იდეიდან საბოლოო ნებართვამდე: ტასჰაბი არქიტექტურული და ურბანული პროცესების სტრატეგიული მართვის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ტასჰაბის" გუნდი ახალ ოფისში გადადის, თუმცა, ეს მხოლოდ სამუშაო სივრცის შეცვლას არ ნიშნავს. გაფართოებულ სივრცეში გადასვლა იმ უფრო დიდი ცვლილების ნაწილია, რომელსაც კომპანია ბოლო პერიოდში გადის: იზრდება გუნდი, ფართოვდება სერვისები და იცვლება თავად "ტასჰაბის" როლი ბაზარზე.
კომპანიამ მომსახურებების მიმართულებებს პარკებისა და სკვერების დაპროექტება დაამატა, გააძლიერა მუშაობა დენდროლოგიისა და სატრანსპორტო კვლევების მიმართულებით და გააფართოვა იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერაც. ამასთან ბრენდის ვიზუალური იდენტობა და პოზიციონირება იმ მასშტაბის შესაბამისად ახლდება, რომელსაც კომპანია დღეს უკვე ფარავს.
იცვლება "ტასჰაბის" ბიზნესმოდელიც და ცალკეული არქიტექტურული თუ ურბანული მომსახურებების შეთავაზებიდან კომპანია პროექტის სრულ ციკლზე გადადის. მისი ახალი კონცეფცია დამკვეთისთვის სრული პროცესის მართვას გულისხმობს, საწყისი იდეიდან საბოლოო შეთანხმებამდე.
"ტასჰაბი" აღარ არის მხოლოდ ცალკეული არქიტექტურული თუ ურბანული პროექტების შემსრულებელი ბიურო – ჩვენ გავხდით მრავალფუნქციური პლატფორმა, სადაც პროცესები საწყისი იდეიდან საბოლოო შეთანხმებამდე მიდის".
ამ პოზიციონირების საფუძველი "ერთფანჯრიანი პრინციპია", One-Stop-Shop, რომლის ფარგლებშიც დამკვეთს სხვადასხვა კონტრაქტორისა და ექსპერტის ცალკე მოძიება და პროცესების კოორდინაცია აღარ უწევს. არქიტექტურა, განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ), დენდროლოგია, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ), სატრანსპორტო კვლევები, პარკებისა და სკვერების დაპროექტება და იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერა ერთი პლატფორმის ფარგლებში ერთიანდება.
"ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: სანდოობა, პროფესიონალიზმი და სწრაფი შედეგი უცვლელი დარჩა. თუმცა, საგრძნობლად შეიცვალა ჩვენი მთავარი გზავნილი და პოზიციონირება მომხმარებლის მიმართ. დღეს ჩვენი მთავარი გზავნილი ასეთია: "ტასჰაბი" არის შეთანხმებისა და პროექტირების სრული ციკლის ჰაბი".
"ტასჰაბის" ახალი პოზიციონირება მხოლოდ სამომავლო გეგმების დამსახურება როდია. კომპანიის ზრდას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს, რომელთა მასშტაბიც კარგად აჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა მისი საქმიანობის მოცულობა ბოლო წლებში. დღეისათვის "ტასჰაბის" მიერ დაპროექტებული და შეთანხმებული არქიტექტურის მოცულობა 500 000 კვ.მ.-ს აჭარბებს, ხოლო დამუშავებული და შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმების (გრგ) მასშტაბი 1 მილიონ კვ.მ.-ზე მეტია.
ამ მონაცემებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ემატება – შეთანხმების სისწრაფე. კომპანიის გამოცდილებით, ცალკეულ კომპლექსურ პროექტებზე მუნიციპალურ დონეზე შეთანხმების მიღება ერთ თვემდეც შემცირდა. "ტასჰაბისთვის" ეს არა მხოლოდ ოპერაციული ეფექტიანობის, არამედ იმ მოდელის ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რომელიც პროექტის სხვადასხვა ეტაპს ერთიან პროცესად განიხილავს.
სწორედ მომსახურებების ფართო სპექტრი განსაზღვრავს იმას, რომ "ტასჰაბს" განმეორებით ნდობას უცხადებენ დეველოპერული ბაზრის წამყვანი კომპანიები. დამკვეთების დიდი ნაწილი კომპანიას ახალი პროექტებით უბრუნდება, რაც მომსახურების მოდელის მიმართ ნდობის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული მაჩვენებელია. კომპანიის პარტნიორებს შორის კი ბაზრის ისეთი მსხვილი მოთამაშეები არიან, როგორიცაა: "არქი", "ბლოქსი", "ლისი დეველოპმენტი", "ბიოგრაფი ლივინგ" და სხვ.
თუმცა, "ტასჰაბისთვის" ზრდის მთავარი საზომი მხოლოდ შესრულებული კვადრატული მეტრები ან შეთანხმების ვადები არ არის. კომპანია დღეს პროექტირებისა და შეთანხმების პროცესის პრაქტიკულად ყველა ძირითად მიმართულებას აერთიანებს და გრძელ ჩამონათვალს უკვე რთული იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერაც ემატება.
ამ შედეგებამდე მისვლა კი ერთ კონკრეტულ პროექტს არ უკავშირდება. "ტასჰაბს" ზრდის გარდამტეხი ეტაპი მაშინ დაუდგა, როდესაც კომპანიამ საკუთარ როლზე განსხვავებულად დაიწყო ფიქრი – ცალკეული მომსახურების შესრულებიდან პროცესის სტრატეგიულ მართვამდე. ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მაშინ, როდესაც კომპანიის წინაშე უკვე ისეთი პროექტები გამოჩნდა, სადაც ერთი შენობის დაპროექტება საკმარისი აღარ იყო და საჭირო ხდებოდა გაცილებით ფართო ურბანული სურათის დანახვა.

"ჩვენი ტრანსფორმაციის მთავარი კატალიზატორი გახდა გარდატეხა აზროვნებაში, როდესაც უბრალო "სერვისის მიმწოდებლიდან" ქალაქგეგმარებითი პროცესების სტრატეგიულ მართვაზე გადავედით. მივხვდით, რომ ბაზარზე არსებული ფრაგმენტული მიდგომა პროცესს აჭიანურებდა და აძვირებდა. ამიტომ ავიღეთ პასუხისმგებლობა მთლიან ჯაჭვზე და შევქმენით მრავალპროფილური გუნდი", – ამბობენ კომპანიაში.
ამ მიდგომამ "ტასჰაბისთვის" მხოლოდ სერვისების ჩამონათვალი კი არ გაზარდა, არამედ კომპანიის შიდა სტრუქტურის ცვლილებაც მოითხოვა. დღეს მის გუნდში 30-ზე მეტი პროფესიონალია: არქიტექტორები, ურბანისტები, GIS-სპეციალისტები, სატრანსპორტო ინჟინრები, გარემოსდაცვითი ექსპერტები, დენდროლოგები და იურისტები. სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ერთი პროექტის ფარგლებში მუშაობენ და არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. სწორედ ეს სინერგია აძლევს "ტასჰაბს" შესაძლებლობას, ერთიანი პასუხისმგებლობის ქვეშ მოაქციოს ის პროცესები, რომლებიც ტრადიციულად სხვადასხვა კომპანიასა და კონტრაქტორს შორის ნაწილდება.
"ახლა, როდესაც სრულიად ახალ და უფრო დიდ სამუშაო სივრცეში გადასასვლელად ვემზადებით, გუნდის ზრდის პროცესიც აქტიურ ფაზაშია. მუდმივად ვეძებთ ახალ ტალანტებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და ბაზარს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი შევთავაზოთ".
B2B სეგმენტში, სადაც მსხვილი პროექტების ღირებულება და ვადები ერთმანეთთან პირდაპირ არის დაკავშირებული, მომსახურების ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად პროგნოზირებადია პროცესი და რამდენად შეუძლია პარტნიორს შესაძლო რისკების წინასწარ დანახვა. "ტასჰაბის" შემთხვევაში, ეს სწორედ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად სახელდება. კომპანიის მიდგომა ეფუძნება იმას, რომ დეველოპერსა თუ ინვესტორს თავიდანვე ჰქონდეს მკაფიო სურათი – რა ეტაპებს გაივლის პროექტი, რა შეიძლება გახდეს დაბრკოლება და როგორ მოგვარდება ის.
ამ მოდელში დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია. დეველოპერისთვის შეთანხმების პროცესში რამდენიმე კვირით ან თვით შეფერხება მხოლოდ კალენდარში დაკარგულ დროს არ ნიშნავს და ის პირდაპირ აისახება პროექტის ფინანსურ მაჩვენებლებზე. სწორედ ამიტომ "ტასჰაბის" მიერ კომპლექსურ პროექტებზე შეთანხმების მოკლე ვადებში მიღწევის გამოცდილება კომპანიის შეთავაზების მნიშვნელოვანი ნაწილია.
თუმცა B2B ურთიერთობისთვის ერთჯერადი სწრაფი შედეგი საკმარისი არ არის. გრძელვადიანი თანამშრომლობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თანმიმდევრულად ასრულებს კომპანია დაპირებულს. "ტასჰაბის" ხედვით, ნდობა სწორედ მაშინ ყალიბდება, როდესაც სიტყვა და შედეგი ერთმანეთს მუდმივად ემთხვევა და მომსახურების მიმწოდებელი პროექტს მხოლოდ საკუთარი ფუნქციის ფარგლებში აღარ უყურებს.
Tashub-ის მოდელი ბაზარზე სერვისების ფრაგმენტაციის შემცირებას ცდილობს. კომპანიის შიგნით სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები პროექტის საწყის ეტაპზევე ერთიანდებიან და მიმართულებებს პარალელურ რეჟიმში ამუშავებენ. შედეგად, ის საკითხები, რომლებიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა პროექტის შემდგომ ეტაპზე გამოვლინდეს, გუნდისთვის თავიდანვე ხილული ხდება.
"როდესაც არქიტექტორი, ურბანისტი, გზშ-ის ექსპერტი და იურისტი პროექტის პირველადი ჩანასახიდანვე ერთ მაგიდასთან სხედან, ნებისმიერი შესაძლო ბარიერი თუ ქალაქგეგმარებითი შეზღუდვა საწყის ეტაპზევე იდენტიფიცირდება და გვარდება. სწორედ ეს ინტეგრირებული მიდგომა გვაძლევს საშუალებას, ავარიდოთ დამკვეთს ბიუროკრატიული რისკები და რეკორდულად მოკლე ვადებში მივაღწიოთ პროექტის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებას".
ამ მოდელის მასშტაბირება კი თავისთავად აჩენს კიდევ ერთ კითხვას: როგორ უნდა შეინარჩუნოს კომპანიამ იგივე სტანდარტი, როდესაც იზრდება როგორც პროექტების, ისე ჩართული პროფესიონალების რაოდენობა? "ტასჰაბის" პასუხი ინდივიდუალურ პროფესიონალებზე დამოკიდებულების ნაცვლად სისტემის შექმნაშია.
"მასშტაბირება ხდება ახალი, გამართული სამუშაო უჯრედების დამატების ხარჯზე".
ამ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიის შიდა ცოდნის ბაზაა. კომპანიის ზრდასთან ერთად დაგროვილი გამოცდილება მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლების ცოდნად არ რჩება და ორგანიზაციის ინსტიტუციურ მეხსიერებად გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ Tashub-სთვის მასშტაბირება ადამიანების რაოდენობის ან პროექტების რაოდენობის მატებაზე მეტად იმ პროცესების გამართვას ნიშნავს, რომლებიც ზრდას ხარისხის დაკარგვის გარეშე უნდა გაუმკლავდეს.
"კომპანიის ზრდა არ იწვევს პროცესების ქაოსურობას. პირიქით, გაფართოებასთან ერთად იზრდება ჩვენი ინსტიტუციური მეხსიერება და რესურსი, რაც თითოეული პროექტის შესრულების სიზუსტეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს".
მასშტაბირება ტექნოლოგიების გარეშე რთული წარმოსადგენია. როდესაც ერთი პროექტის ფარგლებში არქიტექტორები, ურბანისტები, ეკოლოგები, სატრანსპორტო სპეციალისტები და იურისტები მუშაობენ, პროცესების ეფექტიანობა უკვე მხოლოდ ადამიანურ რესურსზე აღარ არის დამოკიდებული.
"ტასჰაბში" სამუშაო პროცესებისა და მონაცემთა მართვის ციფრული ინტეგრაცია სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს, გადაწყვეტილებები სინქრონულად და რეალურ დროში გაცვალონ. პროცესების ავტომატიზაცია და თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება კი, კომპანიის შეფასებით, ამცირებს ცდომილების ალბათობას, ზოგავს დროს და ამარტივებს იმ პროცესებს, რომლებიც პროექტის შეთანხმების ვადებზე პირდაპირ აისახება.
ამ ეტაპზე ტექნოლოგიური გაძლიერება იმაზე დიდ გეგმას ემსახურება, ვიდრე მხოლოდ შიდა პროცესების ოპტიმიზაციაა. "ტასჰაბის" უახლოესი 1-2 წლის მიზანი საქართველოს ბაზრის ფარგლებს გარეთ გასვლასა და კომპანიის რეგიონულ მოთამაშედ ჩამოყალიბებას უკავშირდება. მათი ხედვაა, რომ მსხვილი ინვესტორებისა და დეველოპერული ჯგუფების მიერ ადგილობრივ ბაზარზე დაგროვილი გამოცდილება და მრავალპროფილური მოდელი სხვა ბაზრებზეც გახდეს ხელმისაწვდომი.
"ჩვენი ამოცანაა, გავცდეთ ლოკალურ საპროექტო ჩარჩოებს და ჩამოვყალიბდეთ რეგიონულ ცენტრად, რომელიც მსხვილ ინვესტორებსა და დეველოპერულ ჯგუფებს კომპლექსური ურბანული გამოწვევების გადაჭრის სრულყოფილ მოდელს შესთავაზებს".
საბოლოოდ, "ტასჰაბის" მიმდინარე ტრანსფორმაცია რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ ცვლილებას აერთიანებს: იზრდება გუნდი, ფართოვდება სერვისები, ხდება პროცესების გაციფრულება და კომპანია რეგიონულ მოთამაშედ ყალიბდება. ამ ყველაფერს ერთი საერთო მიზანი აქვს – შეიქმნას მოდელი, რომელშიც პროექტის მასშტაბის ზრდა პროცესების გართულებას არ ნიშნავს.
"ჩვენი მიზანია, გავცდეთ სტანდარტული საპროექტო ბიუროს ჩარჩოებს და ჩამოვყალიბდეთ სრულყოფილ, მაღალტექნოლოგიურ ურბანულ ჰაბად, რომელიც ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული პროცესების მართვის უმაღლეს ნიშნულს განსაზღვრავს. განახლებული "ტასჰაბისგან" მომხმარებელი და B2B პარტნიორი მომავალში უნდა ელოდოს კიდევ უფრო მეტ პროგნოზირებადობას, ოპერაციულ სიჩქარესა და კომპლექსურ მხარდაჭერას".