Get All Access for $5/mo

"გადაწყვიტე ახლებურად" - სოციალური ინოვაციების პლატფორმა საზოგადოების კეთილდღეობისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"გვსურს, მომავალი თაობებისთვის სოციალური ცვლილებების განხორციელება უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ, გავუჩინოთ მოტივაცია, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ახლებური გზები, გარდამტეხი ინოვაციები და შემოქმედებითი გადაწყვეტები შეიმუშავონ", - სოციალური ინოვაციების პლატფორმა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანამ უამრავი ტრანსფორმაციული პროცესი განვლო და განვითარებისკენ უდიდესი ნაბიჯები გადადგა. თუმცა, ჯერ კიდევ აქტუალურია სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევები, რომელთა გადაჭრისთვის მხოლოდ ტრადიციული მეთოდები არ არის საკმარისი - არამედ, სოციალური პოლიტიკის გატარების გარდა, მნიშვნელოვანია კერძო აქტორების ჩართულობა და ახალი, ალტერნატიული გამოსავლის მოძებნა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) საფუძველი ჩაუყარა სოციალური ინოვაციების პლატფორმის ინიციატივას. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ინოვაციური სოციალური მეწარმეობის მიდგომით გადაჭრან გლობალური პრობლემები, სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ადამიანთა ცხოვრება.

"კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი 20 წელზე მეტია, რაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს და ამ წლების განმავლობაში, გამოცდილებამ ნათლად გვიჩვენა, რომ სოციალრი პრობლემების გადაჭრის გზები მოძველებული და შაბლონურია. აქედან გამომდინარე, დავინახეთ საჭიროება, საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტაში შევიტანოთ ახლებური მიდგომები და შემოქმედებითი აზროვნება. დავიწყეთ ისეთი ადამიანების აღმოჩენა, ვისაც აქვს სოციალური მოტივი, უკეთესობისკენ შეცვალოს ადამიანთა ცხოვრება. ჩვენ კი მათ იდეების რეალიზებაში, შესაბამისი უნარებით აღჭურვასა და მდგრადი სოციალური საწარმოების შექმნაში ვეხმარებით", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანა მენაღარიშვილი, CTC-ის კომუნიკაციების ოფიცერი.

სოციალური ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანასწორი და კეთილდღეობაზე დაფუძნებული საზოგადოების შესაქმნელად. ამ გლობალური მისიის საპასუხოდ, სოციალური ინოვაციების პლატფორმა ცდილობს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით და ერთ სივრცეში მოაქციოს ქართულენოვანი რესურსების ბაზა, წარმატების ისტორიები, ლექსიკონი, ბლოგები, ვიდეორესურსები, ვებინარები და სხვა - ყველაფერი, რაც მათ სოციალური ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარებათ.

სოციალური ინოვაციების პლატფორმა ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და კომპანიას 5 ონლაინ უფასო კურსს შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს:

  • კანვასის ბიზნეს მოდელი
  • სოციალური ინოვაცია ცვლილებებისთვის
  • სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმა
  • სოციალურ ინოვაციათა მასშტაბის ზრდა და გრძელვადიანი ეფექტი
  • თანამონაწილეობითი შეხვედრის ფასილიტაცია.

კურსები თვითმართულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მსურველებს ტრენინგების გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მათთვის მოხერხებული ინტენსივობითა და გრაფიკით შეუძლიათ. კურსის ბოლოს კი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

"ჩვენი მიზანია, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით. გვეამაყება, რომ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია ვართ, ვინც ამდენი მასალის ქართულ ენაზე თავმოყრა შეძლო. ვცდილობდით, წამოგვეწია ის თემები, სადაც ქართული მასალების ნაკლებობაა. ჩვენი ბენეფიციარები არიან ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სოციალური ინოვაციებით და სურთ, თავიანთი ცვლილებებით სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას. სასიხარულოა, რომ ონლაინ კურსები 500-მდე ადამიანმა გაიარა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში აქტიურად ახორციელებენ", - განმარტავს ანა მენაღარიშვილი.

"გადაწყვიტე ახლებურად" - სწორედ ამ მოტივაციით, ორგანიზაცია პერიოდულად ახორციელებს სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსს, სადაც იმ სტარტაპერებს აფინანსებენ, რომლებსაც აქვთ სურვილი, უკეთესობისკენ შეცვალონ ის გარემო, სადაც ცხოვრობენ. სტარტაპები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ირჩევიან:

  • პრობლემის აქტუალურობა - რა სახის პრობლემის გადაჭრას ემსახურება კომპანია და რა მოგვარების ხერხი აქვთ შემუშავებული?
  • სოციალური ინოვაცია - რა გარდამტეხი ცვლილების განხორციელებას გეგმავს სტარტაპი?
  • გუნდი - ვინ დგას იდეის უკან და რა არის გუნდის მოტივაცია?
  • პროექტის მდგრადობა - რამდენად უწყობს ხელს ბიზნესმოდელი პროექტის მდგრადობას?
  • გავლენა - რა დადებითი სოციალური გავლენის მოხდენა შეუძლია იდეას?
  • თანამშრომლობა - რამდენად მზად არის გუნდი, ითანამშრომლონ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან?

სოციალური ინოვაციების პლატფორმის უკან სულ 3 ადამიანი დგას, რომლებსაც ერთი ღირებულება აერთიანებთ - სურთ, ადამიანებს დადებითი სოციალური ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარონ, ხელი შეუწყონ იდეების რეალიზაციასა და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში. გუნდის სიმცირის მიუხედავად, პლატფორმას უკვე 36, 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებსაც 150-მდე რესურსით სარგებლობა შეუძლიათ. სოციალურ ქსელებში კი, პლატფორმის შესახებ 1, 200, 000-ზე მეტმა მომხმარებელმა იცის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოციალური ინოვაციების პლატფორმა აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმისათვის, რომ მომავალი თაობებისთვის სოციალური ცვლილებების განხორციელება უფრო საინტერესო და მიმზიდველი იყოს.

"სოციალური ინოვაციებისა და სოციალური მეწარმეობის კონცეფცია საკმაოდ ახალი მიმართულებაა ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ამ სფეროში ვმუშაობთ, გამოცდილებასა და საჭიროებებზე ვსწავლობთ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანია აქსელერაციის პროგრამის, სწავლებისა და კონსულტაციის გაძლიერება და სწორედ ამ მიმართულებით განვაგრძობთ აქტივობების განხორციელებას.

ამ დრომდე უფრო ფოკუსირებული ვიყავით იდეაზე, 2023 წლიდან კი დაიწყება სრულიად ახალი ფაზა, რომელიც ორიენტირებული იქნება იდეებისა და უნარების დახვეწაზე. აქტიურად ვიმუშავებთ მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად და გავაძლიერებთ ყველა იმ მიმართულებას, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

მიზანი კი გვრჩება იგივე - გვსურს, მომავალი თაობებისთვის სოციალური ცვლილებების განხორციელება უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ, გავუჩინოთ მოტივაცია, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ახლებური გზები, გარდამტეხი ინოვაციები და შემოქმედებითი გადაწყვეტები შეიმუშავონ", - განმარტავს ანა მენაღარიშვილი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად