Georgia Medical Holding: ჯანდაცვის ინოვაციური პლატფორმა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Georgia Medical Holding თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ფრაგმენტაციას პასუხობს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, მედიცინის მრავალმხრივი განვითარება კიდევ უფრო ცხადყოფს პროცესებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობას გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.

ჰოლდინგი სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა კლინიკური პრაქტიკა, განათლება, მეწარმეობა და საერთაშორისო თანამშრომლობა, ერთიან ეკოსისტემაში აერთიანებს.

"პროცესებზე დაკვირვების შედეგად მკაფიო გახდა, რომ თანამედროვე მედიცინა აღარ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ დაავადებაზე რეაგირებით. მედიცინა უნდა იქცეს ცხოვრების ხარისხზე ორიენტირებულ, გრძელვადიან სტრატეგიად.

ამ ხედვის ფარგლებში ჩამოყალიბდა მოდელი, სადაც ერთ ეკოსისტემაში თანაარსებობს სამედიცინო და ლონჯევითი პროექტები, პროფესიული კონფერენციები, საგანმანათლებლო პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები. პარალელურად, მიმდინარეობს ქართული სამედიცინო პროდუქტის განვითარების პროცესები და საერთაშორისო წარმოებითი პარტნიორობის ჩამოყალიბება", – ქეთევან ხიშტოვანი, Georgia Medical Holding-ის პრეზიდენტი.

ქეთევანი ხაზს უსვამს, რომ ინტეგრირებული მოდელის შექმნა განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც მიზანი არა ერთი პროდუქტის გამოშვება, არამედ სისტემური ხედვის დანერგვაა.

"ეს სცდება ერთი კომპანიის ფარგლებს და მოითხოვს გრძელვადიან სტრატეგიულ აზროვნებას. გრძელვადიანი და მდგრადი მოდელები იქმნება მაშინ, როცა ბიზნესს მკაფიო ღირებულება აქვს და რეალურ პრობლემას პასუხობს.

ლიდერობა პირველ რიგში პასუხისმგებლობაა, – გადაწყვეტილებების მიღება მკაფიო ხედვით და მათი შედეგების სრულად მართვა. ლიდერი არის ის, ვინც მზად არის აიღოს სრული პასუხისმგებლობა შედეგებზე, როგორც წარმატების, ისე შეცდომების შემთხვევაში.

ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც პრობლემას ხედავს, როგორც შესაძლებლობას, და იღებს პასუხისმგებლობას სისტემური ცვლილებების შექმნაზე, არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის, არამედ საზოგადოების სასარგებლოდ. ის აცნობიერებს იმ გავლენას, რომელსაც მისი გადაწყვეტილებები ადამიანებსა და გარემოზე ახდენს".

ქეთევანისთვის ინსპირაციის წყარო საქმიანობაში მრავალფეროვანია. აღნიშნავს, რომ პროფესიული საქმიანობა ერთდროულად ეფექტიანი და ღირებულებაზე დაფუძნებული შეიძლება იყოს.

"მჭირდება დავინახო, რომ სწორად აგებული პროცესი რეალურად აუმჯობესებს ცხოვრებას, აძლევს მეტ სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და პერსპექტივას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებ, მხოლოდ შედეგზე არ იყოს ორიენტირებული, არამედ ღირებულებაზე, სიკეთეზე, განვითარებასა და პასუხისმგებლობაზე".

Georgia Medical Holding-ის უახლოესი ერთი წლის განვითარება რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზეა ფოკუსირებული. ჰოლდინგის სტრატეგიის ცენტრში Private Health კონცეფციის კლინიკაა, რომელიც ტრადიციული კლინიკის ფარგლებს სცდება და ჯანდაცვას აყალიბებს, როგორც პერსონალიზებულ, კომფორტზე დაფუძნებულ სივრცეს. აქ პრევენციული თერაპია და ინდივიდუალური მიდგომები ერთიან სისტემად ყალიბდება.

კონცეფცია მიმართულია ადამიანებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობას გრძელვადიან ინვესტიციად აღიქვამენ. სივრცე აერთიანებს მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას, High-End ჰოსპიტალიტის სტანდარტებს და Body Check-Up პროგრამებს. პერსონალიზებული დიაგნოსტირებისთვის კლინიკა უზრუნველყოფს ფრანგული, შვეიცარული და ამერიკული სამედიცინო მოდელების ინტეგრაციას. სივრცეში წარმოდგენილი იქნება ასევე Wellness ლაბორატორია, რომელიც პრევენციულ მედიცინაზეა ორიენტირებული.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პირველი ლონჯევითი რესტორანი, სადაც კვება განიხილება, როგორც მეცნიერებაზე დაფუძნებული ჯანმრთელობის სტრატეგია. პარალელურად, გრძელდება საერთაშორისო მეწარმეობრივი მიმართულების განვითარება, მათ შორის ესპანეთთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც მოიცავს სამედიცინო პროდუქტის განვითარების, წარმოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად საჭირო პროცესების ეტაპობრივ ჩამოყალიბებას.

განვითარების ხედვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საგანმანათლებლო და საკონფერენციო მიმართულება. წელს იგეგმება "იტალიის დღეების" ჩატარება საქართველოში, საელჩოს მხარდაჭერით და საერთაშორისო სპიკერების მონაწილეობით.

"ეს ინიციატივა მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული დიალოგის გაძლიერებასა და საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონულ პლატფორმას სამედიცინო განათლებისა და ინოვაციისთვის".

Georgia Medical Holding-ის ხედვა ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე ჯანდაცვა და მეწარმეობა შეიძლება ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს დაკავშირებული, რაც სტრატეგიას, ინოვაციას, ღირებულებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ მიდგომას აერთიანებს.