Get All Access for $5/mo

გიორგი გახარია: "ანტრეპრენერული სულისკვეთება ის ძალაა, ის ენერგიაა, რომელმაც ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას"! ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრემიერმინისტრთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ზუსტად 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანელმა ეკონომისტმა კარლ შვაბმა დავოსის ეკონომიკური ფორუმი დააარსა და შვეიცარიის ეს პატარა ქალაქი მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრად აქცია. აქ ყოველი წლის დასაწყისში ჩამოდიან მსოფლიოს როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნესლიდერები და შეიძლება ითქვას, განსაზღვრავენ თანამედროვე და მომავალი მსოფლიოს დღის წესრიგს. 23 იანვარს ჟურნალი Entrepreneur დავოსში მყოფ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას ქართულ სახლში ესტუმრა, სადაც ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას.

მოგესალმებით, ბატონო გიორგი! დიდი მადლობა, რომ ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გამონახეთ დრო ჩვენთან ინტერვიუსთვის. დავიწყოთ დავოსით. საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში ეს თქვენი პირველი ვიზიტია. ვიცი, რომ გქონდათ ოცდაათამდე შეხვედრა მსოფლიოს წამყვან პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებთან. რა შედეგები შეიძლება გამოიღოს თქვენ მიერ ჩატარებულმა შეხვედრებმა საქართველოსთვის − როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში?

როგორც აღნიშნეთ, საიუბილეო ფორუმია. 50 წელი შესრულდა ფორუმის დაარსებიდან, რომელიც ყოველთვის საინტერესოა იმით, რომ კონცენტრირებულად, საკმაოდ ლიმიტირებულ დროსა და სივრცეში თავს იყრიან მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები − როგორც პოლიტიკოსები, ისე ბიზნესლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამით, დავოსი, რა თქმა უნდა, უნიკალურია. ტრადიცია, რომელსაც 2013 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ საქართველო ყოველ წელს არის წარმოდგენილი ასეთი მაღალი დონის ფორუმზე, ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩვენი შეხვედრები ორ ნაწილად იყოფოდა: პოლიტიკური და ბიზნესმიმართულების. პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ შევხვდით ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი. ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებს ვგულისხმობ. ყველას დავუფიქსირეთ ის ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაქვს 2020 წლისთვის.

მაგალითისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელს 10 წლის იუბილე სრულდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისიდან და შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებს ვუთხარით, რომ მიუხედავად საკმაოდ სერიოზული მიღწევებისა, რაც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ბევრი სხვა მიღწევა, მოვიდა დრო, შევიმუშავოთ შემდგომი გეგმა, რათა ჩვენს მოქალაქეებს ღიად და პირდაპირ ვუთხრათ, თუ რას ვაპირებთ ამ მიმართულებით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფება, რომელიც ასე ძლიერია ჩვენს ქვეყანაში, უახლოეს წლებში ამ გეგმის მიხედვით განხორციელდება.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით და ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან. მივიღეთ სრული მხარდაჭერა, ასევე ჩვენი მხრიდან დავუდასტურეთ საქართველოს ერთგულება პრინციპისა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს ამ კონფლიქტების გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია, იმ უსაფრთხოების კონტექსტში, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ევროკავშირისთვის, ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ საქართველო მზად არის, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში შეასრულოს ძალზე პასუხისმგებლიანი და აქტიური როლი.

ეს მოკლედ და კონცეპტუალურად პოლიტიკური ნაწილის შესახებ.

რაც შეეხება ბიზნესლიდერებთან შეხვედრას, აქაც საკმაოდ საინტერესო შედეგები გვაქვს. ჩვენ შევხვდით "კოკა-კოლას" ვიცეპრეზიდენტს, რომელმაც დაგვიდასტურა უაღრესად მაღალი ინტერესი საქართველოში წარმოების გაძლიერებით და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებით. ახალი წარმოება უკვე რეგიონულ მასშტაბს მიიღებს.

ასევე შევხვდით "სითი ბანკის" ვიცეპრეზიდენტს, რომლისგანაც გვინდოდა მოგვესმინა საქართველოს ფინანსური სისტემის, ფინანსური მდგრადობის შეფასება და გაგვეგო, საერთოდ როგორ უყურებს გლობალური კომპანია, გლობალური, ფინანსური ინსტიტუტი იმ ყველაფერს, რაც დღეს საქართველოში ხდება. გვაინტერესებდა, რამდენად მიმზიდველია მათთვის ჩვენი ქვეყანა. რა სფეროებში, რა სექტორებში ხედავენ თავის თავს საქართველოში, სად შეიძლება ჩვენი თანამშრომლობა...

შეხვედრები გვქონდა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებთან. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში მიმდინარეობს ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, რაც ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელმაც უკვე თავისთავად გამოიწვია საკმაოდ დიდი ინტერესი, მათ შორის ისეთი მსხვილი ენერგოკომპანიების, როგორიცაა მაგალითად, "სიმენსი". საერთოდ, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია განახლებად ენერგიასთან და განახლებადი ენერგიის გენერირებასთან, მეტად აქტუალურია დღეს. მოგეხსენებათ, ჩვენი ჰიდროპოტენციალი არის უაღრესად მაღალი − ისევე, როგორც ქარისა და მზის ენერგიის. ამ მიმართულებითაც გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები.

შევხვდით OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development) ხელმძღვანელს. მოგეხსენებათ, მარტში თბილისი უმასპინძლებს OECD-ის ევრაზიის კვირეულს. განვიხილეთ ამ ღონისძიებების მიმდინარეობა და როლი, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს OECD-სთან თანამშრომლობაში.

საერთოდ, ბიზნესის მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ეფექტური, კარგი და შედეგიანი შეხვედრები გვქონდა. დარწმუნებული ვარ, თბილისში გვექნება კიდევ იმის საშუალება, ყველაფერი უფრო დეტალურად განვიხილოთ...

ძალიან საინტერესო იყო გლობალური გამოწვევების ირგვლივ მსჯელობა. ევროკავშირი სერიოზულად რეფლექსირებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი როლი უნდა შეასრულოს მან გლობალურ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, თავად ამ პროცესში მონაწილეობის მიღება საქართველოსთვის უზომოდ მნიშვნელოვანია.

სწორედ გლობალურ პოლიტიკას, უფრო სწორად − გლობალურ ეკონომიკას უკავშირდება ჩემი მომდევნო შეკითხვაც. დავოსის ფორმატი, თავისთავად, როგორც თქვენც აღნიშნეთ, გლობალური პროცესების, გლობალური ეკონომიკის ტენდენციების განხილვას ეთმობა და მაინტერესებს თქვენი აზრი საქართველოს როლზე, საქართველოს ადგილზე გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში?

სწორად აღნიშნეთ – დღეს, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინტეგრაციის ხარისხის გაზრდა, უპირველესად − ევროკავშირის ბაზრებზე. ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ჩვენი ექსპორტის დივერსიფიცირებაა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი, ძლიერი ჩარჩო‑ხელშეკრულებები ევროკავშირთან, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური მიმართულებით, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომლის ეფექტურ განხორციელებასაც სჭირდება დამატებითი ნაბიჯები და ეს დამატებითი ნაბიჯები გახლავთ სწორედ ის მდგრადი, მყარი კავშირების შექმნა, რომელიც აუცილებელია, რათა მიღწევები, რომლებიც საქართველოს აქვს პოლიტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, სრულად გადმოვიტანოთ ეკონომიკაზეც.

სერიოზული განხილვები გვქონდა, მაგალითად ბულგარეთის ხელმძღვანელობასთან, თუ როგორ გამოვიყენოთ შავი ზღვა, როგორც ფანჯარა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა შემდეგი გახლავთ: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი საკანონმდებლო საფუძველი, არ გაგვაჩნია სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და ამ გამოწვევის გადალახვის ყველაზე მარტივი, ყველაზე სწრაფი და აუცილებელი მიმართულებაა ტრანსპორტში ინვესტირება, ტრანსპორტის განვითარება და სატრანსპორტო კავშირების დამყარება ევროკავშირთან − იქნება ეს საბორნე მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები თუ სარკინიგზო კავშირი – ეს არის საქართველოს უახლოესი წლების ყველაზე დიდი ამოცანა. ჩვენი ევროპელი კოლეგებიც გვეთანხმებიან, რომ ეს სტრატეგიული მიმართულებაა და ამას ექნება ძალიან დიდი ზეგავლენა ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე.

ჩემს მომდევნო კითხვას, რომელიც ექსპორტს ეხებოდა, ნაწილობრივ უკვე უპასუხეთ, მაგრამ მაინც მინდა დავუბრუნდეთ ამ თემას. უპირველესად, მინდოდა აღმენიშნა ის თავისთავად დადებითი ფაქტი, რომ ორი მიმართულებით, როგორიც არის ექსპორტი და ტურიზმი, საქართველოს აქვს, შეიძლება ითქვას, რეკორდული მაჩვენებლები 2019 წლის ბოლოსთვის. დავიწყოთ ექსპორტით: თუ არ ვცდები, 12.4 %-ით არის გაზრდილი ექსპორტის საერთო მოცულობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 13 %-ით სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, პრობლემად რჩება ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად ერთი და იგივე პროდუქციის ექსპორტირებას ვახდენთ და ვერ ვახერხებთ წარმოების დივერსიფიკაციას. რა უნდა გაკეთდეს რეალურად იმისათვის, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის პორტფელი კიდევ უფრო გაიზარდოს?

როგორც თქვენ ბრძანეთ, ექსპორტი გვეზრდება და სავაჭრო ბალანსიც გაუმჯობესებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით იმაში, რომ ჩვენი გამოწვევა გახლავთ დივერსიფიცირება არა მხოლოდ ბაზრების, არამედ წარმოებისაც. აქ ყველაზე დიდი გამოწვევა წარმოების სტანდარტიზაციაა, რასაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, იგივე ჩვენი კოლეგების, ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარებით უნდა მივაღწიოთ.

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ბევრ დარგში გვაქვს ინდუსტრიალიზაციის პრობლემა. ამიტომ არის, რომ ჩვენი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ხედავენ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ გამოწვევებსაც ზედმიწევნით აფასებენ, ხვდებიან, რომ კიდევ დიდი შრომა მოუწევთ, მაგალითად, ევროკავშირის ბაზრის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. ამას ცოტა მეტი დრო, ცოტა მეტი ცოდნა სჭირდება, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად, ტრენდი არის მზარდი და ტრენდი არის პოზიტიური.

ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ერთობლივ საწარმოებს. მაგალითად, დღეს დავოსში შეხვედრა გვქონდა ერთ-ერთ ადგილობრივ შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელმაც უკვე შეიძინა საქართველოში 650 ჰექტარი მიწა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოიყვანოს თხილი, საბოლოო პროდუქტი კი კვლავ შვეიცარიაში აწარმოოოს.

მსგავსი ერთობლივი პროექტები, ერთობლივი წარმოებები, ერთობლივი კომპანიები არის ის ყველაზე სწრაფი საშუალება, რომ ჩვენმა მწარმოებლებმა, ჩვენმა საშუალო ბიზნესმა, რაც შეიძლება მალე დააკმაყოფილოს ეს სტანდარტი. ჩვენ აუცილებლად მივეხმარებით ჩვენს საშუალო ბიზნესს, რომ ეს ინტეგრირება, ტრანსპორტირება, კავშირგაბმულობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ და დავაკავშიროთ ევროპის ბაზარს. საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ საქართველოში მწარმოებლებმა დამატებითი დაბეგვრის გარეშე გაიტანონ თავიანთი პროდუქტი ევროპულ ბაზრებზე და არა მხოლოდ ევროპის ბაზრებზე, უკვე არსებობს. გვჭირდება ცოტა უფრო მეტი კონცენტრირებული შრომა, ცოტა უფრო მეტი კონცენტრირებული ცოდნა და რა თქმა უნდა, გაცილები მეტი ერთობლივი პროექტები.

მცირე და საშუალო ბიზნესის თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ინტერვიუს ბოლოსკენ, თუმცა იქამდე ჩემ მიერ ნახსენებ რეკორდულ მაჩვენებელთა შორის, ტურიზმის თემას მინდა შევეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ზაფხული იყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ტურიზმის სექტორმა სახელმწიფოს მხარდაჭერით მაინც გაზრდილი მაჩვენებლებით დაასრულა წელიწადი. თუ არ ვცდები, გასულ წელთან შედარებით, 7,8 %-იანი ზრდა დაფიქსირდა და ჯამში, წელი დავასრულეთ 9,3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის მიღებით საქართველოში. ეს, თავისთავად, მისასალმებელი პროგრესია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ტურისტული ბიზნესი მაინც უჩივის შემოსავლების ნაკლებობას. თქვენ, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელსაც არაერთხელ დაგიფიქსირებიათ, რომ ტურიზმი ნამდვილად არის პრიორიტეტული დარგი, რა გზავნილს გაუგზავნიდით ტურისტულ ინდუსტრიას, ტურისტულ ბიზნესს ამჯერად უკვე 2020 წლისთვის?

გზავნილები არის ძალიან მარტივი და მკაფიო. ტურიზმი დღეს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ეს ის შემთხვევაა, სადაც ასევე გვესაჭიროება დივერსიფიკაცია − როგორც ტურისტული პროდუქტების, ასევე ბაზრების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ ტურიზმს აქვს ძალზე მაღალი გადაცემის ძალა ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ კონცენტრირებულად მუშაობას ტურიზმის მიმართულებით − იქნება ეს პირდაპირი ფრენების გაზრდა მიზნობრივ ბაზრებთან, თუ მარკეტინგული აქტივობის, ქართული ტურისტული პროდუქტის ცნობადობის კიდევ უფრო მატება.

აქ ბევრია სამუშაო, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს − 2020 წელს ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი რამ, რაც მოხდა შარშან ზაფხულში, რამაც სერიოზული ზეგავლენა იქონია ტურისტულ ნაკადებზე, არ განმეორდეს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ პოლიტიკაც და ვაკეთოთ ბიზნესიც ისე, რომ ერთის ზემოქმედების ხარისხი მეორეზე უარყოფითი და ნეგატიური არ იყოს. ამისათვის გვჭირდება დარგის წარმომადგენლებისა და მთავრობის კოორდინირებული, კონცენტრირებული მუშაობა.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტზე. გარდა იმისა, რომ დავოსი, როგორც ვახსენეთ, არის პოლიტიკური და ეკონომიკური შეხვედრების ცენტრი, უპირველესად, სამთო კურორტია და ამიტომაც, თუმცა არა მხოლოდ ამიტომ, ლოგიკური იქნება შეკითხვა იმ ერთგვარი პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც სულ ახლახან გვქონდა საქართველოს მთის კურორტებზე − ვგულისხმობ წყლის მიწოდების შეფერხებებს. რატომ მოხდა ეს? რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ არ მომხდარიყო? როგორია თქვენი, როგორც პრემიერმინისტრის, ხედვა მთის კურორტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ არის საჭირო არა მხოლოდ თემატური და პერიოდული, არამედ უფრო მჭიდრო და რეგულარული კოორდინაცია სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რომ ამ ტიპის პრობლემები მომავალში თავიდან იქნას აცილებული?

სინამდვილეში, უნდა ვთქვათ, რომ ამას თავისი გამომწვევი მიზეზები ჰქონდა, თუმცა იმის თქმაც აუცილებელია, რომ თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. საერთოდ, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა და პრობლემა ტურისტული ლოკაციების, ტურისტული ქალაქების მართვის თვალსაზრისით. აქ არის გარკვეული არევა – ადგილობრივი ხელისუფლება, ეკონომიკის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების სააგენტო, ტურიზმის ადმინისტრაცია – ყველა თავის ფუნქციას ასრულებს, თუმცა აქ ცოტა კოორდინაციის პრობლემაა, რაც აშკარად გამოჩნდა ბაკურიანისა და გუდაურის მაგალითით, სამწუხარო მაგალითით.

ჩვენ უკვე გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, მსგავს ზონებში მენეჯმენტკომპანიების შესაქმნელად. აქ უნდა იყოს კოორდინირებული, კონცენტრირებული მუშაობა და საერთოდ, უნდა არსებობდეს ერთი გენერალური მენეჯერი, რომელიც მართავს მთლიანად საკურორტო ზონას, კურორტს.

კურორტი რთული მექანიზმია, ეს არის უზომოდ რთული ბიზნესპროცესი, სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული სექტორალური მიმართულებით, ამიტომ მომავალში, როდესაც მსგავსი რაოდენობით, მსგავსი დინამიკით გვაქვს ტურისტული ნაკადების ზრდა, მაგალითად, როგორიც ბაკურიანში და გუდაურშია, უბრალოდ შეუძლებელი იქნება, ჩვენ თუ არ გავაჩინეთ ასეთი ვერტიკალი, რომელიც, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს და პატივს სცემს ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობის კომპეტენციებს. მაგრამ ამავე დროს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ქვეყნის სახე, ეს ქვეყნის ბრენდინგია და თითოეულ შეცდომას, ისეთს, როგორიც სამწუხაროდ მოხდა გუდაურსა თუ ბაკურიანში, აქვს სერიოზული ზეგავლენა საერთოდ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე და ტურიზმის განვითარებაზე. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ პარლამენტს და მომავალ სეზონს ჩვენ შევხვდებით უკვე ამ ზონების მენეჯმენტის ახალი, ეფექტური სქემით.

ეს ერთი, და მეორე – სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ მოძველებული ინფრასტრუქტურა გვაქვს. საკმაოდ სერიოზული, ასე ვთქვათ, დისბალანსია მაგალითად, გუდაურში ახალი სასტუმროების მშენებლობის ტემპსა და ინფრასტრუქტურულ ჩამორჩენაში. ამანაც თავისი გარკვეული როლი შეასრულა, მაგალითად, გუდაურის შემთხვევაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველივე ამის მოგვარება შესაძლებელი იყო, ეს ყველაფერი გახლდათ პროგნოზირებადი და ეს არ უნდა მომხდარიყო. შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. ნაწილობრივ უკვე იყო მიღებული, მაგრამ ეს გაგრძელდება და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი ტურისტული ცენტრების მართვის მექანიზმი აუცილებლად შეიცვლება.

ამ ინიციატივის შესახებ არ ვიცოდი. მადლობა, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლე სწორედ ჩვენთან ინტერვიუში გააჟღერეთ. შემდეგი კითხვა უკვე ცოდნის ეკონომიკას ეხება – უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო ირჩევს განვითარების მოდელად ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. გასაგებია ისიც, რომ საქართველოსთვის, შესაძლოა ცოტა ადრე იყოს ამაზე საუბარი, თუმცა გვინდა გვესმოდეს თქვენი ხედვა, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ზოგადად ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელი ისეთი ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც მაგალითად საქართველოა?

მართალი ბრძანდებით იმაში, რომ ცოდნის ეკონომიკა ხვალინდელი დღეა. ჩვენ დღეს თუ არ დავიწყებთ, ჩვენი ახალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდები გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობას უბრალოდ ვერ მიიღებენ, ისინი აქტუალური თანამედროვე ტრენდების მიღმა დარჩებიან, რაც არ უნდა დავუშვათ, რადგან ჩვენს მომავალ თაობაზე, საკუთარ შვილებზე ვსაუბრობთ.

სწორედ ამ პრობლემის დანახვისა და გააზრების შედეგად დავიწყეთ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ცოდნის ეკონომიკასთან. შეუძლებელია, ვისაუბროთ საქართველოში ცოდნის ეკონომიკის განვითარებაზე, სანამ განათლების სისტემაში არ გავატარებთ შესაბამის რეფორმას − უპირველეს ყოვლისა, საშუალო განათლების, პროფესიული განათლების და შემდგომ უმაღლესი განათლების.

სწორედ ამიტომ არის განათლების რეფორმა დღეს ნომერი პირველი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი რეფორმები, ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერ ქვეყნებში, წლების განმავლობაში ტარდება. ეს არ არის რეფორმა, რომლის საბოლოო შედეგებს ჩვენ დავინახავთ ერთ, ორ, სამ ან ხუთ წელიწადში, მაგრამ საჭიროა გვესმოდეს, რომ პროგრესი ყოველწლიურად თვალსაჩინო უნდა იყოს.

რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ, რასაც უპირველესად დავინახავთ, ეს იქნება რეფორმა საშუალო განათლებაში − ძირითადად, სასკოლო ინფრასტრუქტურის, სკოლის მასწავლებლების და, საერთოდ, სკოლაში აღზრდისა და პედაგოგიკის პრინციპების ცვლილება. შემდგომ, რა თქმა უნდა, პროფესიულ განათლებაში, სადაც ყველაზე დიდი გამოწვევა და ამოცანა იქნება შრომის ბაზარზე განათლების სისტემის მიერ მიწოდების დისბალანსის აღმოფხვრა. შემდგომ, უკვე უმაღლეს განათლებაში, სადაც, რა თქმა უნდა, საბუნებისმეტყველო, ისევე როგორც, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, საკმაოდ სერიოზული პრობლემები გვაქვს, რაც აუცილებლად სასწრაფოდ არის მისახედი. უახლოეს პერიოდში საზოგადოებას განათლების რეფორმის კონკრეტულ გეგმას გავაცნობთ.

ბოლო შეკითხვა ცოდნის ეკონომიკის თემის ერთგვარი გაგრძელებაა და ეხება სტარტაპ-ეკოსისტემას. მე, როგორც ჟურნალ Entrepreneur-ის რედაქტორს, არ შემეძლო, ეს შანსი ხელიდან გამეშვა და პრემიერმინისტრთან ამ საკითხზე არ მესაუბრა. დავოსის ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, თქვენ გამონახეთ დრო და დაესწარით ახალი ქართული სტარტაპის − Vault Wines-ის მიერ გამართულ პრეზენტაციას პოტენციური ინვესტორებისთვის. გასაგებია, რომ ეს არის თქვენი მხრიდან მათი მხარდაჭერისა და წახალისების ერთგვარი სიმბოლური ჟესტი, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა მე პირადად მინდა მქონდეს იმედი, რომ გარდა სიმბოლური ჟესტისა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ მომავალშიც აპირებთ კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმას იმისათვის, რათა საქართველო რეალურად იქცეს ანტრეპრენერული სულისკვეთების მქონე ქვეყნად და რაც მთავარია, ძირითადი პრობლემა – უმუშევრობა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ იქნას გადაჭრილი.

საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილებია. ანტრეპრენერული სულისკვეთება ის ძალა და ენერგიაა, რომელმაც ეს ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას. ახალგაზრდები, რომლებიც სტარტაპის ფორმატში იწყებენ საქმიანობას, დგამენ პირველ ნაბიჯებს, არის მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ისინი ყველაზე მეტ დახმარებას საჭიროებენ!

ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც უკვე დაგროვილი აქვს შესაბამისი ცოდნა და მზად არის საკუთარ ცხოვრებაზე, ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობა აიღოს, დგამს პირველ ნაბიჯებს, რაშიც სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ!

ბევრი მათგანი, რომელიც წარმატებას მიაღწევს ამ გზაზე, შემდგომ უკვე ამ სულისკვეთების, ანტრეპრენერული სულისკვეთების ხარჯზე, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და დაასაქმებს თავის მეზობელს, მეგობარს და კიდევ ბევრ ადამიანს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, დღეს ეკონომიკურად საკმაოდ სუსტ სახელმწიფოში ვხოვრობთ. წლები დასჭირდება საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას და ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი მიზანი ამ გზაზე უნდა იყოს ფუნქციების სწორად განაწილება − კერძო ინიციატივას, რომელსაც ანტრეპრენერული სულისკვეთება ჰქვია, და სახელმწიფოს შორის. ჩვენ თუ აქ ერთმანეთს დავეხმარეთ, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, რომელსაც გვინდა მივაღწიოთ, მივაღწევთ ორჯერ უფრო სწრაფად!

სახელმწიფოს აქვს თავისი პასუხისმგებლობის ზონა. მან უნდა შექმნას სრული ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ წარმატებულ, ენერგიულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, თავის თავზე და შემდგომ სხვა ადამიანებზეც აიღონ პასუხისმგებლობა და შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები, სრული მხარდაჭერა ჰქონდეთ.

ისევე, როგორც ჩვენ სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, და ასე ვაკეთებთ კიდეც, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. როგორც ჩვენ აქ ვნახეთ, ეს სტარტაპიც იყო საერთაშორისო – ქართველებისა და უცხოელების, ასე ვთქვათ, ერთობლივი ცოდნის, კოლეგიალობის პროდუქტი – გლობალური პროდუქტი, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ორიენტირებული. ეს ხვალინდელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ის ხალხია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, სურს და არ ეშინია, ჯერ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და შემდეგ მის გარშემო საზოგადოებაზე. საბოლოოდ კი, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც პასუხისმგებლობა ქვეყანაზეც უნდა აიღონ.

დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, საინტერესო საუბრისთვის! ჟურნალ Entrepreneur-ის ეგიდით ხშირად ვატარებთ შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში, თანამედროვე ქართველ ანტრეპრენერებთან, სტარტაპერებთან, და მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ასე ვთქვათ პირობა ავიღო თქვენგან, რომ უახლოეს მომავალში, როგორც გექნებათ საშუალება დროის თვალსაზრისით, რომელიღაც ასეთ შეხვედრაზე გვესტუმროთ, შეხვდეთ თანამედროვე ქართველ ანტრეპრენერებს და ესაუბროთ თქვენს ხედვებსა და გეგმებზე.

მზად ვარ! როცა დამიძახებთ, მაშინ დავესწრები.

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

დევოპსი (DevOps) - მომავლის პროფესია

დევოპსი - კულტურის, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ის ნაკრებია, რომელიც ორგანიზაციებს გამორჩეულ მოქნილობასა და საკუთარი სერვისების მომხმარებლებისთვის სხარტად მიწოდების შესაძლებობას სძენს