Get All Access for $5/mo

ინტერნეტთაღლითობის ახალი სქემა საქართველოში - როგორ დავიცვათ თავი მისგან?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ საგრძნობლად გაამარტივა პროცესები - გაციფრულდა უამრავი სერვისი, შესაძლებელია ნივთების შეძენა სახლიდან გაუსვლელად, შეხვედრების დისტანციურ ფორმატში ჩატარება, საბანკო ანგარიშების ონლაინ გახსნა და სხვა. თუმცა ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად, გამოჩნდა ინტერნეტთაღლითობის მექანიზმებიც, რომელიც მორალური თუ ფინანსური თვალსაზრისით, აზარალებს როგორც მომხმარებლებს, ისე - კომპანიებს.

ბოლო პერიოდში, საქართველოში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები და საფრთხეები. დამნაშავეები, ახალ-ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ცდილობენ მოიპოვონ წვდომა მომხმარებელთა საბანკო ბარათებზე და არაკანონიერი მიზნებისთვის გამოიყენონ მათი პერსონალური მონაცემები.

რას მოიცავს ახალი თაღლითური სქემა?

კიბერდამნაშავეები მოქმედებენ ახალი, თუმცა დამაჯერებელი სქემით და მიმდინარე პერიოდში გავრცელებული მეთოდი მეტწილად ინტერნეტმაღაზიების მომხმარებლებს აზარალებს.

ფიშინგის ახალი ფორმა რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს:

  1. კიბერთაღლითები ყიდვა-გაყიდვის პლატფორმებზე მომხმარებელს უკავშირდებიან და ვითომ ნივთის შეძენისა და მიტანის სერვისით სარგებლობისთვის სთხოვენ ინფორმაციის გაზიარებას. კონკრეტულად, მომხმარებელს უგზავნიან ერთი შეხედვით სანდო ბმულს, სადაც უნდა განხორციელდეს თანხის გადარიცხვა;
  2. როდესაც შეტყობინებაში არსებულ ბმულს მომხმარებელი ხსნის, გამოდის ველი შემდეგი დასახელებით - "თანხის მიღება". ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ, მომხმარებელი გადამისამართდება გვერდზე, სადაც უნდა აირჩიოს, რომელი ბანკით სურს გადახდა;
  3. როგორც კი მომხმარებელი აირჩევს ბანკს, კიბერთაღლითები ითხოვენ ანგარიშის ნომრის ველისა და მიმღების დასახელების შევსებას;
  4. აღნიშნული მონაცემების შევსების შემდეგ, მომხმარებელი გადადის ყალბ გვერდზე, სადაც ითხოვენ მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანას. შედეგად, მომხმარებლის მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია ფინანსურ დანაკარგს იწვევს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითობისგან?

მიუხედავად იმისა, რომ კიბერდამნაშავეები საკმაოდ დამაჯერებელი და დახვეწილი გზებით ცდილობენ მომხმარებელთა მონაცემების მოპოვებას, არსებობს ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც უნდა გავითვალისწიოთ, თუ გვსურს, თავი დავიცვათ ციფრულ სამყაროში:

  • აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია, თუ ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით ან რაიმე სხვა საშუალებით მიიღეთ შეტყობინება, რომელიც საეჭვო ბმულით თქვენს ინტერნეტბანკში გადასვლას გთავაზობთ;
  • ყოველთვის დააკვირდით ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის მისამართს - ხშირად ყალბი საიტები ოფიციალური პლატფორმების მსგავსია;
  • გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელიც საეჭვო ნომრიდან ან ელ.ფოსტიდან გეგზავნებათ. შესაძლოა, ელ.ფოსტის გამომგზავნის მისამართი მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ოფიციალურისგან;
  • თუ, მოტყუების გზით, გადახვედით საეჭვო ვებგვერდზე და შეიყვანეთ პირადი მონაცემები, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ბანკს. ამასთან, დროულად შეცვალეთ ინტერნეტბანკში ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები;

ინტერნეტთაღლითობის ხერხები სულ უფრო იხვეწება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, არ ვენდოთ ერთი შეხედვით მიმზიდველ შემოთავაზებებს და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მონაცემები. ნებისმიერი საეჭვო ვითარების აღმოჩენისთანავე, რეკომენდებულია, დაუკავშირდეთ კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდებს და გადაამოწმოთ ინფორმაცია თქვენი პირადი მონაცემებისა და ფინანსების დაცვის მიზნით.

რაც მთავარია: არასდროს გასცეთ სხვა პირზე თქვენი ბარათისა და ონლაინბანკის მონაცემები!

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.