ინოვაციური განათლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში: ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა – "მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მუდმივად ადაპტირდება თანამედროვე საერთაშორისო განათლების სტანდარტებთან და პასუხობს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. უნივერსიტეტი ეყრდნობა ინოვაციურ სწავლებას და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მაღალკვალიფიციური განათლება და დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ შრომით ბაზარზე. საერთაშორისო კოლაბორაციები, მულტიკულტურული გარემო და მრავალფეროვანი პროგრამები ხელს უწყობს სტუდენტებს, შეიქმნან წარმატებული კარიერა და კონკურენტუნარიანები იყვნენ ცვალებად სამუშაო გარემოში.

IBSU-ს მრავალფეროვანი პროგრამებიდან განსაკუთრებით საინტერესოა უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა – "მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები", რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო ეკოსისტემისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა. პროგრამის შესახებ კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანს, ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ მარიამ რაზმაძეს ვესაუბრეთ.

მარიამ რაზმაძე:

"ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის შექმნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. თანამედროვე ბიზნეს და ტექნოლოგიურ გარემოში კვალიფიციური კადრების მოთხოვნა, რომლებიც ფლობენ როგორც მენეჯმენტის, ისე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომპეტენციებს, საკმაოდ მზარდია. საქართველოში, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინერგია კრიტიკულია კომპანიების კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, ეს

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური და დროულია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინოვაციური და ინტერდისციპლინური განათლება: ტრადიციული მენეჯმენტისა და IT განათლება ხშირად ცალკე სფეროებად განიხილება. IBSU-ს ორმაგი ხარისხის პროგრამა კი აერთიანებს ორ წამყვან მიმართულებას და მათი სინერგია სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამა პასუხობს ისეთ საჭიროებებს, რომლებიც თანამედროვე მენეჯერებისა და IT სპეციალისტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ტექნოლოგიური პროცესების გაანალიზებისას და ციფრული პროექტებისა და ბიზნესპროცესების ეფექტიანი მართვისას.

კიდევ ერთი გამორჩეული ფაქტორი საერთაშორისო ინტეგრაცია და მობილობაა: პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო გამოცდილების მიღებით. ორმაგი ხარისხის მოდელი მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ ორი ქვეყნის აღიარებული დიპლომი და გაეცნონ როგორც ქართული, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემის სპეციფიკას.

მარიამ რაზმაძე თანამედროვე რეალობის თანმდევი პროცესის – ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციასაც ეხება. როგორც ჩვენთან საუბრისას განმარტავს, დღესდღეობით, როცა საქართველოს ეკონომიკა და კერძო სექტორი გაციფრულების აქტიურ ფაზაშია, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა დიდ მოთხოვნას ქმნის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტებზე. "მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების" პროგრამა კი შრომით ბაზარს შესაბამისი უნარების პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფს.

მარიამ რაზმაძე:

"პროგრამის ძირითად უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მსურს გამოვყო შემდეგი: ორი წამყვანი დარგის სინერგია – ეს პროგრამა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არის ერთადერთი ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აერთიანებს მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებს. მაღალი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე – პროგრამა უზრუნველყოფს როგორც მენეჯერული, ისე IT უნარების შესწავლას. ასეთი კომპლექსური ცოდნა მათ არა მხოლოდ მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს, არამედ უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. პროგრამის საერთაშორისო აღიარება და მულტიკულტურული გამოცდილება – პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით და აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მას სხვა პროგრამებისგან გამოარჩევს. სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ორმაგი ხარისხი. პრაქტიკული ორიენტაცია – პროგრამა პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრად უფრო განვითარებულია სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით, რადგანაც სტუდენტები პარტნიორ უნივერსიტეტში ყოფნისას გადიან პრაქტიკას რეალურ ბიზნესმოდელებზე და წვლილი შეაქვთ პროექტების განხორციელებაში. ხსენებული მათ საშუალებას აძლევს, სწრაფად ადაპტირდნენ თანამედროვე გარემოში, შეიძინონ საჭირო გამოცდილება და გაუმკლავდნენ მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ციფრული და მენეჯერული უნარების სინერგია – საქართველოსთვის, სადაც ტექნოლოგიების როლი ბიზნესში მაღალი ტემპით იზრდება, ხსენებული პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და გავლენას მოახდენს კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდაში, რომლებიც სამომავლოდ წარმატებით გაუძღვებიან ქვეყნის მასშტაბით ციფრულ პროექტებს და ბიზნესპროცესებს".

აღსანიშნავია, რომ პროგრამა აკრედიტებულია გერმანული სააკრედიტაციო სააგენტო ASIIN-ის მიერ და აღიარებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის, EQE-ს მიერ. ASIIN ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ევროპული აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც სპეციალიზებულია საინჟინრო, ტექნოლოგიურ, ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებებში. ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამამ – "მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები" ASIIN-ის აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით მიიღო, რაც ამ პროგრამის რეპუტაციას და გლობალურ აღიარებას გულისხმობს. ASIIN აკრედიტაციის მნიშვნელობა სტუდენტებისთვის გულისხმობს საგანმანათლებლო ხარისხის მაღალ სტანდარტს. ASIIN-ის მიერ აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულებს უპირატესობა აქვთ საერთაშორისო შრომის ბაზარზე, რადგან მათ მიერ მიღებული დიპლომი აღიარებულია სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში. საერთაშორისო აკრედიტაცია თავისთავად გულისხმობს, რომ პროგრამის კურსდამთავრებულები ფლობენ შესაბამის უნარებსა და კომპეტენციებს გლობალურ ბაზარზე დასაქმებისთვის, რაც მათ კარიერულ გზას უხსნის მსოფლიოს ლიდერი კომპანიებისაკენ. გარდა ამისა, ASIIN-ის აკრედიტაცია სტუდენტებს უადვილებს სწავლის გაგრძელებას ევროპისა და სხვა რეგიონების წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც ეს აღიარება მნიშვნელოვანია.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობაა. როგორც მარიამ რაზმაძე განმარტავს, სწავლების პერიოდში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, გაიაროს პრაქტიკა სხვადასხვა საწარმოში და მიიღოს გამოცდილება რეალური სამუშაო პროცესებით. გარდა პრაქტიკისა, უნივერსიტეტი სტუდენტებს საჭირო პროფესიული კავშირების დამყარებასა და გაღრმავებაშიც ეხმარება.

"აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან მრავალმხრივ უწყობს ხელს სტუდენტებს, რომ მათ დაამყარონ მჭიდრო და მტკიცე პროფესიული კავშირები და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. IBSU განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და კარიერული შესაძლებლობების გაძლიერებას", – ამბობს მარიამ რაზმაძე.

უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების, გაცვლითი პროგრამებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობებზე Entrepreneur-თან თავად სტუდენტებიც საუბრობენ.

"გერმანიაში სწავლა ძალიან ნაყოფიერი იყო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. სწავლის პერიოდში ხუთმა სტუდენტმა გავაკეთეთ პროექტი, რომელიც შემდეგ ცვიკაუს უნივერსიტეტმა სარეკლამოდ გამოიყენა. ჩვენი პროექტი მოიცავდა ვირტუალური ტექნოლოგიის მეშვეობით, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვირტუალური ტურის გაკეთებას. პროექტის დასრულების შემდეგ ცვიკაუს უნივერსიტეტმა სტუდენტ-ასისტენტის პოზიციაზეც დაგვასაქმა, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის კოორდინატორს პროექტების დაგეგმვაში ვეხმარებოდით. ცვიკაუში მიღწეული წარმატება IBSU-ს დამსახურებაა – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გვაძლევს საფუძვლიან ცოდნას, რომელიც გერმანიაში სწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", – ამბობს რატი კერესელიძე, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის "მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები" სტუდენტი.

ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულს ენიჭება ორი კვალიფიკაცია:

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან: მეცნიერებათა მაგისტრის კვალიფიკაცია მენეჯმენტსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
  • ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (WHZ): მეცნიერებათა მაგისტრის კვალიფიკაცია.

ეს კვალიფიკაციები შემდეგ ხუთ პროფილად იშლება.

"ჩაშლილი პროფილები კურსდამთავრებულს შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდეს შემდეგი წამყვანი პროფესიებით: ბიზნესანალიტიკოსი; IT/პროექტის მენეჯერი; პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი; მონაცემთა ანალიტიკოსი; სწავლული მეცნიერი და სხვა მომიჯნავე პროფესიებით", – განმარტავს Entrepreneur-თან ინტერვიუში მარიამ რაზმაძე.

IBSU გამორჩეულია მრავალფეროვანი ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში უნივერსიტეტს შეემატა რიგი მოთხოვნადი საბაკალავრო პროგრამებისა, კერძოდ: დიპლომირებული მედიკოსის და სამწლიანი გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი პროგრამები, სამწლიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის და ფსიქოლოგიის ქართულ-ინგლისური პროგრამები და არქიტექტურის ქართულენოვანი პროგრამა. უნივერსიტეტი ასევე გამორჩეულია სადოქტორო პროგრამებით: კომპიუტერული მეცნიერების, ბიზნესის ადმინისტრირების, ამერიკისმცოდნეობისა და განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი პროგრამებით. აღსანიშნავია ბიზნესის სკოლის საბაკალავრო PR პროგრამა, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გამოირჩევა – ის აკრედიტებულია, როგორც ბიზნესის ადმინისტრირების ერთ-ერთი პროგრამა და ბიზნესის სკოლის სხვა საბაკალავრო პროგრამების მსგავსად სამწლიანია.

სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნების, შინაარსის, დანერგილი სიახლეებისა და უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების სტანდარტების წინსვლას. თანამედროვე მსოფლიო ტრენდების გააზრებითა და გათვალისწინებით უნივერსიტეტი ქმნის განსაკუთრებულად მიმზიდველ აკადემიურ სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის დაუფლებას, არამედ საფუძველს უდებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წარმატებულ კარიერულ მომავალს.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი