Get All Access for $5/mo

"ფერწო" "ლიბრას" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ფერწო" ქართული ბრენდია, რომელიც ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პლასტილინს ამზადებს. უკვე სამი წელია, რაც ბრენდი წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად საკუთარ განვითარებაზე ზრუნავს − პლასტილინების შეძენა სხვა დაწესებულებებთან ერთად, ახლა უკვე მაღაზიათა ქსელ "ლიბრაშია" შესაძლებელი.

"ფერწოს" ისტორია პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც გვანცა ამურველაშვილმა, მცირეწლოვან შვილთან ერთად სრულიად განსხვავებული შემადგენლობის პლასტილინები დაამზადა.

"მახსოვს, პანდემია იყო და ბავშვისთვის პლასტილინი შევიძინე, რომელიც ძალიან ცუდი ხარისხის გამოდგა. რაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვნახე, ქართული რეალობისთვის ძალიან ძვირი იყო, ამიტომ გადავწყვიტე ში დამემზადებინა. თავდაპირველად პლასტილინი შვილთან ერთად გავაკეთე, რომელიც რბილი იყო და კარგი ფერები ჰქონდა. რაც მთავარია, არაფერს ეკვროდა. მანამდე ნაქონი პლასტილინი, თითქმის ვერ გავაცალე ავეჯსა თუ ნივთებს. მაშინვე მომინდა, რომ ასეთი პროდუქტი ძალიან ბევრ ბავშვს ჰქონოდა", იხსენებს "ფერწოს" დამფუძნებელი, გვანცა ამურველაშვილი.

მალევე გვანცამ პლასტილინის გასაყიდად სოციალურ ქსელში პირველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგადად, პლასტილინი ბავშვის მოტორიკას ავითარებს და ამ მხრივ ძალიან საჭირო პროდუქტია, "ფერწოს" პლასტილინებს კი დამატებითი დადებითი თვისებები აქვს, კერძოდ, ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, თითოეული ინგრედიენტი − ფქვილი, მარილი, ზეთი, წყალი და საკონდიტრო საღებავები − ყოველდღიურად გამოყენებადი პროდუქტია. შესაბამისად, თუ ბავშვი პლასტილინს შეჭამს, ეს მისი ჯანმრთელობას არ ვნებს.

"ფერწოს" პლასტილინები ფერთა პალიტრითაც გამოირჩევა − 20 ფერისგან შედგება და მომხმარებლებს სხვა ბრენდებისგან განსხვავებით მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ "ფერწოს" პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, მას დაბალი ფასი აქვს და საკმაოდ ეკონომიურიცაა. პლასტილინის თითო ბურთულა, რომელიც საშუალოდ 80 გრამია, 2 ლარი ღირს, მომხმარებელს კი თავად შეუძლია აირჩიოს, რა ფერის და რა ოდენობის პლასტილინი სურს. შენახვის წესის დაცვის შემთხვევაში, "ფერწოს" პლასტილინი თვეობითაც ძლებს, მისი აღდგენა კი წყლითაა შესაძლებელი.

სად შეგიძლიათ "ფერწოს" შეძენა?

სულ ახლახან ბრენდმა წიგნის მაღაზია "ლიბრასთან" დაიწყო თანამშრომლობა. გარდა ამისა, "ფერწოს" პლასტილინებს "სულაკაურის წიგნის მაღაზიებში", "სანტა ესპერანსაში", "წიგნები ვაკეში", "პეტიტ ბაზარზე" და რამდენიმე უბნის მაღაზიაშიც შევხვდებით. დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ონლაინგაყიდვებიც − არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბითაც.

გარდა ამისა, კომპანიას ცალკეული შეკვეთებიც აქვს სხვადასხვა ორგანიზაციისგან. მათ შორისაა კლინიკები, კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები, დღის ცენტრები თუ სხვა დაწესებულებები.

რამხელაა "ფერწოს" გუნდი?

ალბათ ფიქრობთ, რომ ამხელა მაღაზიათა ქსელის შესაბამისი რაოდენობის პლასტილინებით მომარაგების პროცესს საკმაოდ დიდი გუნდი ხელმძღვანელობს. თუმცა, რეალურად "ფერწოს" გუნდი პატარაა და მხოლოდ ოჯახის წევრებისგან შედგება. დატვირთულ პერიოდში მათ ერთგული მეგობრებიც ეხმარებიან − სწორედ ამ ადამიანებზე დგას დღეს ბრენდი და მისი წარმოება.

"სულ მარტოც ვაკეთებდი ხოლმე და ძალიან რთული იყო, დღე და ღამე მიწევდა მუშაობა. ოჯახი და მეგობრები მეხმარებიან, დავთქვამთ ხოლმე პლასტილინის დღეს, ვიკრიბებით და ყველანი ვერთვებით პროცესში. მათ გარეშე ალბათ კიდევ უფრო გამიჭირდებოდა. ძირითადად, სულ ორი ადამიანი ვაკეთებთ საქმეს, მაგრამ თუ მეგობრებიც გვეხმარებიან, 4-5 ადამიანი ვმუშაობთ ხოლმე", − ამბობს გვანცა ამურველაშვილი.

შეზღუდული რესურსის მიუხედავად, ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, "ფერწო" არაერთ საჩუქარს უკეთებს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. მაგალითად, ბავშვთა დაცვის დღეს და ახალ წელს ონკოპაციენტ ბავშვებს უამრავი პლასტილინი აჩუქეს და კიდევ არაერთი მსგავსი აქტივობა განუხორციელებიათ. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ქველმოქმედებაში უშუალოდ "ფერწოს" მომხმარებლებიც ერთვებიან.

"თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ვცდილობ, ვინმეს გავუკეთო საჩუქარი. ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ კონკრეტულ რაოდენობას დამოუკიდებლად ვერ ვწვდები. მაგალითად, ახლახან ბავშვთა სახლს ვაჩუქეთ "ფერწოს" პროდუქცია, 73 ბავშვი იყო ცენტრში და მე არ შემეძლო ყველასთვის საჩუქრის გაკეთება. ჩემ მომხმარებლებს ვთხოვე დამხმარებოდნენ. 50 ბავშვისთვის სწორედ ხალხმა შეიძინა პლასტილინი, 30- კი თავად ვაჩუქე. ძალიან მიყვარს "ფერწოს" აუდიტორია, რადგან საშუალებას მაძლევენ ასეთი რაღაცები გავაკეთო. აღფრთოვანებული ვარ ჯერ ის, რომ ქართულ პროდუქტს უწყობენ ხელს და მერე ის, რომ ძალიან მარტივად შეუძლიათ, გენდონ და სიკეთის გაკეთებაში დაგეხმარონ", − აღნიშნავს გვანცა ამურველაშვილი.

როგორია სამომავლო გეგმები?

"ფერწომ" სამი წლის განმავლობაში განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსე გზა განვლო. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ფასების ცვალებადობა გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ პლასტილინის დასამზადებელი ინგრედიენტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაძვირდა, "ფერწოს" ფასი უცვლელი დარჩა. მართალია რთულად, თუმცა ეს გამოწვევა ბრენდმა წარმატებით გადალახა.

ამჟამად გვანცას ბიზნესის გაფართოება სურს.− მისი მიზანი შესაბამისი დანადგარების შეძენა და "ფერწოს" გუნდის ჩამოყალიბებაა, ეს კი ბრენდისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. საგრანტო პროექტებიდან მიღებული არაერთი უარის მიუხედავად, "ფერწო" დამოუკიდებლად განაგრძობს განვითარებას, რათა უფრო მეტი რაოდენობის პლასტილინი შექმნას და უკეთ აითვისოს ბაზარი.

"ახლა მყავს რამდენიმე ქსელური მაღაზია, რომლებსაც თანამშრომლობის სურვილი აქვთ, მე კი დროის უქონლობისა და შესაბამისი თანხების არარსებობის გამო ცოტათი მეწელება ეს პროცესი. ახლა ხელით ვზელთ პლასტილინებს და ძალიან დამღლელია. ფიზიკურად რომ ასე ვიტვირთებით ხოლმე, შემდეგ განვითარებას ვეღარ ვახერხებთ. ამისთვის მჭირდება დანადგარი და საწარმოს გაფართოება, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებ", − ამბობს გვანცა ამურველაშვილი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

საუკეთესო აპლიკაციები ბიზნესისთვის 2020 წელს

ის ახალი და მოძველებული აპლიკაციები, რომლებიც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარებათ

სიახლეები

დევოპსი (DevOps) - მომავლის პროფესია

დევოპსი - კულტურის, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ის ნაკრებია, რომელიც ორგანიზაციებს გამორჩეულ მოქნილობასა და საკუთარი სერვისების მომხმარებლებისთვის სხარტად მიწოდების შესაძლებობას სძენს