლაბორატორიულ სერვისებზე. ადამიანებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა, გამარტივებული პროცესები და სერვისის ხელმისაწვდომობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მზარდია მოთხოვნა ბინაზე გამოძახების სერვისზეც, სწორედ ამ საჭიროებებმა გვიბიძგა, მომხმარებლისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, მიეღო ლაბორატორიული მომსახურება მისთვის სასურველ გარემოში, იქნება ეს ბინაზე გამოძახება, დამოუკიდებელი "ევექსი ლაბის" სივრცე, თუ ახლომდებარე ჩვენი პარტნიორი აფთიაქი, სადაც ასევე ვიქნებით წარმოდგენილები.
რაც შეეხება შეკითხვას სერვისთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ "ევექსი ლაბი" მომხმარებლებს სთავაზობს ფართო სპექტრის ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის არის: სეროლოგია, ბიოქიმია, იმუნოლოგია, სხვადასხვა კულტურის ბაქტერიოლოგია, ციტოლოგია და პრაქტიკულად ყველა ის კვლევა, რომელიც კეთდება ჩვენს რეალობაში. ცხადია პროცესები სრულად ორიენტირებულია შედეგების სიზუსტესა და სანდოობაზე. ამრიგად, ჩვენ დავაინტერესებთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებლებს, განსაკუთრებით ქრონიკულ პაციენტებსა და იმ ადამიანებს, ვისთვისაც ამ დინამიკურ გარემოში დროის ეფექტური მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რა ღირებულებებს ეფუძნება "ევექსი ლაბის" მომსახურების მოდელი, როგორ აისახება ეს მომხმარებლის გამოცდილებაზე და რა გამოარჩევს მას სხვა ლაბორატორიული ქსელებისგან?
"ევექსი ლაბის" მომსახურების მოდელი ოთხ ძირითად ღირებულებას ეფუძნება, ეს არის ხელმისაწვდომობა, სანდოობა, სიზუსტე და კომფორტი. ეს ნიშნავს, რომ თითოეული სერვისი შექმნილია მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით, ეს იყო ჩვენი მთავარი მდგენელი, რომელზეც ავიღეთ სწორება სტრატეგიის შემუშავების დროს.
"ევექსი ლაბი" აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას, ეს თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად არის პროფესიონალთა გუნდი, "ევექსისთვის" დამახასიათებელი მაღალი ხარისხის სტანდარტი და საჭიროებებზე მორგებული გარემო. ჩვენი მთავარი განსხვავება სწორედ იმაშია, რომ მომხმარებლის გამოცდილებას ვუყურებთ როგორც ერთ მთლიანობას, დაწყებული ლოკაციების ხელმისაწვდომობით, დასრულებული მომსახურების სიმარტივითა და კომფორტით.
რას გულისხმობს ბინაზე გამოძახების სერვისი და რამდენად მზარდია მოთხოვნა ასეთ მომსახურებაზე?
ბინაზე გამოძახების სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ლაბორატორიული მომსახურება მიიღოს სახლში, ან მისთვის სასურველ ადგილას. დღეს ასეთი სერვისების მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან ადამიანებისთვის, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ეს არის კომფორტი და დროის დაზოგვა, მითუმეტეს, რომ მომხმარებლისთვის აღნიშნული სერვისი ყოველდღიურად იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის შაბათ-კვირას.
პირველ ეტაპზე 5 ფილიალი იხსნება – როგორ შეირჩა ლოკაციები და რა გეგმები გაქვთ ქსელის გაფართოებისთვის?
ლოკაციები შეირჩა შემდეგი პრინციპით – ჩვენ გვსურდა კიდევ უფრო გაგვეფართოებინა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მიგვეწოდებინა თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები ადამიანებისთვის სერვისი იქ, სადაც არ ვართ წარმოდგენილი "ევექსის" კლინიკით. პირველ ეტაპზე "ევექსი ლაბის" 5 ფილიალი იხსნება, თუმცა წლის ბოლომდე დაემატება 15 ახალი ლოკაცია, მომავალში კი ქსელი ეტაპობრივად გაფართოვდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. "ევექსი" დიდი ქსელია და უბნობრივი დაფარვაც გვაქვს, თუმცა მოთხოვნის გათვალისწინებით ლაბორატორიული სერვისების მიწოდების კუთხით "ევექსი ლაბი" მიკროუბნობრივი პრინციპით განვითარდება.
რამდენად მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა და რა როლს თამაშობს ეს "ევექსი ლაბის" განვითარების სტრატეგიაში?
ხელმისაწვდომობა "ევექსი ლაბის", ისევე როგორც "ევექსის", ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ჩვენი სტრატეგია სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება ადამიანებისთვის უფრო ახლოს და მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს ეხება როგორც ლაბორატორიული ქსელის განვითარებას, ასევე მომსახურების მოქნილ სისტემას, მათ შორის ბინაზე გამოძახების სერვისს.
როგორ ხედავთ ლაბორატორიული სერვისების ბაზრის განვითარებას საქართველოში და რა როლის შესრულებას გეგმავს ამ პროცესში "ევექსი"?
ჩემი დაკვირვებით, საქართველოში დიაგნოსტიკის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდია და ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. წლიდან წლამდე იზრდება როგორც პაციენტების ინფორმირებულობა, ისე მათი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. "ევექსი" თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით, რომელიც ეფუძნება ღრმა გააზრებას და იმ იდეის გაძლიერებას, თუ რა მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია როგორც კომპანიას საქართველოს ჯანდაცვის სექტორში, ცხადია ვგულისხმობ პაციენტის განათლებას, რადგან გვგონია, რომ ადამიანები უნდა აცნობიერებდნენ და დღეს სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, რაც გაგვაჩნია.
პარალელურად, იზრდება მომხმარებლის მოლოდინებიც, მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კვლევის სიზუსტე, არამედ მომსახურების ხარისხი, დრო და ხელმისაწვდომობა. ამ პროცესში "ევექსი ლაბის" როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანიის მიზანია შექმნას თანამედროვე, მაღალი სტანდარტების ლაბორატორიული ქსელი, სივრცე, რომელიც პაციენტებისთვის იქნება სანდო და საიმედო პარტნიორი ჯანმრთელობის გზაზე.