FORGE-AI პროექტის ფარგლებში, ქართველი AI მკვლევარები შეირჩნენ, რომლებიც სტაჟირებას ევროპულ ორგანიზაციებში გაივლიან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში, ევროკავშირის Horizon Europe პროგრამის დაფინანსებით, 3-წლიანი პროექტი FORGE-AI მიმდინარეობს და 13 ორგანიზაციას აერთიანებს საქართველოდან, სომხეთიდან და ევროპიდან. პროექტის მიზანია ქვეყნის კვლევისა და ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის როგორც მკვლევრებს, ისე კერძო სექტორს.
პროგრამა ფოკუსირებულია რამდენიმე ძირითად ამოცანაზე. მათ შორის მთავარი ახალგაზრდა AI მკვლევრებისა და კვლევის მენეჯერების პროფესიული უნარების განვითარებაა.
სწორედ ამ მიზნით, უკვე შეირჩა 30-მდე მონაწილე, რომლებიც ევროპულ მიმღებ ორგანიზაციებში განაწილდებიან და 6 ან 12 თვის განმავლობაში სტაჟირებას გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წამყვან ორგანიზაციებში გაივლიან.
შერჩეული მონაწილეები იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) და დიდი ენობრივი მოდელები (LLM), კომპიუტერული ხედვის (CV) და ობიექტების ამოცნობა, AI-ს გამოყენება მედიცინაში და სამეცნიერო გრანტების მართვის სისტემებში.
ნუცა მაჭავარიანი, შერჩეული მონაწილე: "FORGE-AI პროექტის ფარგლებში, 12 თვით გერმანიაში, Buco-Consulting GmbH-ში მივდივარ, სადაც ვიმუშავებ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისული მოთხოვნების ავტომატური ანალიზისა და დამუშავების სისტემის განვითარებაზე. ჩემთვის ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი საწყისი იქნება, AI ტექნოლოგიებთან და მათ რეალურ ბიზნესპროცესებში ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში. ნებისმიერი მონაწილისთვის, ვფიქრობ, ეს საუკეთესო შანსია, როგორც AI მიმართულებით პროფესიულ განვითარებაში, ისე საერთაშორისო გარემოში ყოფნის და თანამედროვე ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების მიღებაში."
"FORGE-AI პროექტი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებას, ახალგაზრდა მკვლევრების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას ემსახურება.
FORGE-AI პროექტი Horizon Europe-ის მეორე პროექტია ბოლო ხუთწლეულში, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი. პროექტი 2025–2028 წლებში განხორციელდება და 13 პარტნიორ ორგანიზაციას აერთიანებს. ამ პროექტებით სტუ განამტკიცებს საკუთარ როლს, როგორც საქართველოში AI კვლევისა და ინოვაციის ერთ-ერთი მთავარი კოორდინატორი.
FORGE-AI-ის საგანმანათლებლო მიმართულება მხოლოდ შერჩეული მკვლევრებით არ შემოიფარგლება. 2025 წლის ნოემბერში გამართულ პირველ ინოვაციურ ტრენინგში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 50-მდე სტუდენტი, მკვლევარი და ახალგაზრდა პროფესიონალი მონაწილეობდა. პროგრამა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა AI გადაწყვეტილებების განვითარება, სტარტაპის საფუძვლები, პასუხისმგებლობიან AI, ევროკავშირის AI Act, ინტელექტუალური საკუთრება და deep-tech პროექტების დაფინანსება." - გიორგი გიორგობიანი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
ლუკა თაბაგარი, შერჩეული მონაწილე: "FORGE-AI პროექტის ფარგლებში, 12 თვით მივდივარ საფრანგეთში, პარიზში, ორგანიზაცია Creative Cluster-ში. სტაჟირებისას ვიმუშავებ AI-ზე დაფუძნებული თამაშის მექანიკების, პროცედურული მუსიკალური სისტემებისა და წარმოების პროცესების (pipelines) ოპტიმიზაციაზე. საერთაშორისო გამოცდილების მიღება, ჩემთვისაც, ისევე როგორც ყველა მონაწილისთვის, მნიშვნელოვანი ეტაპია, ვფიქრობ რომ ეს ძალიან დამეხმარება ჩემი პროფესიული უნარების გაფართოებასა და ინოვაციური მიდგომების დაუფლებაში."
საქართველოს ეკოსისტემისთვის FORGE-AI ქმნის გრძელვადიან საფუძველს ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. დაგეგმილი ტრენინგები, მენტორობა, საზოგადოებრივი ღონისძიებები, ღია ცოდნის პორტალი და პოლიტიკის დიალოგი ხელს შეუწყობს AI მიმართულებით ახალი ტალანტების, კვლევითი იდეებისა და ინოვაციური ინიციატივების განვითარებას საქართველოში.
პროექტს ახორციელებს ფართო კონსორციუმი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსხელიშვილის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი უწევს კოორდინაციას. კონსორციუმში ერთიანდებიან ქართველი პარტნიორები - საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, GITA, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია, Helio AI, AI Lab Tbilisi და ICARTI.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. ეს პროექტი ასოციაციის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს AI ტალანტების ახალი თაობის განვითარებას და მათ ინტეგრირებას ერთიან გლობალურ და ევროპულ AI ეკოსისტემაში.