Get All Access for $5/mo

ილონ მასკი მთვარეზე პირველ ქალსა და ფერადკანიან ასტრონავტებს გააფრენს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Space.com

ადამიანს, კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, ყოველთვის იზიდავდა ციური სხეულები, ხოლო ინტერესი მათი შესწავლის მიმართ, დასაბამიდან დღემდე, არ განელებულა. დედამიწასთან ყველაზე ახლოს არსებული კოსმოსური ობიექტი, ჩვენი თანამგზავრია − მთვარე, და სწორედ ამიტომ, მასზე მაქსიმალური ინფორმაციის მიღება ისაა, რაც უამრავ მეცნიერსა და ენთუზიასტს ამოძრავებს.

1968-1972 წლებში, აშშ-ის მიერ ჩატარდა რამდენიმე ექსპედიცია მთვარის მიმართულებით, რომელთა მიზანი ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის სიღრმისეულად შესწავლა იყო. 5-წლიან პერიოდში, ჯამში 24 ადამიანი მიუახლოვდა მთვარეს და მხოლოდ 12-მა მათგანმა მოახერხა მასზე ფეხის დადგმა. ამ ამბიციური პროექტის ("აპოლო") შემდეგ, ასტრონავტებს მთვარის მიმართულებით ფრენა აღარ განუხორციელებიათ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს დროებითი პაუზა იყო.

NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მთვარის ზედაპირზე დასაჯდომი მოდულის შესაქმნელად, ილონ მასკის კერძო კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულების ღირებულებამ $2,77 მილიარდი შეადგინა. ამ კონკურსში მონაწილეობდა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსიც, რომელმაც $2,91 მილიარდ დოლარად შეფასებული Blue Origin წარადგინა, თუმცა მასკის ფუტურისტულ და ნოვატორულ Starship-ს რთულ კონკურენტულ პირობებში ვერ აჯობა.

NASA-ს აღმასრულებელმა ადმინისტრატორმა, სტივ იურჩიკმა განაცხადა, რომ მთვარეზე ექსპედიციების აღდგენას რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევუდგეთ, ვინაიდან კაცობრიობის განვითარების ახალ საფეხურზე გადასასვლელად, ახლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია. მან ასევე აღნიშნა, რომ NASA-ს საბოლოო მიზანი მაინც მარსია, მაგრამ ვიდრე "წითელ პლანეტაზე" გავეშურებოდეთ, მთვარეც არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.

ილონ მასკი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომელიც ავტოგიგანტ Tesla-ს 22%-იან წილს ფლობს და თამამად აბანდებს ფულს კოსმოსისა და მასთან მომიჯნავე სექტორების განვითარებაში. მასკი მარსის კოლონიზაციის იდეითაა შეპყრობილი და მისი კომპანია SpaceX სწორედ ამ იდეის რეალიზებისთვის მუშაობს. მიუხედავად დიადი ამბიციებისა და გეგმებისა, ჯერჯერობით SpaceX-ი, მასკის სხვა პროექტის − Starlink-ის თანამგზავრებსა და კოსმოსური ტვირთების გადატანას ემსახურება, თუმცა პარალელურად, აუმჯობესებს სარაკეტო ტექნოლოგიებს და პროგრესის მთავარი მამოძრავებელიცაა ამ დარგში.

მთვარის ათვისების ახალ პროგრამას "არტემიდა" უწოდეს. ქეით ლიუდერსმა − NASA-ს კოსმოსის შემსწავლელი ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველი მოდულის გაფრენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მის უსაფრთხოობასა და გამართულობაში დარწმუნდებიან, თუმცა ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, ამ დეკადის ბოლომდე შესრულდება.

მთვარის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაშვების გეგმა ორეტაპიანია და გულისხმობს ასტრონავტების თანამგზავრის ორბიტამდე NASA-ს კაფსულით ტრანსპორტირებას, ხოლო შემდეგ, უშუალოდ დაშვებას მასკის Starship-მოდულით.

წინასწარი ცნობებით, ეს ექსპედიცია საინტერესო იქნება რამდენიმე ფაქტორის გამო: 1972 წლის შემდეგ, ეს პირველი ფრენაა მთვარის მიმართულებით; ასტრონავტთა წყვილის ერთ-ერთი წევრი იქნება პირველი ქალი, რომელიც მთვარეზე ფეხს დადგამს, ხოლო მეორე − პირველი ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს მოინახულებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი