ილია კახიანის პროფესიული გზა: როგორ პასუხობს LAWLINE თანამედროვე იურიდიულ გამოწვევებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამართლის სფეროში მისი კარიერული გზა ადრეული ასაკიდანვე იღებს სათავეს და თანდათანობით ყალიბდება. ილია კახიანისთვის პროფესიული არჩევანი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან გახდა განსაზღვრული, რის შემდეგაც მიზანმიმართულად შეუდგა ამ მიმართულებით განვითარებას.

ილიას დაინტერესება სამართლის სფეროთი უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ მოსწავლე იყო და სასწავლო ორგანიზაცია "ალტერნატიულ იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდა. პროექტი, რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც მოიცავდა და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებას გულისხმობდა, გარდამტეხი აღმოჩნდა მისი მომავალი პროფესიის არჩევაში.

"სწორედ ამ ეტაპზე დავუკავშირე ჩემი მომავალი სამართლის სფეროს. პროექტის მიმდინარეობისას ეს სფერო იმდენად ბუნებრივი და გასაგები აღმოჩნდა ჩემთვის, რომ სხვა მიმართულებით საკუთარი თავი ვეღარ წარმომედგინა. ამან განაპირობა ის, რომ 14 წლის ასაკიდანვე დიდი ინტერესით შევუდექი სამართლის მიმართულებით ჩემი ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებას. აღნიშნული პროექტი ჩემთვის ძლიერ მოტივატორად და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცა", – ილია კახიანი, იურიდიული ფირმა LAWLINE-ის დამფუძნებელი.

საკუთარი იურიდიული ფირმის დაფუძნება 2025 წელს ილიასთვის ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელება აღმოჩნდა. პროფესიული განვითარება, ორგანიზაციაში ლიდერული პოზიციის დაკავება და პრაქტიკული გამოცდილება გახდა ის საფუძველი, რომელმაც ახალი ეტაპისკენ უბიძგა.

"ამ ასოციაციაში ჩემმა განვითარებამ და ბოლოს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამ დიდი მოტივაცია მომცა, შემექმნა რაღაც ახალი და მეტად გამოსადეგი საზოგადოებისთის".

ილია მიიჩნევს, რომ იურიდიული საქმიანობის სირთულე და მუდმივად ცვალებადი კანონმდებლობა პროფესიონალებისგან მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ამიტომაც, ფირმის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გუნდის ფორმირებას.

"მოვიძიე და შემოვიკრიბე პროგრესული და საქმეზე შეყვარებული ადამიანები და ერთად დავიწყეთ ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმის კეთება. ჩემი მთავარი მიზანი დასაწყისიდან დღემდე უცვლელია, ჩვენს ფირმაში მოსულ ადამიანებს მაქსიმალურად დავეხმაროთ მათი პრობლემებისა თუ საკითხების მოგვარებაში, მოვიპოვოთ მათი ნდობა და ეს ნდობა გავამართლოთ".

დღეს LAWLINE მომხმარებლებს სთავაზობს სრულსპექტრიან სამართლებრივ მომსახურებას, საკონსულტაციოდან დაწყებული, წარმომადგენლობითი და დავების გადაწყვეტის პროცესებით დასრულებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კომერციულ და კორპორაციულ სამართალზე, სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, სასამართლო და საარბიტრაჟო დავებზე, ასევე უძრავი ქონებისა და საინვესტიციო პროექტების სამართლებრივ მხარდაჭერაზე.

საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, LAWLINE-მა ახალი პლატფორმაც შექმნა, იურიდიული პოდკასტი YouTube-ზე, რომელიც ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი, ის ეპიზოდებად, ყოველ კვირას იდება ფირმის არხზე.

პოდკასტში მარტივ ენაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ბიზნესის სამართლებრივი მართვა, შრომითი ურთიერთობები, ხელშეკრულებები და მოქალაქეთა უფლებები. მოქალაქეებს შეუძლიათ დასვან ნებისმიერი კითხვა, რომელსაც ფირმის იურისტები მომავალ ეპიზოდში სრულფასოვნად გასცემენ პასუხს. ამასთან, ის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სტუდენტებისთვისაც, რომლებიც რეალურ ქეისებზე დაყრდნობით იღებენ პრაქტიკულ ცოდნას.

"ამ ფორმატით ვცდილობთ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ვუზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, რეალურ მაგალითებს და ვეხმარებით ადამიანებს, თავიდან აირიდონ გავრცელებული შეცდომები".

თანამედროვე ბიზნესგარემოში იურიდიული მხარდაჭერა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად იქცა. სწორედ ამიტომ, კომპანიებისთვის შეთავაზებული სერვისები მაქსიმალურად მორგებულია როგორც ყოველდღიურ ოპერაციებზე, ისე გრძელვადიან განვითარებაზე.

ფირმა ბიზნესს სთავაზობს მომსახურებას კორპორაციული სამართლის, სახელშეკრულებო ურთიერთობების, შრომითი სამართლის, საგადასახადო და რეგულატორული საკითხების მიმართულებით, ასევე უზრუნველყოფს დავების ეფექტიან მართვას.

პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შრომითი ხელშეკრულებების სწორად შედგენას, რაც ერთ-ერთ პრობლემურ მიმართულებად რჩება. როგორც ილია აღნიშნავს, არასწორად ფორმულირებული პირობები ხშირად იწვევს სამართლებრივ დავებს, ფინანსურ ზარალსა და რეპუტაციულ რისკებს.

LAWLINE ამ მიმართულებით ბიზნესებს სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას, ხელშეკრულებების სრულ შესაბამისობაში მოყვანას მოქმედ კანონმდებლობასთან, შიდა პოლიტიკებთან ადაპტაციასა და საჭიროების შემთხვევაში აუდიტსა და გაუმჯობესებას.

გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიებისთვის შეთავაზებულია მოქნილი მოდელი, მათ შორის აბონენტური (retainer) მომსახურება, რაც გულისხმობს მუდმივ იურიდიულ მხარდაჭერას.

"ჩვენთან მუშაობით კომპანიები იღებენ არა მხოლოდ რეაქტიულ, არამედ პროაქტიულ მხარდაჭერას, ვეხმარებით მათ პრობლემების პრევენციაში, პროცესების სწორად სტრუქტურირებასა და სამართლებრივი რისკების შემცირებაში".

ამგვარი თანამშრომლობა ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ოპერატიულად მიიღონ გადაწყვეტილებები, დაზოგონ რესურსები და უზრუნველყონ სტაბილური განვითარება.