Get All Access for $5/mo

"გუდ ფუდ ქეითერინგი" - მარიამ ტუღუშის ანტრეპრენერული თავგადასავალი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარიამ ტუღუშისთვის კულინარიისა და ღონისძიებების ორგანიზება დიდხანს იყო მხოლოდ ჰობი. როგორც იხსენებს, დაბადების დღეებს, შვილების ექსკურსიებსა თუ სხვა მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის თავად ამზადებდა. ფიქრის შემდეგ კი მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ საქმე, რომელიც ასე კარგად გამოსდიოდა, შემოსავლის წყაროდ უნდა გარდაექმნა.

ასე გაჩნდა "გუდ ფუდ ქეითერინგი" − ბიზნესი კვების სერვისით უზრუნველყოფს ბევრ დიდ თუ მცირე ღონისძიებას: დაბადების დღეებს, კონფერენციებს, ივენთებზე შესვენებებს, ლანჩსა და თუ სხვას.

"ყოველთვის მომწონდა კეთება და ცხობა, თუმცა არასდროს მქონია იმის ამბიცია, რომ ოჯახს და ახლობლებს გაცდებოდა ჩემი მომზადებული საკვები".

ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ბიზნესის დაწყებისას გამბედაობას ასახელებს. მარიამი ფიქრობს, რომ ბიზნესის დაწყება ყოველთვის მოითხოვს გაბედულობასა და სიმამაცეს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შეთავაზებულ სერვისზე მოთხოვნა ყოველთვის არის, სწორი ბიზნესმოდელის აწყობა და კონკურენტულ ბაზარზე შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

"როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, ყველაფერი თავისით დალაგდა. ფეხდაფეხ მივყვები კლიენტის მოთხოვნებს და ვვითარდები. ვცდილობ სხვებისგან განსხვავებული ვიყო, განსხვავებული პროდუქცია შევთავაზო ჩემს კლიენტს. ასევე დიდ დროს ვუთმობ სუფრის გაფორმებას, რაც არანაკლებ მსიამოვნებს", − გვიყვება ის.

მარიამი ამბობს, რომ ყოველდღიურად სწავლობს და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. მთავარი კი, რაც ბიზნესის დაწყებამ ასწავლა, ძალიან მარტივი ჭეშმარიტება აღმოჩნდა − უნდა აკეთო ის, რაც გაბედნიერებს.

სხვებსაც სწორედ ამ რჩევას აძლევს − იპოვონ საქმე, რის კეთებაც სიხარულს ანიჭებთ და არ შეუშინდნენ შესაძლო წინაღობებს.

"ვურჩევდი ყველას, გარისკონ და გადადგან ნაბიჯი. არ შეუშინდნენ მარცხს. რაც გულით გინდა და მოგწონს, აუცილებლად გამოგივა", − ამბობს ანტრეპრენერი.

ინსპირაციაზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორს უსვამს ხაზს. მისთვის მოტივატორები არიან ადამიანები, რომლებიც რისკავენ − დამწყები ბიზნესმენები, რომლებსაც არ შეეშინდათ და გარისკეს, შედეგად კი წარმატებას მიაღწიეს.

როგორც მარიამ ტუღუში გვიყვება, მთავარი ინსპირაცია მისთვის ოჯახია − მათი მხარში დგომა და გაწეული დახმარება. ამბობს იმასაც, რომ შვილების მხრიდან გამოწვდილი ხელი ძალიან აბედნიერებს.

"ჩემი უფროსი შვილები დასაქმებულები არიან ჩემთან. თავისუფლები თუ არიან, აუცილებლად მომყვებიან ფურშეტზე, ჩემთან ერთად აწყობენ და აკეთებენ საქმეს".

"გუდ ფუდ ქეითერინგის" სამომავლო გეგმებზე საუბრისას მარიამი ხაზს უსვამს, რომ მისთვის მთავარი მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულობაა. სურს, მომხმარებლებს ყოველდღიურად გაუმჯობესებულ სერვისს სთავაზობდეს და ულამაზებდეს მნიშვნელოვან დღეებს.

როგორც წარმატებაზე ორიენტირებული ბიზნესის მფლობელი, მარიამიც ფიქრობს გაფართოებაზე და წინსვლაზე.

"მსურს გავფართოვდე, დავასაქმო ადამიანები. ვაპირებ, ხარისხი შევინარჩუნო და ყოველ ჯერზე ჩემს მომხმარებლებს სიახლე შევთავაზო".

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე