FINANCIAL EXPERTS CORPORATION კომპანია, რომელმაც ინოვაცია წარმატებად აქცია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

20 წლის წინ, როდესაც საქართველოში აუთსორსინგული საბუღალტრო მომსახურების პრაქტიკა თითქმის არ არსებობდა, ბაზარზე გამოჩნდა კომპანია, რომელმაც საკუთარ წარმატებას საფუძველი სწორედ ინოვაციური ხედვით ჩაუყარა. დღეს Financial Experts Corporation 70-ზე მეტ პროფესიონალსა და მსხვილი პარტნიორების დიდ პორტფელს აერთიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ Financial Experts Corporation სულ რაღაც ორი ათწლეულია ბაზარზეა, ის უკვე იქცა საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საკონსულტაციო მომსახურების სფეროს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ შეძლო საიმედო და უმაღლესი ხარისხის პროფესიული მომსახურების მომწოდებლის რეპუტაციის მოპოვება და ბაზარზე წარმატებული პოზიციის დაკავება.
კომპანია უზრუნველყოფს ყველა იმ სერვისს, რომელიც ბიზნესს გამართული ფუნქციონირებისთვის სჭირდება: ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგი, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, საგადასახადო აუდიტი, ფინანსური მენეჯერის სერვისები, იურიდიული კონსულტაცია და სხვა.
2006 წელს კომპანიის დაფუძნება ინოვაციური გადაწყვეტილება იყო, რადგან იმ დროს ლოკალურ ბიზნესსექტორში აუთსორსინგ მომსახურების პრაქტიკა თითქმის არ არსებობდა – ბიზნესების უმეტესობა საჭირო დეპარტამენტებს ორგანიზაციის შიგნით აყალიბებდა. თუმცა, Financial Experts Corporation-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი და დირექტორი, ირმა ჩხაიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ სწორედ იმ პერიოდში იწყებოდა სხვადასხვა ბიზნესის აქტიური რეგისტრაცია და სფეროს გამოცოცხლება.
"ასეთ გარემოში გაჩნდა პროფესიონალი კადრების დეფიციტი – კომპანიები ვერ პოულობდნენ შესაბამისი კომპეტენციის ბუღალტრებსა თუ აუდიტორებს. ამან მაფიქრებინა, რომ შემექმნა აუთსორს კომპანია, რომელიც სხვადასხვა ბიზნესს ფინანსური სერვისებით მოემსახურებოდა. რადგან ეს ფორმატი მაშინ სიახლე იყო, იდეის წარმატება ალოგიკურ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავდა და ძალიან დიდი იყო რისკი იმისა, რომ არ გაამართლებდა. თუმცა ინტუიცია მკარნახობდა, რომ იდეას დიდი პოტენციალი ჰქონდა", – ამბობს ირმა ჩხაიძე.
2006 წელსვე გამოჩნდნენ პირველი კომპანიები, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ მუდმივი შტატით ბუღალტერი არ სჭირდებოდათ. დროთა განმავლობაში კლიენტების ბაზა გაიზარდა, რამაც გუნდის ჩამოყალიბების საჭიროება გააჩინა.
Financial Experts Corporation-ის წარმატება არა მხოლოდ პროფესიონალიზმმა, არამედ კომპანიების საჭიროებებზე მორგებულმა მრავალფეროვანმა სერვისებმა განაპირობა. დამფუძნებლის თქმით, დამკვეთებმა დაინახეს, რომ ზედმეტი დანახარჯების გარეშე იღებდნენ შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას, ზუსტ გადაწყვეტებს, სწრაფ უკუკავშირს და თითოეულ პარტნიორთან ინდივიდუალურ კომუნიკაციას.
Financial Experts Corporation-ს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ბაზარზე აუთვისებელი ნიშა დაიკავა, რის გამოც უამრავ გამოწვევასთან მოუწია გამკლავებამ. ერთ-ერთი მათგანი კადრების დეფიციტი იყო. კომპანიამ თავდაპირველად დიდი ყურადღება დაუთმო ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრების დასაქმებას, რომლებიც ორგანიზაციასთან ერთად იზრდებოდნენ.
დღეს გუნდში 70-მდე თანამშრომელია. გაფართოვდა მიმართულებებიც: დაემატა იურიდიული ჯგუფი, საშემფასებლო და ანალიზის დეპარტამენტები; ასევე, ფუნქციონირებს Financial Experts Corporation-ის საგანმანათლებლო აკადემია.
კომპანიისთვის გარდამტეხი მომენტი COVID-19-ის პანდემია აღმოჩნდა. მაშინ, როცა ბიზნესების უმეტესობა ხარჯების შემცირებასა და კადრების ოპტიმიზაციაზე ფიქრობდა, Financial Experts Corporation-მა გაფართოების სტრატეგია აირჩია. მათ შეძლეს სფეროს წამყვანი სპეციალისტების შემოერთება, რამაც კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
ირმა ჩხაიძის ისტორია კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ აქცევს ინოვაციური ხედვა იდეას წარმატებულ ბიზნესად.
"იმ დროს, როცა Financial Experts Corporation-ის დაფუძნების იდეა გამიჩნდა, კარიერის განვითარება კარგ ორგანიზაციაში მუშაობას ნიშნავდა, მე კი არაორდინარული გზა ავირჩიე. ყველა მეუბნებოდა, რომ გაუმართლებელ რისკზე მივდიოდი. მეგობრების უდიდესი მხარდაჭერა იყო ის გადამწყვეტი წერტილი, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე სრულად იმოქმედა. რომ არა მათი გვერდში დგომა, ალბათ ვერ შევძლებდი ერთი შეხედვით არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღებას. ბანკიდან აღებული მცირედი სესხი, რომელიც მხოლოდ ერთი კომპიუტერისა და საბუღალტრო პროგრამის შეძენისთვის იყო საკმარისი – ეს იყო ის რესურსი, რომლითაც ეს საქმე დავიწყე. წლებს მოაქვს გამოცდილება. ჩვენი ყოველი ქმედება ხარისხზე ორიენტირებული იყო. გვსურდა ვყოფილიყავით იმ გარემოში, საიდანაც ბიზნესისთვის მეტი სარგებლის მოტანა შეგვეძლებოდა".
კომპანიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საერთაშორისო ინტეგრაცია აღმოჩნდა. 2018 წლიდან Financial Experts Corporation ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) ერთ-ერთი პირველი წევრი გახდა, რითაც ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესი დაიწყო.
აღსანიშნავია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაც: 2019 წელს Financial Experts Corporation ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) შეუერთდა და დეკლარაციაზე ხელმომწერი კომპანია გახდა.
გლობალური მასშტაბით კომპანიის პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდა 2021 წელს, როდესაც Financial Experts Corporation საერთაშორისო ქსელის, TIAG Alliances-ის წევრი გახდა. ეს გაერთიანება მსოფლიოს 105 ქვეყნიდან 300-მდე წამყვან საბუღალტრო, აუდიტორულ და იურიდიულ კომპანიას აერთიანებს. აღნიშნული წევრობა კომპანიას საშუალებას აძლევს, მუდმივად იყოს გლობალური სიახლეების ეპიცენტრში და პარტნიორებს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სერვისები შესთავაზოს.
2026 წელს Financial Experts Corporation-ს ამბიციური გეგმები აქვს. კომპანია სასტუმრო "ჰილტონის" სივრცეში მდებარე ახალ, კეთილმოწყობილ ოფისში გადადის, რომლის ინფრასტრუქტურა მომხმარებლისთვის სრულიად ახალ გამოცდილებას შექმნის.
Financial Experts Corporation აგრძელებს სვლას მომავლის ხედვის სტრატეგიით. კომპანია, რომელმაც ოდესღაც სრულიად ახალ ნიშას მიაგნო, დღეს ფინანსური სექტორის მომავლის შექმნის პროცესში თავად არის აქტიურად ჩართული. ინოვაციური სერვისებითა და ამბიციური გეგმებით, Financial Experts Corporation აგრძელებს გზას, სადაც გამოწვევა ყოველთვის შესაძლებლობად იქცევა.