In Creative Resistance - თბილისის დიზაინის ფესტივალის მეორე გამოშვება 16 მაისს D-Block-ში გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ღონისძიების მიზანი, სტუდენტების, დამწყები თუ გამოცდილი დიზაინერების მხარდაჭერაა. თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ფესტივალი წელს სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება: Tbilisi Design Festival - Workshop Edition-ზე არ იქნება დიდი კაშკაშა სცენა და გასართობი ზონები, არც ბილეთები გაიყიდება. აქცენტი საგანმანათლებლო აქტივობებზე გაკეთდება და დასწრებას მსურველები წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, უფასოდ შეძლებენ, რადგან ორგანიზატორების აზრით, ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა არ დაკარგონ მოტივაცია, განაგრძონ პროფესიული განვითარება და ეს ცოდნა საკუთარი იდეალებისთვის ბრძოლას მოახმარონ.
"ჩვენ გვჯერა, რომ კრეატიული გამოხატულება თავისი არსით დემოკრატიულია და კრეატიული სფეროების წარმომადგენლები თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველთვის მოწინავე ხაზზე არიან, სწორედ ამიტომ ჩვენი ფესტივალის წლევანდელი თემა ამ ბრძოლას მივუძღვენით"- Ad Black Sea-ს გუნდი.
In Creative Resistance თემის ვიზუალურ შეფუთვაზე სააგენტო Legacy-მ იმუშავა.
Tbilisi Design Festival - Workshop Edition 16 მაისს, D-Block-ში გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში დიზაინერებს ვორქშოპებში მონაწილეობის და დისკუსიების მოსმენის საშუალება ექნებათ. ამ აქტივობებს ქართველ წამყვან დიზაინერებთან ერთად პოლონეთიდან ჩამოსული სტუმრები გაუძღვებიან. მათ შორის იქნებიან Patryk Hardziej, ილუსტრატორი, გრაფიკული დიზაინერი და დიზაინის მკვლევარი, მისი ვორქშოპი ლოგოს შექმნის ხელოვნებას მიეძღვნება. Martyna Wędzicka, Alliance Graphique Internationale-ს წევრი არტ დირექტორი და გრაფიკული დიზაინერია, რომლის ვორქშოპის მონაწილეები გენდერული თანასწორობის იდეის გარშემო ვიზუალური სიმბოლოს შექმნაზე იმუშავებენ. Podpunkt დიზაინ სტუდიოს თანადამფუძნებელი Emilka Bojańczyk ვორქშოპის მონაწილეებს დიზაინ პროექტებზე კლიენტთან მუშაობის ტექნიკებს გააცნობს. ვორქშოპებს ასევე ჩაატარებენ შრიფტის დიზაინერი ანა სანიკიძე, ილუსტრატორი ნათია კვარაცხელია, Holy Motors და ა.შ. პროგრამა მრავალფეროვანი იქნება და დიზაინერები აუცილებლად იპოვიან მათთვის საინტერესო თემას, თუმცა ფორმატის გამო ადგილები შეზღუდული იქნება და დასარეგისტრირებლად სისწრაფე იქნება საჭირო.
ღონისძიების კულმინაცია წელსაც, როგორც შარშან, დიზაინ პროექტის ანონსი იქნება. შაგახსენებთ, რომ შარშან სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა პროექტი "დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ".
წლევანდელი ბრიფი და კურატორი 16 მაისს გამოცხადდება.
ტრადიციულად, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც ჩვენი ღონისძიება ვერ შედგებოდა. ფესტივალის პარტნიორები არიან: TBC, UN Women, Bakuriani, MINI Georgia, D Block, Ministry of Culture and National Heritage - Republic of Poland, Polish Graphic Design, Design Institute, Polish Institute in Tbilisi, Tbilisi School of Communications, Windfor's Workshops, Holy Motors, Legacy, Tbilisi Photography and Multimedia Museum, Indigo.
ფესტივალის ვორკშოპებზე რეგისტრაცია, ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე გამოცხადდება.