Join our Waitlist for Expert Advice!

''ფილმების არალიცენზირებული გავრცელება, კინოფესტივალებში მათი მონაწილეობისა და წარმატების შანსსაც აფერხებს'' - დავით დავითიანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პოპულარული ქართული სტრიმინგ-პლატფორმების − Adjaranet-ისა და iMovies-ის გათიშვის პარალელურად, ინტერნეტსივრცეში ლიცენზირებული ონლაინკინოთეატრი, Cavea+ გამოჩნდა, რამაც სწრაფად შეცვალა აქამდე არსებული მოცემულობა. ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა, აღნიშნული გვერდების სავარაუდო გათიშვის მიზეზად ქართულ "პირატულ" ვებგვერდებზე კინო და სატელევიზიო პროდუქციის არალეგალურად, საავტორო უფლებების დარღვევით განთავსება სახელდება.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას მოუტანს საქართველოს ლეგალური სტრიმინგ-პლატფორმების ამოქმედება და როგორი პერსპექტივები იშლება ქართველი კინომანებისთვის − ამის შესახებ კინომკვლევარსა და კინოკრიტიკოს დავით დავითიანს ვესაუბრეთ:

დავით, საქართველოში პირატული კონტენტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ინტერნეტში არალეგალურად განთავსებულია უამრავი კონტენტი − იქნება ეს ფილმი, სერიალი თუ სხვა. თქვენი აზრით, რა არის ამის ძირითადი მიზეზი და რამდენად უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ქართველი მომხმარებელი ფილმის ნახვაში გარკვეულ თანხას გადაიხდის?
ქართული საიტების − Adjaranet-ისა და iMovies-ის გათიშვამ ნამდვილად ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, რამდენადაც წლების განმავლობაში ეს ორი ვებგვერდი ჩვენი მოქალაქეებისთვის ფილმებსა და სერიალებზე წვდომის მთავარ წყაროს წარმოადგენდა. ისინი აკმაყოფილებდნენ არსებულ მოთხოვნებს, როგორც განთავსებული მასალის მხრივ, ისე ენობრივი მრავალფეროვნების კუთხით.

რამდენადაც განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა არც ეკონომიკური სტაბილურობით გამოირჩევა (მათ შორის ჩვენი ქვეყანა), კინოთეატრებში ხშირი სიარული (მიუხედავად მათი მსოფლიო ბაზართან შედარებით მისაღები ფასებისა და სტუდენტური თუ სხვა ფასდაკლებების ხშირი შემოთავაზებისა, ქართული კინოსა და კინოპროფესიონალებისადმი ხშირი ხელშეწყობისა), ხშირ შემთხვევაში მაინც ფუფუნების საგნად მიიჩნევა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. კიდევ ცალკე საკითხია ის ქალაქები და რეგიონები, სადაც კინოთეატრები საერთოდ არ არის (აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი ქალაქები და რეგიონები უმრავლესობას წარმოადგენენ).

შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის გამოსავლად რჩება ან კინოთეატრში სიარული − თუკი უახლესი ფილმების ნახვა სურთ, ან სხვადასხვა პლატფორმის შეძენა, როგორებიცაა Netflix, HBO, Amazon, Hulu და სხვა (აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ერთ-ერთი მთავარი ონლაინმაუწყებელი − Disney+, სადაც წელს მაგალითისათვის ბევრი პოპულარული სერიალი გამოვიდა, საქართველოს რეგიონისთვის საერთოდ მიუწვდომელია, ხოლო Netflix ლიცენზიებს სხვა მაუწყებლებისათვის გადაცემას ერიდება და მაყურებელს ლოკალურად სთავაზობს მომსახურებას), რაც ჯამურად საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს − საქართველოში მცხოვრები ადამიანისათვის.

ამრიგად, უფასო ალტერნატივად მაინც მეკობრული კონტენტი რჩება, რომელიც დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია.

რამდენადაც ინტერნეტში ყველანაირი რესურსი ხელმისაწვდომია, კვლავ განახლდა ქართველი მაყურებლების მიერ რუსული და უცხოური მეკობრული საიტების გამოყენების ტენდენცია. აღნიშნული წყაროების შეზღუდვა ძალიან დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული აღსრულების მხრივ, თუმცა არსებობს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, რომლებიც ახორციელებენ მომხმარებლების ინტერნეტრესურსებთან წვდომის მონიტორინგს და პირადი მისამართით მეკობრულ საიტზე შესვლის შემთხვევაში ავტომატურად აჯარიმებენ მათ. თუმცა აღნიშნულის თავიდან არიდებაც არაერთი გზით არის შესაძლებელი. მაინც ვეჭვობ, ამ წყაროებთან ბრძოლა მაქსიმალური დისკომფორტის შექმნას გასცდეს და ჩვენს პირობებში სრულად გაკონტროლდეს.

აგრეთვე პრობლემურია ლიცენზიების საკითხიც, რადგან ჩვენს რეგიონზე მის დიდ ნაწილს, თუ სრულს არა, რუსეთი ფლობს და ის არის მთავარი წარმომადგენელი. საზოგადოებაში ესეც პროტესტის საგანია − გასაგები პოლიტიკური განწყობების გამო. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი გამოსავალი და ალტერნატივა ჯერჯერობით არ ჩანს.

"სამომხმარებლო ქცევის შეცვლას" რაც შეეხება, დროის საკითხია და დიდწილად მომწოდებლებზეც იქნება დამოკიდებული. რამდენად კეთილსინდისიერად და ყურადღებით მოეკიდებიან მაყურებლებს, რამდენად გააუმჯობესებენ მომსახურების ხარისხს, რამდენად იქნება არჩევანის საშუალება და კონკურენცია. სწორედ მომწოდებლებმა უნდა ეცადონ მაყურებელი მიიზიდონ და კომფორტი შეუქმნან, იმის საპირისპიროდ, თუ რა დისკომფორტთან იქნება ამიერიდან დაკავშირებული არალიცენზირებული მასალების მოპოვება. აგრეთვე გასათვალისწინებელი იქნება მომსახურების ფასები და გადახდისუნარიანობის გათვალისწინებაც. ამჟამინდელი მაგალითით, მოსახლეობის დიდი ნაწილის რეაქცია, რომელიც ძირითადად Adjaranet-ისა და iMovies-ის მომხმარებელი იყო, გაღიზიანებით გამოიხატა, რაც მკვეთრმა და მოულოდნელმა ცვლილებებმა განაპირობა, ეს უკანასკნელი კი "სამომხმარებლო ქცევის" შეცვლისთვის ნამდვილად არ არის კარგი.

რატომ უნდა ვებრძოლოთ პირატულ კონტენტს და რა სახის რეალური ბერკეტები არსებობს ამგვარი არალეგალური მასალის ინტერნეტით გავრცელების შესაჩერებლად?
არალიცენზირებული მასალის გავრცელების ხელშეშლა, ნამდვილად შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პუნქტებში, სხვა არაერთ პუნქტთან ერთად.

როგორც ვიცით, განვითარებული ქვეყნები ხელს უშლიან საავტორო უფლებების დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებას, მით უმეტეს იმდენად მასშტაბურს, როგორიც ჩვენთან მაგალითად Adjaranet და iMovies იყო.

ბრძოლის მიზანი კი ავტორებისა და პროექტის მონაწილეთა ფინანსური ზარალის ხელშეშლაა.

რაც შეეხება ბრძოლის მეთოდებს, გავრცელებულია სწორედ მსგავსი, რაც გასულ დღეებში საქართველოში მოხდა − ადვილად ხელმისაწვდომი არალიცენზირებული მომწოდებლების გათიშვა. დანარჩენ წყაროებს რაც შეეხება, ინტერნეტში მასალის გავრცელების მრავალი საშუალება არსებობს, მათ შორის ტორენტები, რომელთა სრული კონტროლი ძალიან დიდ რესურსთან არის დაკავშირებული და ვფიქრობ, ნაკლებად შესაძლებელია. აქ მაინც იმაზეა საუბარი, რომ მეკობრული მასალების გამავრცელებლებს და მომხმარებლებს, მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ.

მთავარი გამოწვევა მწარმოებლებისა და კინოკომპანიებისთვის მაინც სიფრთხილე და მასალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რჩება, რათა ეს ფილმები მესამე პირის ხელში არ აღმოჩნდეს.

დავით, რამდენად აზარალებს კონტენტის არალეგალურად გავრცელება თავად ავტორს? რამდენად არის ის დაკავშირებული კინოწარმოებასთან?
ლეგალური ჩარჩოებისგან გვერდის ავლით მასალის გავრცელება, წარმოების პირდაპირი მტერია. მაგალითად, კინოწარმოება საკმაოდ დიდ ხარჯებთან, ზოგჯერ წლების შრომასთან არის დაკავშირებული. აქ მოიაზრება როგორც ფილმის გაყიდვაში ჩაშვების შემდგომ მიღებული მოგება, ისე გადამღები ჯგუფის, აპარატურის, პროდუქციისა და პოსტ პროდუქციის ხარჯები და დასაქმებულთა ანაზღაურება. ამ ყველაფრის შემდეგ, თუ ნამუშევარმა ინტერნეტში "გაჟონა", მწარმოებლები საკმაოდ დიდ ფინანსურ ზარალს იღებენ − პირდაპირპროპორციულს იმისა, თუ რამდენად დიდი აუდიტორია ჰყავთ მათ.

თუმცა, გარდა ფინანსური ზარალისა, ფილმების არალიცენზირებული გავრცელება, მათ კინოფესტივალებში მონაწილეობისა და წარმატების შანსსაც აფერხებს, რამდენადაც ფესტივალების უმეტესობის მოთხოვნაა, რომ ფილმების პრემიერა მხოლოდ მათთან შედგეს.

ამიტომაც ახლანდელი ცვლილებები ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა ქართული კინოსა და კინემატოგრაფისტებისთვის.

რას მოუტანს საქართველოს ლეგალური სტრიმინგ-პლატფორმის ამოქმედება? კონკრეტულად რა შეიცვლება მომხმარებლებისთვისა და პროდუქტის შემქმნელებისთვის?
ეს საკითხი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, საკმაოდ კომპლექსურიც.

კინოინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისათვის არალეგალურად ფილმების გავრცელება პრობლემაა და დიდ ზარალს აყენებს ქართულ ინდუსტრიას, იმის მიუხედავად, რომ ქართული კინოს აუდიტორია, სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან მცირეა, დღეს ინდუსტრიაში არსებული პრობლემების გამო: კინოწარმოებაში დასაქმებული ადამიანების პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანია. კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში დამატებით სამსახურს ეძებენ და კინოს გადაღება მეტწილად ენთუზიაზმითა და პროფესიისადმი ერთგულებით ხდება. ეს ეხება ნებისმიერს: რეჟისორს, პროდიუსერს, ოპერატორს, მსახიობს და ა.შ. აგრეთვე ერთიორად რთულდება გადასაღებად აუცილებელი სახსრების მოძიება საზღვარგარეთ, რამდენადაც სპონსორები ხშირად იკავებენ თავს ისეთ ქვეყანასთან საქმის დაჭერისგან, სადაც შეიძლება მასალამ გაჟონოს და ფინანსური ზარალი განიცადონ. ამრიგად, რეჟისორებისთვისა და პროდიუსერებისთვის ხშირად მთავარი გამოსავალი სახელმწიფო დაფინანსებაა, რაც ისედაც ძვირადღირებული კინოწარმოებისათვის მინიმალურია და ხშირად მხოლოდ გადაღების ხარჯებს ფარავს, ისიც ნაწილობრივ, რომ აღარაფერი ვთქვათ გადამღები ჯგუფის ანაზღაურებებსა და დამატებით შემოსავალზე.

ამ მხრივ კინემატოგრაფისტებისათვის ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების გახსნის პოტენციალის მომტანი უნდა იყოს აღნიშნული ცვლილებები, რადგან ვიმედოვნებ, მომავალში მათი შრომა შესაბამისად დაფასდება. იმის მოლოდინიც მაქვს, რომ ლიცენზირებული მაუწყებლობების პირობებში, კინოინდუსტრიის ზოგადი მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემთვის, როგორც კინომცოდნისთვის, არის კინოს ხელმისაწვდომობა საქართველოში.

კინოს, როგორც ხელოვნების სხვა დარგებს, საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის მისი სრული ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი პრიორიტეტია განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელთაც კინოთეატრებზე წვდომა არ აქვთ, ასეთი კი საკმაოდ ბევრია. დღეს კინოთეატრები ძალიან ცოტა ქალაქშია, კიდევ უფრო ცოტაა ფუნქციური კინოთეატრები. ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საავტორო უფლებების გამკაცრებასთან ერთად წვდომასაც დაკარგავს მრავალფეროვან რესურსებზე.

უკვე ახალი გამოწვევის წინაშე ვართ. გამოჩნდა Cavea+, გაითიშა არალიცენზირებული მაუწყებლობები − Adjaranetდა iMovies, რომლებიც მოსახლეობისთვის ძირითადი წყარო იყო. "კავეამ" მართალია პირველი თვის მომსახურება უფასოდ დააანონსა, თუმცა შემდგომი თვეების ეს ხელმისაწვდომი საფასური, რომელიც 9 ლარია, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, ქვეყნის არასტაბილური ფინანსური მდგომარეობით და სხვა ლოგიკური ფაქტორებით. შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილი მისთვის ჩვეული, მარტივად ხელმისაწვდომი ფილმებისა და სერიალების გარეშე დარჩა, მეორე ნაწილი კი იმ მაუწყებლების, რომლის ლიცენზიებსაც Cavea+ არ ფლობს და არც დაანონსებულა. გაჩნდა ლიცენზირებული პლატფორმა, აითვისა არსებული რესურსების ნაწილი, თუმცა დანარჩენი ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელია და კვლავ ხელმისაწვდომობის პრობლემაა.

თუმცა იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება ყველაფერი და სრულად აითვისებენ თუ არა ქართული მაუწყებლობები ლიცენზირებულ ფილმებსა და სერიალებს, მაინც დგას კინოს ხელმისაწვდომობის პრობლემა და საავტორო უფლებების დაცვასთან ერთად, კიდევ უფრო საჭირო ხდება მისი გაზრდა.

კინოპროფესიონალებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება მუნიციპალური კინოთეატრების არსებობის საკითხი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კინოს საგანმანათლებლო მხარის განვითარება და რომელზე საუბარიც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. თუკი აღარ იქნება ფილმები უკანონოდ ხელმისაწვდომი, ერთ-ერთი გზა კინოს იმ ადამიანებამდე მიტანისთვის, ვისაც არ შეუძლია ფილმებში თანხის გადახდა, სწორედ მუნიციპალური კინოთეატრია.

გამოდის, რომ ფაქტობრივად, პირატული საიტების პოპულარობა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში რეგიონული კინოთეატრები არ არის განვითარებული და კინო არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის?
რასაკვირველია, კინოთეატრების სიმცირე აისახება მაყურებლის ქცევაზეც, როდესაც რაიმე ხელმისაწვდომი არ არის, ალტერნატიული გზების ძიებას ვიწყებთ. თუ არ შეუძლიათ ადამიანებს მიიღონ სრულყოფილი კინოგამოცდილება ფილმის ნახვისას, აღიქვან სურათი დიდ ეკრანზე, შესაბამისი ხმოვანებით, მაშინ იაფი ან უფასო გამოსავლის ძებნა შესაბამისი რეაქციაა. მით უმეტეს, რომ არსებობს ფილმები, რომელთა სრულად აღქმის, შეფასებისა და მათგან სიამოვნების მისაღებად აუცილებელია კინოთეატრის გარემო. ამ შემთხვევაში, ციფრული მაუწყებელი ვერაფერს შემოგვთავაზებს ისეთს, რომ კინოთეატრის გამოცდილებას გაუტოლდეს და ფაქტი, რომ მხოლოდ რამდენიმე ქალაქის მოსახლეობას აქვს საშუალება ფილმები კინოთეატრებში ნახოს, ვფიქრობ დიდი პრობლემაა.

ამჟამად საქართველოში გვაქვს შემდეგი კინოთეატრები: თბილისში "კავეას" ქსელი (მათ შორის, "ამირანიც"), ბათუმში "აპოლო" და ქუთაისში "კინო საქართველო". რაც შეეხება დანარჩენ კინოთეატრებს − გვაქვს ბაკურიანში, რომელიც უკვე წლებია არ ფუნქციონირებს (არადა, სრულად აღჭურვილია და ტექნიკურად გამართულია) და ბოლო წლებში მხოლოდ ბაკურიანის კინოფორუმს მასპინძლობს. გარდა ამისა, გვაქვს მესტიაში, რომელიც ასევე მხოლოდ კინოფესტივალების პერიოდში იღებს მაყურებელს.

შესაბამისად, თუ გვინდა არალიცენზირებული გავრცელების სრული ჩანაცვლება ლიცენზირებულით, უნდა ვუპასუხოთ საზოგადოების მოთხოვნებს და მივცეთ მათ იმავე რესურსის კანონიერი გზით მიღების საშუალება, ისე, რომ ხარისხიც თავად აირჩიონ და მიღებული გამოცდილებაც.

კინოთეატრების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ვფიქრობ პატარა ქალაქებისა და რეგიონებისათვის ამ ეტაპზე მუნიციპალური კინოთეატრების არსებობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და გამოსავალი უნდა იყოს კინოს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ისევე, როგორც კინოს საგანმანათლებლო ფუნქციის რეალიზებისათვის. აღნიშნული გადაწყვეტა საგრძნობლად შეამცირებს ახალი კინოთეატრის მომზადებისათვის საჭირო ხარჯებს, დროს და აგრეთვე იქნება საშუალება ათვისებულ იქნას უფუნქციოდ დარჩენილი ძველი კინოთეატრებისა თუ სხვა სახელოვნებო ნაგებობები, რომელთა სრული უმეტესობა დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ამ გზით ისინი არა მარტო დაიბრუნებენ იმ თავდაპირველ ფუნქციას, რაც ჰქონდათ, არამედ ამავდროულად ობიექტების მოვლისა და შენარჩუნებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება მათი შესაბამისი რესტავრაცია და მომავალი ფუნქციონირება.

რა სახის შესაძლებლობები რჩებათ ქართველ კინომანებს? სად მოიძიონ მათთვის ხელმისაწვდომი ფილმები?
კინომანებისთვის ფილმების სანახავი ადგილები, გარდა ლიცენზირებული წყაროებისა, ჯერ კიდევ არსებობს. ეს ეხება როგორც თბილისს, ისე რეგიონებს, თუმცა უმეტესად თბილისს.

კარგი გზაა კლუბური კინოჩვენებები, რომლებიც არაერთ სივრცეში იმართება. აქ შეიძლება ძალიან საინტერესო და აქამდე უცნობი ფილმებიც აღმოაჩინოთ და უკვე ნანახიც, თუმცა სრულიად განსხვავებულ, სასიამოვნო გარემოში. მაგალითისთვის, "მზიურის" კაფეს შეგიძლიათ ესტუმროთ და "თავისუფალი კინოჩვენებების" ფარგლებში გამართული სეანსები ნახოთ, სადაც დისკუსიაშიც ჩაერთვებით; ასევე, მახსენდება მაუდის საგამოფენო სივრცე, რომელიც ხშირად გვთავაზობთ საინტერესო კინოჩვენებებსა და სახელოვნებო ღონისძიებებს; აგრეთვე კინოაკადემიის შენობა, ყოფილი "კინოს სახლი", აქაც ნახავთ არაერთ საინტერესო კლუბურ კინოჩვენებას... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. იმის თქმა მსურს, რომ არის არაერთი საინტერესო სივრცე, სადაც კარგი ფილმების ნახვა შეიძლება და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფესტივალები, რომლებიც უკვე ბევრ რეგიონშია, რომელზეც ყველა კინომოყვარულს ვურჩევდი დასწრებას. უკვე ბევრ ქალაქსა და რეგიონშია კინოფესტივალები. გარდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისა და სინედოკისა, აგრეთვე აღსანიშნავია მოკლემეტრაჟიანი და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალები, როგორიც არის ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი (სადაც გარდა ფესტივალისა, ყოველი თვის ბოლო შაბათ-კვირას შეუძლია მაყურებელს უახლესი ქართული ფილმების ქუთაისის კინოთეატრში ნახვა); ასევე, სვანეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი "თაობა", ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი თბილისში, "თოფუზი" ბათუმში და ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი", სოფელ ნიქოზში (რომელიც სულ ახლოს იმყოფება საოკუპაციო ხაზთან და ეს გარემოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მას).

ამრიგად, დღეს კინომოყვარულთათვის არაერთი საინტერესო სივრცეა და იმედი მაქვს, ეს ზრდა და მრავალფეროვნება კიდევ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მასშტაბით.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"