Get All Access for $5/mo

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში ''გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ბიზნესების განვითარების, გაძლიერების, ხელშეწყობისა და წახალისებისთვის უკვე მეექვსე წელია საქართველოში იმართება მასშტაბური ღონისძიება — ბიზნესდაჯილდოება. პროექტში თიბისი პარტნიორებთან ერთად ავლენს და აჯილდოებს იმ მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ქართული ბიზნესსოციუმის გაჯანსაღებაში.

ამ სტატიაში წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ახალ ნომინაციაზე — "გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში" — გიამბობთ და გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესებს ამ მიმართულებით აფასებენ.

დავით წიკლაური — კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, USAID/საქართველო. მარკეტინგის პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი

"ბიზნესდაჯილდოება ადამიანებს ეხმარება ოპტიმისტურად უყურონ ცხოვრებას, აძლიერებს ბიზნესსექტორს, ახალისებს კომპანიებს და აძლევს საშუალებას სხვებსაც, ახალი იდეები დანერგონ", — ასე განმარტავს დავით წიკლაური ბიზნესდაჯილდოების მნიშვნელობას ჩვენს რეალობაში.

მისი თქმით, ახალ ნომინაციაში ისინი გამოავლენენ ბიზნესებს, რომლებმაც რეგიონში შექმნეს სამუშაო ადგილები, შეიტანეს ინოვაციები და სხვებსაც გაუჩინეს მსგავსი საქმის კეთების სურვილი. იგი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით დასაფასებელია ისეთი ბიზნესები, რომლებმაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნეს.

"ვფიქრობ, უნდა გამოვავლინოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევს, აგრძელებს ტრადიციას, აცოცხლებს სოფელს და სხვა. წასახალისებელია ისეთი ინიციატივებიც, რომლებიც რთულ პირობებში, მაგალითად მაღალმთიან რეგიონებში ხორციელდება ან ბიზნესები, რომლებსაც მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები მართავენ".

დავითი მცირე და საშუალო ბიზნესებს ასეთ რჩევას უზიარებს: "მნიშვნელოვანია საქმის დაიწყება, თუმცა დიდ რისკებზე წასვლამდე სჯობს დაფიქრდეთ, რათა იგრძნოთ, რამდენად მყარია ის გეგმა, რომელსაც მიჰყვებით. ამასთან, საჭიროა იყოთ ინოვაციურები და ორიგინალურები."

ეკა ქათამაძე — GEC JSC, პარტნიორი

ეკა ქათამაძის აზრით, ბიზნესდაჯილდოება გახდა მოვლენა ქართულ ბიზნესსამყაროში. იგი ბიზნესებს აძლევს მოტივაციას და ზრდის მათ ხილვადობას.

"ბიზნესები, რომლებიც დაჯილდოვდნენ გასულ წლებში, უფრო და უფრო ვითარდებიან. თავად ღონისძიება კი პრესტიჟულია — მასში მცირე კომპანიების გარდა დიდი ბიზნესებიც აქტიურად მონაწილეობენ"

ეკა ამბობს, რომ ამ ნომინაციაში შეფასების მთავარი კრიტერიუმი რეგიონზე დადებითი ზეგავლენის მოხდენაა: "მინდა გამოჩნდეს მეტი საწარმო — სწორედ წარმოებას შეუძლია სასიკეთო ცვლილებების მოტანა. გვინდა ვნახოთ, თუ რამდენად შეცვალა ბიზნესმა გარემო იქ, სადაც მოღვაწეობს, როგორ შეცვალა განწყობა დასაქმების მიმართ, განავითარა ინფრასტრუქტურა და სხვა".

იქიდან გამომდინარე, რომ ნომინაცია რეგიონის განვითარებაში შეტანილი როლის შესახებ პირველად დაინერგა, ჟიურის წევრს მისდამი დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვს. "ამ ბიზნესების შეფასება ერთგვარი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა", — ამბობს იგი.

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ეკას ასეთი რჩევა აქვს: "არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის ზომას, მთავარია პირველივე დღიდან ბიზნესი იმართებოდეს ბიზნესის პრინციპებით: სისტემატიზირებულად, ზრდაზე ორიენტირებით. ამასთან, არ გეშინოდეთ შეცდომებისა და წარუმატებლობისეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა გაიაზროთ და მომავალში გამოიყენოთ."

გვანცა ირემაშვილი — UNDP, კოორდინატორი ეკონომიკური განვითარების საკითხებში

"რეგიონში ერთი წარმატებული ბიზნესწამოწყება გადამდებია სხვებისთვის. რეგიონებს სჭირდება სტიმული, რომელსაც ეს დაჯილდოება აწვდის. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა, არამედ მას სათავეში უდგას კერძო ბიზნესი, ამ შემთხვევაში — თიბისის სახით", — გვიყვება გვანცა.

გვანცა მრავალი წელია რეგიონების საკითხებზე მუშაობს და ამბობს, რომ ერთი ბიზნესის წახალისებითაც კი რამდენიმე პრობლემაზე პასუხის გაცემა შეგვიძლია. "გვინახავს მაგალითები, თუნდაც მაღალმთიან რეგიონებში, სადაც დაცლილი სოფლები ერთმა ბიზნესინციატივამ აღადგინა. მან შემოიკრიბა მეზობლები და შექმნა ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. რეგიონში ერთი კომპანიაც კი ერთბაშად პასუხობს რამდენიმე პრობლემას — მიგრაციის, ეკონომიკური განვითარების თუ გარემოს დაცვის კუთხით".

ის აღნიშნავს, რომ პროექტში "გამჭვირვალე და ადეკვატური" კრიტერიუმებია დადგენილი — "არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ოპერირებს ბაზარზე ესა თუ ის კომპანია ან როგორია მისი ბრუნვა, ყველას ეძლევა თანაბარი შანსი, არავინ რჩება ყურადღების მიღმა".

გვანცას რჩევა მცირე ბიზნესებს: მარცხსა და დასასრულს შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დასვათ. მარცხი, შეცდომა უნდა იყოს წინსვლის და ხელახალი ცდის მიზეზი. არ შეწყვიტოთ განვითარება —- მსოფლიო გიჟური ტემპით ვითარდება და თუ ჩვენ ფეხი არ ავუწყვეთ მას, ძალიან ჩამოვრჩებით.

მედეა ტაბატაძე — Insource, მმართველი პარტნიორი

"მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება ბანკისგან, რომელიც ზრუნავს ღირებულებათა ჯაჭვის შექმნაზე", — ამბობს მედეა ტაბატაძე.

ახალ ნომინაციაზე კი აღნიშნავს, რომ ისეთი ბიზნესების გამოჩენის მოლოდინი აქვს, რომლებიც რეგიონებში ამაღლებენ ცნობიერებას, ქმნიან გარკვეული ტიპის ცოდნას და კონკურენტულ გარემოს — სტიმულს აძლევენ სხვა კომპანიებსაც, რაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ბაზრის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის.

მედეა მიიჩნევს, რომ ბიზნესდაჯილდოებაში კომპანიებმა სულ მცირე გამოცდილებისთვის მაინც უნდა მიიღონ მონაწილეობა — "ესაა ძალიან საინტერესო და სტრუქტურირებული პროცესი. თუნდაც სააპლიკაციო ფორმის შევსებისას ბიზნესის მფლობელს ბევრი რამის გადააზრება უწევს. ამასთან ის, მიიღებს ისეთი ძლიერი ინსტიტუტის დახმარებასა და მხარდაჭერას, როგორიც თიბისია. ეს კი დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში უდავოდ მნიშვნელოვანია".

მცირე ბიზნესებს იგი ურჩევს: "თუ გულით გჯერათ იმის, რისი გაკეთებაც გსურთ, ნამდვილად ყველაფერი გამოგივათ. მცირე ბიზნესებს განსაკუთრებით სჭირდებათ მხარდაჭერა: კარგია, თუ მათ ეყოლებათ მრჩევლები გამოცდილი ბიზნესებიდანეს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. დაბოლოს, დამფუძნებლის ღირებულებები გავლენას ახდენს მის წარმატებაზებიზნესებს ვუსურვებ ამ ღირებულებებში სიმტკიცეს."

გვანცა მელაძე — Gateway&Partners Georgia, CEO

გვანცა მელაძის აზრით, ბიზნესდაჯილდოება და მსგავსი პროექტები აღვივებს სამეწარმეო სულისკვეთებას და ახალისებს ბიზნესის კეთებას ქვეყანაში.

"უკანასკნელი ორი წელი განსაკუთრებით მძიმე იყო რეგიონისთვის, სადაც ბიზნესის ბრუნვა ერთ მოსახლეზე რამდენჯერმე უფრო ნაკლებია, ვიდრე თბილისში. ველი კანდიდატებს, რომლებმაც ბოლო დროის გამოწვევები გადააქციეს შესაძლებლობებად და გამოიყენეს ეს შესაძლებლობები არა მარტო საკუთარი ბიზნესების, არამედ მის გარშემო არსებული გარემოს გასაუმჯობესებლად", — გვიამბობს ის.

გვანცა აღნიშნავს, რომ გასულ წლებში ბიზნესდაჯილდოებებზე აღმოაჩინა არა მარტო ახალი ბიზნესები, არამედ ახალი დარგებიც, რომელთა შესახებ მისთვის მანამდე ცნობილი არ იყო. მისი თქმით, მონაწილეობითაც კი ბიზნესები შეძლებენ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი მიღწევები, მიზნები. "დაჯილდოების განაცხადის კითხვები ბევრ რამეზე დააფიქრებს მეწარმეებს და შესაძლოა, ახალი იდეების დაბადებასაც შეუწყოს ხელი. ბიზნესდაჯილდოება არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი შორიდან შეიცნო შენი ბიზნესი, დაინახო სისუსტეები და სიძლიერეები, გააანალიზო შესაძლებლობები".

გვანცა ახალბედა ბიზნესებს ურჩევს, დაისახონ ამბიციური გრძელვადიანი მიზნები და რეალისტური მოკლევადიანი გეგმები. "რაც შეეხება წარმატებას ბიზნესდაჯილდოებაში, ვურჩევ, მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი მიღწევები მათ ხელთ არსებულ შესაძლებლობებთან მიმართებაში."

____

ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ