Get All Access for $5/mo

ილონ მასკის განცხადებით, Tesla ბიტკოინით ანგარიშწორებას წყვეტს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tesla-ს გენერალურ დირექტორ ილონ მასკის მიერ 12 მაისს დაწერილი "ტვიტის" თანახმად, კომპანია ელექტრომობილებს ბიტკოინებად აღარ გაყიდის, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ამ კრიპტოვალუტის მოპოვების (ე.წ. მაინინგის) პროცესში, აქტიურად გამოიყენება სასარგებლო წიაღისეული და მნიშვნელოვნად ზიანდება გარემო.

მასკის განცხადებიდან რამდენიმე წუთში, ბიტკოინის ფასი 5%-ით დაეცა.

Tesla-ს მიერ, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიისადმი წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტებში ეწერა, რომ მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში, მათ $1,5 მილიარდის ბიტკოინი აქვთ შეძენილი და გარდა ამისა, კრიპტოვალუტებში ინვესტირებას სამომავლოდაც გეგმავენ. წლის დასაწყისში, Tesla აცხადებდა, რომ ბიტკოინს თავისი ავტომობილების გაყიდვის ერთ-ერთ ალტერნატიულ ერთეულად გამოიყენებდა.

Tesla-სა და კერძოდ, ილონ მასკის მხრიდან კრიპტოვალუტების ასეთმა მხარდაჭერამ, ბოლო თვეებში ბიტკოინსა და Dogecoin-ზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.

"Tesla-მ ავტომობილების ბიტკოინით გაყიდვა შეწყვიტა. ჩვენ ვწუხვართ, რომ ამ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, დიდი ოდენობით წიაღისეული, განსაკუთრებით კი ქვანახშირი გამოიყენება, რომელიც გარემოსათვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი საწვავია. კრიპტოვალუტა საუკეთესო მიგნებაა უამრავი სფეროსთვის და მას დიდი მომავალი აქვს, თუმცა ვფიქრობთ, შეუძლებელია მსგავს პერსპექტიულ პროექტს, ასეთი ზიანი მოჰქონდეს ეკოლოგიისათვის. Tesla წყვეტს ბიტკოინებით ანგარიშწორებას, ვიდრე ციფრული ვალუტა მდგრად ენერგეტიკულ რელსებზე არ შედგება. ჩვენ სხვა კრიპტოვალუტებსაც ვადევნებთ თვალყურს, რომლებიც თავიანთ ტრანზაქციებში ბიტკოინის გამომუშავებისათვის საჭირო ენერგიის 1%-ზე ნაკლებს იყენებენ", – აცხადებს საკუთარ პოსტში ილონ მასკი.

ბიტკოინის ძირითადი შემსყიდველები და ინვესტორები, როგორებიცაა Tesla, Square, Metromile და Nexon, კრიპტოვალუტებს ინფლაციისაგან თავდაცვის მეთოდად განიხილავენ, რადგან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა მეტი ფულის ბეჭდვა დაიწყო, ეკონომიკური პრინციპების თანახმად კი, ფულის მასის ზრდა აუცილებლად განაპირობებს ფასების დონის მატებასაც.

უოლ სტრიტის მსხვილი ბანკები, როგორებიცაა Goldman Sachs და Morgan Stanley, ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილი ციფრული ვალუტების მიმართ და თავიანთ მნიშვნელოვან მომხმარებლებს პორტფელის ბიტკოინით გამრავალფეროვნებასაც სთავაზობენ.

12 მაისს გაკეთებული განცხადების მიუხედავად, მასკის თქმით, Tesla მის მფლობელობაში არსებული ბიტკოინების გაყიდვას არ აპირებს. ისინი ამ ციფრულ აქტივს დაიტოვებენ, თუმცა პარალელურად, ბაზარზე არსებული ენერგოეფექტური ალტერნატივების ძებნას შეუდგებიან.

2021 წლის პირველ კვარტალში, Tesla-მ $1,5 მილიარდის ციფრული აქტივები შეიძინა, ხოლო $272 მილიონის – გაყიდა. 26 აპრილის ფინანსური დოკუმენტების თანახმად, გაყიდული ბიტკოინებიდან მიღებულმა შემოსავალმა მნიშვნელოვნად განაპირობა კომპანიის დადებითი ბალანსი და მათი წმინდა მოგება 101 მილიონი დოლარის ნიშნულზე დააფიქსირა.

თავად ილონ მასკი კრიპტოვალუტების სახელგანთქმული ენთუზიასტია, რომელიც სოციალურ ქსელებში, თავის მრავალმილიონიან გამომწერთა არმიასთან ერთად, ხშირად წერს პოსტებს, მათ შორის ხუმრობებს ბიტკოინზე, Dogecoin-ზე და სხვა ციფრულ ვალუტებზე.

გასულ შაბათს, Tesla-ს გენერალური დირექტორი SNL-ის შოუში გამოჩნდა, სადაც შესავალი სიტყვის დიდი ნაწილი Dogecoin-ზე საუბარს დაუთმო. იმის მაგივრად, რომ ამ გამოსვლას ციფრულ ვალუტაზე ფასი გაეზარდა, გადაცემის დაწყებიდან რამდენიმე საათში, Dogecoin-ი 30%-მდე გაუფასურდა. ამ უეცარმა ვარდნამ, სავაჭრო პლატფორმა Robinhood-ზე შეფერხებაც კი გამოიწვია.

მასკის განცხადების შემდეგ, ამერიკის საკალათბურთო გუნდ Dallas Mavericks-ის მფლობელმა, მარკ კუბანმა აღნიშნა, რომ კლუბი არ აპირებს ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშწორების შეწყვეტას, რადგან მათი აზრით, ოქროს, როგორც ვალუტის გამამყარებელი ინსტრუმენტის, ციფრული აქტივებით ჩანაცვლება, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"