FractyCo – სტარტაპი, რომელიც უძრავ ქონებაში ინვესტირების ახალ მოდელს ავითარებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უძრავი ქონება ინვესტორებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა, თუმცა ამ ბაზარზე შესასვლელად ხშირად მნიშვნელოვანი საწყისი კაპიტალია საჭირო. ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი FractyCo ამ ბარიერის შემცირებას წილობრივი ინვესტირების მოდელით ცდილობს, რომელიც რამდენიმე ინვესტორს ერთ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
სტარტაპი ბლოკჩეინისა და რეალური აქტივების ტოკენიზაციის ტექნოლოგიებზე მუშაობს. მისი მიზანია, ინვესტორებსა და დეველოპერებს შორის კავშირი გაამარტივოს, საინვესტიციო პირობები უფრო გასაგები გახადოს და უძრავი ქონების პროექტებისთვის კაპიტალის მოზიდვის დამატებითი არხი შექმნას.
FractyCo ამჟამად პროტოტიპის განვითარებისა და სამართლებრივი მოდელის დამუშავების ეტაპზეა. პროექტმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150000-ლარიანი გრანტი მოიპოვა.
იდეა და ბაზარზე არსებული საჭიროება
FractyCo-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი, დავით გიორგაძე ამბობს, რომ იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როდესაც ის და კომპანიის თანადამფუძნებელი, რატი სტურუა, უძრავი ქონების ბაზარს იკვლევდნენ.
"ვხედავდით ადამიანებს, რომლებსაც ამ სფეროში ინვესტირება სურდათ, თუმცა მთლიანი უძრავი ქონების შესაძენად საკმარისი კაპიტალი არ ჰქონდათ. სწორედ ამ ბარიერმა დაგვაფიქრა, როგორ შეგვეძლო მათთვის ინვესტირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა შეგვექმნა.
ასე დავიწყეთ პლატფორმაზე მუშაობა, რომელიც ერთ პროექტში რამდენიმე ინვესტორის მონაწილეობას და თითოეულის წილის ციფრულად აღრიცხვას შესაძლებელს გახდიდა. ჩვენი მიზანია, უძრავ ქონებაში ინვესტირება უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს, ხოლო დეველოპერებსა და აქტივების მფლობელებს კაპიტალის მოზიდვის დამატებითი გზა გაუჩნდეთ".
უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის ხშირად მნიშვნელოვანი საწყისი კაპიტალია საჭირო. FractyCo-ს წილობრივი ინვესტირების მოდელი კი ამ პროცესს ცვლის: კომპანიის დირექტორის თქმით, ის ადამიანს საშუალებას მისცემს, პროექტში საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისი თანხით ჩაერთოს. ამით შემცირდება საწყისი კაპიტალის ბარიერი და გაჩნდება შესაძლებლობა, ინვესტორმა თანხა სხვადასხვა პროექტზე გადაანაწილოს.
"ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პროცესის გამარტივება. გვსურს ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი პროექტის აღწერა, საინვესტიციო პირობები, რისკები და შემდგომი განახლებები, რათა ადამიანს გადაწყვეტილების მიღებამდე ესმოდეს, რაში მონაწილეობს და საიდან შეიძლება მიიღოს შემოსავალი. თითოეული შეთავაზების პირობები კონკრეტული პროექტის მიხედვით განისაზღვრება".
როგორ მუშაობს პლატფორმა
FractyCo-ს ტექნოლოგიური საფუძველი ბლოკჩეინი და რეალური აქტივების ტოკენიზაციაა. დავით გიორგაძე ამბობს, რომ ტოკენიზაციისას ინვესტორის მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული უფლებები ციფრული ერთეულებით აისახება. ბლოკჩეინი ამ ერთეულების აღრიცხვის ტექნოლოგიური საშუალებაა, ხოლო კონკრეტული უფლებები შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტებით უნდა განისაზღვროს.
"პირველ ეტაპზე ვმუშაობთ დეველოპერულ პროექტებზე, სადაც მონაწილეობა კონკრეტული პროექტისთვის შექმნილი კომპანიის, ე.წ. SPV-ის, მეშვეობით განხორციელდება. ამ მოდელში იგეგმება მშენებლობის დასრულების შემდეგ უძრავი ქონების გაყიდვა და მიღებული მოგების ინვესტორებზე განაწილება წინასწარ განსაზღვრული პირობებით. შესაბამისად, შედეგი დამოკიდებული იქნება პროექტის ხარჯებზე, შესრულებასა და გაყიდვის ფასზე.
შემდგომი მიმართულებაა გასაქირავებელი უძრავი ქონება. ამ შემთხვევაში ვამუშავებთ მოდელს, რომელიც საკუთრების წილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ქონების მართვასა და ქირიდან მიღებული შემოსავლის განაწილებას დაეფუძნება. ასევე ვიკვლევთ, შესაძლებელი იქნება თუ არა დასრულებული დეველოპერული პროექტების ამ მოდელზე გადაყვანა. ეს საკითხი ჯერ შესწავლის ეტაპზეა".
კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, FractyCo-ს მიდგომაა, ინვესტორმა მონაწილეობამდე იცოდეს, რა უფლებებს იღებს, როგორ ნაწილდება შემოსავალი, რა ხარჯებია გათვალისწინებული და რა რისკები ახლავს პროექტს. ეს პირობები შესაბამის დოკუმენტებში უნდა იყოს გაწერილი. სწორედ ამიტომ, კომპანია ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის პარალელურად, სამართლებრივი მოდელის დამუშავებაზეც მუშაობს.
"ვგეგმავთ, პლატფორმის მეშვეობით ინვესტორებს ჰქონდეთ წვდომა პროექტის მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, მიმდინარეობის განახლებებსა და ფინანსურ ანგარიშგებაზე. დეველოპერულ მოდელში ინვესტიციის დასრულების ძირითადი გზა იქნება მშენებლობის დასრულება, ქონების გაყიდვა და თანხების განაწილება შეთანხმებული წესით.
ვგეგმავთ მეორადი ბაზრის შექმნასაც, სადაც ინვესტორებს პროექტის დასრულებამდე საკუთარი წილის სხვა მომხმარებლისთვის შეთავაზება და გაყიდვა შეეძლებათ. გაყიდვის შესაძლებლობა, ვადა და ფასი ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და მყიდველთან შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული".
კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ დეველოპერებისთვის FractyCo დამატებით ღირებულებას ქმნის, რაც უფრო ფართო საინვესტიციო აუდიტორიასთან დაკავშირების შესაძლებლობას გულისხმობს: პლატფორმის საშუალებით პროექტის დაფინანსებაში რამდენიმე ინვესტორი შეძლებს მონაწილეობას, რაც კაპიტალის მოზიდვის დამატებითი წყარო შეიძლება გახდეს.
"ამასთან, გვსურს, პლატფორმამ გაამარტივოს პროექტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, მონაწილეობის აღრიცხვა და ინვესტორებთან შემდგომი კომუნიკაცია. გასაქირავებელი აქტივების მიმართულებით კი მფლობელებისთვის განვიხილავთ ქონებაში სხვა ინვესტორების ჩართვის შესაძლებლობას, შესაბამისი საკუთრებისა და მართვის პირობებით. თითოეულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შეთავაზება გასაგები იყოს როგორც აქტივის მფლობელისთვის, ისე ინვესტორისთვის".
განვითარების ეტაპი და სამომავლო გეგმები
GITA-სგან მიღებულმა 150000-ლარიანმა გრანტმა FractyCo-ს იდეის პრაქტიკულ განხორციელებას შეუწყო ხელი. ამ მხარდაჭერამ გუნდს საშუალება მისცა, კონცეფციის შემუშავებიდან პლატფორმის ტექნოლოგიურ განვითარებაზე გადასულიყო და საჭირო რესურსები ამ მიმართულებით მიემართა.
FractyCo-ს თანადამფუძნებლისა და დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე გუნდი პლატფორმის ტექნოლოგიურ განვითარებასა და სამართლებრივი მოდელის დამუშავებაზე პარალელურად მუშაობს. პროექტის ფარგლებში შექმნილია დემო გამოწვევა, რომელიც მომავალი პლატფორმის საინვესტიციო პროცესებს სიმულაციურ გარემოში აჩვენებს. მონაწილეები 100 000 ვირტუალური დოლარით მართავენ პორტფელს, აანალიზებენ სიახლეებს და იღებენ გადაწყვეტილებებს. მათი შედეგები რეიტინგში აისახება, ხოლო შეჯიბრში რეალური პრიზებიც არის გათვალისწინებული.
დემო მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რეალური თანხის ინვესტირების გარეშე გაეცნოს წილობრივი მონაწილეობისა და ვაჭრობის პრინციპებს. სიმულაციის შედეგები რეალური პროექტების მომავალ შემოსავალს არ განსაზღვრავს.
პირველ რეალურ შეთავაზებამდე საჭიროა სამართლებრივი და მარეგულირებელი საკითხების დაზუსტება, პროექტების შერჩევა და მათი პირობების შეთანხმება, ასევე მომხმარებლის სრული საინვესტიციო პროცესის გამართვა და შემოწმება. პირველი რეალური საინვესტიციო შეთავაზებების ამოქმედებას 2027 წლის პირველ ნახევარში ვგეგმავთ".
კომპანიის უახლოესი პრიორიტეტი საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით გამართული მოდელის შექმნა და პირველი რეალური პროექტების განხორციელებაა. თავდაპირველად გუნდი დეველოპერულ პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას, შემდეგ კი, შესაბამისი სამართლებრივი და ტექნოლოგიური მზადყოფნის შემთხვევაში, გასაქირავებელი ქონების მოდელის დამატებას გეგმავს.
"გრძელვადიანი მიზანია, FractyCo რეალური აქტივების ტოკენიზაციისა და ვაჭრობის სრულფასოვან პლატფორმად ჩამოყალიბდეს. უძრავი ქონების გარდა, ჩვენი ხედვა მოიცავს ენერგეტიკულ პროექტებს, ვენახებს, ძვირფას ლითონებს, ოქროს საბადოებსა და სხვა რეალურ აქტივებსა თუ ბიზნესებს.
ამ მიმართულებებს ეტაპობრივად განვავითარებთ, რადგან თითოეულს განსხვავებული საკუთრების, მართვისა და შემოსავლის მოდელი სჭირდება. განვიხილავთ ახალ ბაზრებზე გასვლასაც. ჩვენი ამოცანაა, სხვადასხვა აქტივში მონაწილეობა მომხმარებლისთვის ერთ პლატფორმაზე იყოს ხელმისაწვდომი, თითოეული შეთავაზების მკაფიო პირობებით".
FractyCo-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
- ვებგვერდი: https://www.fractyco.com/
- LinkedIn: https://www.linkedin.com/company/fractyco/
- Instagram: @fractyco.geo
