Get All Access for $5/mo

იდეათეკა - მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე საქართველოს ბანკისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

არაფორმალური განათლება, ძირითადი სასწავლო პროგრამის მიღმა მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოსთან მარტივი ადაპტაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და ამ მიმართულების ხელშეწყობის მიზნით, "საქართველოს ბანკმა" 2019 წელს "იდეათეკა" − მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების კონცეფციის მქონე პროექტი წამოიწყო, რომელიც საზღვრისპირა სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალაქებში არსებულ საჯარო სკოლებში, საგანმანათლებლო სივრცეების გახსნას გულისხმობს.

"იდეათეკისა" და ზოგადად, "საქართველოს ბანკის" კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ Entrepreneur "საქართველოს ბანკის" CSR-მიმართულების ხელმძღვანელს, თამარ გოჩაშვილს ესაუბრა.

გვიამბეთ "იდეათეკის" არსებობის მნიშვნელობაზე საზღვრისპირა, მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებისა თუ სოფლებისათვის. რა სახის განათლებას იღებს სკოლის მოსწავლე ამ სივრცისგან და რა განასხვავებს მას ტრადიციული სასკოლო ბიბლიოთეკებისგან?
დღესდღეობით, საქართველოს საჯარო სკოლებში ტრადიციულ სასკოლო ბიბლიოთეკებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი, რათა შეასრულონ მათზე დაკისრებული, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია თანამედროვე განათლების სისტემაში.

განათლება სისტემურ ქმედებათა პროცესია, რომელიც მიმართულია ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და ვცდილობთ, მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

"იდეათეკის" პროექტი "საქართველოს ბანკთან" და "ქართული წიგნის ინსტიტუტთან" ერთად დაიგეგმა იმ გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად, რაც საქართველოში, სკოლის სისტემაში, ამ კუთხით არსებობს. ესენია:

  • საჯარო სკოლებში წიგნების დიდი ნაწილი ძველი გამოცემებია; სამწუხაროდ, სკოლები იშვიათად ან შეზღუდული რაოდენობით ახერხებენ წიგნის ფონდის განახლებას;
  • ბიბლიოთეკების სივრცე, როგორც წესი, არ არის ისეთი თანამედროვე და კომფორტული, სადაც მოსწავლეს სურვილი ექნება მეტი დრო გაატაროს, წაიკითხოს წიგნები, განვითარდეს, შეიძინოს სხვა საგანმანათლებლო უნარ-ჩვევები, გაიჩინოს ახალი ინტერესები;
  • ბიბლიოთეკებში არ არის ტექნოლოგიური საშუალებები და რესურსები, რაც თანამედროვე სამყაროს საგანმანათლებლო ნაწილის აუცილებელი კომპონენტია;
  • ბიბლიოთეკები დღეისათვის ვერ ახერხებენ განახორციელონ არაფორმალური განათლებისთვის საჭირო აქტივობები, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო საგანმანათლებლო პოლიტიკის კუთხით მოსწავლის ფსიქიკური და გონებრივი განვითარებისთვის;
  • სამწუხაროდ, დღეს სკოლები ვერ ახერხებენ თანამედროვე სტანდარტის ბიბლიოთეკართა შერჩევას, რომლებიც უფრო მეტად იქნებიან ორიენტირებულნი წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ხელს შეუწყობენ მოზარდებში ამ ჩვევის ჩამოყალიბება/გაძლიერებას;
  • რეგიონებში სამწუხაროდ იშვიათად შეხვდებით არაფორმალური განათლების სივრცეებს, სადაც ბავშვს აქვს შესაძლებლობა, სკოლის მიღმა გაიღრმაოს ინტერესი, მიიღოს ცოდნა. ამისათვის რეგიონებში მთავარ რესურსად მხოლოდ სკოლა რჩება.

"იდეათეკის" პროექტი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან გამომდინარე ხორციელდება. ის არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელშიც გაერთიანებულია კომფორტული გარემო, თანამედროვე გამოცემების წიგნის ფონდი, ტექნოლოგიური აღჭურვილობა. ეს ყველაფერი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად მიუწვდებოდეთ ხელი ყველა სახის თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსზე. "იდეათეკა" ასევე წარმოადგენს საერთო სამუშაო სივრცეს, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა პროექტის აქტიურ რეჟიმში განხორციელების შესაძლებლობა აქვთ. ამის გარდა, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაში. ეს არის სივრცე სხვა საინტერესო აქტივობების განხორციელებისთვის.

2019-2021 წლებში საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში გაიხსნა "იდეათეკა". 4548 მოსწავლე უკვე სარგებლობს თანამედროვე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეებით.

"იდეათეკა" არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, იყვნენ მოტივირებულები − იკითხონ, იფიქრონ, ისწავლონ.

რა დატვირთვა ჰქონდა "იდეათეკას" პანდემიის პერიოდში, როდესაც მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი დისტანციური რეჟიმით აგრძელებდა სწავლას? რა გამოხმაურება პოვა პროექტმა მოსწავლეებს შორის? პანდემიამ "იდეათეკას" კიდევ უფრო დიდი და განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა. მას გამორჩეული ფუნქცია ჰქონდა რეგიონებში დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების პროცესში. მოგეხსენებათ, "იდეათეკები" აღჭურვილია ტექნიკური თვალსაზრისით, კომპიუტერებისა და პროექტორის სახით. სწორედ ეს გახდა სკოლებში ძირითადი ან დამატებითი რესურსი, რათა პედაგოგებს ჩაეტარებინათ ონლაინგაკვეთილები, იმ მოსწავლეებს კი, რომელთაც შინ არ ჰქონდათ ტექნიკური საშუალებები, "იდეათეკამ" მისცა შესაძლებლობა, დასწრებოდნენ გაკვეთილებს. სკოლები აქტიურად იყენებდნენ ამ სივრცეებს ამ საკმაოდ რთულ პერიოდში. მთელი პანდემიის განმავლობაში მოსწავლეებს შეეძლოთ წიგნების გატანა და ფიზიკურ სივრცეში სწავლებისას (რადგან რეგიონებში ინფიცირებულთა რაოდენობიდან გამომდინარე სრული ონლაინსწავლება არ მიმდინარეობდა), სწორედ "იდეათეკაში" ტარდებოდა გაკვეთილები და სხვა არაფორმალური შეხვედრები.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი "იდეათეკებში" არაფორმალური საგანმანათლებლო შეხვედრების ინიციირებაა. ეს პროექტის მდგრადობის ელემენტია. სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ამ გეგმის სრულად განხორციელება, თუმცა ახლა უკვე იმედი გვაქვს, აქტიურად შევძლებთ მოსწავლეებისთვის მიმზიდველი აქტივობების დაგეგმვას, რეგიონებში სტუმრებისა და საინტერესო სპიკერების ჩაყვანას და სკოლებში საგანმანათლებლო ლექციების ჩატარებას.

არ შეიძლება არ აღინიშნოს "საქართველოს ბანკის" მიერ უკვე 9 საჯარო სკოლაში მოწყობილი "იდეათეკების" მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი უკუკავშირი. მაგალითად, სოფელ დუისის სკოლის მოსწავლეები "იდეათეკის" გახსნის დღიდან სკოლაში უკვე რამდენიმე საათით ადრე იკრიბებიან, რათა გაკვეთილების დაწყებამდე მოასწრონ ამ სივრცეში დროის გატარება. ოზურგეთის მოსწავლეებისთვის "იდეათეკა" მათ მიერ ინიციირებული აქტიური შეკრებების ადგილად იქცა, სადაც სხვადასხვა, მათთვის საინტერესო თემებს განიხილავენ. ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლის მკითხველთა რაოდენობა "იდეათეკის" გახსნის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, ფოთის სკოლაში დირექციის აქტიურობით კი რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა და არაერთი პროექტიც განხორციელდა. ზოგადად, ყველგან, სადაც "იდეათეკა" გავხსენით, ეს სივრცე სკოლის მოსწავლეების საყვარელი თავშეყრისა და მათი ახალი ინტერესების აღმოჩენის ადგილი გახდა. პანდემიისა და საკმაოდ რთული ვითარების მიუხედავად "იდეათეკამ" ბევრ მოსწავლესა თუ პედაგოგს განსაკუთრებული და ბევრი ახალი შესაძლებლობა შეუქმნა.

რა ადგილი უჭირავს მსგავს საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებს ბანკის CSR-პოლიტიკაში და ზოგადად, რისთვის მიმართავს "საქართველოს ბანკი" CSR-ღონისძიებებს?
"საქართველოს ბანკი" წლებია აცნობიერებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და როლს კომპანიის ღირსეულ და წარმატებულ საქმიანობაში. დღევანდელ მსოფლიოში ფაქტობრივად არ არსებობს მსხვილი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ბიზნეს და ბრენდსტრატეგია სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე. "საქართველოს ბანკის" მისიაა, ადამიანებს მისცეს ახალი შესაძლებლობები, რათა მათ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება მოახდინონ. ჩვენი CSR-სტრატეგიაც პირდაპირ თანხვედრაშია კომპანიისა და ბრენდის სტრატეგიასთან. ფაქტობრივად, განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ყველა CSR-მიმართულება და განსაკუთრებით განათლების მხარდაჭერა, ემსახურება რესურსების შექმნას ადამიანებისთვის (ახალგაზრდა თაობისთვის), რათა მათ საკუთარი უნარები, ტალანტები მაქსიმალურად აითვისონ. ეს კი, საბოლოო ჯამში, ემსახურება როგორც თავად ადამიანის კეთილდღეობას და წარმატებას, ასევე, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. კომპანიისთვის განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება არის როგორც საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული პოზიციების გამყარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი (რაც თავისთავად პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს − ხარისხიან განათლებას), ასევე მთელი "საქართველოს ბანკის" გუნდისთვის ლოიალობისა და სიამაყის მომგვრელი. რაც მთავარია, ეს არის ჩვენი არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბრენდის მიმართ სანდოობისა და ლოიალობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი.

მიმდინარე წელს კიდევ ხუთი "იდეათეკა" იხსნება შერჩეულ სკოლებში. რომელ რაიონებსა და სოფლებზეა საუბარი, რა უძღოდა წინ ამ ინისკოლებზე არჩევანის შეჩერებას და რა მოტივაცია ამოძრავებთ ამ სკოლების დირექტორებს?
"საქართველოს ბანკი" "იდეათეკის" პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობა ანიჭებს ისეთ რეგიონებს და ლოკაციებს, სადაც სოციალურ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემები უფრო მკვეთრად იჩენს თავს. იქნება ეს ეთნიკური, მაღალმთიანი თუ საზღვრისპირა დასახლებების პრობლემები. ეს რეგიონები განსაკუთრებით საჭიროებენ საგანმანათლებლო სივრცეებს, რადგან სკოლის ბიბლიოთეკების გარდა, მოკლებულნი არიან ალტერნატიულ სივრცეს, სადაც მოსწავლე შეძლებს წაიკითხოს წიგნი, მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, გაიღრმაოს ცოდნა და გაიჩინოს ახალი ინტერესები.

სკოლის შერჩევის კრიტერიუმები:

  • გეოგრაფიული, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონის, რაიონის, ქალაქისა თუ სოფლის მიხედვით;
  • სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილი ხედვა და დეტალური პროექტი "იდეათეკების" სივრცის ათვისების შესახებ; დირექტორის აქტიურობა და მოტივაცია;
  • სკოლაში მოსწავლეების და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების რაოდენობა.

შესარჩევი ეტაპები:

  • შიდა შერჩევა − განათლების სამინისტროს სკოლის ბაზაზე დაყრდნობით ვარჩევთ რეგიონს და ვზღუდავთ არეალს საზღვრისპირა, მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული მოსახლეობის მიხედვით. ასევე, ვითვალისწინებთ სკოლის მოსწავლეთა რაოდენობას;
  • მეორე ეტაპი − გასაუბრება დირექტორთან. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია სკოლის დირექტორის მოტივაცია, ხედვა და აქტიურობა;
  • მესამე ეტაპი − შიდა შერჩევისა და გასაუბრების შედეგად შერჩეულ სკოლებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოაგზავნონ პროექტი და მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელსაც განიხილავს ჟიური ("საქართველოს ბანკი" და ქართული წიგნის ინსტიტუტი) და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ სკოლებში გაიხსნება "იდეათეკები".

2022 წლისთვის უკვე შეირჩა სკოლების ნაწილი − ჩოხატაურის N1, ნაბეღლავისა და ჯვარის N1 საჯარო სკოლები, როგორც მაღალმთიანი და საზღვრისპირა ლოკაციები, სადაც ახალი "იდეათეკები" მოეწყობა. ამ ორივე სკოლაში იდეათეკების პროექტს ჩვენს პარტნიორ კომპანია "ნაბეღლავთან" ერთად ვახორციელებთ. მოხარულები ვართ, რომ რეგიონებში იდეათეკის არსებობის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმის ჩვენს პარტნიორ ნაბეღლავს და სწორედ მათი ჩართულობით გურიის ამ ორ სკოლას 2 ახალი იდეათეკა ექნება. შერჩევის პროცესში კიდევ ორი სკოლაა.

სკოლები გაიხსნება ორ ეტაპად − 2022 წლის გაზაფხულსა და 2022 წლის შემოდგომაზე.

რას გვეტყოდით ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვა მიმართულებებზე და მიმდინარე გეგმებზე ამ კუთხით?
ჩვენი CSR-მიმართულების სამი მთავარი ფოკუსია განათლება, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ გარემოს დაცვისა და ზოგადი ქველმოქმედების მიმართულებებით.

"იდეათეკების" გარდა ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს სტუდენტების ხარისხიან განათლებაში. შესაბამისად, უკვე მრავალი წელია, "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით არაერთ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით ესწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ჩვენი სასტიპენდიო პროგრამებია Fulbright-ის, Chevening-ის, მსოფლიოს საუკეთესო კრეატიული სკოლის − Miami ad School EU-ის, სან დიეგოს უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან და მათ სტუდენტებს სხვადასხვა გზით ვუქმნით ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

ამის გარდა, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ პროექტებს ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო აქსელერატორთან, როგორიცაა 500 Global-ი. პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი ბიზნესიდეები და საქმიანობა, და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. გვაქვს არაერთი ბიზნესსაგანმანათლებლო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით დამწყებ ბიზნესებს მათთვის საჭირო მიმართულებით ცოდნის დაუფლებაში − იქნება ეს ფინანსები, მარკეტინგი, თუ სხვ. ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით გვაქვს განსაკუთრებული პროექტები ქალი მეწარმეებისთვის, რათა წავახალისოთ ისინი, გახდნენ კიდევ უფრო წარმატებულები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დასაქმების სხვადასხვა პროექტზე, როგორიც არის მაგალითად, მომავლის პროფესიები. ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებშიც საზოგადოებას ვაწვდით სასარგებლო ინფორმაციას და მოტივაციას ვძენთ ახალგაზრდებს, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, ვეხმარებით მათ სწორი პროფესიის შერჩევაში. ასევე, გვაქვს დასაქმების პროგრამა "ლიდერატორი", რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აქტიური სწავლების პროცესი გაიარონ "საქართველოს ბანკში". აღნიშნული პროექტის შედეგად უმეტესობა ჩვენი გუნდის წევრი ხდება. ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებისა და აქტივობების გარდა, საკმაოდ ბევრი სოციალური პროექტის ინიციატორები და აღმსრულებლები ვართ. როგორც მანამდე აღვნიშნე, აქტიურად ვზრუნავთ გარემოზე და შესაბამისად, უკვე წლებია ვართ საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდამჭერები, როგორც ფინანსურად, ასევე მარკეტინგული კუთხით ვზრუნავთ დაცული ტერიტორიების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. მხარს ვუჭერთ არაერთ საქველმოქმედო პლატფორმას, როგორიც არის charte.ge და supergmiri.ge აღნიშნულ საქველმოქმედო პროექტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სოციალურად დაუცველი ბავშვების განვითარებასა და კეთილდღეობაში.

ჩვენ არ ვჩერდებით არსებულ პროექტებზე და უახლოეს მომავალში საკმაოდ ბევრ საინტერესო, და რაც მთავარია, საყოველთაო საგანმანათლებლო პროექტს განვახორციელებთ. გვინდა მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ ხარისხიან განათლებასთან წვდომის შესაძლებლობა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია