Get All Access for $5/mo

''იდეათეკამ'' ერთ სივრცეში გაგვაერთიანა და ყველას ერთად ფიქრი დაგვაწყებინა" - ოზურგეთის სკოლის მოსწავლეები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

სოციალური ურთიერთობები ყოველდღიური კეთილდღეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. მსგავსი კავშირების დამყარებას კი, განსაკუთრებით უწყობს ხელს ისეთი სივრცეები, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, მოუსმინონ ერთმანეთს და გააზიარონ საკუთარი აზრები თუ ემოციები. არაა გასაკვირი, რომ ხშირად ახალი და საინტერესო იდეებიც სწორედ ასეთ დროს იბადება.

Idea Teens − ასე უწოდებენ საკუთარ თავს ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც "იდეათეკამ" ერთმანეთთან განსაკუთრებულად დააახლოვა. ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მულტიფუნქციური სივრცეები, იდეათეკები, ისეთ შემეცნებით რესურსს აერთიანებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა და სხვა.

ოზურგეთის "იდეათეკაში" განთავსებულმა საგანმანათლებლო რესურსმა საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა, თუმცა აღნიშნულმა სივრცემ მალევე მეტად ღირებული დატვირთვაც შეიძინა.

გარდა განათლების პროცესის ხელშეწყობისა, ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში "იდეათეკა" მოსწავლეების შეხვედრისა და ემოციების გაზიარების ადგილადაც იქცა. სივრცედ, სადაც მოსწავლეები მათ ინტერესებსა და პრობლემებზე საუბრობენ და ერთმანეთს იდეებს უზიარებენ.

"ხშირად, გაკვეთილების შემდეგ "იდეათეკაში" ვიკრიბებით და ვმსჯელობთ სკოლაში ნასწავლ, ან უბრალოდ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. ღიად დავიწყეთ ისეთ თემებზე ლაპარაკი, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს. აქამდეც გვქონდა ყველას ჩვენ-ჩვენი იდეები, საკითხები, რაზეც ყოველდღიურად გვეფიქრებოდა, თუმცა "იდეათეკამ" მოგვცა ბიძგი, ამაზე ხმამაღლა გველაპარაკა. მივხვდით, რომ ძალიან ცოტა ვიცოდით ერთმანეთზე. "იდეათეკამ" სხვადასხვა კლასის მოსწავლე ერთ სივრცეში გაგვაერთიანა და ყველას ერთად ფიქრი დაგვაწყებინა", − ამბობს მე-8 კლასის მოსწავლე საბა ჩაჩუა.

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, "იდეათეკების" პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით 8 რეგიონში, მათ შორის სასაზღვრო სოფლებში, სრულად აღიჭურვა სკოლები თანამედროვე ტექნოლოგიებით, რამაც თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსები მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა და ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა.

როგორც მოსწავლეები გვიზიარებენ, "იდეათეკა" ხშირად სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს, გამართულ შეხვედრებს კი დროსთან ერთად სულ უფრო მეტი მოსწავლე ესწრება და ჩართულობაც იზრდება.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეების ინიციატივით შეიქმნა "ღამის ფილოსოფოსები" − ჯგუფი, სადაც მოსწავლეები საღამოობით მათთვის საინტერესო და რელევანტურ თემებსა და პრობლემებს განიხილავენ. კვირის განმავლობაში დიალოგის შედეგად შერჩეული თემის ირგვლივ "იდეათეკაში" საჭირო ინფორმაციას იძიებენ, ხოლო კვირის ბოლოს, პრეზენტაციის სახით საკუთარ მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებენ.

"მე და ჩემმა სკოლელებმა გადავწყვიტეთ ყოველი კვირის ბოლოს ჩაგვეტარებინა მსგავსი შეხვედრა, სადაც ჩვენთვის საინტერესო თემებზე ვიმსჯელებდით. აღმოჩნდა, რომ პიროვნული განვითარება ის საკითხია, რომელიც უმრავლესობისთვის საინტერესო იყო, ამიტომაც, პირველი კვირის თემად პიროვნული განვითარება და სტერეოტიპები შევარჩიეთ და იმაზე ვიმსჯელეთ, თუ რა გავლენას ახდენს სტერეოტიპები ჩვენს ფსიქოლოგიაზე", − ამბობს მეათეკლასელი ლალი ცეცხლაძე.

"იდეათეკა" ხშირად ისეთ შეხვედრებსაც მასპინძლობს, სადაც მოსწავლეები მათ მიერ წაკითხულ წიგნებს საჯაროდ განიხილავენ. აღნიშნული შეხვედრები უფროსკლასელებისთვის ერთ-ერთ საყვარელ კლასგარეშე აქტივობად იქცა.

"წიგნების განხილვის პროექტი იმიტომ წამოვიწყეთ, რომ თანატოლებს გავუჩინოთ ჩვენთვის საყვარელი წიგნების წაკითხვის სურვილი. ერთმანეთს იმ წიგნებზე ვუყვებით, რომლებმაც ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. ჩემთვის ასეთი წიგნი იყო შარლოტ ბრონტეს "ჯეინ ეარი". მისი წაკითხვისას მივხვდი, რომ რაც უნდა მოხდეს, ცხოვრება მაინც გრძელდება", − გვიზიარებს მერვეკლასელი მარიკუნა ჩავლეშვილი.

"წიგნს, რომელზეც მე ვისაუბრე, "პროფესორ დოუელის თავი" ჰქვია. წიგნის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ცხოვრებაში ყველას უნდა გვქონდეს რაიმე მიზანი. ამან ძალიან დამაფიქრა ჩემს მიზნებზე და მიმახვედრა, რომ ამ ეტაპზე ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, არის მეცნიერებები, განსაკუთრებით კი ფიზიკა", − აღნიშნავს საბა.

მნიშვნელოვანია, რომ Idea Teens არა მხოლოდ უფროსკლასელებს, არამედ 5-დან 10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს აერთიანებს და როგორც თვითონ გვიზიარებენ, სხვადასხვა სასიამოვნო აღმოჩენის ადგილადაც იქცა.

"ჩვენი ყოველკვირეული შეხვედრებისას, რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ, სადაც აღმოვაჩინე, რომ თურმე მხოლოდ მე არ მაწუხებს კონკრეტული აზრები და არსებობენ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩემს შეხედულებებს", − ამბობს საბა ჩაჩუა, − "ჩვენი ჯგუფის მიზანია ბევრი სხვადასხვა იდეა განვიხილოთ და მხოლოდ ერთი კლასის მოსწავლეებისთვის არ ვაკეთოთ ეს. ერთ-ერთი განსაკუთრებულად საინტერესო თემა, რომელსაც ბოლო დროს შევეხეთ, არის ე.წ. Body shaming. "იდეათეკაში" კომპიუტერებისა და წიგნების გამოყენებით ყველამ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და კვირის ბოლოს გავმართეთ დისკუსია".

Idea Teens-ის მორიგი გამოწვევა, ამ და სხვა თემებით უფრო ფართო აუდიტორიის დაინტერესებაა.

"უკვე შევქმენით ჩვენი გვერდი − Idea Teens, რომლის მეშვეობითაც გვინდა სხვა სოფლებშიც მივაწვდინოთ ხმა თანატოლებს. ვგეგმავთ YouTube-არხის ან სხვა სოციალური მედიის მეშვეობით მათ ჩვენი აქტივობების შესახებ გავუზიაროთ. დიდი სურვილი გვაქვს, ზრდასრულებიც ჩავრთოთ ამ ინიციატივაში და მათთან ერთად განვიხილოთ სხვადასხვა თემა ისეთ ფორმატში, რომელიც საინტერესო და სახალისო იქნება სხვა მოსწავლეებისთვისაც", − გვიყვება მარიკუნა.

როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, "იდეათეკების" მიზანიც სწორედ ესაა: თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდით, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში პოტენციალის უკეთ ათვისებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

"აღნიშნული პროექტის მიზანი ტექნოლოგიებისა და წიგნადი ფონდის საშუალებით ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა, იმ თანამედროვე და კომფორტულ სივრცეებში, რომელიც რეგიონის სკოლებში "იდეათეკების" სახით გაჩნდა. "იდეათეკები" მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას გაიფართოონ აზროვნების არეალი, იმსჯელონ, განიხილონ და ერთმანეთს გაუზიარონ ახალი იდეები. იმ სკოლებთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე, სადაც "იდეათეკები" მოეწყო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სივრცეები საკუთარ მისიას ყოველდღიურად ასრულებენ როგორც მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში, ასევე მათ პიროვნულ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში, ჩვენი სურვილია მეტ მოსწავლეს გავუმარტივოთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე და განათლებისთვის საჭირო რესურსზე, მეტ სკოლაში შევუქმნათ მოსწავლეებს პოზიტიური გარემო, რომელიც ფორმალური თუ არაფორმალური განათლების პროცესს მათთვის უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის", − აცხადებს "საქართველოს ბანკის" CSR-მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გოჩაშვილი.

"საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უკვე 4548-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს "იდეათეკის" სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან