გარემო, სადაც განვითარებისკენ სწრაფვა და სწავლა ყოველდღიურობის ნაწილია - ანა ჩეჩელაშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩემი პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების მიმართულებით და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა პრაქტიკულად ერთდროულად დაიწყო. ჩემი აზრით, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ისწავლო, განვითარდე და ამასთან, შექმნა ღირებულება", - ასე იწყება ინტერვიუ ანა ჩეჩელაშვილთან, რომელიც დღეს საქართველოს ბანკის Expert სოლუშენ არქიტექტის პოზიციას იკავებს.
საქართველოს ბანკში მრავალწლიანმა მუშაობამ მას შესაძლებლობა მისცა, ფინანსური ინსტიტუტის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია უშუალოდ ორგანიზაციის შიგნიდან დაენახა და საკუთარი ძალები სხვადასხვა როლში გამოეცადა. სწორედ ამ გზაზე დაგროვილმა ცოდნამ და პრაქტიკამ ჩამოაყალიბა ის პროფესიული ხედვა, რომელსაც ანა გვიზიარებს:
როგორი იყო თქვენი კარიერული განვითარების გზა საქართველოს ბანკში?
ფაქტობრივად, ბანკთან ერთად გავიზარდე. ამ წლების განმავლობაში ჩემი კარიერა ვითარდებოდა სხვადასხვა ტექნოლოგიურ პოზიციაზე, რაც შესაძლებლობას მაძლევდა, სისტემები და პროცესები შემეფასებინა განსხვავებული პერსპექტივიდან, უკეთ გამეგო როლებს შორის ურთიერთკავშირი და განმევითარებინა ის უნარები, რომლებიც აუცილებელი იყო როგორც მიმდინარე პოზიციისთვის, ისე შემდგომი პროფესიული ზრდისთვის.
ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მუშაობა ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც საქართველოს ბანკია, გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ღრმად გაიცნო პროდუქტები, პროცესები და არქიტექტურა, დაინახო როგორ ხდება ტრანსფორმაცია იდეიდან რეალურ შედეგამდე და იყო ამ ცვლილებების უშუალო მონაწილე.
როგორ აღწერთ Expert Solution Architect-ის როლს საქართველოს ბანკში და რა არის თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობები Enterprise Tribe-ში?
საქართველოს ბანკში ტექნოლოგიური მიმართულება აგებულია Agile მოდელზე, რომლის ფარგლებშიც, "თრაიბები" მუშაობენ კონკრეტულ პროდუქტებსა და პროცესებზე. ორგანიზაციული თვალსაზრისით, თრაიბები გუნდებისგან შედგება. მე ვარ Enterprise Tribe-ში, რომელსაც ბანკის "ხერხემალს" ვუწოდებთ და ვარ ხაზინის (Treasury) გუნდში, რომელიც ავითარებს სახაზინო ინსტრუმენტებსა და პროცესებს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ ბანკში არსებული პროცესების გამართულობა, ხარისხი, ავტომატიზაცია და სკალირება.
ჩემი პოზიცია კი Expert Solution Architect-ია, რაც საკმაოდ საინტერესო, მრავალმხრივი და კომპლექსურია. ჩემი საქმიანობა დაყოფილია Milestone-ებად. ყოველი კვარტლის დასაწყისში ვაანალიზებთ ყველა ახლად ინიცირებულ იდეას როგორც ბიზნეს, ასევე ტექნიკური კუთხით, ვატარებთ Feasibility Analysis-ს და ვაფასებთ იმ რესურსს, რომელიც იდეის განხორციელებისთვის იქნება საჭირო. ამასთან, დიდ ინიციატივას ვყოფთ პატარა ნაწილებად (ინკრემენტებად) და შემდეგ ვმუშაობთ მათ რეალიზებაზე. ჩემი როლის მნიშვნელოვანი ნაწილია უკვე მოქმედი სისტემებისა და პროცესების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია მაღალი დატვირთვის მქონე ფინანსურ გარემოში.
გარდა ყოველდღიური საქმიანობისა, ხშირ შემთხვევაში Expert პოზიციის თანამშრომლები ჩართული არიან გილდიებში SME (Subject Matter Expert)-ებად. გილდია აერთიანებს თანამშრომლებს სხვადასხვა თრაიბებიდან, კონკრეტული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის ან უნარების ნაკრების მიხედვით. ამჟამად ვარ Business Analysis გილდიის ლიდი და ჩვენი გილდიის ამოცანაა შევქმნათ გარემო, რომელიც დაეხმარება Solution Architect-ებს პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში.
თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები და უნარები Solution Architect-ის პოზიციაზე წარმატების მისაღწევად?
იმისათვის, რომ Solution Architect-მა წარმატებით გაართვას თავი მუშაობისას წარმოქმნილ გამოწვევებს, მნიშვნელოვანია ფლობდეს როგორც Hard, ასევე Soft skill-ებს. მთავარი ამოცანაა, არსებული მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშაოს E2E ტექნიკური სოლუშენი, გააანალიზოს ბიზნეს პროცესი და ჩამოაყალიბოს სისტემის დიზაინი. ამისთვის, საჭიროა, ფლობდეს იმ ტექნოლოგიურ სტეკებს, რომლებიც გამოიყენება იმ გარემოში, სადაც მუშაობს. ასევე, სასურველია, Solution Architect-ს ჰქონდეს ცოდნა ორგანიზაციაში არსებულ ზოგად არქიტექტურულ მიდგომებზე. ტექნიკური გადაწყვეტა, რომელსაც Solution Architect-ი იღებს, არ უნდა იყოს მხოლოდ ფუნქციონალური, საჭიროა ის იყოს ოპტიმალური და გათვალისწინებული იყოს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნები.
ტექნიკური ცოდნის პარალელურად, მნიშვნელოვანია ბიზნესის საჭიროებების, დომეინის სპეციფიკის, ორგანიზაციული მოწყობისა და ინდუსტრიული ტრენდების გააზრება. Solution Architect იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესებზე, მომხმარებელთა გამოცდილებაზე და საბოლოოდ კი, ბიზნეს შედეგებზე. Solution Architect არის "ხიდი" ბიზნესსა და ტექნიკურ გუნდებს შორის. ამიტომ კომუნიკაცია, ანალიტიკური აზროვნება, გუნდურობა, ლიდერშიპის უნარები და რთული იდეების გასაგებად გადმოცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნარები.
რას ნიშნავს მუშაობა ისეთ მასშტაბურ ფინანსურ ორგანიზაციაში, რომლისთვისაც ტექნოლოგიური განვითარება ყოველდღიურობის ნაწილია?
ეს ნიშნავს, რომ შენი პირადი განვითარების სურვილი სრულ თანხვედრაშია ორგანიზაციის სტრატეგიასთან, რადგან ტექნოლოგიური განვითარება ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტია.
ასეთ გარემოში მუშაობა გულისხმობს მუდმივ პროფესიულ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც შეესაბამება როგორც ბაზრის მოთხოვნებს, ისე რეგულატორულ ჩარჩოებს. ყოველდღიურად ჩნდება ახალი პროდუქტები, ახალი გამოწვევები, იხვეწება პროცესები და ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები. ეს ყველაფერი კი ქმნის გარემოს, სადაც მუდმივად სწავლობ და გრძნობ, რომ მსოფლიო ტექნოლოგიური ტრენდები სწრაფად აისახება შენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
როგორ უწყობს ხელს საქართველოს ბანკი Solution Architect-ებისა და ზოგადად, IT პროფესიონალების განვითარებას?
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების უწყვეტი განვითარება. ამ მიმართულებით ხელმისაწვდომია როგორც შიდა, ისე გარე ტრენინგები, რომლებიც ფორმირდება თანამშრომლების ინტერესებისა და მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინებით. აღსანიშნავია საერთაშორისო კონფერენციები და ვორკშოპები, რომლებშიც თანამშრომლები მონაწილეობენ პოზიციისა და როლის სპეციფიკის მიხედვით.
განვითარებისთვის ღირებულია ისეთი გარემო, რომელშიც თანამშრომლებს თავადაც გვიწევს ტრენინგების ჩატარება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მენტორული და ქოუჩინგის უნარების განვითარებას, ინფორმაციის სტრუქტურირებულად გადაცემასა და ორგანიზაციული უნარების გაძლიერებას. მათ შორის მეც მაქვს მიღებული მსგავსი გამოცდილება წლების განმავლობაში, რამაც ხელი შემიწყო შესაბამისი უნარები გამომემუშავებინა. ასევე, ბანკი შესაძლებლობას აძლევს თანამშრომლებს, მიიღონ მონაწილეობა მათი პოზიციისთვის რელევანტურ საერთაშორისო სერტიფიცირების გამოცდებში. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ISTQB (ტესტირება) და BABOK (ბიზნეს ანალიზი) სერტიფიკატები.
და ბოლოს, რა გაძლევთ მოტივაციას, რომ არ გაჩერდეთ?
შენი წარმატება შენს ხელშია. საქართველოს ბანკი ქმნის გარემოს, სადაც განვითარებისკენ სწრაფვა წახალისებულია, ხოლო სწავლა - ფაქტობრივად მუშაობის განუყოფელი ნაწილი. დატვირთული სამუშაო პერიოდის შემდეგ მიღებული რეალური შედეგები, შიდა თუ გარე მომხმარებლისთვის გამარტივებული პროცესები და ახალი საბანკო სერვისები ყველაზე დიდი სტიმულია, რომ მუდმივად განაგრძო წინსვლა და არ გაჩერდე.