Get All Access for $5/mo

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაიმართა ზემო აჭარის ბიზნესფორუმი: Invest in Mountainous Ajara

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

აჭარა გამორჩეული სილამაზისა და მრავალფეროვნების მქონე მხარეა დასავლეთ საქართველოში, რომლის სამეწარმეო შესაძლებლობები ისეთივე მდიდარია, როგორც მისი ბუნებრივი, ეთნო და კულტურული ხასიათი. განსაკუთრებით ეს მაღალმთიან აჭარას ეხება, რომელიც სანაპირო ზოლისგან სრულიად განსხვავებულ, გამორჩეულ და უნიკალურ არეალს ქმნის.

Fridonhouse - სოფელი მილისი, ქედის მუნიციპალიტეტი

სწორედ აქ არსებული შესაძლებლობების ათვისებისა და ბიზნესპერსპექტივების საკითხს დაეთმო 3-4 თებერვალს გამართული ონლაინფორუმი, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიანი აჭარა, სამეწარმეო და ბიზნესგანხილვის ფოკუსში მოექცა. ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით, ხულოსა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა გამართეს და ის ევროკავშირის ENPARD-ის პროექტების: "ქედა ლიდერისა" და "ENPARD ხულოს" ფარგლებში, CENN-ისა და ჩეხეთის კარიტასის ორგანიზებით, Tbilisi Startup Beaureu-სთან პარტნიორობით ჩატარდა.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ფორუმი ონლაინ გაიმართა და მისთვის Live-რეჟიმში თვალის მიდევნების შესაძლებლობა მსურველებს ზემოთ ხსენებული ორგანიზაციების პლატფორმებზე ჰქონდათ, სადაც ორი დღის განმავლობაში ზემო აჭარაში უკვე შემდგარ, წარმატებულ სამეწარმეო პროექტებს შეეძლოთ გაცნობოდნენ. აგრეთვე, ემსჯელათ და განეხილათ ზემო აჭარის ეკონომიკური პოტენციალი და მისი ეფექტურად ათვისების ახალი შესაძლებლობები. ღონისძიების მიზანსაც სწორედ ახალი ბიზნესიდეების სტიმულირება და ზემო აჭარის პოტენციალის სრულფასოვანი გააზრება წარმოადგენდა. წარმატებული სამეწარმეო პროექტების ავტორთა ღირებული გამოცდილების გაზიარებამ კი ამ ყველაფერს დამატებითი მოტივაცია და უფრო რეალური ხასიათი შესძინა.

Luxury Camping Hill Inn - სოფელი დანდალო, ქედის მუნიციპალიტეტი

ზემო აჭარაში სტუმრობისას თქვენ უკვე შეხვდებით საკმაოდ მრავალფეროვან ბიზნესწამოწყებებს, რომლებმაც წარმოების ციკლი გამართეს და კიდევ აქტიურად ვითარდებიან. მათ შორისაა ქალი მეწარმე სოფო დიასამიძე, რომელიც აკვაკულტურების განვითარებითაა დაკავებული და ამ მიმართულებით ასოციაცია "ფორეჯის" ფარგლებში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. მისი მიზანი მეთევზეობის დარგის განვითარება და აჭარის რეგიონში თევზსაშენების ამოქმედებაა. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" პროექტი უზრუნველყოფს მაღალსელექციური ქვირითისაგან წარმოებული ჯანსაღი ლიფსიტის გამოყვანას და თევზის მწარმოებელი ფერმერებისათვის უწყვეტ მიწოდებას მთელი სამეურნეო წლის განმავლობაში.

ასოციაცია "ფორეჯი" - სოფელი წონიარისი, ქედის მუნიციპალიტეტი

ზემო აჭარა ვაზის გამორჩეული ჯიშებითა და არაერთი საოჯახო წარმოების ღვინითაც გამოირჩევა. ბიზნესფორუმზე ამ მიმართულებით რამდენიმე მარნის მფლობელი წარდგა და მონაწილეებს საკუთარი ღირებული გამოცდილება გაუზიარა.

აგროტურიზმი

სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება მეურნეობებიც, რომლებიც ტურისტულ კომპონენტებსაც მოიცავს და სივრცეს მრავალფუნქციურ სამეწარმეო ხასიათს სძენს. უშუალო და პირდაპირი ტურისტული წამოწყებები კი, შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა, ზემო აჭარაშიც მრავლად გვხვდება და მძაფრ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს ჰპირდება ვიზიტორებს.

მათ შორისაა "შატო ივერი" − ვარჯანისის ფერდობზე ბერიძეების ისტორიული მარანი, მეურნეობა და სასტუმრო, რომელიც ერთგვარ კომპლექსს ქმნის და ტურისტებისთვის ეთნოსტილის სამასპინძლო სივრცეს წარმოადგენს.

შატო ივერი - სოფელი ვარჯანისი, ქედის მუნიციპალიტეტი

თაფლის მოყვარულებს კი სოფელ ვაიოში "თაფლის სახლი" ელოდებათ, სადაც მეწარმე ლამზირა ხინიკაძე წაბლის, აკაციისა და მინდვრის ყვავილების 2 ტონამდე თაფლს აწარმოებს და პარალელურად, არაყსაც ხდის. "თაფლის სახლის" სტუმრებს, გარდა ამ ყველაფრის დაგემოვნებისა, ამ პროდუქტების შექმნაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც აქვთ, რაც ვიზიტს სულ სხვაგვარად სახალისოსა და საინტერესოს ხდის.

თაფლის სახლი - სოფელი ვაიო, ქედის მუნიციპალიტეტი

გოდერძის ალპური ბაღი

აუდიტორია ასევე გაეცნო გოდერძის ალპურ ბაღს, რომელიც მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გოდერძიში და ის ერთადერთი ალპინარიუმია კავკასიის რეგიონში. ბოლო წლების განმავლობაში, ალპურმა ბაღმა შეიმუშავა თავისი ინფრასტრუქტურა, რაც იძლევა მაქსიმალურ კომფორტს და მნიშვნელოვნად ფართოვდება მომსახურებაც.

გლემფინგი თაგო

გლემფინგი თაგო გვთავაზობს ტურისტული მომსახურების ახალ კონცეფციას, რომელიც დააფუძნა ჯონას შეიკმა. გლემფინგი მდებარეობს სოფელ თაგოში, ხულოს მუნიციპალიტეტში, საბაგირო გზის სადგურის მახლობლად, რომელიც მოიცავს იურტის ბარ-რესტორანს და სხვადასხვა კატეგორიის 6 კარავს. პროექტი დაიწყო 2017 წელს და დასრულდება 2021 წლის მარტში. ჯონასის კონცეფციის თანახმად, გლემფინგი თაგო უმასპინძლებს სტუმრებს, რომელთაც სურთ დაისვენონ ურბანული ცხოვრებისგან შორს და ბუნების პანორამული ხედებით იყვნენ გარშემორტყმულნი.

სოფლის მეურნეობა

მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს "ქორფა", რომელიც ინოვაციური, ენერგოეფექტური და მრავალფუნქციური სათბურია მიკრომწვანილის, ჯეჯილის ძვირადღირებული ზეთის, მცენარეული ზეთებისა და ქოთნის საკვები მცენარეების საწარმოებლად დაბა ქედაში. აღსანიშნავია, რომ "ქორფა" ბიომეურნეობების მიმართულებით აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა და ცოდნას ამ კუთხით დაინტერესებულ ადამიანებს დაუნანებლად უზიარებს.

ისინი კი, ვინც მცენარეების მოვლა-წარმოებით არიან გატაცებულნი, ვერმიკომპოსტის გამოცდილებას შეუძლიათ ეზიარონ, რომელიც გარემოში მავნე ნივთიერებების შემცირებაზე ზრუნავს. კოკოტაურის საწარმოში ბიოწარმოებისთვის საჭირო ბიოსასუქს რეგულარულად ამზადებენ და გარემოზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. მისი პრინციპი კი შემდეგში მდგომარეობს: ბიომასის მიწოდება ჭიაყელებისთვის, რომლებიც მასას გადაამუშავებენ და მცენარისთვის სასარგებლო ნივთიერებებით სავსე ბიოსასუქს წარმოქმნიან, რასაც მრავალმხრივი დადებითი გავლენა აქვს როგორც უშუალოდ ნაწარმზე, ასევე გარემოზე.

ინფრასტრუქტურული სიახლეების თვალსაზრისით კი ზემო აჭარაში აღსანიშნავია, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს შორის მოწყობილი საფეხმავლო და ველო ბილიკები. საგანგებოდ მოწყობილი გზა სამ სოფელს გადის და ორ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას მოიცავს - კავიანის ციხესა და დანდალოს თაღოვან ხიდს. ბილიკს ერთდროულად ტურისტული, საექსპედიციო, სამეცნიერო და სალაშქრო დატვირთვა აქვს. ველობილიკი მოგზაურთა კომფორტისა და უსაფრთხოებისათვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტით აღიჭურვა და აჭარის რეგიონში, ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ამ ყველაფრის უფრო მეტი განვითარებისა და ახალი იდეების გენერირების სტიმულირება კი ბიზნესფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, რომლის ზემო აჭარაში მხარდაჭერაც ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

"ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ერთ-ერთ სამიზნე რეგიონს აჭარა წარმოადგენს. აჭარის მთავრობასთან, პარტნიორებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, დასაქმებისა და სოფლად ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების განვითარების ხელშესაწყობად. ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მხარდაჭერით შექმნილი ახალი შესაძლებლობები იყოს მდგრადი და ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამების დასრულების შემდგომაც გაგრძელდეს", − აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა.

"ქედა ლიდერის" პროექტმა წარმატებით შეუწყო ხელი სოფლის ინკლუზიურ განვითარებას და სოფლად კეთილდღეობის გაუმჯობესებას ინოვაციური მიდგომების ინტეგრირების გზით, რამაც დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები შექმნა. ბიზნესფორუმის მიზანია ინვესტიციებისა და ბიზნესკავშირების დამყარების სტიმულირება, რაც ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების გაძლიერებას უწყობს ხელს", − ამბობს ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ევროკავშირი ღიად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ხოლო 2017 წლის ივნისიდან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) ევროკავშირის მხარდაჭერით ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელსა (HMRR) და PMC კვლევით ცენტრთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს "სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში". პროექტი "ქედა ლიდერი" კი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი