Get All Access for $5/mo

ფინანსური ბაზრის სიახლეები განახლებადი ინფორმაცია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

05.05.2022 ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსულ ნავთობსა და გაზს ეხება

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი - "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

4 მაისს, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სანქციების ყველაზე მკაცრი პაკეტი წარადგინა ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო, მაგრამ რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებული იყო რუსეთის ნავთობის იმპორტის შეწყვეტის ზემოქმედებით შეთანხმების გზაზე. ახალი სანქციები, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, მოიცავდა მკაცრ შეზღუდვებს რუსეთის უმაღლეს ბანკზე და რუსული მაუწყებლების აკრძალვას ევროპული ეთერებიდან, ასევე, ექვს თვეში ამჟამინდელი ნავთობის მოცულობაზე ემბარგოს. ევროკავშირის წინაშე დგას ალტერნატივის პოვნის ამოცანა, ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების ზრდის ფონზე, ვინაიდან ევროპა ყოველდღიურად დაახლოებით 3,5 მილიონი ბარელი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახორციელებს და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსკოვის გაზის მიწოდებაზე.

"პუტინმა უნდა გადაიხადოს ფასი, მაღალი ფასი, მისი სასტიკი აგრესიისთვის", განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს სტრასბურგში, "დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ კრძალოს მთელი რუსული ნავთობი ევროპის ტერიტორიაზე".

Brent-ის ფიუჩერსული ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და ბარელზე $112-ზე მეტს მიაღწია.

ბრიუსელში დაფუძნებული ბრიუგელის ანალიტიკოს სიმონე ტალიაპიტრას თქმით, რუსული ნავთობის თანდათანობითი ემბარგო სარისკოა. "მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა რუსეთის შემოსავლები ძალიან შემცირდეს, ხოლო ევროკავშირისა და გლობალური ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგები მოიტანოს უფრო მაღალი ფასების კუთხით, რომ აღარაფერი ვთქვათ საპასუხო რისკზე (რუსეთის მხრიდან) ბუნებრივი აირის მიწოდებაზე", − თქვა მან.

ნავთობის გარდა, სანქციების უახლესი რაუნდი გვთავაზობს დაარტყას Sberbank-ს − რუსეთის მთავარ კრედიტორს, და დაემატოს იგი SWIFT-დან მოწყვეტილ ბანკთა რიცხვს. კომისიამ ასევე შესთავაზა სანქციების დაწესება მოსკოვის საკრედიტო ბანკისა და რუსეთის აგრარული ბანკის წინააღმდეგ, − განუცხადა "რეიტერს" ევროკავშირის ორმა წყარომ. "ჩვენ ვეჯახებით ბანკებს, რომლებიც სისტემურად კრიტიკულია რუსეთის ფინანსური სისტემისთვის და პუტინის გამანადგურებელი სამხედრო მანქანისთვის", − თქვა ფონ დერ ლაიენმა.

05.05.2022

FED ზრდის საპროცენტო განაკვეთს, ოქროს ღირებულება იზრდება

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი - "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

აზიაში 5 მაისს ოქროს ფასი გაიზარდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა უხეშად გაზარდა საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის შეკავების მიზნით. Fed-მა ხაზგასმით აღნიშნა ინფლაცია, როგორც რისკი ეკონომიკისთვის და ასევე გამორიცხა მისი უფრო დიდი ზრდა 2022 წლის დანარჩენი პერიოდისთვის. ფედერალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 0,75%-იდან 1%-მდე გაზარდა, რაც ყველაზე დიდი ზრდაა 2000 წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ორგანომ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 4 მაისს გამოაცხადა. Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ 75 საბაზისო პუნქტის ძლიერი ზრდა, რომლისაც ინვესტორებს ეშინიათ, "არ არის ის, რასაც კომიტეტი აქტიურად განიხილავს" და დასძინა, რომ პოლიტიკის შემქმნელთა აზრით, ფედერალური სახსრების განაკვეთის "ნეიტრალური" დონეა 2%-იდან 3%-მდე.

პაუელმა ასევე მოუწოდა ამერიკელებს, რომლებიც მაღალ ინფლაციას აპროტესტებენ, იყვნენ მოთმინებით, სანამ პოლიტიკის შემქმნელები მიიღებენ მკაცრ ზომებს მისი კონტროლის ქვეშ მოსაქცევად. მან ასევე თქვა, რომ ფედერაციამ ამ დროისთვის გამორიცხა განაკვეთის ზრდა პროცენტული პუნქტის სამი მეოთხედით ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის მომავალ შეხვედრებზე.

ოქროს ფიუჩერსები 1,76%-ით გაიზარდა და 1901,67 აშშ დოლარი შეადგინა. დოლარის ინდექსი, რომელიც ჩვეულებრივ ოქროზე ინვერსიულად მოქმედებს, ასევე გაიზარდა 5 მაისს, თუმცა კვლავ გასული სესიის დაბალ ნიშნულთან ნარჩუნდება. ოქრო, რომელიც ხშირად აღიქმება როგორც ჰეჯირების მექანიზმი მზარდი ხარჯებისგან, წინა სესიაზე 1%-ით გაიზარდა. 4 მაისს მკვეთრად დაეცა აშშ-ის სახაზინო შემოსავლები, რამაც ოქროს ფასის ზრდა გამოიწვია.

რაც შეეხება სხვა ძვირფას ლითონებს: ვერცხლი 1,23%-ით მკვეთრად გაიზარდა, პლატინა 0,6%-ით 997,19 დოლარამდე გაიზარდა, პალადიუმი კი 0,8%-ით გაიზარდა.

19.04.2022

ოქროს ფასის მდგომარეობა ბაზარზე და ინფლაციური ფონი

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი - "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

ძვირფასი ლითონის ფასებმა ექვსკვირიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან ინფლაციისა და რეცესიის მაჩვენებლებმა, უკრაინაში რუსეთის მძვინვარე შეჭრის გამო შეშფოთებამ, ბაზრებზე ხელახლა ატეხა განგაშის ზარი. 18 აპრილს ოქრომ ერთთვიან მაქსიმუმს მიაღწია და მისმა ფასმა ერთ უნციაზე $2000 დააფიქსირა, რადგან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და მზარდი ინფლაციური ზეწოლის შესახებ შეშფოთებამ გაზარდა ძვირფას ლითონებზე შეთავაზებები. ოქროს ღირებულების ზრდა სესიის ბოლოს შემცირდა აშშ-ს სახაზინო 10-წლიანი საორიენტაციო შემოსავლების განახლების შემდეგ და დოლარის შემდგომი მატებით, რაც აქვეითებს ოქროს მოთხოვნას საზღვარგარეთ მყიდველებს შორის.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა დააჩქარებს პოლიტიკის გამკაცრების ტემპს მომდევნო შეხვედრისას, მაისსა და ივნისის შეხვედრებზე მოსალოდნელია 50 საბაზისო პუნქტით ზრდა. "ტექნიკური პერსპექტივიდან, ოქროს შეიძლება ჰქონდეს მცირე წინააღმდეგობა, როდესაც ის 2000 დოლარიან ნიშნულს გასცდება... თუმცა, ოქროს აქვს უნარი, რომ შეინარჩუნოს თავი 2000 დოლარზე მაღლა, შეიძლება მას შემდეგ, რაც რეალური მოსავლიანობა დადებით ტერიტორიაზე მოხვდება", — ჰან ტანი, ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი.

ვერცხლი გაიზარდა 0.5%-ით - $25.80 უნციაზე, თუმცა მანამდე მისი მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრა $26.21-ით. პლატინამ 2.2%-იანი ზრდა დააფიქსირა და შეადგინა $1023.20, რაც ყველაზე მაღალია 25 მარტის შემდეგ, ხოლო პალადიუმი 2.2% -ით გაიზარდა $2448.40-მდე.

"პალადიუმისა და პლატინის ფასების მატება განპირობებულია ომის გამო მიწოდების შეფერხებით", - თქვა ჰაი რიჯის მეგერმა.

19.04.2022

ნავთობზე ფასის ზრდა და რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული კრიზისი ბაზარზე

18 აპრილს, ნავთობის ფასები ზედიზედ მეოთხე სესიაზე გაიზარდა, რადგან ლიბიაში წარმოების შეფერხებამ დაამატა ზეწოლა ბაზარზე, სადაც უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, ევროპაში რუსეთის ნავთობის აკრძალვაა მოსალოდნელი. Brent-ი გასულ კვირას 8,7%-ით გაიზარდა, ორ კვირიანი ზარალის შემდეგ, რამაც ის 13%-ით შეამცირა, ხოლო ნიუ-იორკში ვაჭრობის ამერიკული ნედლი ნავთობის საორიენტაციო ნიშნული (WTI) 1.2%-ით გაიზარდა - $108.21-მდე. WTI გასულ კვირას 8.8%-ით დაიხურა, წინა ორი კვირის განმავლობაში 13%-იანი ვარდნის შემდეგ. Reuters-ი იტყობინება, რომ ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ გააფრთხილა ისრაელი ირანის წინააღმდეგ "ყველაზე მცირე მოძრაობაც კი" არ განეხორციელებინა. ეს განცხადება ორშაბათს გაკეთდა, როდესაც ირანელმა სამხედროებმა ეროვნული არმიის დღის აღსანიშნავად წარმოადგინეს საკუთარი იარაღი და თავდაცვის სისტემები. ევროკავშირის მთავრობებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ბლოკის აღმასრულებელი ხელისუფლება ამზადებდა წინადადებებს რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვის შესახებ, თუმცა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ გერმანია აქტიურად არ უჭერს მხარს აშშ-ს მსგავს დაუყოვნებლივ ემბარგოს. ეს კომენტარები გაკეთდა მანამ, სანამ 16-17 აპრილს უკრაინის კრიზისში დაძაბულობა გაიზრდებოდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისიდან დაახლოებით 3 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი დღეში, სანქციების გამო შესაძლოა არ მიეწოდოს ბაზარს, ვინაიდან მყიდველები ნებაყოფლობით ერიდებიან რუსულ ტვირთებს.

რუსული ნავთობის მოპოვებამ აპრილში განაგრძო კლება და 7,5%-ით შემცირდა თვის პირველ ნახევარში მარტის მაჩვენებელთან შედარებით, იტყობინება 15 აპრილს საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი. ევროკავშირში ძლიერდება ზეწოლა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის და მსოფლიოს უმსხვილესი მოვაჭრეები ამბობენ, რომ შეწყვეტენ ქვეყნის მიწოდებას, რამაც უნდა შეამციროს მომავალი ნაკადები. რუსეთის წარმოება აპრილის პირველ კვირაში მარტთან შედარებით დღეში დაახლოებით 500 000 ბარელით შემცირდა.

08.04.2022

ბუნებრივი აირის გაძვირების ტენდენცია კვლავ უცვლელია

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი − "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

მსოფლიო ბაზრებზე ბუნებრივი აირის ღირებულება კვლავ ძვირდება და ხსნის ახალ რეკორდებს 2014 წლის შემდეგ. ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ნაწილი რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე უარს ამბობს და ეძებს ალტერნატიულ წყაროს, რათა მოხდეს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ჩანაცვლება, რის შედეგადაც ბაზარზე კვლავ ნარჩუნდება სასაქონლო პროდუქტებსა და ნედლეულებზე გაზრდილი ფასები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაჟინებით მოითხოვა ემბარგოს დაწესება რუსულ გაზსა და ნავთობზე, მაგრამ ევროკავშირი ჯერჯერობით თავს იკავებს და ემზადება ნახშირის იმპორტისა და სხვა პროდუქტების ასაკრძალად. რუსეთი აწვდის ევროკავშირს ბუნებრივი აირის მოხმარების დაახლოებით 40%-ს, რომელსაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო დღეში 400 მილიონ დოლარზე მეტად აფასებს. ევროკავშირი ნავთობის იმპორტის მესამედს რუსეთიდან იღებს (დაახლოებით 700 მილიონი დოლარი დღეში). რუსულ ენერგეტიკაზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უთანხმოება ორშაბათს, 4 აპრილს გამოჩნდა, როდესაც ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა გააპროტესტა რუსული ნავთობისა და გაზის სანქციები და ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს ავსტრიას, ვიდრე რუსეთს. რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობამ ნათლად აჩვენა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდის აუცილებლობა ნავთობისა და ქვანახშირის მიმართ. შაბათს ლიეტუვამ განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსული გაზის იმპორტს, რათა დააკმაყოფილოს თავისი შიდა საჭიროებები და შეწყვიტოს "ენერგეტიკული კავშირები აგრესორთან".

ამერიკის შეერთებული შტატები უბიძგებს ევროპელ მოკავშირეებს, მეტი დისკომფორტი შეუქმნან რუსეთს და დარწმუნდნენ, რომ ალიანსის მხრიდან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ზემოქმედება მხოლოდ გამკაცრდება.

ამ დროისათვის ბუნებრივი აირის ღირებულება $6-ს აღემატება და მისი ფასი იზრდება.

08.04.2022

ნავთობის ფიუჩერსების ანალიზი

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი − "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

ოთხშაბათს, 6 აპრილს გაიზარდა ნავთობის ფიუჩერსები, ვინაიდან რუსეთზე ახალი სანქციების საშიშროებამ გამოიწვია მიწოდების შემცირება, WTI-ს მარაგების გაზრდისა და შანხაის გაფართოებული ჩაკეტვის შემდეგ. BRENT OIL-ის ფიუჩერსები 78 ცენტით, ანუ 0,7%-ით გაიზარდა და ბარელზე 107,42 დოლარი შეადგინა. აშშ-ის West Texas Intermediate-ის ფიუჩერსები გაიზარდა 1,10 დოლარით, ანუ 1,1%-ით, 103,06 დოლარამდე ბარელზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ოთხშაბათს მოამზადეს ახალი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ ჩრდილოეთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის გამო, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ომის დანაშაულად" მოიხსენია, რუსეთი კი უარყოფს მისი მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას. ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული სანქციები, რომლებიც ბლოკის 27 წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, კრძალავს რუსული ნახშირის ყიდვას და ხელს შეუშლის რუსული გემების ევროკავშირის პორტებში შესვლას. ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკი მუშაობს დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტზე. ბრიტანეთმა ასევე მოუწოდა G7-ისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, შეთანხმდნენ რუსეთისგან ნავთობისა და გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის გრაფიკზე. იმავდროულად, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) წევრი ქვეყნები ჯერ კიდევ განიხილავდნენ, თუ რა რაოდენობის ნავთობს გამოუშვებენ ისინი ერთად შესანახი ბაზრებისთვის, − განუცხადა Reuters-ს სამმა წყარომ და დასძინეს, რომ განცხადება მოსალოდნელია უახლოეს დღეებში.

აშშ-ის ნავთობის მარაგი მოულოდნელად გაიზარდა ბოლო კვირაში, − განაცხადა ოთხშაბათს ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციამ. ნედლი ნავთობის მარაგები გასულ კვირას გაიზარდა 2,421 მილიონი ბარელით. EIA-ს დისტილატის მარაგი, რომელიც მოიცავს დიზელსა და Heating Oil-ს, ასევე გაიზარდა 0,771 მილიონი ბარელით კვირაში, 0,819 მილიონი ბარელით შემცირების მოლოდინის საპირწონედ. მეორე მხრივ, EIA-ის ცნობით, ბენზინის მარაგები გასულ კვირას 2,041 მილიონი ბარელით შემცირდა, თუმცა პროგნოზების მიხედვით, საუბარი იყო 0,063 მილიონი ბარელით შემცირებაზე.

08.04.2022

ოქროსა და ვერცხლის ფასების ანალიზი

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი − "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

6 აპრილს ოქროს ფასი ვიწრო დიაპაზონში დაფიქსირდა მაღალი ინფლაციის მოლოდინისა და რუსეთზე მზარდი სანქციების ფონზე, რაც ზრდის ფასებს, თუმცა ამცირებს სავარაუდო მოგებას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის აგრესიული ზრდის მოლოდინის გამო. ოქროს ღირებულება გაიზარდა 0.1%-ით 1925.73 დოლარამდე უნციაზე. "ინფლაციის შიშები და ინფლაციის მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც აფერხებს ოქროს ზრდას", − თქვა RJO Futures ბაზრის უფროსმა სტრატეგმა ბობ ჰაბერკორნმა.

ოქრო უნდა დარჩეს ძლიერი, მიუხედავად Fed-ის მიერ განაკვეთების ზრდისა, მაგრამ თუ Fed-ი გადავა ნახევარი საბაზისო პუნქტით, ოქრო შესაძლოა დაეცეს $1,900 დონემდე. აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების ზრდა და უფრო მაღალი შემოსავალი ზრდის ბუილონის შენახვის შესაძლებლობას, რომელიც ასევე გამოიყენება როგორც ჰეჯირება მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ. ძვირფასმა ლითონმა 29 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია, მას შემდეგ რაც Fed-ის გუბერნატორ ლაელ ბრეინარდის თქმით, გახშირდა აშშ-ის ცენტრალური ბანკის აგრესიული ქმედებები ინფლაციის შესამცირებლად. Nasdaq ოთხშაბათს 2%-ით დაეცა Fed-ის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული შეშფოთების გამო, მაშინ, როცა უკრაინის ომმა გაამძაფრა მზარდი ინფლაციის მოლოდინი.

სხვა ძვირფას ლითონებს შორის ვერცხლი გაიზარდა 0,4%-ით და მისი ფასი შეადგენს 24,42 აშშ დოლარს უნციაზე; პლატინის ფასი დაეცა 1,7%-ით − 951,46 დოლარამდე, ხოლო პალადიუმი 2,9%-ით დაეცა − 2174,02 დოლარამდე.

08.04.2022

რუსული აგრესიის შემდეგ სასაქონლო ბაზრებზე პროდუქტების ფასთა ცვლილებების ანალიზი

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი − "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

რუსეთი მსოფლიოში სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსული სასუქის მიწოდება საკმაოდ შემცირდა, რაც საფრთხეს უქმნის მოსავლიანობას. ეს უკვე აისახა ხორბლის ფიუჩერსულ ფასზე და არა მარტო ხორბლის, ასევე სხვა მარცვლეულსა და ხილ-ბოსტნეულზეც. ბაზარზე კვლავ გაურკვევლობაა. სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს ფასები. ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსულ-უკრაინულ აგრონომიულ პროდუქციაზე, პროდუქტი კიდევ უფრო გაუძვირდებათ, დაახლოებით 45-50%-ით, რადგან მიწოდება სერიოზულადაა შემცირებული და ალტერნატიული ბაზრის მოძიებას სწრაფად ვერ ახერხებენ.

ევროკავშირი და აშშ ახალი სანქციების დასაწესებლად ემზადებიან რუსეთისათვის. ეს ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკასა და მრეწველობას დიდ დარტყმას აყენებს, მაგრამ თუ ომი მალე დასრულდება, ბაზარიც მალევე კვლავ სტაბილური გახდება და პანიკის შემცირება დაიწყება, მრეწველობა აღდგება და ბაზარზე მარაგები შეივსება, თუმცა ამას ომის დამთავრებიდან მხოლოდ 1-2 წლის პერიოდში ვიხილავთ. რუსეთის მიერ გრძელვადიანი ომის წარმოების შემთხვევაში, ბაზარზე ინფლაცია კვლავ შენარჩუნდება, რაც სამომხმარებლო პროდუქტების ფასებს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ამჟამად ხორბლის ფიუჩერსული ღირებულება კორექტირდება და შესაძლოა ტრენდი ფასის ზრდისკენ შემობრუნდეს.

30.03.2022 - ნავთობის ფასის ანალიზი და მიმდინარე ბაზრის კორექციები

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

ნავთობის ფასი 29 მარტს სამშაბათს გაიზარდა, რამაც აღადგინა წინა სესიის ზარალი. ყაზახეთიდან მიწოდება კვლავ შეფერხდა და მსხვილმა მწარმოებლებმა არ აჩვენეს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ჩქარობდნენ წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას. Brent Oil-ის ფასი გაიზარდა $1,41-ით, ანუ ზრდამ 1,3% შეადგინა ბარელზე $113,89-ის პირობებში, ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობი 95 ცენტით, ანუ 0,9%-ით გაიზარდა და $106,91 შეადგინა.

"ორშაბათს იყო გადაჭარბებული რეაქცია და ბაზარი ხელახლა განიხილავს ამას", − განაცხადა UBS-ის ანალიტიკოსმა ჯოვანი სტაუნოვომ.

ნავთობის ფასი სამშაბათს ზემოქმედების ქვეშ მოექცა და $2-მდე დაეცა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, რომელიც 29 მარტს თურქეთში გაიმართა (პირველი დისკუსია ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში). რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა უკრაინაში მისი შეჭრის გამო შეაფერხა ნავთობის მიწოდება, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ ალ-მაზრუეიმ სამშაბათს განაცხადა, რომ OPEC+-ის მისია იყო ბაზრების სტაბილიზაცია და რაც შეიძლება მეტი მიწოდება. მწარმოებელთა ჯგუფ OPEC+-ის მხრიდან მოსალოდნელი იყო, რომ მაისში ზომიერი ზრდა გაგრძელდებოდა, უკრაინის კრიზისის გამო ფასების ზრდის მიუხედავად, და შეერთებული შტატებისა და სხვა მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი მოწოდებისა.

მსოფლიოში დაძაბული სიტუაციის ფონზე ბაზრების სწრაფად აღსადგენად საჭიროა OPEC+-ში შემავალი 13 ქვეყნის მიერ ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდა, რათა გაზრდილი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები დასტაბილურდეს. უნდა გაერთიანდნენ ქვეყნები და მიაწოდონ ნავთობო ევროპას, რომლის დიდი ნაწილი დამოკიდებული იყო რუსეთის მიერ წარმოებულ ნავთობზე.

მოსალოდნელია არალიკვიდურ ბაზარზე კვლავ შენარჩუნდეს ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მაღალი ფასები, სანამ რუსეთ-უკრაინას შორის ომი კვლავ მძიმე ფაზაში მიმდინარეობს.

30.03.2022 - რატომ ეცემა ოქროს ფასი დღეს?

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი − "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

ოქროს ღირებულება ეცემა. ამ ძვირფასი ლითონის ფასზე გრძელდება მცდელობა, დარჩეს $1915-ანი ზღვრის ქვემოთ, რადგან სახაზინო შემოსავლების (Treasury Yields)-ის ზრდა ზოგადად, ძვირფას ლითონებზე ზემოქმედებას ახდენს.

ამავდროულად, ორწლიანი სახაზინო საპროცენტო განაკვეთი ცდილობს 2.43%-ზე მაღლა დაფიქსირებას, ხოლო 10-წლიანი ხაზინის საპროცენტო განაკვეთი 2.50%-იან დონეს აღწევს. მოკლევადიანი შემოსავლები სწრაფად იზრდება ძვირფასი ლითონებისთვის, როგორიცაა ოქრო და ვერცხლი.

საყურადღებოა სახაზინო საპროცენტო განაკვეთის ზემოქმედება მეტალებზე. ასევე, დოლარის ინდექსის ბოლოდროინდელმა ვარდნამ ვერ უზრუნველყო მეტალების ფიუჩერსული ღირებულებების მხარდაჭერა.

ასევე, მოვაჭრეებს მოუწევთ თვალყური ადევნონ თურქეთს, რომელიც მასპინძლობს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს. ნებისმიერმა პოზიტიურმა სიახლემ შესაძლოა მეტი ზემოქმედება მოახდინოს ოქროს ღირებულებაზე. თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და სიტუაცია რუსეთსა და უკრაინის შორის კვლავ უმძიმეს ფაზაში შენარჩუნდა, მოსალოდნელი იქნება ოქროს ღირებულების $1970-$2000-იანი ნიშნულის დაფიქსირება და ადგილის გამყარება. ასევე, სხვა მეტალების ღირებულება, როგორიცაა პალადიუმი, პლატინა, ნიკელი, თუთია და ალუმინი, მკვეთრი აღმასვლით დაიწყებს მოძრაობას.

ვერცხლის ფიუჩერსული ღირებულება 2%-ით დაეცა ბაზარზე, რადგან მოსავლიანობამ გადააჭარბა დაგვიანებული $50 მილიარდი ღირებულების გაყიდვას. 5s-30s მოსავლიანობის მრუდი პირველად შეტრიალდა 2006 წლის შემდეგ, რამაც გამოიწვია პოტენციური რეცესიის შიში. ამ დროისათვის ვერცხლის ღირებულება შეადგენს $24.74-ს.

30.03.2022 - ჩინეთში ახალი COVID-შემთხვევების გამო ბაზარზე მცირე პანიკა შეინიშნება

ავტორი: ლაშა მელიქიშვილიტრეიდერების ჰაბის უმცროსი ანალიტიკოსი

ჩინეთის ფინანსურმა ცენტრმა − შანხაიმ, 28 მარტს ორეტაპიანი ლოკდაუნი დაიწყო. თავისი 26 მილიონი მცხოვრებლისთვის დახურა ხიდები, გვირაბები და შეზღუდა გზატკეცილის მოძრაობა, რათა შემცირდეს მზარდი COVID-19-შემთხვევები. ეს არის COVID-19-თან დაკავშირებული ყველაზე დიდი შეფერხება, რომელმაც შანხაის დაარტყა და ნავთობისა და სპილენძის ფასები შეამცირა იმის შიშით, რომ შემდგომმა შეზღუდვამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საერთო მოთხოვნას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთში.

თუ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და უკრაინა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწევს, დიდი ალბათობით ბაზარზე მოძრაობები შენელდება და ფასები შემცირებას დაიწყებს.

28.03.2022 - მოსკოვის საფონდო ბირჟამ ფუნქციონირება სხვადასხვა შიდა რეგულაციებითა და შეზღუდვებით დაიწყო

ავტორი: რატი ქირია, "ტრეიდერების ჰაბის" დამფუძნებელი

ბლუმბერგის ინფორმაციით, მოსკოვი 28 მარტიდან ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიების აქციებზე ვაჭრობას შემცირებული სავაჭრო საათებით განაახლებს.

მოსკოვის საფონდო ბირჟის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვაჭრობა გაიმართება არა მხოლოდ აქციებზე არამედ კორპორაციულ და მუნიციპალურ ბონდებზე მხოლოდ 4 საათიანი სავაჭრო სესიით. ბირჟაზე კვლავ აკრძალულია short selling ფუნქცია (რაც გულისხმობს, რომ თუ ინვესტორებს მოლოდინი აქვთ, რომ აქციების ფასი კვლავ დაეცემა ამ მოძრაობაზე ვერ მოახდენენ ვაჭრობას).

რუსეთმა გასულ ხუთშაბათს (24 მარტს) განაახლა ვაჭრობა 33 ადგილობრივი კომპანიის აქციებზე, მათ შორის Gazprom PJSC და Sberbank PJSC და მიიღო ძალიან საინტერესო ზომები. მაგალითისთვის, უცხოელებს არ აქვთ უფლება, რომ გაყიდონ ადგილობრივი აქციები და როგორც უკვე ვახსენეთ, აკრძალულია short selling-ის ფუნქციაც.

ამ ხერხით ბირჟა ცდილობს, რომ თავიდან აიცილოს ბაზრის განმეორებით 33%-იანი ვარდნა, რაც უკრაინასთან ომის პირველ დღეს დაფიქსირდა. შეზღუდვებით კი იმედოვნებენ, რომ ბაზარი შეინარჩუნებს სტაბილურობას. ხუთშაბათს, 24 მარტს, MOEX ინდექსი 4.4%-ით გაიზარდა, მაგრამ პარასკევს (25 მარტი) პროცესები, კვლავ "დათვების ბაზრისკენ" მოტრიალდა. რუსული აქციები, გლობალურ ბაზარზე ამ წლის ყველაზე ცუდ მაჩვენებლებს უახლოვდებიან.

რას უნდა მოველოდოთ 28 მარტს?

მიუხედავად, იმისა რომ ვაჭრობა განახლდება და არ იქნება შესაძლებელი აქტივების არა თუ გაყიდვა, არამედ არც short selling პროცესი, მაინც მოსალოდნელია აქტივობები ბაზარზე, მაგრამ არა იმ სიხშირით და იმ მოცულობებით, რაც შესაძლოა ომამდე გამოარჩევდა რუსულ ბაზარს. ამასთან საერთაშორისო სანქციების პარალელურად კვლავ მოსალოდნელია MOEX ინდექსის ვარდნა და არასტაბილურობა, რადგან მოსკოვის ბირჟა პირველად დაიწყებს ლიმიტირებული ბრძანებებით ვაჭრობის მცდელობას.

18.03.2022

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი − "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ოქროს ღირებულება მცირდება. შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოქროს ღირებულებამ ისტორიული მაქსიმუმი − $2072 დააფიქსირა. ოქროს ფასის მატება გამოიწვია ბაზარზე წარმოქმნილმა პანიკამ და რუსეთისათვის დაწესებულ მკაცრმა სანქციებმა. 7-8 მარტს, ასევე ყველა სასაქონლო პროდუქტზე ფასები მაქსიმალურ ნიშნულზე ფიქსირდებოდა. 9 მარტიდან იწყება ოქროს ფასის ვარდნა და გრაფიკზე წარმოიშვა ძლიერი მხარდაჭერის დონე. არა მარტო ოქროზე, არამედ პლატინაზე, პალადიუმზე და სხვა ძირითად მეტალებზე წარმოშობილია ძლიერი მხარდაჭერის დონეები. გარდა ამისა, მათ ფასებზე მოქმედებს ჩინეთში დაწყებული კორონავირუსის მორიგი ტალღა, რამაც გამოიწვია ჩინეთის ბაზრების ხელახლა შემცირება.

ამერიკის ფედერალური რეზერვის (FED) გადაწყვეტილებით, საპროცენტო განაკვეთი (Interest Rate) 0.25%-დან 0.5%-მდე გაიზარდა, რამაც იმოქმედა დოლარის ინდექსზე და ასევე, ოქროს ფიუჩერსულ ღირებულებაზე. ისინი განმარტავენ, რომ საპროცენტო განაკვეთის მატება დაეხმარება მზარდ ინფლაციასთან ბრძოლაში. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მიხედვით, ფინანსურ ბაზრებზე კვლავ ნარჩუნდება ფასების საკმაოდ არასტაბილური რყევა.

ერთ-ერთი უდიდესი ნავთობ-ექსპორტიორი ქვეყანა − რუსეთი, დეფოლტის უკიდურეს ეტაპზეა. არის საფუძვლიანი ვარაუდები, რომ რუსეთი აპრილის თვეში ვეღარ გადაიხდის ობლიგაციების თანხებს დოლარში, ამიტომ ისინი უკვე სთავაზობენ ინვესტორებს რუბლში გადახდას დოლარის ნაცვლად, რაზეც ინვესტორები უარს აცხადებენ. თუ კიდევ გაგრძელდა სასაქონლო ბაზრის მიმართ მზარდი არასტაბილურობა, შესაძლოა ამ ყველაფერს მოჰყვეს ფასების მაღალი მაჩვენებლების ახალი რეკორდების დამყარება.

16.03.2022

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

ნედლ ნავთობზე საერთაშორისო ფასმა ბოლო 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ბარელზე თითქმის $140 გასულ კვირას დაფიქსირდა, რადგან რუსეთის მიწოდების ბოიკოტმა გააღრმავა დეფიციტი ისედაც მჭიდრო მსოფლიო ბაზრებზე. Brent-ნავთობის ფიუჩერსების ღირებულებამ თითქმის 30%-ით იკლო, მაგრამ არსებობს შიში რუსეთიდან ექსპორტის გრძელვადიანი დაკარგვის საფრთხის გამო, რომელიც OPEC+ კოალიციის ნაწილია.

"ამ კონფლიქტმა აქამდ გამოიწვია მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სასაქონლო ფასების ზრდა, რაც კიდევ უფრო ზრდის გლობალურ ინფლაციას", − ნათქვამია OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშში, − "კონფლიქტის შედეგები და განსაკუთრებით მზარდი ინფლაციის გავლენა თუ შენარჩუნდება, გამოიწვევს მოხმარებისა და ინვესტიციების შემცირებას სხვადასხვა ხარისხით".

მოხსენება ადასტურებს Riydh-ის შეხედულებას, რომ OPEC აწარმოებს ნავთობის საკმარის რაოდენობას, რათა შეინარჩუნოს ბაზრები და მოხდეს ბაზრების დასტაბილურება. მისმა 13-მა წევრმა გაზარდა გამომუშავება დღეში 440 000 ბარელით, ანუ 28,47 მილიონ ბარელამდე თებერვალში. ამ დროისთვის წლის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 28,25 მილიონ ბარელამდე დღეში, ან ოდნავ აღემატება ამ კვარტალში საჭირო საშუალო მაჩვენებელს.

თუ OPEC+ კიდევ ერთხელ დაადასტურებს მიწოდების სტაბილურ ზრდას მომავალ სამიტზე, ეს მისცემს ბაზარს შემდგომ შვებას, მაშინაც კი, თუ ალიანსი ჩვეულებრივ იბრძვის მის მიერ დაგეგმილი ზრდის სრულად განხორციელებაზე.

ორგანიზაციის ვენაში დაფუძნებული კვლევითი დეპარტამენტი აწარმოებდა შეფასებებს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის შესახებ და პროგნოზირებდა დღეში 4,2 მილიონი ბარელით ზრდას, წელს − საშუალოდ დღეში 100,9 მილიონამდე. მან აღიარა, რომ "ეს პროგნოზი შესაძლოა შეიცვალოს უახლოეს კვირებში, როდესაც მეტი სიცხადე იქნება გეოპოლიტიკური არეულობის გრძელვადიანი ზემოქმედების შესახებ".

11.03.2022

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი − "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან თითქმის ყველა სასაქონლო პროდუქტის ფიუჩერსების ღირებულება გაიზარდა. 7 მარტს ტონა ნიკელის ღირებულებამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა − $86 791. ნიკელის მთავარი მომწოდებელი რუსეთია, სანქციების შედეგად რუსეთს ჩაეკეტა ძირითადი საექსპორტო არხები, ამის შედეგად კი ნიკელის ღირებულებამ ერთ დღეში ფასის 70%-80%-იანი მატება განიცადა.

ინდუსტრიულმა ჰეჯერებმა სერიოზულად იზარალეს ნიკელზე ფასის უეცარი მატების გამო, როდესაც მათ მზარდ არალიკვიდურ ბაზარზე ვაჭრობისას "შორტ-სელ" პოზიციები ჰქონდათ გახსნილი. ამის შედეგად "ჰეჯ-ფონდების" უმეტესობა გაკოტრდა. ამ დროისათვის ტონა ნიკელის ღირებულება განისაზღვრა $48 033-ით. მოსალოდნელია კვლავ გაძვირება 30-40%-ით, თუ ვერ მოხერხდა მოკლე ვადებში ალტერნატიული წარმოების მოძიება ბაზარზე. ასევე, გაზრდილია ხორბლის, სპილენძის, სოიას ზეთის, ალუმინისა და სიმინდის ღირებულებაც.

ხორბლის ფასის ზრდა გამოიწვია კვლავ რუსეთ-უკრაინის ომმა. ხორბლის ფიუჩერსულმა ღირებულებამ 7 მარტს ისტორიული მაქსიმუმი − $1362 შეადგინა. ეს ქვეყნები არიან მსოფლიო ბაზრის უმსხვილესი მიმწოდებლები. ომის გამწვავებამ გამოიწვია ტრანსპორტირების გაჩერება. უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასცა განკარგულება, რომ დროებით შეიზღუდოს ან შეჩერდეს ხორბლის, შაქრისა და სხვა სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი და მოხდეს მარაგების შევსება. რუსეთი უმკაცრესი სანქციების გამო ვეღარ ახერხებს ექსპორტის წარმოებას, ასევე, რუსეთი სასუქების მსხვილი მწარმოებელია, რაც ნიშნავს, რომ სასუქების მომარაგებაც შეიზღუდება და გამოიწვევს სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის შემცირებას. შედეგად, მოსალოდნელია კვლავ ფასის ზრდა 12-17%-ით ხილ-ბოსტნეულზე და იმ გარკვეულ პროდუქციაზე, რაც სასუქის გამოყენებას საჭიროებს.

7 მარტს თითქმის ყველა მეტალზე დაფიქსირდა მაქსიმალური ფასები. სპილენძის ისტორიული მაქსიმალური ღირებულება $10 720-ით განისაზღვრა, ასევე ალუმინის ფასი $3966-ის ღირებულებაზე დაფიქსირდა. მისი ფასი ამ დროისათვის $3500-ს შეადგენს. მსოფლიოში განვითარებული სიტუაციებიდან გამომდინარე, სოიას ზეთის ფასიც უმაღლეს ნიშნულზეა. მისი მაქსიმალური ფასი 9 მარტს $83.54 დაფიქსირდა, ასევე, სიმინდის ღირებულებამ 9 წლის განმავლობაში ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა, 4 მარტს მისი მაქსიმალური ფასი $761.75-ით განისაზღვრა.

განვითარებული მოვლენების უფრო გამწვავების შემთხვევაში, მოსალოდნელია ყველა ამ ძირითად პროდუქტზე ფასების ზრდა დაახლოებით 25-35%-ით. რუსეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის დროული ჩანაცვლების გეგმის შემთხვევაში, ფასები, რა თქმა უნდა, თითქმის ყველა პროდუქტზე იქნება გაზრდილი, მაგრამ ბაზარზე ფასები დარეგულირებას დაიწყებს. ძველ ნიშნულებს შესაძლოა ვეღარ დაუბრუნდეს, მაგრამ ბაზარზე ფასები დაკორექტირდება. შესაძლოა ეს პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ნელი ტემპით ფასები დაღმასვლას დაიწყებს.

06.03.2022

ავტორი: ლაშა მელიქიშვილი − "ტრეიდერების ჰაბის" უმცროსი ანალიტიკოსი

ორწლიანი მსოფლიო პანდემიის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვალს შეტევა განახორციელეს უკრაინაზე, რამაც გამოიწვია მთელი მსოფლიოს გაერთიანება უკრაინის სოლიდარობისთვის და რუსეთის მიერ წამოწყებული ომის წინააღმდეგ. ამის შედეგად გააქტიურებული მრავალმხრივი სანქციების პირობებში, რუსეთის ეკონომიკამ სერიოზული დარტყმა მიიღო. მათი ფინანსური სექტორი სრულიად განადგურდა, მოსკოვის საფონდო ბირჟას დღემდე არ ხსნიან, რათა სრული კოლაფსი აირიდონ თავიდან სელერების მხრიდან. მათ დაუწესეს სერიოზული სანქციები − როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოპოლიტიკურად მოხდა მათი იზოლირება. ამ ვითარებამ სასაქონლო ბაზრის მხრიდან სერიოზული რეაგირება და თითქმის ყველა მეტალზე ფასების მატება გამოიწვია.

ოქროს ფასმა, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მაქსიმუმი − $1976.20 დააფიქსირა. თუ ომი გაგრძელდა და მოხდა სხვა ქვეყნების ჩართვა, ეს გამოიწვევს ოქროს უფრო გაძვირებას და მოსალოდნელია $2100-იან ნიშნულამდე მიღწევა.

ასევე, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ღირებულებაც საკმაოდ გაიზარდა. Crude OIL WTI (West Texas Intermediate) − ამერიკული ნავთობის ღირებულებამ 11 წლის განმავლობაში დააფიქსირა მაქსიმალური ნიშნული − ბარელი ნავთობის ღირებულება განისაზღვრა $116.50-ით, ხოლო Brent OIL-ის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $119.78 შეადგინა.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ფასებიც იზრდება. რუსული ბაზარი სრულ პანიკაშია. ქვეყანაში ვეღარ ხორციელდება ფინანსური ტრანზაქციები, ქვეყანას ტოვებს ყველა უცხოური მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესები, რუბლი ყოველდღიურად აფიქსირებს ისტორიულ გაუფასურებას. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკისთვის კრახის ტოლფასია.

ქვეყანა დეფოლტის უკიდურეს სტადიამდეა მისული. რუსული პროდუქციის ექსპორტი აიკრძალა, რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობ-ექსპორტიორი ქვეყანა იყო, თუმცა შეზღუდვების შემდეგ ევროპის ნაწილი ვეღარ მიიღებს რუსული კომპანიების მიერ წარმოებულ ნავთობპროდუქტებს. რუსეთიდან ექსპორტის შეჩერება გამოიწვევს ევროპაში ნავთობპროდუქტების კიდევ უფრო გაძვირებას, ასევე, მოსალოდნელია ყველა იმ ალტერნატიული ნედლეულის ღირებულების ზრდა 20-25%-ით, რომელთა დიდი მოცულობით ექსპორტი სანქციების დაწესებამდე რუსეთიდან ევროპასა და აზიაში ხორციელდებოდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი