HR და ციფრული ტრანსფორმაცია - მაგისტრის ხარისხი ერთ წელიწადში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს უნივერსიტეტი (UG) HR პროფესიონალებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს - ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის აღმასრულებელ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მიღება დაიწყო. პროგრამა HR-ის სწავლების სფეროში ემყარება ინოვაციურ მიდგომებსა და დასავლურ სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც HR წარმოადგენს არა მარტო ადამიანური კაპიტალის მართვას, არამედ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და ციფრული სისტემების ეფექტიან გამოყენებას.

ინოვაციური პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკონკურენტუნარიანი, ციფრული უნარებისა და ბიზნეს ხედვის მქონე HR ლიდერები, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ.

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ არის, საჭიროა მხოლოდ პროფესიულ სფეროში 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება. ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

პროგრამის უპირატესობებსა და ამოცანებზე, ასევე, საქართველოში HR მიმართულებით სწავლებისას არსებული გამოწვევების პირობებში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე, HR და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, მარიამ ჯანჯარია გვესაუბრა.

- მარიამ, თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ამ პროგრამას სხვა უნივერსიტეტების HR პროგრამებისგან და რა არის მისი უპირატესობა?

ეს პროგრამა უნიკალურია, რადგან იგი არა მხოლოდ ტრადიციულ HR მიმართულებებს მოიცავს, არამედ აერთიანებს ციფრული ტრანსფორმაციის კომპონენტს და HR-ზე, როგორც მენეჯმენტზე აკეთებს აქცენტს, რაც თანამედროვე HR მენეჯერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის დასავლური მოდელის პროგრამა, სადაც HR ბიზნესის განუყოფელი ნაწილია და არაა ტრადიციულად ფსიქოლოგიასთან ასოცირებული. ჩვენი პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს ისეთი კომპეტენციები, რომელიც მისცემს ბიზნესის ხედვის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების, ორგანიზაციული განვითარებისა და ციფრული სისტემების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას. პროგრამის უპირატესობებს შორისაა ციფრული კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირება, ინტერაქტიული სწავლება, ასევე, კარიერული მხარდაჭერა, რაც HR ინდუსტრიის ლიდერებთან კომუნიკაციის, პროფესიულ ქსელებში ჩართვისა და კარიერული კონსულტაციების მიღების შესაძლებლობაში გამოიხატება. პროგრამის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ინტენსიური ხასიათია – ერთი წლის განმავლობაში სტუდენტები იღებენ კომპაქტურ, მაგრამ მაღალპრაქტიკულ განათლებას, რომელიც მათ სწრაფად აძლევს შრომის ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას.

- მარიამ, რა გამოწვევები არსებობს დღეს საქართველოში HR მიმართულებით სწავლებისას და საქართველოს უნივერსიტეტის აღნიშნული პროგრამა რამდენად პასუხობს ამ გამოწვევებს?

საქართველოს HR სფეროსთვის დიდი გამოწვევაა, რომ ბევრ კომპანიაში HR კვლავ მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს და ნაკლებად არის ჩართული სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში. ამავდროულად, HR ტექნოლოგიების გამოყენება ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება არც ისე გავრცელებული პრაქტიკაა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ვფიქრობ, მაინც საბჭოთა წარსულიდან გამოყოლილი მსოფლმხედველობრივი საკითხი და დამოუკიდებელ საქართველოშიც შენარჩუნებული ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც კადრების განყოფილებებისთვის ჯერ კიდევ უცხოა ტალანტების მართვასთან დაკავშირებული სტრატეგიული და ანალიტიკური ფუნქციები, სადაც HR მენეჯერი გამოდის თანამშრომლებზე მზრუნველ პირად, რომელიც ცდილობს მათი შრომის პირობებისა და სოციალურ-ფსიქოლოგიური გარემოს სრულყოფას. ასეთი მენეჯერის თანამდებობრივი სტატუსი საკმაოდ დაბალია. HR-ის სწავლების მთავარი გამოწვევაც ეს არის, რომ ის გამოვიდეს ფსიქოლოგისა და ადვოკატის როლიდან და ავიდეს სტრატეგიულ სიმაღლეზე. ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ სტუდენტებს ვასწავლით HR-ს, როგორც სტრატეგიულ ბიზნესფუნქციას და არა უბრალოდ ადმინისტრაციულ პროცესს და ვამზადებთ ბიზნეს-მაინდსეტის მქონე HR ლიდერებს, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით შეძლებენ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას".

აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლება 10 საგანი, რომლებსაც საერთაშორისო და ადგილობრივი ტოპ HR პრაქტიკოსები დ ტექნოლოგიების ექსპერტები გაუძღვებიან. მათ შორის არიან HR კონსულტანტი და ტრენერი თეონა ბაღათურია და "სელფი მობაილის" პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი ლელა სალაყაია, რომლებიც გაუძღვებიან საგნებს - "ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომელთა მოტივაცია" და "HR ანალიტიკა". ისინი მომავალი HR ლიდერებისთვის ორგანიზაციული კულტურის, მოტივაციისა და ანალიტიკის მნიშვნელობაზე გვესაუბრნენ.

თეონა ბაღათურია: მე ვასწავლი ორგანიზაციულ კულტურასა და თანამშრომელთა მოტივაციას. ჩემი მიზანია, სტუდენტებს გავუზიარო, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურა ორგანიზაციაში, რადგან სწორედ კულტურა განაპირობებს ლიდერობასა და მართვის სტილს, ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას, მთლიანი ორგანიზაციის ბიზნესპროცესებსა და პოლიტიკას, თანამშრომელთა მოზიდვას, შერჩევას და მათ შენარჩუნებას, თანამშრომელთა მიკუთვნებულობასა და ლოიალობას, ქცევის წესებს, კომპენსაციის და დამატებითი სარგებლის (ბენეფიტი) პაკეტებს, შიდა და გარე კომუნიკაციას, სამოტივაციო და უკუკავშირის სისტემებს, სწავლების, განვითარების, კეთილდღეობისა და წახალისების პროგრამებს მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიის ასპექტების გათვალისწინებით. დიდი სურვილი მაქვს, სტუდენტებმა გაითავისონ, რომ ადამიანზე ორიენტირებული კულტურა უზრუნველყოფს დამსაქმებლის კარგ რეპუტაციას, ჯანსაღ გარემოს, სასურველობას შრომის ბაზარზე, რაც, საბოლოოდ, მონეტიზდება და კომპანიისთვის ფინანსურ დოვლათს ქმნის. ვცდილობ, სტუდენტებს დავანახო, რომ მოტივირებული თანამშრომელი ორგანიზაციაში კლიმატს აჯანსაღებს, გუნდს პოზიტიურ ემოციებს გადასდებს, ბრენდის ელჩის როლსაც კი ასრულებს საზოგადოებაში. ვფიქრობ, ჩემი და პროგრამის სხვა საგნებიდან მიღებული ცოდნა სტუდენტებს განსხვავებულ, თანამედროვე გამოწვევებზე მორგებულ მიდგომებსა და ხედვას ჩამოუყალიბებს, მიღებული ცოდნისა და ადამიანური მიდგომების სინთეზი მათ სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ და ეს მათი კონკურენტული უპირატესობა იქნება.

ლელა სალაყაია: ადამიანური კაპიტალის და ციფრული ტრანსფორმაციის აღმასრულებელი მაგისტრის პროგრამაზე ვასწავლი HR ანალიტიკას, რომელიც მომავალ HR სპეციალისტებს საშუალებას მისცემს შეიძინონ მნიშვნელოვანი ანალიტიკური უნარები, რაც აუცილებელია ციფრულ ეპოქაში. ამ კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის პროცესებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ეფექტურად მართონ კომპანიის HR პროცესები და, რაც მთავარია, მიიღონ რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

თუ გსურთ, გახდეთ მომავალი HR ლიდერი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და აქვს უნარი წარმატებით განახორიელოს ციფრული ტრანფორმაცია, ეს პროგრამა თქვენთვისაა. სწავლა გაზაფხულიდან იწყება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს.