Sponsored Content

ინოვაციური ქართული სტარტაპი Unisub – გაიცანით 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წელს უკვე მეხუთედ, საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის თანამშრომლობით, რეგიონში სტარტაპების აქსელერაციის გლობალური პროგრამა 500 Georgia-ს სახელით იმართება. წელს პროექტში მონაწილეობის მისაღებად 5 ქვეყნის 10 სტარტაპი შეირჩა, რომელთა შორის ერთ-ერთი Unisub-ია.

ეს არის სტარტაპი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, გამოწერის საფასური (subscription fee) კრიპტოვალუტაში მიიღონ. კომპანიის დამფუძნებლები ძმები - ნოდარ და დავით კოლმახიძეები არიან.

სტარტაპის მნიშვნელობა ბაზარზე კრიპტოსამყაროს გაფართოებასთან და შესაბამისად, კრიტპო მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება. ასევე, გაიზარდა იმ ბიზნესების რაოდენობაც, რომლებიც სერვისის სანაცვლოდ ანაზღაურებას კრიპტოვალუტაში იღებდნენ. მიუხედავად კრიპტოვალუტის მზარდი პოპულარობისა, გამოწერასთან დაკავშირებული სერვისების კრიპტოვალურით მიღება ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩებოდა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად Unisub-მა.

ამისათვის, ბიზნესებმა საკუთარი საფულე უბრალოდ უნდა დაუკავშირონ unisub-ის პლატფორმას, აირჩიონ სასურველი კრიპტოვალუტა, განსაზღვრონ ნებისმიერი ხანგრძლივობის გამოწერის სერვისი და მისი ფასი. ამასთან, Unisub მთლიანად დეცენტრალიზებული, web3 პლატფორმაა და ყველა მსხვილი ბლოკჩეინისა და ტოკენის მიერაა მხარდაჭერილი.

უფრო დეტალურად კრიპტოსამყაროს გამოწვევების და Unisub-ის მომავალზე სტარტაპის დამფუძნებლებს, ძმებ დავით და ნოდარ კოლმახიძეებს გავესაუბრეთ:

მოკლედ რომ მოგვიყვეთ, რა არის და როგორ შეიქმნა Unisub?

Unisub ფინტექ კომპანიაა, რომელსაც ძმები მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდთან ერთად ვქმნით. Unisub ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან გამოწერის სერვისები კრიპტოში. უკვე 2017 წლიდან, ორივენი სრული დატვირთვით ვმუშაობდით კრიპტო ინდუსტრიაში. ამ დროის განმავლობაში, ბუნებრივია ბევრ პრობლემას წავაწყდით, მათ შორის, ერთ-ერთი გამოწერაზე ორიენტირებული ბიზნესის შექმნის შეუძლებლობა იყო. კრიპტოში მომხმარებლებს თავიანთ საფულეზე სრული კონტროლი აქვთ, ისეთი შუამავალი, რომელიც შენი ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრაში მონაწილეობს, (მაგალითად, ბანკი) აქ არ არსებობს. ასე რომ, დიდი ხნის განმავლობაში, გამოწერის საფასურის გადახდა კრიპტოში ტექნიკურად შეუძლებლად მიიჩნეოდა. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჩვენ იოლად გადავჭერით ეს პრობლემა - ახლა როგორც ჩვეულებრივ, SaaS, ისე კრიპტოზე დაფუძნებულ კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ და ვეხმარებით ავტომატურ გამოწერაზე დამოკიდებული ბიზნესის წარმართვაში. პრინციპი ზუსტად ისეთივეა, როგორც საკრედიტო ბარათზე, ოღონდ ყველაფერი კრიპტოში ხდება.

რა გამოარჩევს Unisub-ს?

თავიდან, როცა სტარტაპზე დავიწყეთ, შეიძლება ითქვას, რომ პიონერები ვიყავით, პირველები, ვინც კომპანიებს კრიპტოში ავტომატური გადახდების სერვისს სთავაზობდა. ახლა, ბაზარზე უკვე რამდენიმე ასეთი კომპანიაა. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ტექნოლოგია სხვებისას სჯობია, რადგან მექანიზმს თავიდანვე ბიზნესის კუთხით მივუდექით – ჩვენი მიზანი იყო შესყიდვის რაც შეიძლება მეტად გამარტივება და შესაბამისად, დიდი აუდიტორიის მოზიდვა. ჩვენი კონკურენტები რთულ ტექნოლოგიებს იყენებენ, მაგალითად ისეთებს, როგორებიცაა Layer-2 ბლოკჩეინები, wrapped ტოკენები, და სხვა საშუალებები… ჩვენ კი იმ გამოცდილებას ვთავაზობთ მომხმარებლებს, რაც უკვე მათთვის ისედაც კარგადაა ნაცნობი – ესაა საკრედიტო ბარათის მექანიზმი. მაგალითად, საკმარისია უბრალოდ დაუკავშირო web3 საფულე პლატფორმას, პირველი გადახდა შეასრულო და შემდეგ კი ავტომატურად ჩამოგაჭრით საწევროს, გათვალისწინებული პირობების თანახმად. გვჯერა, რომ სწორედ ეს სიმარტივე წაგვწევს სხვებზე წინ და რაც მთავარია, ჩვენს პარტნიორებს დაეხმარება ჰყავდეთ მეტი ერთგული მომხმარებელი და ჰქონდეთ მაღალი LVT მაჩვენებელი.

რა იყო 500 Georgia-მდე და რამ გადაგაწყვეტინათ აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა?

პროდუქტი ჩვენ შევქმენით, მთლიანად ჩვენი ხარჯებით და ის გამართულად მუშაობს! მოვიგეთ Smoothie Awards (ProductHunt-ის ანალოგი web3-ში). თუმცა, წარმატების მიუხედავად, ჯერ კიდევ მოგებაზე გასვლამდე შევამჩნიეთ გაყიდვებსა და წვდომებში პრობლემები. ამიტომ, გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო 500 Georgia-ში, რათა მეტი გაგვეგო ბიზნესის სწორად მართვაზე – ეს ცნობილი პროგრამაა, რომელსაც 500 Global-ი ქვეყანაში საქართველოს ბანკსა და GITA-სთან პარტნიორობით ახორციელებს. თანაც, რადგან ეთნიკურად ქართველები ვართ, განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ სწორედ საქართველოში ვართ ისეთი შთამბეჭდავი პროგრამის მონაწილეები, რომელიც ძალიან ნიჭიერ ხალხს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

რას ელით 500 Georgia-სგან?

დარწმუნებულები ვართ, რომ პროგრამა დაგვეხმარება გაყიდვების მაჩვენებლისა და სხვა მონაცემების გაუმჯობესებაში, მოგვცემს წვდომას ინვესტორებისა და მომხმარებლების ფართო წრეზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მოგებაზე გასვლა. პირველ გაყიდვებს წელს ველით, მომდევნო წლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო გავიზრდებით, ხოლო 2025 წლისთვის, ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი იქნება.