იური კოპაძის "მსოფლიო მნიშვნელობის" პროდუქტის იდეა სოფელ დვანიდან
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იური კოპაძე სოფელ დვანში, გამყოფ ხაზთან ცხოვრობს, აგვისტოს ომის შემდეგ ოჯახთან და თანასოფლელებთან ერთად აქტიურად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და უგემრიელეს ტყლაპს, ჩირეულსა და ჩურჩხელას ამზადებს. 14-წლიანი საქმიანობის განმავლობაში დვანში არსებულმა საწარმომ განვითარების საკმაოდ საინტერესო გზა განვლო, თუმცა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. სწორედ ამის შესახებ მსურს გიამბოთ.
თავდაპირველად იური კოპაძეს ავტობანზე, ქარელის ხიდთან შევხვდი და იქიდან ერთად გავუდექით გზას დვანისკენ, რომელიც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ლამაზი სოფელია ჩრდილოეთით, უნიკალური ბუნებით, თუმცა სამივე მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებითაა გარშემორტყმული. საწარმოდან 700 მეტრში ოკუპანტების ჯარისკაცები დგანან, ამიტომ ვიდრე დანიშნულების ადგილას მივედით, გზად პოლიციის ბლოკპოსტი შეგვხდა. მართალია, ისინი საკუთარ მოვალეობას სრულყოფილად ასრულებენ, თუმცა ადგილობრივები ისურვებდნენ, რომ ამ სოფელში აღნიშნული ბლოკპოსტი აღარ იყოს.
გზაში, სოფელ დვანის უნიკალური ბუნებით ტკბობის პარალელურად ვისმენდი გულისამაჩუყებელ ისტორიებს, როგორ მოუწიათ იური კოპაძესა და მის ოჯახს ჯერ გასული საუკუნის 90-იან წლებში, შემდეგ კი 2008 წელს სახლ-კარის მიტოვება. რამდენჯერ დაიწყეს ყველაფერი ნულიდან, როგორ არ კარგავდნენ იმედს ამ დროის განმავლობაში და დღემდე ასე არიან.
"ბევრი მირტყა ამ ცხოვრებამ და ბევრი დამწიხლა, მეტი წინააღმდეგობა გავწიე და არც დღეს შევეგუები მსგავს რამეს. სურვილი მაქვს ღირსეული ადამიანი ვიყო, გადავდო ჩემი ყველა სიამოვნება, შიმშილი, უქონლობა, ყველაფერი, რათა ხვალინდელი დღე ჩემთვის და სხვისთვისაც უკეთესი იყოს", − ამბობს იური კოპაძე.
ცხოვრება აგვისტოს ომამდე
იური კოპაძე სოფელ დვანში დაიბადა და გაიზარდა, შემდგომ თბილისში სწავლობდა. პროფესიით ელექტროინჟინერია. მალევე უკან დაბრუნება მოუწია, ოჯახთან ერთად ცხინვალში ცხოვრობდა და თბომეურნეობაში მუშაობდა. როგორც თავად იხსენებს, მაშინ ცხინვალს ყველა ქართველი გაურბოდა, თუმცა თვითონ თავს იქ კარგად გრძნობდა.
"მოგვიანებით ეთნოკონფლიქტი დაიწყო და გაუსაძლის პირობებში ვიყავით მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები. გვეუბნებოდნენ, შენ აქ შპიონი ხარ და შენი აქ ყოფნა არ იქნება, უნდა წახვიდე. რამდენიმეჯერ გაგვაფრთხილეს, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდი, ვერ იტყოდი, რომ "კარგი ბიჭი ვარ". იქ ერთი აზრი იყო − ქართველი ხარ? უკვე დანაშაული გაქვს. ამ ფონზე მოგვიწია გამოსვლა. ბლოკპოსტზე ხალხს ჩხრეკდნენ და თუ ნახავდნენ, რომ საოჯახო ნივთები მიგქონდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ იპარებოდი და ოს ხალხს ღალატობდი. თან გაიძულებდნენ წადიო და თან იპარებიო... თუ ოქრო ან ფული გექნებოდა, გართმევდნენ, ამიტომ ისიც არ წამოვიღეთ, რომ მიზეზი არ ყოფილიყო. ყველა ქართველი იმ იმედით გამოვედით, რომ სულ მალე ყველაფერი დალაგდებოდა და ჩვენს სახლებში დავბრუნდებოდით, მაგრამ ეს უკვე აღარ მოხდა", − იხსენებს იური კოპაძე.
მას შემდეგ ოჯახი დროებით დვანში ცხოვრობდა. როგორც იური გვიყვება, ვითარება ნელ-ნელა რომ დალაგდა, თავად ოსებმა სთხოვეს მათთან გადასულიყო და პურის საცხობი გაეკეთებინა, რადგან პური ძალიან ჭირდა ქალაქ ცხინვალში. მას შემდეგ თამარაშენში ცხოვრობდნენ. პურის საცხობთან ერთად, საკონდიტროც ჰქონდათ, სადაც მათთან ერთად 9 ადგილობრივი, ოსი ქალი მუშაობდა. თუმცა, ორ წელიწადში იძულებულები გახდნენ, საკონდიტრო დაეხურათ. გარდა ამისა, იური სხვა სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა − შუშხუნა ღვინოსა და ლიმონათს ასხამდა. ყველაფერს საკუთარი ეტიკეტი და იმიჯი ჰქონდა, თუმცა ახლა ეს წარსულს ჩაბარდა.
როგორც იური იხსენებს, პროვოკაციები მუდამ ხდებოდა, რამაც საბოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიგვიყვანა და მათ კიდევ ერთხელ მოუწიათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება. დროებით საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, თუმცა იური კოპაძე დროდადრო ბრუნდებოდა მტრისგან აოხრებულ სოფელ დვანში და სხვადასხვა საკითხს აგვარებდა, თავდასხმებისგან დაზიანებულ სახლში ღამის დასარჩენი რომ ჰქონოდა. სწორედ ამ პირობებში დაიწყო ფიქრი ახალი საწარმოს დაარსებაზე, რომელიც ახლა უკვე 14 წელია არსებობს.
"ხვალ და ზეგ სამშვიდობო გარიგება რომ იქნება და ჩვენ, ქართველებს უკან დაბრუნების საშუალება მოგვეცემა, ერთ-ერთი მეწარმე მე ვიქნები, რომელიც ბიზნესგეგმას გავაკეთებ და გადავალ იქ სამუშაოდ. რომ ვთქვა, მუშებს აქედან წავიყვან, ვერა, მაგრამ იმდენი მიცნობს და იმხელა ნდობა მაქვს, არ მაშინებს ის, რომ იქ არ მიმიღებენ. გამოცდილება მაქვს, ეს გამიკეთებია და კიდევ ვაპირებ ამის გაკეთებას", − ამბობს იური კოპაძე.
პირველი ნაბიჯები დვანის საწარმოში
ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეც არ იყო გასული, იურიმ სოფელ დვანში საწარმოს შექმნის თაობაზე პროექტი დაწერა. დიდი ყოყმანის შემდეგ, სახელმწიფომ "იაფი კრედიტის" ფარგლებში 40 000 ლარის დაფინანსება მისცა მას და ასე დაიწყო ხილის გადამამუშავებელმა ობიექტმა ფუნქციონირება, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივებს ასაქმებდა, არამედ მათგან შესაბამის ნედლეულს იბარებდა და ამით, ადგილზე ხალხის შენარჩუნებას უწყობდა ხელს. აქტიური მუშაობა საწარმოში 2009 წლიდან დაიწყო, ჩირისა და ტყლაპის წარმოებით, თუმცა მოგვიანებით ასორტიმენტს ჩურჩხელაც დაემატა.
"ომის შემდეგ მხოლოდ ელექტროენერგია და წყალი გვქონდა, გაზი არა, ამიტომ ელექტროენერგიით ვაშრობდით პროდუქტს, სპირალები მქონდა. გაზი რომ შემოვიდა, ყველაფერი გაზზე გადავაკეთე. არაფერი სხვისგან არ ამიღია, ვგულისხმობ წარმოების კოპირებას, თვითონ შევქმენი ეს ყველაფერი. ბევრი წვალება დასჭირდა, მაგრამ დროს არ ვზოგავდი, რათა შედეგი მიმეღო", − იხსენებს იური კოპაძე.
დვანში არსებული საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "დინასტიის" მმართველობის ქვეშ გახლავთ, რომელიც ასევე იური კოპაძემ და სხვა თანასოფლელებმა 2009 წელს ჩამოაყალიბეს, სოფელში ერთიანობის შენარჩუნების მიზნით. "კოოპერატივის დაარსებისას სერიოზული ამოძრავება მინდოდა − ზოგი ხილს მოუვლიდა, ზოგი საწარმოში დასაქმდებოდა. როგორც საზღვარგარეთ კეთდება − ერთი სოფელი ერთიანდება და ორგანიზებულად თავიანთ საქმეს აკეთებენ, სახელმწიფო კი მათ ეხმარება, ხელს უწყობს, აფინანსებს". მაშინ კოოპერატივი ომისგან დაზარალებული სოფლისთვის ერთგვარი იმედიც კი იყო, ზოგი ამ მცდელობას უშედეგოდაც მიიჩნევდა.
დროთა სვლის პარალელურად წარმოება ნელ-ნელა ვითარდებოდა, ნაწარმს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ ან კერძო ობიექტებს აწვდიდნენ. ხშირად დადიოდნენ გამოფენებზეც, თუმცა დიდ სავაჭრო ქსელებში ვერ ახერხებდნენ შესვლას, რადგან ზოგიერთ ქსელში კონკრეტულ ბრენდს, როგორც ექსკლუზიურ პარტნიორს, მონოპოლია ჰქონდა, ან თავად სავაჭრო ქსელი აყენებდა გარკვეულ მოთხოვნებს. დვანის საწარმოს პროდუქცია პირველად ქსელურ მაღაზიებში, გასული წლის შემოდგომაზე USAID-ის, Zinc Network-ისა და IDFI-ის პროექტის "გმირობის ნაყოფის" ფარგლებში შევიდა, კერძოდ "კარფურში", "სმარტსა" და "ზღაპარში". თუმცა, ამჟამად ფინანსური პრობლემების გამო სტაბილურ მიწოდებას ვერცერთ სავაჭრო ქსელთან ვერ ახერხებენ.
"საბრუნავი თანხა არ გვყოფნის, გვთხოვენ მოიტანეთო და ვერ შემაქვს. იქ თვე ან თვე-ნახევარი ჩერდება და ვეღარ "ვქაჩავ". სანამ ის თანხა არ ჩაირიცხება, უნდა ელოდო. არადა, ეს პროცესი უწყვეტი უნდა იყოს. დაახლოებით 10-15 ათასი ლარი სჭირდება ჩვენ საქმეს, მუშაობა რომ დავიწყოთ და ყველაფერს მოვედოთ. ამხელა მაღაზიები გვთხოვენ, თან გამოთავისუფლებულები ვართ ბონუსებისა და დახლის ქირისგან, არაფერს გვახდევინებენ, მხოლოდ მოიტანეთო... კი, გვაქვს სურვილი რომ შევიტანოთ, მაგრამ ვერა, ვერ დავუმზადეთ", - ამბობს იური კოპაძე,
დვანში დამზადებულ პროდუქტს შეფუთვაზე წარწერაც აქვს ინგლისურ ენაზე, რომ "საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ". როგორც მეწარმემ აღნიშნა, ეს წარწერა არაერთხელ გამხდარა პროდუქტის დაწუნების მიზეზიც − "გარკვეული პერიოდი ამის გამო საერთოდ არავინ აიღო პროდუქტი, სანამ ეს უკრაინის ომი არ დაიწყო. რამ დაგაწერინაო? ბიზნესი გაქვს და ეს ნორმალურიაო? მე კი ვეუბნებოდი: ლტოლვილი ვარ, მე მაქვს უფლება..."
რამდენიმეჯერ საზღვარგარეთაც გაგზავნეს თავიანთი პროდუქტი, ერთხელ ტენდერიც მოიგეს სახელმწიფოსგან, თუმცა მათ კიდევ უფრო დიდი ზრდა და განვითარება სურდათ. როგორც იური გვიყვება, გარკვეული პერიოდი კოოპერატივის სააგენტოშიც სცადა გაერკვია მხარდაჭერის რაიმე პროგრამა თუ არსებობდა სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა არსებულ პროექტებში მათი საწარმოს კონცეფცია არ ჯდებოდა.
2019 წელს იაპონიის საელჩოს პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულებიც კი გახდნენ და დაახლოებით 70 000 დოლარის ოდენობის დაფინანსება უნდა მიეღოთ, თუმცა სამწუხაროდ ვერ მიიღეს. როგორც იურის განუმარტეს, მათ მიერ მოპოვებული გრანტი "კოვიდ"-პანდემიის პერიოდში საზოგადოების დასახმარებლად გადაირიცხა.
"750 კოოპერატივი ვიყავით რეგისტრირებული იმ მომენტში და 20-ს ვარჩევთო, აქედან 2 უნდა დაფინანსდესო. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით. მერე გვითხრეს ტრენინგები უნდა გაიაროთ საელჩოშიო, ისწავლოთ რა და როგორ კეთდებაო. როცა მივედი, 250 ადამიანი ვიყავით − ექიმები, ვექილები, არასამთავრობოები, უამრავი ადამიანი. თურმე წლობით ელოდებიან ამ გრანტებს, მე კი პირველად მივედი. 250-იდან 10 უნდა დავფინანსებულიყავით. არ მინდა, წავალ-მეთქი. არაო, რას ლაპარაკობ, უნდა სცადოო. საბუთების მოწესრიგება 7 000 ლარი დამიჯდა. შემდეგ მოხდა ასეთი,რამ, რომ გამარჯვებულთა ოდენობა 12-ამდე გაზარდეს, თანხა შეამცირეს და იმ 12 ადამიანში მოვხვდი. პატარა საწარმო უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ მათი წარმომადგენელი იყო საელჩოდან ჩამოსული. კიდევ გადაამოწმეს, ნახეს, ფოტოები გადაიღეს და გვითხრეს, სავარაუდოდ დეკემბრის თვეში დაფინანსდებითო, საბუთები უკვე გაგზავნილიაო. შემდეგ პანდემია დაიწყო, ყველაფერი დაიხურა, ჩაიკეტა. საღამოს პირი იყო, ტელეფონი მირეკავს და მეუბნებიან, საელჩოდან ვართო. ერთი კარგად დამამახსოვრდა, რომ მითხრეს, თქვენი გრანტი, ვინაიდან ასეთი მდგომარეობაა, გადაირიცხება ხალხის დასახმარებლადო", − იხსენებს იური.
ყველაფერს პანდემიის კრიზისიც დაემატა, ობიექტები დაიხურა, აღარც დვანში მოქმედი საწარმო მუშაობდა. მართალია, მოგვიანებით ნელ-ნელა ყველაფერი აღდგა, თუმცა სწორედ მას შემდეგ დაიწყო განსაკუთრებული კრიზისი. საწარმოს საბრუნავი თანხა სჭირდებოდა, რაც თითქმის არ გააჩნდათ. თუ რომელიღაც ობიექტზე პროდუქტი შეჰქონდათ, ელოდებოდნენ როდის ამოიყიდებოდა სრულად, რათა შემდგომ მიღებული თანხით ხელახლა დაეწყოთ პროდუქტების დამზადება.
"მას შემდეგ ვიფიქრე, რომ რაღაც სერიოზული და კონკურენტუნარიანი თუ არ შევქმენი, აზრი არ აქვს..."
რის შეცვლაა საჭირო დვანის საწარმოში?
როგორც იური კოპაძე იხსენებს, პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა ფიქრისთვის. სურდა უფრო სრულყოფილი პროდუქტი შეექმნა, რომელიც ასევე გამძლე იქნებოდა საზღვარგარეთ გასატანად, რადგან უკვე მოთხოვნებიც ჰქონდა უცხოეთიდან. ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი ჩურჩხელასა და მისი დამზადების ტექნოლოგიაზე ჰქონდა, რომელსაც ხილის კონცენტრირებული წვენით აკეთებენ.
"მნიშვნელოვანი იყო, რაღაც განსხვავებული მომეფიქრებინა. თანამედროვე ცხოვრებაში ყველაფერი გამოგონილია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. აქ საჭიროა მოდერნიზაცია, მანევრირება, სად რას, როგორ გააკეთებ ტექნიკურად თუ ტექნოლოგიურად. ჩემს შემთხვევაში გვაქვს პროდუქცია, რომლის შეფუთვა არ აკმაყოფილებს მის გამძლეობას და მოსაძებნი იყო ტექნოლოგია, რომელიც სრულყოფილს გახდიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იქნებოდა ეს სამი თუ ექვსი თვე, მდგრადობას შეინარჩუნებდა. მოვიძიე ტექნოლოგიები, რა სახის დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა მას და ძალიან საინტერესო ტექნოლოგია წარმოიშვა. ფაქტობრივად, ერთ-ერთი საუკეთესო და სრულყოფილი ტექნოლოგიაა", − ამბობს იური კოპაძე.
საწარმოში ამ ტექნოლოგიის დასანერგად საჭირო იყო საშრობი დანადგარების დამონტაჟება, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა, რისი რესურსიც იური კოპაძეს არ გააჩნდა. პროფესიით ელექტროინჟინერმა გადაწყვიტა, ეს დანადგარი თავად შეექმნა და შექმნა კიდეც, თუმცა იგი სრულყოფილი არ გამოდგა. მოგვიანებით სხვა დანადგარის დამზადებაში დააბანდა გარკვეული თანხები, თუმცა არც ის აღმოჩნდა შესაბამისი ამ ტექნოლოგიისთვის.
რაკი თავად ფინანსური რესურსი არ გააჩნდა, იძულებული გახდა ისეთი კომპანია მოეძებნა, რომელსაც გაყინვით შრობა, სუბლიმაცია, საშრობი დანადგარები ექნებოდა, ასეთიც იპოვა და მენეჯმენტთან გარკვეული მოლაპარაკებები აწარმოა.
"კარგი და წარმატებული საწარმოა. ის იყო ჩემი ერთადერთი იმედი, რომ საკუთარი პროდუქტები გამესინჯა. ჯერ მენეჯერის დარწმუნება დამჭირდა იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ და რა შედეგი შეიძლება ჰქონოდა. რომ ავუხსენი, აღფრთოვანებული დარჩა, იდეა ძალიან მოეწონა. თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიას კარგად გავაკეთებთ, უკვე წარმოდგენილი იქნება ისეთი რამ, რომელიც საშიშროებას არ ქმნის, რათა ობი ან რაიმე სახის ბაქტერია გაჩნდეს. შეიქმნება მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდი, რომელიც სნექების ჯგუფს იქნება მიკუთვნებული. ეს ტექნოლოგია ინარჩუნებს გემოსა და არომატს, ეს არის ბრწყინვალე ტექნოლოგია", − ამბობს იგი.
ჯერ მხოლოდ თვე-ნახევარია რაც იური კოპაძე ამ კომპანიასთან თანამშრომლობს, უკვე რამდენიმეჯერ ჩატარდა საკონტროლო გამოშრობა და შედეგიც დამაკმაყოფილებელია. პლუს ამას, უგლუტენო პროდუქტის დამზადების რეცეპტიც შეიმუშავეს. ამჟამად მათ შორის მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არსებობს და ყველაფერი პირობით დონეზეა მოგვარებული. ახლა მნიშვნელოვანია, რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები. იური კოპაძე და მისი საწარმო მზად არიან ინდუსტრიული წარმოების დასაწყებად და პარტნიორი კომპანიისგან ქმედით ნაბიჯებს ელიან.
"ჩვენს საწარმოში რომ დამჭირდეს, 1 000 ჩურჩხელას გავაკეთებ ყოველ 24 საათში, ის დანადგარი და ჩემი თანამშრომლების მარიფათი რომ მქონდეს. შეგვიძლია, 1 000 სრულფასოვანი, გამომშრალი და ეტიკეტირებული ჩურჩხელა დავამზადოთ", − ამბობს იური კოპაძე.
საწარმომ, რომელმაც 14 წლის განმავლობაში არაერთი დაბრკოლება გადალახა და ძალიან საინტერესო ისტორია დაწერა, ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. გარდა იმისა, რომ მათ ფინანსური კრიზისი აქვთ, "დინასტიას" კოოპერატივის სტატუსიც შეუჩერეს − მიზეზი ისევ შესაბამისი სახსრების არარსებობაა. პლუს ამას, სათუოა, როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა დვანის საწარმოსა და იმ კომპანიას შორის, რომელთანაც ახლა იური კოპაძე თანამშრომლობს და შეიქმნება თუ არა ე.წ. "მსოფლიო მნიშვნელობის პროდუქტი" − როგორც თავად იური უწოდებს, ახალი ტექნოლოგიით გამომშრალი ჩურჩხელა.
"ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ ხოლმე, დაანებე ამ ექსპერიმენტებს თავიო, აღარ შეგვიძლიაო, მაგრამ არ შევეშვი, არ შევეშვი და აქამდე მოვედი".