Get All Access for $5/mo

"ფრილანსერი'' - დასაქმების პლატფორმა მსჯავრდებულთათვის "ჩვენი მიზანია, რომ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ფიზიკურად მუშაობა, მაგრამ აქვს გონებრივი რესურსი, დავასაქმოთ"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

სოციალური საწარმო "ფრილანსერი" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ინტელექტუალური საქმიანობით დაკავებას უწყობს ხელს. ინოვაციური საწარმოს დამფუძნებლები ორი მეგობარი − ნიკა ტყეშელაშვილი და შოთა მარტყოფლიშვილი არიან. სწორედ მათი საერთო ძალისხმევითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წელს შეიქმნა "ფრილანსერი".

"უმთავრესი, რის გამოც პროექტის განხორციელებამდე ერთი წელი დიდი მონდომებით ვმუშაობდით, ისაა, რომ პატიმრებს არ აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ ინტელექტუალურად, ფიზიკური შრომა კი ყველას არ შეუძლია. ინტელექტუალური სამუშაოს არქონის გამო იკარგება ინტელექტუალური რესურსები, რაც ძალიან დასანანია. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ფიზიკურად მუშაობა, მაგრამ აქვს გონებრივი რესურსი, დავასაქმოთ. ამ მხრივ, ჩვენი პროექტი უპრეცედენტოა", − ამბობს ნიკა ტყეშელაშვილი.

საწყის ეტაპზე 5 გადამზადებულ მსჯავრდებულს ასაქმებენ. მათ დაწესებულების ფარგლებს გარეთ კურატორი ჰყავთ, რომელიც საერთაშორისო თუ ადგილობრივ პლატფორმებზე ისეთ დავალებებს იძიებს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც მსჯავრდებულთა შრომა სამართლიანად ანაზღაურდება. საწარმოში დასაქმებულები პირველ ეტაპზე ტექსტების გაციფრულებით, ვიდეოებისთვის ტიტრების დადებითა და აუდიო-მონტაჟით არიან დაკავებულნი. საწარმოს მოგება მთლიანად მის შემდგომ განვითარებაში რეინვესტირდება, რათა მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

"არსებობს საერთაშორისო პლატფორმები, რომლის საშუალებითაც განვითარებულ ქვეყანაში მომუშავე ადამიანი, რომელსაც მცირე, მაგრამ რუტინული სამუშოს შესრულებისთვის დრო არ ჰყოფნის, ამ საქმეს აზიის ქვეყნებს აძლევს. საქართველო დროის სარტყლის გამო freelancing-ში ძალიან მცირე პროცენტით არის ჩართული. ჩვენ ქართველი მსჯავრდებულებისთვის დამკვეთებისგან ვიღებთ საქმეებს. მაგალითად, ტექსტების გაციფრულებას, და მეხსიერების ბარათით ვაწვდით მათ. დამკვეთებს ტექსტის კრეფის დრო თვითონ არ აქვთ. რეალურად კი თანხა, რასაც ამაში იხდიან, საქართველოს ბაზარზე ანაზღაურების მხრივ საკმაოდ ნორმალურია. ციხეში ანაზღაურება შევისწავლეთ, რაც ამ დაწესებულების სტანდარტულ ანაზღაურებასაც ბევრად აღემატება", − გვეუბნება ნიკა ტყეშელაშვილი.

დასაქმების ამგვარი ფორმა და შემოსავლის ზრდა, თავად მსჯავრდებულებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა. "ფრილანსერი" გაჩერებას არ აპირებს და პირველი წლის გეგმის შესრულების შემდეგ, განვითარების მდგრად მიზნებს ისახავს. ეს კი მსჯავრდებულთათვის როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე ამ დაწესებულების დატოვების შემდეგ, სამუშაოსა და შემოსავლის სტაბილურად უზრუნველყოფას გულისხმობს.