ინოვაციური ლიდერობა – საქართველოს უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"საქართველოს უნივერსიტეტმა", რომელიც აქტიურად პასუხობს თანამედროვე განათლების საჭიროებებს, ახალი საბაკალავრო პროგრამა – "ინოვაციური ლიდერობა" წარადგინა. პროგრამის მიზანია სტუდენტები უზრუნველყოს მრავალმხრივი ცოდნით, რომელიც მოიცავს როგორც ტექნოლოგიურ, ასევე სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებს, რაც მათ შემოქმედებითი, ნოვატორული და ანტრეპრენერული უნარების განვითარებაში დაეხმარება.
Entrepreneur "ინოვაციური ლიდერობის" პროგრამის ხელმძღვანელს, გიორგი ჩხიკვაძეს ესაუბრა, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო აკადემიურ და კვლევითი მიმართულებებით. მას აქვს თანამშრომლობის გამოცდილება ისეთ ამერიკულ და ევროპულ ინსტიტუტებთან, როგორებიცაა: კატონის (CATO) ინსტიტუტი (აშშ), IREF (The Institute for Research in Economic and Fiscal Issues) ეკონომიკური და ფისკალური საკითხების კვლევის ინსტიტუტი (ბელგია), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია) და სხვა. მას ასევე აქვს საჯარო და კერძო სამსახურის მენეჯერულ თანამდებობაზე 10 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება.
ბატონო გიორგი, გვითხარით, უმაღლესი განათლების რა საჭიროებებსა და გამოწვევებს პასუხობს "ინოვაციური ლიდერობის" ახალი პროგრამა და რატომ გახდა მისი შექმნა მიზანშეწონილი?
პროგრამის შემუშავების პროცესში ავტორიტეტული და წამყვანი დასავლური უნივერსიტეტის პრაქტიკა და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნები გავითვალისწინეთ. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში – იქნება ეს ტრენინგები, სემინარები, თუ კონკურსები – ვკონტაქტობთ 1000-ზე მეტ სკოლის მოსწავლესა და ასობით მასწავლებელთან. სწორედ მათთან კომუნიკაციისას ირკვევა, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი სკოლის დამთავრების შემდეგ არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა პროფესიული ინტერესი გააჩნია. შესაბამისად, უნივერსიტეტში აბარებენ სტუდენტები, რომლებმაც ჯერ არ იციან, რა სფეროს დაუკავშირონ მომავალი. საწყის ეტაპზე ეს პროგრამა აძლევს მათ საშუალებას, გაარკვიონ, რა შეუძლიათ და რა აინტერესებთ. პროგრამა ეხმარება თავიანთი უნარებისა და ინტერესების იდენტიფიცირებაში. ჩვენი მიზანი იყო ადამიანებისთვის ის ცოდნა მიგვეცა, რაც მათ ვიწრო სპეციალისტებად კი არა, საქმის ლიდერებად აქცევდა. გარდა ამისა, მსგავსი ცოდნით აღჭურვილი ადამიანები ადვილად შეძლებენ ადაპტირებას თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოში. ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ არა მარტო მენეჯერები სხვადასხვა ორგანიზაციაში, არამედ გამოიყენებენ თავიანთ უნარებს საკუთარი საქმეების დასაწყებად – ადვილად გახდნენ ანტრეპრენერები. ამ პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მისცეს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესაბამისი ცოდნა, მათ შორის საქართველოს კონტექსტშიც. ასევე, აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ, თუ რა სფეროსა და პოზიციას დაუკავშირონ საკუთარი კარიერული მომავალი.
რას მოიცავს "ინოვაციური ლიდერობა" და რა განსხვავებული მიდგომები აქვს პროგრამას?
პროგრამა არის ინტერდისციპლინარული, რომელიც ჰოლისტიკური განათლებით აღჭურვილ ადამიანებს აძლევს ბაზარზე გამოსვლის საშუალებას. სტუდენტები პროგრამის განმავლობაში თვითონ ახდენენ საკუთარი ცოდნის კონსტრუირებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად. "საქართველოს უნივერსიტეტის" "ინოვაციური ლიდერობის" პროგრამა მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ტექნოლოგიურ ბლოკებს. ინგლისური ენის სწავლებასთან ერთად, განიხილება მსოფლიო ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენები და მათი გავლენა თანამედროვე საზოგადოებაზე. სასწავლო პროგრამა ხსნის ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ბიზნესის ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე მიკრო და მაკროეკონომიკის პროცესებს. სწავლის პროცესში სტუდენტი აანალიზებს სამართლის, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური სისტემების თეორიებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას. გარდა ამისა, განმარტავს მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის ძირითადი თეორიული პრინციპების მნიშვნელობას რეალურ სიტუაციებში, პროგრამირების ენებისა და მონაცემთა სტრუქტურების გამოყენების პრინციპებს.
პროგრამა იძლევა თავისუფალი მეცნიერებების ბაკალავრის კვალიფიკაციას, რაც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია საერთაშორისო შრომით ბაზარზე. შედეგად, "ინოვაციური ლიდერობის" პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება მრავალმხრივი ცოდნა იმ დარგებში, რასაც ეს პროგრამა მოიცავს.
რა უნარებს და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ სტუდენტები?
პროგრამის კურსდამთავრებულები აღჭურვილი იქნებიან კრიტიკული აზროვნების უნარით, ორატორული ხელოვნების ტექნიკებით საჯარო გამოსვლებისა და აკადემიური კომუნიკაციისთვის, წერისა და ტექნიკური უნარებით. მათ ასევე განვითარებული ექნებათ ლაბორატორიული კვლევის უნარები, შეეძლებათ მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენება. "ინოვაციური ლიდერობის" პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც. პრაქტიკული ნაწილი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს სწავლების პროცესში "სწავლა კეთებით" პრინციპის გამოყენებას. ეს მოიცავს ლაბორატორიულ სამუშაოებს ტექნიკურ საგნებში (მაგალითად– ფიზიკა, ქიმია, IT მიმართულების საგნები). გარდა ამისა, სწავლების პროცესში გამოიყენება პროექტების შექმნის, სხვადასხვა ქეისის ანალიზისა და რეალურთან მიახლოებული სიმულაციურ გარემოში მუშაობის ტექნიკა. ასეთი სიმულაციური სამუშაო სიტუაციები აქტიურად გამოიყენება სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებით. ასევე დავნერგეთ სხვადასხვა სიმულაციური თამაშები, რომელიც სტუდენტს ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების ცოდნით ამდიდრებს.
რა საერთაშორისო შესაძლებლობებს სთავაზობს "საქართველოს უნივერსიტეტი" ამ პროგრამის სტუდენტებს და როგორ უწყობს ხელს "ინოვაციური ლიდერობის" პროგრამა შრომითი ბაზრის განვითარებას?
"საქართველოს უნივერსიტეტი" გამორჩეულია თავისი კონტაქტებით, რაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებსა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს 100-მდე ქვეყანაში, როგორებიცაა: იტალია, საფრანგეთი, ბელგია და ა.შ. საქართველოს უნივერსიტეტს ასევე აქვს მემორანდუმი გაფორმებული სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რაც სტუდენტებს გარკვეული პერიოდით სტაჟირების შესაძლებლობას აძლევს.
"ინოვაციური ლიდერობის" პროგრამის მიზანია, ადამიანი თანამედროვე შრომითი ბაზრის გამოწვევებისთვის თავიდანვე მზად იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა არა მხოლოდ თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებზე ადაპტირებულ ცოდნას აძლევს ადამიანს, არამედ შრომითი ბაზრის განვითარებასაც უწყობს ხელს – დამსაქმებლებისთვის იმ პროფესიონალების რესურსს აჩენს, რომლებიც დღეს საკმაოდ მოთხოვნადი და, ამავდროულად, დეფიციტურია.
საბოლოოდ, როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს უნივერსიტეტი განათლების სისტემის განვითარებაში და რა მნიშვნელობა აქვს ამ კონტექსტში "ინოვაციური ლიდერობის" პროგრამას?
თანამედროვე სამყაროს გამოწვევების შესაბამისი პროგრამებით პასუხი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთი ვალდებულება და მისიაა. აუცილებელია მოხდეს იმ ჩარჩოების გარღვევა, რაც წლების განმავლობაში არსებობდა. საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა მოერგოს ახალ შესაძლებლობებს, ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს. ჩვენ უნდა მოვერგოთ სამყაროს ჩვენი ცოდნით, რათა ვიყოთ წარმატებულები. ეს დინამიკური პროცესია და ინოვაციური ლიდერობაც ასეთივე დინამიკური საბაკალავრო პროგრამაა, რომელიც თანამედროვე სამყაროს განვითარების წესრიგს მიჰყვება. ამ პროგრამის მოდიფიცირება დროთა განმავლობაში მოხდება ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, რადგან განათლება არ შეიძლება იყოს სტატიკური, ის ცოცხალი პროცესია.