Get All Access for $5/mo

''გეშინოდეთ თქვენი ოცნებების - ისინი შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ახდეს!''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ოცნებების მატერიალიზაცია ბავშვობიდან ყველას გვინდა. ხშირად ვისწრაფვით ბოლომდე მისკენ, ხშირად კი შუა გზაში ვნებდებით. დანებებასაც აქვს თავისი აზრი, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რატომ. მიუღწეველი ამ ცხოვრებაში არაფერია და თუ კი ილონ მასკი სამომავლოდ ადამიანების მარსზე გადასახლებაზე ოცნებობს, შენც შეგიძლია საკუთარი ნებისმიერი ოცნება აიხდინო.

გიორგი შუკაკიძე 25 წლის, უდიპლომო ბიჭია, რომელსაც ცხოვრებაში არაერთი მძიმე სამუშაო გამოუცდია, არაერთი ცხოვრებისეული პრობლემით, მაგრამ მის ცხოვრებაში დადგა დღე, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეეცვალა და ოცნებები და მისწრაფებები განეხორციელებინა. დღეს გიორგი მრავალწლიანი ისტორიისა და გამოცდილების მქონე პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს და თავის კლიენტებს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება.

Entrepreneur-ის მკითხველებს გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს გიორგი შუკაკიძესთან, რომლის არც ისე დიდი, მაგრამ გამოცდილი ცხოვრება აუცილებლად დაგაფიქრებთ საკუთარ შესაძლებლობებსა და ყოფაზე.

მოგვიყევით თქვენზე, თქვენს გამოცდილებაზე.
ცხოვრებაში ბევრი რამის კეთება მიცდია, ბავშვობიდან მერჩივნა ყველაფერი საკუთარ თავზე მეგრძნო და პრაქტიკაში მესწავლა, ვიდრე უბრალოდ წიგნებიდან ამომეკითხა. შესაბამისად, წიგნების კითხვა არასდროს მყვარებია, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, რომელზეც, ალბათ ერთ მშვენიერ დღესაც, იმედია საინტერესო წიგნს დავწერ. კარიერულ გამოცდილებას რაც შეეხება, ჩემი პირველი სამსახური მეცხრე კლასში, ე.წ. "ელიავას ბაზრობაზე" იყო, როდესაც აფთიაქში გამაგზავნეს წამლების სიით და 100-ლარიანით, მე კიდევ შემთხვევით, ფურცლის მაგივრად, 100 ლარი მოვისროლე და აფთიაქში გავიაზრე ყველაფერი. შინ ცარიელი მივედი და მამაჩემისგან ფულის ფასის სწავლების ხერხი იყო ასეთი − შუა ზაფხულში, როდესაც თანატოლები სტადიონზე დარბოდნენ, მე "ელიავაზე" ფიცრებს ვეზიდებოდი 4 დღე, მაგრამ წახალისების მიზნით, მშობლებმა ფული არ გამომართვეს და 100 ლარზე მეტიც დამრჩა. ისე მომეწონა საკუთარი თანხის ხარჯვა, რომ მომავალში 200 ლარის დაკარგვას ვგეგმავდი. ძირითადი სამუშაო გამოცდილება რეპეტიტორობითა და საკუთარი სტარტაპით მივიღე, რომელიც 2014-2016 წლებში, ჩემს მეგობარ ირაკლი გეწაძესთან ერთად დავიწყე. საკმაოდ წარმატებული იყო ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი შეხვედრა მქონდა კომპანიის დირექტორებთან და ბევრი საინტერესო გამოწვევა იყო.

თქვენი სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებდით? რომელი საგნები გაინტერესებდათ? რაიმე საინტერესოს ხომ ვერ გაიხსენებდით ამ პერიოდთან დაკავშირებით?
პირველიდან მეხუთე კლასამდე, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი და ათოსანიც ვიყავი. სკოლაში რომ შეხვიდოდით, კედელზე სხვა წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად ჩემი ფოტოც ეკიდა და მოკლედ, ძალიან მიყვარდა სწავლა. მეექვსე კლასში სკოლა შევიცვალე, თან გარდატეხის ასაკში ვიყავი, გოგო შემიყვარდა, უბანში სხვა სანაცნობო წრე გავიჩინე და სწავლას თავი დავანებე. მუდამ გარეთ დავრბოდი, "უბნურ ამბებზე". ჩემი მშობლებისთვის, რა თქმა უნდა, ეს შოკი იყო და სასწრაფოდ დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა. საბოლოოდ, "კომაროვის" სკოლაში გადავედი, სადაც სულ სხვა სოციუმში მოვხვდი, სულ სხვა ინტერესის ადამიანებთან, და თავდაპირველად ძალიან მიჭირდა. ერთი წელი რაღაცნაირად გავძელი, მაგრამ მერვე კლასში კლასიდან კლასში გადამსვლელ გამოცდაში, მთელ სკოლაში ყველაზე დაბალი ქულა ავიღე. იმ დროისთვის უკვე ძალიან გაცელქებული ვიყავი, გართობის გარდა არაფერზე მეფიქრებოდა. ეს იყო მორიგი დარტყმა ჩემს ოჯახზე, ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავდნენ ყოველთვის ჩემზე, მაგრამ სამწუხაროდ, ამას თავის დროზე სწორად ვერ და არ ვაფასებდი, სხვა სისულელეებით ვიყავი გატაცებული.

სკოლიდან გარიცხვამ ჩემზეც ძალიან ცუდად იმოქმედა, ყველა დამცინოდა და სათქმელიც არაფერი მქონდა. ბოლოს მივხვდი, რომ თავის მართლებასა და წუწუნს აზრი არ ჰქონდა და 2010 წელს მთელი ჩემი ზაფხული მეცადინეობას დავუთმე, საკუთარი ტექნიკაც კი შევიმუშავე. რადგან ძალიან ზარმაცი ვიყავი და თავში არაფერი შემდიოდა სტანდარტული მეცადინეობით, შინ ასე დავაწესეთ: დღეში 3 საათი ყოველ დილით მეცადინეობა, 3 საათში რამდენ მაგალითსაც მოვასწრებდი, იმდენს ვაკეთებდი. დანარჩენ დროს გარეთ ბურთის გორაობაში ვატარებდი. თავდაპირველად ძალიან მიჭირდა 3 საათი უბრალოდ ჯდომა, მეცადინეობას მიჩვეული არ ვიყავი მაგრამ შემდეგ მივაგენი საინტერესო რამეს: თუ მაგალითებზე ფიქრს ვიწყებდი, 3 საათი უცებ, წამებში გადიოდა და 1 კვირაში იმდენად ჩვევაში გადამივიდა, რომ არანაირ ენერგიას აღარ ითხოვდა სწავლა. ბურთის გორაობით და გართობით უფრო ვიღლებოდი. საბოლოოდ, მივედი გამოცდაზე და უკვე ისე მქონდა გადაღეჭილი ყველაფერი, რომ ბილეთში შეცდომაც კი ვუპოვე. ზუსტად მახსოვდა თოფურიის ამოცანათა კრებულში რა ნომერი ამოცანა იყო. რამდენიმე კვირაში ჩარიცხულთა სიები გამოაკრეს სკოლის ეზოში და მეც, შემთხვევით არასწორ სიაში დავიწყე საკუთარი თავის ძებნა. ეს იმხელა დამარცხება იყო ჩემ თავთან, რომ წამში ყველაფერი დამენგრა, მთელი შინაგანი სამყარო. ეტყობა სახეზე კარგად დამეტყო ჩემი "გაბრწყინება" და ერთ-ერთმა მასწავლებელმა მომაძახა: "შუკაკიძე, დამიწყნარდი, მეცხრე კლასში ხარ უკვე, არასწორ სიას ამოწმებ". მეც გავიქეცი სხვა სიებთან, შეძვრა მამაჩემი ორას კაცში, დახედა ფურცელს და მაშინვე გამოვიდა აცრემლიანებული − თურმე პირველი ადგილი ამიღია, 40-დან 39.5 და ის ნახევარი ქულაც იმ შეცდომიან ამოცანაში დამაკლდა, ეტყობა თავში მქონდა ავარდნილი და მალე ვწერდი. იმის მერეც არ მისწავლია არაფერი. შესაძლოა სკოლაში ჭკვიანი ბავშვის რეპუტაცია მქონდა, მაგრამ ჩემი ქცევების გამო მასწავლებლებზე უკეთ მანდატურები მიცნობდნენ. სამაგიეროდ, შინ მქონდა ჩემი მშობლების სკოლა − ძალიან მკაცრად მამეცადინებდნენ. უბრალოდ, სკოლაში იმის მტკიცება, რომ რაღაც ვიცი, მეზარებოდა.

როდის გაგიტაცათ პროგრამირებამ? როგორ ისწავლეთ?
პროგრამირება ყოველთვის უცხოპლანეტელების საქმე მეგონა, რომელიც ჩემთვის საერთოდ არ იყო ახლოს. როდესაც თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, პირველსავე კურსზე გავდიოდი "ჯავას". მიუხედავად იმისა, რომ ეს საგანი დღემდე ვერ დავხურე, ლექტორმა პირველსავე ლექციაზე ხაზგასმით თქვა: "პროგრამირება მარტივია და ყველას შეუძლია ისწავლოს!" თითქოს არაფერი, მაგრამ ჩემზე ამ სიტყვებმა იმოქმედა და უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ჩემთვის პატარ-პატარა პროექტების კეთება დავიწყე. იქ სხვა ინჟინრები, ყველა ცოტ-ცოტას მასწავლიდა და ასე ჩაეყარა პატარა საფუძველი თურმე ჩემს მომავალ პროფესიას. ჩემთვის ამ დროს პროგრამირება უბრალოდ ახალი გასართობი იყო. უნივერსიტეტშიც გამოცდები მშობლების "თხოვნით" ჩავაბარე.

როგორ აღმოჩნდით ერთ-ერთ წარმატებულ საერთაშორისო IT-კომპანიაში?
ამ ისტორიების პარალელურად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ 12 წლიდან ალკოჰოლს ვეტანებოდი. ამისთვის, დამიჯერეთ, საკმარისი მიზეზები მქონდა. უბრალოდ, ყველაფერზე ლაპარაკი არ არის მარტივი. თავიდან ჩუმად, ისე, რომ მშობლები ვერ იგებდნენ, შემდეგ დღესასწაულებზეც, ბოლოს უკვე პრობლემებსაც გავურბოდი სიმთვრალით და ეს ჩვევა, როგორც ჩანს, ზრდასრულ ასაკშიც გამყვა. 2017 წელს ისე გამოვიდა, რომ ჯანმრთელობისა და კიდევ მრავალი პრობლემის გამო მომიწია უნივერსიტეტიდან წამოსვლა აკადემიური შვებულებით. უცებვე გავიაზრე, რომ ძალიან ცუდ გზაზე დავდექი, უკვე ვეღარ ვერთობოდი, ვერც ვსწავლობდი, უკან დასაბრუნებელი თანხა არ მქონდა, ხალისიც დავკარგე ყველაფრის და უფრო მოვუმატე სმას. პრობლემას პრობლემა ემატებოდა, ოჯახშიც დავღალე ყველა − ამდენი დახარჯული ენერგია და შედეგი 0, ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ კაპიკს აღარ გადაიხდიდნენ ჩემს სწავლა-განათლებაში და უკვე საკმარისი ასაკი მქონდა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. თუ დაბრუნება მინდოდა უნივერსიტეტში, ეს ჩემით უნდა მექნა. 3 წელი გავატარე ასე, ძირითადად რეპეტიტორობით ვირჩენდი თავს და ეგ იყო ამ დროის განმავლობაში ერთადერთი თერაპია ჩემთვის − ბავშვებთან მუშაობა და ურთიერთობა. რამდენიმე წელიწადში, გამიმართლა და შემხვდა აბიტურიენტი მოსწავლე − ნიკოლოზ ქავთარაძე, რომელმაც ჩემზე ბევრად კარგად იცოდა პროგრამირება. თავიდან ვემზადებოდით ეროვნული გამოცდებისთვის, მაგრამ პროცესში დავიწყეთ პატარა აპლიკაციის წერა, რომელიც შემდეგ რამდენიმე ადგილას გავყიდეთ კიდეც. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მოსწავლე მასწავლიდა პროგრამირებას და თანაც, პრაქტიკაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნიკამ მასწავლა, მომცა სტიმული და იმედი, რომ კიდევ ბევრი რამ გამომივა და მალევე ჩემი ბავშვობის მეგობრის − ნიკა კალატოზის რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა "თიბისი ბანკში". იქ პირველ დღესვე ძველ ცხოვრებას საბოლოოდ დაესვა წერტილი და დაიწყო ყველაფერი ახალი ფურცლიდან, უბრალოდ, ძველი გამოცდილებით. "თიბისიში" ძალიან გამიმართლა გუნდში და შეძენილ ნაცნობებში − უცებ შემაყვარეს თავი და ძალიან მეხმარებოდნენ ყველაფერში. ასე ტკბილად და ლამაზად გავატარე "თიბისიში" თითქმის წელიწადნახევარი და საბოლოოდ, შემოთავაზება საერთაშორისო კომპანიიდან მივიღე, სადაც ამ ეტაპზე არაჩვეულებრივ გადამზადებებს გავდივარ და საინტერესო გამოწვევებისთვის ვემზადები. სიმართლე გითხრათ, ჯერ თვითონ ვერ ვიაზრებ, ასე უცებ როგორ მოხდა ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, მოხდა და ყველაფერმა ცვლილება დაიწყო, როდესაც მე საკუთარი ცხოვრების რეჟიმი და სტილი შევცვალე.

როგორ ხედავთ თქვენს მომავალს საქართველოში? აპირებთ თუ არა საკუთარი კარიერის აქ გაგრძელებას?
სიმართლე გითხრათ, ამაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს. რასაკვირველია, მინდა მოვიარო რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა და მეტი გამოცდილება, სიახლე მივიღო ცხოვრებისგან, მაგრამ გამიხარდება, თუ ჩემი საქმით საკუთარ ქვეყანას რაიმეში მაინც წავადგები და რაიმეს შევცვლი უკეთესობისკენ. ვიცი, სხვა ქვეყნებში დიდხანს ვერ გავძლებ, ისე მიყვარს აქაური − კარგიც და ცუდიც, მაგრამ პირობას არ ვდებ, რომ მუდამ აქ ვიქნები.

სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმებზე საუბარი წინასწარ არ მიყვარს, სჯობს საქმემ აჩვენოს. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, მინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ.

რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
ვურჩევდი ყველას საკუთარ თავთან სიმტკიცეს. იყვნენ სამართლიანები საკუთარ თავთან და ყველა ცუდ სიტუაციაში ჯერ საკუთარ თავში ეძებონ პრობლემები, შემდეგ სხვებში და გარემოში. ვურჩევდი დაისახონ კონკრეტული მიზნები და შემდეგ დაიწყონ მოქმედება ამ მიზნების მისაღწევად! გაიხსენეთ, რაზე ოცნებობდით ბავშვობაში, გაიხსენეთ და "გეშინოდეთ თქვენი ოცნებების − ისინი შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ახდეს!"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი