📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

iTechnics – თქვენი უკეთესი გამოცდილებისთვის ნდობა, როგორც მთავარი მიღწევა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

iTechnics-ის თავგადასავალი 2011 წელს პატარა გუნდით, მასშტაბური ხედვითა და გრძელვადიანი მიზნების დასახვით დაიწყო. iTechnics-ი საქართველოში Apple-ის პირველი ოფიციალური მონობრენდული პარტნიორი კომპანიაა, რომელიც დღეს უკვე 7 ფილიალითაა წარმოდგენილი – 4 თბილისში, 2 ბათუმში და 1 ქუთაისში. კომპანიის ხედვა მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებას სცდება და ხარისხიან ტექნიკასთან ერთად, Apple-ით შთაგონებულ ფილოსოფიასაც ავრცელებს – Apple-ის ტექნიკა მეტია, ვიდრე მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ჰობის კარიერად გარდაქმნასა და საკუთარი თავის აღმოჩენაში ეხმარება.

iTechnics-ში სჯერათ, რომ კომპანიისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ნდობაა, რომლითაც ის მომხმარებლებში სარგებლობს. გუნდის მთავარი მოტივატორიც სწორედ ეს არის, რაც მათ ყოველდღიურად განვითარებისკენ უბიძგებს.

დღეს, iTechnics-ის ფილიალებში Apple-ის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი – iPhone, iPad, MacBook, iMac, Watch და AirPods. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებლებს სხვა პრემიუმბრენდების პროდუქციასაც სთავაზობს, როგორიცაა Marshall, Harman Kardon, Beats, Dyson, Playstation, JBL და სხვა.

მამოძრავებელი ფილოსოფია: მეტი, ვიდრე ტექნიკა

iTechnics-ს სჯერა, რომ Apple-ის ტექნიკას შეუძლია, შთაგვაგონოს, ბოლომდე ვირწმუნოთ საკუთარი იდეების, შევქმნათ და აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები.

ყოველდღიურად, მსოფლიოში Apple-ის მილიონობით ტექნიკა იყიდება, თუმცა მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი iPhone-ის, MacBook-ისა თუ სხვა პოპულარული მოწყობილობების რეალურ პოტენციალს ვერ იყენებს, ხშირ შემთხვევაში, მათ უბრალო მოწყობილობად აღიქვამენ.

ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, რომ დღეს ყველა ტრენდებს არის აყოლილი და ზოგიერთ მომხმარებელს წარმოდგენაც არ აქვს, iPhone-ის ფლობით რა შესაძლებლობებია მის ხელთ. გარშემო ისიც ყველას გვესმის, რომ ტექნიკამ ადამიანები ერთმანეთს დააშორა, ურთიერთობები გააფერმკრთალა და რეალური ემოციები "სქროლვისას" გამოხატულმა "ემოჯიმ" ჩაანაცვლა. ტექნიკა, რომელიც იმ მიზნით იქმნება, რომ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს, თითქოს, საპირისპირო რეალობაში გვაცხოვრებს.

სწორედ ამ გამოწვევას ეხმაურება iTechnics-ის რებრენდინგიც და კამპანია "აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები", რომელიც კომპანიამ მიმდინარე თვეში წამოიწყო. როგორც iTechnics-ში ფიქრობენ, Apple-ის ტექნიკა იმ მთავარი მიზნით იქმნება, რომ ადამიანებს არა მხოლოდ გაუმარტივდეთ ურთიერთობა, არამედ თავიანთი ღირებულებებითა და ინდივიდუალიზმით, საკუთარი თავის ახლებურად დანახვა და შემოქმედებითი საზღვრებისგან გათავისუფლება შეძლონ. სფეროს კი მნიშვნელობა არა აქვს − იქნება ეს ფოტოგრაფია, დიზაინი, მუსიკა თუ ბიზნესი... დღეს, ტექნიკა ყოველდღიური პრაქტიკული ამოცანების შესასრულებლად ბევრ რესურსს გვიზოგავს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ Apple არ არის მხოლოდ ტექნიკა. სინამდვილეში, ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ბევრისთვის ჰობის კარიერად გარდაქმნის ინსპირაციის წყარო, მნიშვნელოვანი სათქმელის გაჟღერებისა და წარმოუდგენლის რეალიზების საშუალება გამხდარა.

მომხმარებელი, როგორც პრიორიტეტი

iTechnics-ი განსაკუთრებით ზრუნავს ლოიალურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ბრენდის ფილოსოფიის გავრცელებასთან ერთად, მათ აქტიურად სთავაზობს სპეციალურ შეთავაზებებსა და გათამაშებებს. გარდა ამისა, Apple-ის ახალი პროდუქციის გამოსვლის შემდეგ, iTechnics-ის მომხმარებლებს პირველებს ეძლევათ საშუალება, გამოცადონ ახალი მოწყობილობები.

დღეს, ბევრს შეუძლია მომხმარებელს ლამაზი, დახვეწილი გარემო და ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს, თუმცა ცოტა მათგანი ახერხებს, მომხმარებელს მაღაზიაში დაბრუნების სურვილი გაუჩინოს. iTechnics-ის გუნდის წევრების თქმით, ის, რაც მომხმარებლებს ფილიალებში მუდმივად აბრუნებს, თანამშრომლების დადებითი ენერგეტიკა, გულისხმიერება და პროფესიონალიზმია. კომპანიისთვის წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ინდიკატორი არის ურთიერთპატივისცემა და გულწრფელობა, საქმესთან და მომხმარებლებთან ურთიერთობაში.

მუდმივი ცვლილებები, ზრდა და განვითარება, iTechnics-ის მთავარი კრედოა და განახლებული ბრენდინგიც სწორედ ამ პროცესის ნაწილია. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ, თუ ვინ დგას ბრენდის უკან და რა გზა გამოიარეს მათ იმისათვის, რათა დღეს iTechnics-ი მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების კომპანია გამხდარიყო.

გვანცა მიქუჭაძე iTechnics-ის დამფუძნებელი

2011 წლის 5 აგვისტოს, როცა iTechnics შეიქმნა, ჯერ კიდევ არ იყო Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ქართულ ბაზარზე განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა. მიზანი ერთი და მკაფიო გახლდათ − გამხდარიყო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში.

iTechnics-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები 2013 წელს დაიწყო, როცა გუნდს გენერალური მენეჯერის ამპლუაში გვანცა მიქუჭაძე შემოუერთდა. იმ პერიოდში კომპანიის წინაშე უამრავი გამოწვევა იყო − როგორც საკადრო, ასევე, მარკეტინგისა თუ შესყიდვების მიმართულებით.

"როდესაც კომპანიაში მოვედი, ფაქტობრივად, არანაირი სტრუქტურა არ არსებობდა. ამ ყველაფერს ორგანიზაციის ფორმა არ ჰქონდა. გვქონდა 3 ფილიალი და უამრავი გამოწვევა. დიდი სურვილი, გავმხდარიყავით მოწინავე კომპანია, მაძლევდა მოტივაციას არ შევშინებოდი არსებულ გამოწვევებს და ჩანაფიქრი სრულმეყო. რთული გზის მიუხედავად, ვფიქრობ შევძელით, გუნდთან ერთად, ბევრი წარმატებული იდეა თუ პროექტი განგვეხორციელებინა", – იხსენებს გვანცა მიქუჭაძე.

თავდაუზოგავ შრომას ყოველთვის მოსდევს დამსახურებული შედეგი. სწორი სტრატეგიით, სხვადასხვა პოლიტიკის გატარებითა და გუნდის აქტიური ჩართულობით, კომპანია 11 წლის თავზე განვითარების სულ სხვა საფეხურზე აღმოჩნდა. სწორედ გვანცას ხელმძღვანელობით, 2017 წელს კომპანიამ თავდაპირველ მთავარ მიზანს მიაღწია – iTechnics-მა Apple-თან კონტრაქტი გააფორმა და მისი პირველი ოფიციალური მონობრენდული პარტნიორი კომპანია გახდა საქართველოში.

გარდა ამისა, კომპანიაში ჩამოყალიბდა ორგანიზაციული სტრუქტურა და თანამშრომლებისთვის, რომლებიც კომპანიისთვის მთავარი ღირებულება არიან, ლოიალური სამუშაო გარემო შეიქმნა. ისევე, როგორც ადრე, iTechnics დღესაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მაქსიმალურ რესურსს გაიღებს გრძელვადიანი თანამშრომლების მობილიზებაში, რომლებიც მომხმარებლებს სრულფასოვან კონსულტაციასა და მაღალი ხარისხის პროგრამულ თუ ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევენ.

"ყველა თანამშრომელთან მიმართებით შორს მიმავალი გეგმები გვაქვს და მგონია, რომ სწორედ ამან მოიყვანა კომპანია დღევანდელ დღემდე. საკმაოდ რთული კონკურენციის პირობებში მოგვიწია საქმიანობა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან ღირსეულად გავეცით პასუხი ყველა იმ არასწორ და უსამართლო დაბრკოლებას, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე შეგვიქმნეს. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი გამოცდილებაა, რამაც ძალიან გაგვზარდა", – აღნიშნავს გვანცა.

ჯერ კიდევ 2013 წელს iTechnics-ს 3 ფილიალი და 20-მდე თანამშრომელი ჰყავდა, დღეს კი კომპანია 7 ფილიალში 100-მდე თანამშრომელს აერთიანებს. ამ შედეგის მისაღებად კომპანიის დამფუძნებელი თავიდან ბოლომდე სრულად იყო ჩართული.

"მე, როგორც გენერალური მენეჯერი და შემდეგ დირექტორი, ჩართული ვიყავი ყველა პროცესში. დიდ დროს ვატარებდი ფილიალებში. ჩემი თვალით ვხედავდი და ხშირად, როდესაც ვერ ვახერხებდი, თავად თანამშრომლებისგან ვისმენდი გამოწვევების შესახებ, თუ რა სჭირდებოდათ მომხმარებლებს მომსახურების ხარისხისა თუ პროდუქციის ასორტიმენტის თვალსაზრისით, რათა ისევ დაბრუნებულიყვნენ ჩვენთან", − აღნიშნავს გვანცა მიქუჭაძე.

საქმის სიყვარული

ენთუზიაზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგები კომპანიამ მალევე დაინახა. 2015 წელს, როდესაც ორგანიზაციულ განვითარებაზე მუშაობა სულ რაღაც 2 წლის დაწყებული იყო, iTechnics-მა მომსახურების სტანდარტის მიმართულებით საერთაშორისო ჯილდო – International Arch of Award მიიღო და საქართველოში 10 საუკეთესო კომპანიას შორის დასახელდა. მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენლები გაყიდვების სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, რათა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ, თუ როგორ შეძლეს მომსახურების არსებული სისტემის სრულყოფა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს iTechnics-მა დარგის ლიდერის წოდება მიიღო საქართველოში, 2022 წელს კი EBA – The European Business Association-ის წევრი გახდა.

დღეს, კომპანიის ზედა მენეჯერული რგოლი სრულად ქალებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ეს კომპანიის თვითმიზანი და ჩანაფიქრი ნამდვილად არ ყოფილა იგი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ iTechnics ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერია და შესაბამისად, აქტიურად მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით.

სალომე გუგეშაშვილი iTechnics-ის დირექტორი

სანამ დიად იდეებს მივუახლოვდებით, ყველაფერი პატარა ნაბიჯებით იწყება. სალომე გუგეშაშვილი iTechnics-ის გუნდს 2012 წელს მოლარე-კონსულტანტის სტატუსით შემოუერთდა. ეტაპობრივად, სხვადასხვა პოზიციაზე დაწინაურდა და უკვე თითქმის 4 წელია, რაც კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებს. სალომეს ისტორია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია კომპანიას, ყველა თანამშრომლისთვის კარიერული განვითარების თანაბარი შესაძლებლობა შექმნას.

"გასაუბრების მომენტიდან, თანამშრომლის კარიერულ ზრდაზე გვაქვს აქცენტი. იქიდანვე ვფიქრობთ, ეს ადამიანი სწორი განვითარების პირობებში, რა სახის შესაძლებლობებით იდგეს სამომავლოდ კომპანიის გვერდით", – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

სალომე გუგეშაშვილის თქმით, თანამშრომლები ყველაზე დიდი კაპიტალია – ისინი არიან ელჩები, რომლებზეც კომპანიის განვითარება დგას, შესაბამისად iTechnics-ში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამშრომლების კეთილდღეობასა და ზრდას. კომპანიის მენეჯერულ რგოლში მყოფი პირები, გუნდის წევრების წინაშე არსებული გამოწვევების გადასალახად ინდივიდუალურად მუშაობენ და თითოეული მათგანისთვის ყველანაირ პირობას ქმნიან, რათა ისინი დიდხანს იყვნენ საერთო მიღწევების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედნი.

"განვითარების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, კომპანიაში ხშირად ჩნდება ახალი პოზიციები, ასეთ დროს კი ჩვენს არსებულ თანამშრომლებს აქვთ უპირატესი უფლება, მიიღონ მონაწილეობა შერჩევის ეტაპზე და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობები ახალ პოზიციაზე გამოცადონ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საკუთარი თანამშრომლებისთვის შევქმნათ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ისინი თანაბრად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას და მისწრაფებების მაქსიმალურ რეალიზებას. ჩვენც გვაქვს გარკვეული მონახაზი, ვის რა შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს და რამდენად აკმაყოფილებს იგი პოზიციის კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს",აღნიშნავს სალომე.

iTechnics თანამშრომელთა პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისთვის დღემდე არაერთ ტრენინგს აფინანსებს. აღსანიშნავია ასევე კომპანიის კორპორაციული კულტურა, რომელიც მართვის წრიულ მოდელს გულისხმობს – ფაქტობრივად, კომპანიაში არ არსებობს იერარქია, რაც შეკრულ და გუნდურ მმართველობას უზრუნველყოფს.

"ჩვენი კომპანიის სიძლიერე არის უნარი, მოვუსმინოთ ყველა თანამშრომელს. მათი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ iTechnics- ათასობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს და ეს ყველაფერი არის ამ ერთიანობის, შიდა კორპორაციული კულტურის სულისკვეთებისა და მიზანდასახულობის დამსახურება. ჩვენთვის კომპანიის თანამშრომლები ყველაზე დიდი კაპიტალია, შესაბამისად მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ გარემო, სადაც ისინი ცხოვრების მნიშვნელოვან დროს ატარებენ. მიგვაჩნია, რომ ისინი დაფასებულად, უსაფრთხოდ და მოტივირებულად უნდა გრძნობდნენ თავს, ამ მიზნის მისაღწევად კი ძალებს და მცდელობას არ ვიშურებთ", – ამბობს სალომე გუგეშაშვილი.

ნანა ფრიდონაშვილი მარკეტინგის მენეჯერი

ნანა ფრიდონაშვილი iTechnics-ის გუნდს ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში, 2021 წელს შემოუერთდა. ნანას მარკეტინგის სფეროში 5-წლიანი გამოცდილება აქვს. როგორც თავად აღნიშნავს, გასაუბრებისთანავე აღფრთოვანებული იყო ხელმძღვანელების დამოკიდებულებით და ზუსტად იცოდა, რომ ამ გუნდთან ერთად სურდა მუშაობა.

"ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორი იყო iTechnics-ის გუნდის ერთიანობა და მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი ადამიანებიგვანცა და სალომე, რომლებმაც ეს ერთიანობა შექმნეს. მნიშვნელოვანია, რომ ვინმესგან ინსპირაცია აიღო, ისწავლო, რჩევები მიიღო. ისინი არასდროს იშურებდნენ ჩემთვის რჩევების მოცემას, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. თუკი iTechnics-ში რაიმეს გაკეთება გინდა, ამისთვის უამრავი საშუალება გაქვს. მე ძალიან გამიმართლა სწორ ადგილას აღმოვჩნდი, სწორ დროს. ვფიქრობ, კომპანიასთან ერთად ძალიან გავიზარდე", – აღნიშნავს ნანა ფრიდონაშვილი.

კომპანიის განახლებულ ბრენდინგზე სწორედ ნანამ იმუშავა საკუთარ გუნდად ერთად, რომელიც ახალ ლოგოს, სლოგანს, დიზაინსა და აქტივობებს აერთიანებს. რებრენდინგი ახალი გზაა იმისათვის, რომ ადამიანებმა iTechnics-ი და მისი ბაზარზე ყოფნის მთავარი მისია ახლებურად დაინახონ. კომპანიაში თითოეული საკითხისადმი გუნდური მიდგომა აქვთ და ყველა ერთმანეთს ეხმარება პრობლემის გადაჭრაში. iTechnics-ის ახალი ლოგოც, რომელიც კომპანიის მთავარმა დიზაინერმა, მარიამ ფარჯიანმა შექმნა, სწორედ ამ სულისკვეთებას გამოსახავს – ცისფერ წრეში ჩასმული T ასო ერთიანობის სიმბოლოა.

განახლებული ბრენდინგის ნაწილია კამპანია – "აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები", რომელიც პირველი ნოემბრიდან აქტიურად დაიწყო და იმ ფილოსოფიას ეფუძნება, რომ Apple მეტია, ვიდრე ტექნიკა. მისი გონივრული გამოყენება არა მხოლოდ კომფორტულ გარემოს ქმნის ახლო კავშირისთვის, არამედ ადამიანებს მარტივად სწავლაში, მუშაობასა და კრეატიული აზროვნების განვითარებაშიც ეხმარება.

"ჩვენი ახალი კამპანიის მიზანი მთლიანად არის ის, რომ ადამიანებს ტექნიკა მათ სასიკეთოდ გამოვაყენებინოთ. ის საზოგადოებისგან თავს მოხვეულ სტერეოტიპებს წარმოაჩენს და ქართულ რეალობაში არსებულ მაგალითებს უპირისპირებს იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც შეძლეს, სტერეოტიპების მიუხედავად, მიჰყვნენ რეალურ სურვილებს და ტექნიკა უკეთესი გამოცდილებისთვის გამოიყენეს", – აღნიშნავს ნანა.

მომხმარებლების ტექნიკაში კარგად გარკვევის მიზნით, კამპანიის ფარგლებში iTechnics-ის კონსულტანტებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები ჩაუტარდათ და ახლა თითოეულ ფილიალში შეხვდებით ე.წ. უკეთესი გამოცდილების მოლარე-კონსულტანტებს, მენეჯერებსა და პროგრამისტებს, რომლებიც დაგეხმარებიან, გაპოვნინონ ზუსტად ის მოწყობილობა, რაც თქვენი პროფესიის, ჰობისა თუ ინტერესების გათვალისწინებით გჭირდებათ.

დღეს არავინ დავობს, რომ Apple-ის ტექნიკით საუკეთესო ფოტო/ვიდეოკადრები და სხვადასხვა სახის ციფრული ნამუშევარი იქმნება. მათ, ვისაც ლამაზი კადრების აღბეჭდვა, დამუშავება თუ გრაფიკული ნამუშევრების შექმნა უყვართ, iTechnics-მა შანსი მისცა, ინსტაგრამ-კამპანიაში #iRepostiTechnics მონაწილეობის მიღებით, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი შემოქმედება.

"გადაიღე, დახატე და გამოხატე შინაგანი სამყარო" – ამ გზავნილით ინსტაგრამზე მომხმარებლის კონტენტის განთავსება ერთგვარი გზაა, ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, შექმნან, ირწმუნონ საკუთარი იდეების და ფართო აუდიტორიას თამამად გაუზიარონ თავიანთი სათქმელი.

მომავლის ხედვა უცვლელი ფილოსოფიით

როგორც iTechnics-ის მენეჯერული რგოლის მიზანდასახული ქალები გვიყვებიან, iTechnics ამჟამად განვითარების ახალ ეტაპზეა და მომხმარებლებს უკეთესი გამოცდილებისთვის ბევრ სიახლეს, საინტერესო პროექტებსა და პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს ჰპირდება. სამომავლო გეგმები საკმაოდ გრძელვადიანია და უპირობოდ მოიაზრებს არსებული ორგანიზაციული კულტურის კიდევ უფრო განმტკიცებასა და განვითარების მზარდი ტემპის შენარჩუნებას.

"როდესაც კომპანია პატარაა, ძალიან მარტივია ერთობის სადავეების დაჭერა. როდესაც ვითარდები და იზრდები, იგი უფრო და უფრო რთულდება და შესაბამისად, გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგებით. ჩემთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, მოვახერხო კორპორაციული კულტურის გავრცელება თითოეულ თანამშრომელთან და მაქსიმალურად ყველასთან მივიტანო ის ღირებულებები, რითაც ამდენი წლის განმავლობაში ვართ გამორჩეული. ჩვენი მიზანია, კომპანია გავხადოთ უფრო და უფრო ძლიერი და უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებაზე ორიენტირებული", – აღნიშნავს გვანცა მიქუჭაძე.

შეკითხვაზე, თუ რა მისიით ერთიანდება დღეს iTechnics, კომპანიის დამფუძნებელი გვპასუხობს:

"ჩვენი მისიაა, მართლაც რომ ნომერ პირველი ბრენდი – Apple – ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. პროდუქციასთან ერთად, მომსახურების უკეთესი გამოცდილება დავახვედროთ. გვსურს, ჩვენი ნებისმიერი პროდუქტისგან მიიღონ ის დაუვიწყარი გამოცდილება, რაც Apple-ის ტექნიკას აქვს. როდესაც ამ პროცესში კომპეტენტური, ლოიალური, კვალიფიციური და მეგობრული გუნდი გეხმარება, გამოცდილება უფრო სასიამოვნოა. ეს მისია ჩვენს ახალ განაცხადშიც გამოვხატეთ: "iTechnics უკეთესი გამოცდილებისთვის", – აღნიშნავს გვანცა მიქუჭაძე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული