Get All Access for $5/mo

Invest In Georgia - საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix შემოვიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" საინვესტიციო მიმართულება - Invest In Georgia-ს მხარდაჭერით, საქართველოში ბიზნეს სერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანია - Concentrix შემოვიდა.

Concentrix მსოფლიოში ბიზნეს სერვისების მიმწოდებელ კომპანიათა ხუთეულში მოიაზრება, აერთიანებს 250 000 თანამშრომელს და სხვადასხვა სფეროებს, იქნება ეს ტურიზმი, ფინანსები, საბანკო სფერო და ა.შ. ქოლ ცენტრების, მომხმარებლის მხარდაჭერის სერვისსა და სხვა მომსახურებას სთავაზობს. ამიერიდან ეს კომპანია საკუთარ საერთაშორისო უმსხვილეს პარტნიორებს, სერვისს უკვე საქართველოდანაც მიაწვდის.

"ეს ჩვენი სააგენტოსათვის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა. Concentrix-ის შემოსვლას უკვე 30-მდე ადგილობრივი თანამშრომლის აყვანა და მათი აქტიური დატრენინგება მოჰყვა, რაც ჯერ მხოლოდ დასაწყისია. როდესაც ჩვენი მხარდაჭერით ქართულ ბაზარზე კომპანია Majorel შემოვიდა, მუშაობა მხოლოდ თბილისში არსებული ოფისით დაიწყო, ახლა კი, ქუთაისსა და ბათუმში აქვთ თავიანთი წარმომადგენლობა და 3000-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. ვფიქრობთ, Concentrix-ის შემთხვევაში საქმე გაცილებით დიდ მასშტაბთან გვექნება და მზად ვართ, ამ კომპანიას მაქსიმალურად მოკლედ ვადაში ზრდაში დავეხმაროთ", - აცხადებს სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

Concentrix-ისა და სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში მრავალ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად მიაწვდის სერვისებს.

როგორც მიხეილ ხიდურელმა განაცხადა: "გლობალური კომპანიების მოზიდვა სააგენტოს ინვესტიციების მიმართულების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენთვის ისეთი მსოფლიო ბრენდის მიერ საქართველოზე არჩევანის გაკეთება, როგორიც Concentrix-ია. ჩვენ გავაგრძელებთ კომპანიის მხარდაჭერას და ხელს შევუწყობთ მათ გაფართოვებას ქვეყანაში".

Concentrix-ის ოფიციალურ განცხადებაში, აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი სერიოზული მიღწევაა კომპანიისათვის: "საქართველოს Concentrix-ის ოჯახში გაწევრიანება კომპანიის გაფართოვების სტრატეგიის მნიშნველოვანი ნაწილია, რომელიც კომპანიას საკუთარი გლობალური დაფარვის ზონის გაზრდაში დაეხმარება."

კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლების აყვანასა და მათ პროფესიულ გადამზადებასა და განვითარებაზე ზრუნვა. "ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ქართველი კოლეგების მიღებას Concentrix-ის ოჯახში და მზად ვართ ვიყოთ გამორჩეული დამსაქმებელი, რომელიც ზრუნავს მის თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე", - აცხადებს საქართველოსა და ბულგარეთის ლოკაციების დირექტორი, პაველ პაულა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia