Get All Access for $5/mo

იუთუბერობა, როგორც მომავლის პროფესია გაიგე მეტი მომავლის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ პროფესიაზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"იუთუბერობა მთლიანად მოიცავს ცხოვრების სტილს. შეიძლება ითქვას, როცა გინდა, მაშინ გადაიღებ ვიდეოს, როცა გინდა, მაშინ განათავსებ იუთუბზე, რაც ძალიან მომხიბვლელად ჟღერს, თუმცა 24/7 რეჟიმში ფიქრები კონტენტის შექმნისკენ მიდის ხოლმე, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს", – ამბობს ჩვენთან საუბარში დათო ალავიძე, რომელიც იუთუბ-სამყაროში H1Ta სახელით არის ცნობილი და 40 000-ზე მეტი გამომწერით ერთ-ერთი პოპულარული ქართველი იუთუბერია.

"იუთუბერობა" მომავლის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროფესიაა, რომლის საშუალებით, პოპულარობასთან ერთად, საკუთარი შემოსავლების გაზრდის საშუალებაც გეძლევათ. იუთუბერობა მომავლის პროფესიაა – აქ არ გყავს უფროსი, არ გაქვს მკაცრად გაწერილი სამუშაო გრაფიკი და მუშაობ ისე, როგორც გირჩევნია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში, სოფელსა თუ ქალაქში ხარ, ასაკიც უმნიშვნელოა. მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ამ საქმისთვის პრაქტიკულად არ გჭირდება არანაირი ინვესტიცია

მთავარია სწორად განსაზღვროთ, რომელ მიმართულებაზე გსურთ და გსიამოვნებთ ვიდეოების მომზადება. დათომ იუთუბერობა 3 წლის წინ დაიწყო. მისი თქმით, შემოსავალი იმ ქვეყნის ცხოვრების დონის პირდაპირპროპორციულია, რომელი ქვეყნის აუდიტორიაზეც აქვს გათვლა "იუთუბერს".

"საქართველო განვითარებით არც ისე მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიოში, თუმცა წარმატებული იუთუბერის შემოსავალი აქაურ საშუალო ხელფასზე დაახლოებით 20-ჯერ დიდია ყოველთვიურად. საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ მეტწილად განვითარებულია საბავშვო კონტენტი 13 წლამდე ასაკისთვის", – ამბობს დათო.

მისი აზრით, ქართულ ბაზარს ძირითადად აკლია ნიშური კონტენტი, თუმცა ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს იუთუბერობას საქართველოში, რაც ძალიან კარგია თითოეული ადამიანისთვის, ვინც ამ პლატფორმაზე მუშაობს. "უცხოელი იუთუბერებიდან გამოვარჩევ German Germandia-ს – ესპანურენოვან იუთუბერს, რომელსაც 2 არხი აქვს 40 მლნ-ზე მეტი გამომწერით. ვფიქრობ, მისგან შეიძლება ისწავლოს ადამიანმა, როგორ უნდა გააკეთოს ვიდეო იუთუბერულ სტილში, რომელიც ამ პლატფორმისთვის იქნება წარმატებული და არ ჰგავს სხვა არაფერს".

H1Ta-ის აზრით, წარმატებული იუთუბ-არხის შესაქმნელად მნიშვნელოვანია: გულწრფელობა, უშუალობა აუდიტორიასთან, ვიდეოს შექმნის პროცესის სიყვარული და ვიდეოების სტაბილურად განთავსება.

"გამომწერების რაოდენობა იზრდება ნახვების პირდაპირპროპორციულად, ბევრი ნახვისთვის კი 3 რამ არის აუცილებელი:

1. ეფექტური სათაური
2. ეფექტური Thumbnail (ფოტო, რომელიც ჩანს, სანამ ჩართავ ვიდეოს)
3. ნახვის საშუალო დრო ვიდეოზე. თუ მაყურებლები ბოლომდე უყურებენ თქვენს ვიდეოს, ეს ნიშნავს, რომ იუთუბის ალგორითმი კიდევ სხვა ადამიანებს შესთავაზებს ვიდეოს. თუ ისინიც ბოლომდე უყურებენ, კიდევ სხვებს შესთავაზებს და ასე ხდება ვიდეოები "ვირუსული" (VIRAL)", – უზიარებს გამოცდილებას დამწყებ იუთუბერებს დათო.

"საქართველოს ბანკი" წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია "ინსორსთან" პარტნიორობით ახალი პროექტის განხორციელებას აგრძელებს. პროექტის მიზანია შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, იმ ადამიანების პროფესიული მხარდაჭერა, რომლებმაც ახალ რეალობაში სამსახური დაკარგეს ან მათ საქმიანობაზე შემცირებული მოთხოვნის გამო, ახალ პროფესიაზე დაიწყეს ფიქრი. პროექტი ორიენტირებულია, ადამიანებს ახალი გამოწვევები დაანახოს, მისცეს მიზეზი, ხელახლა დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების, განავითარონ არსებული უნარები.

"ახალი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პრაქტიკა. შესაბამისად, შრომის ბაზარიც. კონკრეტულ პროფესიებზე შემცირებული მოთხოვნის კვალდაკვალ გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება, ისეთის, როგორიცაა IT და ციფრული ტექნოლოგიები, საცალო და მომსახურების სერვისები. გამოწვევაზე ლოგიკური პასუხი არის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. გვინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრათ, რომლის საქმიანობამაც დაკარგა აქტუალობა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა განვითარდნენ ახალი მიმართულებით", – აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია