გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი? ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სპენსერ ჯონსონი მოაზროვნე და ბესტსელერების ავტორია. მას კენეტ ბლანშართან ერთად შემუშავებული აქვს მსოფლიოში აღიარებული მართვის მოდელი, რომელიც მის ერთ-ერთ ბესტსელერში - The Last Minute Manager-შია აღწერილი. დოქტორი ჯონსონი ცნობილი იყო უნარით, გადაეჭრა კომპლექსური საკითხები უმარტივესი პრაქტიკული ხერხებით. სწორედ ამგვარი სიმარტივით აღწერს ღრმა ჭეშმარიტებებს წიგნში "რა იქნა ჩემი ყველი?"
რა იქნა ჩემი ყველი?
ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ. მასში მოთხრობილია "ლაბირინთში" განვითარებული ამბავი ცვლილებაზე, რომელშიც ოთხი პერსონაჟი მონაწილეობს. მათ საერთო მიზანი ამოძრავებთ - იპოვნონ "ყველი", რაც მათი საკვებისა და ბედნიერების წყაროა. "ყველი" წარმოადგენს მეტაფორას იმისა, რაც ცხოვრებაში გვსურს - სამსახური, ჰარმონიული ურთიერთობები და ნებისმიერი სხვა რამ. "ლაბირინთი" კი სივრცეა, სადაც სასურველის ძიებაში ვატარებთ დროს.
მოულოდნელად, ამბის პერსონაჟები ცვლილების წინაშე აღმოჩნდებიან, რაზეც თითოეული მათგანი განსხვავებულად რეაგირებს. საბოლოოდ, ერთ-ერთი მათგანი მიაგნებს გამოსავალს - ცვლილებას წარმატებით უმკლავდება და საკუთარი გამოცდილებით მიღებულ ცოდნას ლაბირინთის კედლებზე ინიშნავს.
"ვაუ ახალ ყველს ჭამდა და თან მიღებულ გაკვეთილზე ფიქრობდა. მიხვდა - როცა ცვლილების ეშინოდა, ებღაუჭებოდა ძველი ყველის ილუზიას, რომელიც უკვე აღარ არსებობდა...მან ისწავლა, რომ საკუთარი თავის შეცვლის უსწრაფესი გზაა, გაიცინო შენს უგუნურობაზე, შემდეგ ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარო და თავიდან დაიწყო"
მართალია, ადამიანებს წარმატებისა და ბედნიერების აღქმის ინდივიდუალური ფორმულა გვაქვს, თუმცა, წიგნის უნივერსალური შინაარსი აუცილებლად შეგძენთ რაიმე ახალსა და სასარგებლოს და დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ცვლილებებთან გამკლავებაში, როგორიც არ უნდა იყოს წარმატების თქვენეული გაგება.
გახსოვდეთ - მიჰყევით ყველს!