Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რაზე ვლაპარაკობთ, როცა "კარგ" წიგნებზე ვლაპარაკობთ ხოლმე? გულწრფელი რომ ვიყო, როგორც გამომცემელი, ავტორის ცნობადობას, გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობას, ბესტსელერის სტატუსს, სოციალურ მედიაში პოპულარობას, წიგნის კომერციულ პოტენციალს და სხვა მსგავს, საგამომცემლო ბიზნესისთვის ცალსახად მნიშვნელოვან მახასიათებლებს ვგულისხმობ. თუმცა, როგორც მკითხველი, წიგნს ერთი მთავარი კრიტერიუმით ვაფასებ - რამდენად დამეხმარება, რომ ახალი ფიქრი ვიფიქრო? ადამიანებისა და სამყაროს აღქმის განსხვავებული ხედვა აღმოვაჩინო? გავიზარდო და ცოტათი უკეთესი გავხდე?
წიგნების რეკომენდაციებს ხშირად მთხოვენ. თუმცა, ბოლო დროს "რა წავიკითხო?" "რატომ წავიკითხო?"-მ შეცვალა. შესაბამისად, ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ სამი პასუხი კითხვაზე "რატომ?".

"გაბედე, იყო მიუღებელი" – MOVA30-ის - ბიზნესის, თვითგანვითარების, ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის შესახებ შექმნილი 30 გარდამტეხი წიგნის კოლექციაში პირველ გამოცემად ეს წიგნი კონკრეტული მიზნით შევარჩიე. მასობრივი გაციფრულების, სანახევროდ ეკრანებთან გატარებული ცხოვრების, ინფორმაციული გადაღლისა და ადამიანური მარტოობის ფონზე "გაბედე, იყო მიუღებელი" დაგეხმარებათ დაინახოთ სად გადის ზღვარი თქვენს პირად პასუხისმგებლობებსა და სხვა ადამიანების მოლოდინებს შორის. წიგნი გაჩვენებთ, რომ რეალურად ტრავმა და წარსული გამოცდილებები კი არ განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, არამედ ის მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ ამ ტრავმებს აწმყოში ვანიჭებთ. მნიშვნელობის შეცვლით კი აწმყოც გვეცვლება.
წიგნი ალფრედ ადლერის ფსიქოლოგიურ სწავლებებს ეყრდნობა. ნარატიულ ფორმად, ახალგაზრდასა და ფილოსოფოსს შორის, ხუთი ღამის განმავლობაში მიმდინარე დიალოგია შერჩეული. თხრობის დასაწყისში შფოთვით, ეჭვებითა და ტანჯვით სავსე ახალგაზრდა პირველად სტუმრობს ფილოსოფოსს, რომელიც ამტკიცებს, რომ სამყაროცა და ცხოვრებაც საკმაოდ მარტივი რამაა. კამათის, მსჯელობის, წინააღმდეგობისა და გაცნობიერების შემდეგ კი, წიგნის დასასრულს, ფილოსოფოსის სახლს უკვე თავდაჯერებული და ღიმილიანი ახალგაზრდა ტოვებს, ბედნიერების შეგრძნებით.
თუ დაბნეულობას, იმედგაცრუებას, ურთიერთობების სირთულეს და სიმარტოვეს გრძნობთ, ამ წიგნის წაკითხვას მთელი გულით გირჩევდით.

ხელო(ვნების) ბრძოლა - ეს წიგნი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი ავტორის, სტივენ პრესფილდის, ცხოვრებისეული გზაა შთამაგონებელი და საინტერესო. სტივენ პრესფილდი წლების განმავლობაში თითქმის ყველაფრით იყო დაკავებული, გარდა იმისა, რაც ნამდვილად სურდა. იყო საზღვაო ქვეითი, სარეკლამო ტექსტების ავტორი, სკოლის მასწავლებელი, სატვირთო მანქანის მძღოლი, ბარმენი, ნავთობის საბადოს დამხმარე მუშა და ხილის მკრეფავიც კი. ყველაფერს, რაც წლების გამოცდილებამ და საკუთარი მოწოდების ხორცშესხმისთვის ბრძოლამ ასწავლა, მან "ხელო(ვნების) ბრძოლაში" მოუყარა თავი. ეს წიგნი დღემდე შემოქმედებითი შრომისა და თვითგანვითარების თემაზე დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომად ითვლება.
"ნამდვილმა მწერლებმა ერთი საიდუმლო იციან, რაზეც მათ, ვისაც მწერლობა მხოლოდ სურთ, წარმოდგენაც არა აქვთ. და ეს საიდუმლო შემდეგშია: თავად წერა სულაც არ არის რთული. რთული დასაწერად დაჯდომაა. ხოლო ის, რაც დაჯდომასა და წერის დაწყებაში გვიშლის ხელს, წინააღმდეგობაა." - ალბათ ხვდებით, რომ "მწერალში" მხოლოდ მწერალი არ იგულისხმება. "ხელო(ვნების) ბრძოლა" ეხება ნებისმიერ ჩვენგანს, რომელსაც ცხოვრებაში რაიმეს შექმნა და საკუთარი კვალის დატოვება სურს.
როგორც ავტორი ამბობს, რაც უფრო მეტია სიყვარული თქვენი საქმის მიმართ და რაც უფრო ახლოს ხართ ფინიშის ხაზთან, მით უფრო მძაფრად განიცდით წინააღმდეგობას. ეს საშინელი განცდა საკუთარ ტყავზეც არაერთხელ გამომიცდია.
თუკი რაიმე ღირებულის შექმნა გსურთ და ვერ იწყებთ, ან პროცესში ხართ, მაგრამ დანებების პირას, გადაფურცლეთ "ხელო(ვნების) ბრძოლა".

"სტოიკოსის დღიური" - ფილოსოფიური წიგნი მათთვის, ვისაც ფილოსოფოსთა მსგავსი ცხოვრება სურს. თანამედროვე ადამიანს სიტყვა ფილოსოფოსის გაგონებაზე ხშირად ეღიმება. ჩემი აზრით, ფილოსოფია, ანუ ყოფიერებაზე დაკვირვება და სამყაროში ადამიანის ადგილისა და როლის შესწავლა, არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს. შფოთვა, გაურკვევლობა, ტექნოლოგიური განვითარება და ბუნდოვანი მომავალი თითქოს საყრდენს გვაცლის და მენტალურად გვასუსტებს. მაშინ, როცა ფილოსოფია, განსაკუთრებით კი - სტოიციზმი გვასწავლის, როგორ შევხვდეთ გაურკვევლობას მშვიდად, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ განსჯასა და ქმედებებზე და მივიღოთ ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
"სტოიკოსის დღიური" დასავლურ კულტურაში სტოიციზმის თანამედროვე ბიბლიად ითვლება. რაიან ჰოლიდეი და სტივენ ჰანსელმენი წლის ყოველი დღისთვის თითო ჩანაწერს გვთავაზობენ. მარკუს ავრელიუსის, სენეკასა და ეპიქტეტეს გვერდით აქ ზენონს, კლეანთეს, ქრისიპესა და მუზონიუს რუფუსსაც შეხვდებით. თითოეულ მოკლე ციტატას თან ახლავს განმარტება, რომელიც მის აზრსა და პრაქტიკულ მნიშვნელობას გვიხსნის.
აქციეთ "სტოიკოსის დღიური" თქვენს სამაგიდე წიგნად. წიგნი 366 ნაწილადაა დაყოფილი. შესაბამისად, დღეში ერთი გვერდის წაკითხვაც კი საკმარისი იქნება, რომ თქვენს ჩვევებს ახლებურად შეხედოთ, განვითარდეთ და განავითაროთ.
წიგნების შეძენა/დაჯავშნა შეგიძლიათ საიტზე www.movareads.com